ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ეგვიპტური ღამე

დილის ექვს საათზე ავდექი. არა, გატყუებთ, დილის ექვს საათზე მანქანაში ჩავჯექი, გამოდის, რომ უფრო ადრე ავმდგარვარ. ფაქტობრივად არც მძინებია. ასე ვიცი მგზავრობის წინ, მოუსვენრად ვარ. ოთახში ფარდები ბოლომდე გავხსენი და არაჩვეულებრივი ხედითა და ტულჩაში გატარებული ბოლო ღამით ვტკბები. უზარმაზარი მინებიდან დუნაის ხედი იშლება. ღამით, როცა ყველა ლამპიონი ანათებს, უჩვეულო სანახაობაა. ჰოდა, ღამის სამ საათამდე სავარძელში მონუსხულივით ვიჯექი და სივრცეს შევყურებდი. მიყვარს, როცა არაფერზე ვფიქრობ და სადღაც შორს ვიყურები. ახლა კი, გამოუძინებელი, მანქანაში ვზივარ და ბუქარესტისკენ მივეშურები. ჯგუფი შეხვედრიდან ვბრუნდებით. ყველა დღეს მიფრინავს და ფრენის მოუხერხებელი განრიგის გამო ბუქარესტში მხოლოდ მე ვრჩები. გვერდით პროექტის ბერძენი კოორდინატორი მიზის, უცნაური სახელით – მენელაოსი. თუმცა სახელი ლეგენდიდან აქვს და სულ მინდა ვკითხო – სად ყავს მშვენიერი ელენე. ბუნებრივია, არ ვეკითხები, რა ვიცი, ჩემს ქართულ იუმორს გაიგებს? მენელაოსის გვერდით იანუსი ზის (პროექტის ფინანსური მენეჯერი), მთელი გზა ენას არ აჩერებს და რაღაცებს მიყვება. მე კი ლამისაა, დასახუჭად გამზადებული თვალები, ორივე ხელით დავიჭირო და ისე უსმინო. იანუსიც ლეგენდიდანაა. იქ (ლეგენდაში) ორი სახე აქვს, თუმცა აქ, რუმინეთში ერთი სახითაა ჩამოსული. მესამე ბერძენიც ყავთ – გეორგოსი, რომელსაც სულ გიორგის ვეძახი და სულ მისწორებს, ბერძნულად მომმართე თუ შეიძლებაო.

 

ბუქარესტის ცენტრში პატარა სასტუმრო მაქვს შეკვეთილი. ოთახში შევდივარ და გაოცებას ვერ ვმალავ, ფანჯრები ჭერშია… ასეთი რამ პირველად ვნახე. გარშემო ვიყურები და ვფიქრობ, როგორ მოვხვდე ჭერში, რომ ფანჯარა გამოვაღო? მხოლოდ სააბაზანოს ფანჯრის გაღებას ვახერხებ. გზა ასეთია. სააბაზანოს ტუალეტის მაგიდაზე ვდგამ სკამს, სკამზე მე ვძვრები და ბოლო ძალების მოკრებით თითის წვერებზე ვიწევი. აჰა, ფანჯარაც გახსნილია, ანუ ჟანგბადიც მექნება. ოდნავ ენერგიას ვიკრებ და ბუქარესტის დასალაშქრად მივდივარ. აბა, მტერი იჯდეს ჭერში დაკიდულ ფანჯრებიან სასტუმროში… თან ყველა ოთახი ასეთი ჰქონიათ. ნეტა ბევრი იფიქრეს? მე გამოცდილება მივიღე – სასტუმროს არჩევისას, მისი მდებარეობის და კომფორტის პარალელურად, ამის შემდეგ ფანჯრების მდებარეობასაც მოვიკითხავ.

უცხო ქალაქის თვალიერება მიყვარს, დროც შეუმჩნევლად გადის. საღამო ხანს ე.წ. ძველი ქალაქისკენ ვიცვლი გეზს. იანვრისთვის უჩვეულოდ თბილი საღამო დგას. ყოველი ფეხის ნაბიჯზე გხვდება ვლად დრაკულა… უფრო სწორედ მისი ქანდაკება და სურათები. სისასტიკით იყო განთქმული და სახეც სასტიკი აქვს. უცბად ლამაზად გაფორმებული რესტორნის წინ ვჩერდები. უჩვეულო სახელი აქვს – „ეგვიპტური ღამე”. ჰმ, რუმინული კერძები უკვე გასინჯული მაქვს. მოდი აქაც შევალ და რამეს გავსინჯავ. კარებში ორი ფიგურა დგას, თუ შეხედავ დაგრჩება განცდა, თითქოს ისინიც გიყურებენ. ერთი ანუბისია, მეორე ამონ-რა. უჰ, მიყურონ… ძალიან თამამად გავივლი მათ შორის. აქეთ მადლობა მითხრან, რომ მათი ბიუჯეტის შევსება გადავწყვიტე. დარბაზში მაგიდებს ეგვიპტის მითიური ღვთაებების სახელები ქვიათ. რა, შუ, გები, ასირისი, სეტი, გორი, მაატი, ტოტა… დავიღალე თვალიერებით. ავდგები და ტოტას მაგიდასთან დავჯდები. ამას ვიცნობ, ქემეიას მფარველი ღვთაებაა. ეგვიპტელი ქურუმები, რომლებიც ქემეიას ფლობდნენ, სწორედ მას უმადლოდნენ ცოდნას. თითოეულ ქურუმს თავისი ჰიმნი ჰქონია, რომლითაც ქემეიას ასხამდა ხოტბას. ერთ-ერთი მეც მოვიძიე…

შვიდმა ლითონმა შექმნა სამყარო,

შვიდი ლითონი წაგვიძღვა წინა,

მოგვცა კოსმოსი-სიმდიდრის წყარო,

სპილენძი, ვერცხლი და მტკიცე რკინა,

მოგვცა თვით ოქრო, კალა და ტყვია,

შენ, ჩემო შვილო, არ შეგიტყვია?

გოგირდი არის მამა ამათი,

დედა სინდიყი, ნუ გსურს კამათი!

ბერძნებმა, რომლებმაც ეგვიპტე დაიპყრეს, თქვეს, ეს ჩვენებურ ჰერმესს ჰგავსო. ჰგავდესო, უპასუხეს ეგვიპტელებმა. ტოტა ახალგაზრდა ბრგე ჭაბუკის ტანის მქონე ღვთაებაა, რომელსაც რომელიღაც მტაცებელი ფრინველის თავი აქვს უზარმაზარი ნისკარტით. ისტორიულ წყაროებს ეგვიპტური ღამის შესახებ ლეგენდა შემორჩენია. ერთი ფარაონი ხალხისგან მოშორებით განმარტოებულა და უცებ დღისით მზისით წყვდიადი ჩამოწოლილა. სიბნელეში ზემოთ აღწერილი ღვთაების სხეული გაურჩევია, ტოტა ამოუცვნია და მინდობია. ტოტასაც სასახლემდე მშვიდობიანად მიუცილებია.რადგან შორეულ ლეგენდაში „ეგვიპტური ღამე” კარგად დასრულდა და მეც ბუქარესტის „ეგვიპტური ღამიდან” მშვიდობით გამოვაღწიე, ახლა გაკვეთილზე „ეგვიპტური ღამის” გაკეთებაც შემიძლია.

დაგჭირდებათ ნატრიუმის თიოსულფატი Na2S2O3 და კალიუმის იოდიდი KI. აიღეთ ორივე მათგანი თითო გრამის რაოდენობით და ორივე მარილი ერთად გახსენით 100 მლ გამოხდილ წყალში. შემდეგ აიღეთ ნახევარი ჩაის კოვზი კარტოფილის სახამებელი, ჩაყარეთ ქიმიურ ჭიქაში. ჯერ დაასხით მცირე რაოდენობით ცივი წყალი და შემდეგ მდუღარე წლით 20 მლ-მდე შეავსეთ. ხსნარი, ბუნებრივია, ოდნავ მღვრიე გამოვა. სახამებლის ხსნარი დაამატეთ პირველ სამუშაო ხსნარს (ანუ იმ ჭიქას, სადაც ნატრიუმის თიოსულფატი და კალიუმის იოდიდის საერთო ხსნარი გაქვთ). შემდეგ, ამზადებთ მეორე სამუშაო ხსნარს. იღებთ ორ ჭიქას და თითოეულ მათგანში ასხამთ 30 ან 50%-იანი წყალბადის პეროქსიდის სხვადასხვა რაოდენობას. ვთქვათ, ერთში 10მლ, მეორეში 20მლ (რაოდენობებით შეგიძლიათ ითამაშოთ). ორივე ჭიქაში არსებული პეროქსიდი ოდნავ შეამჟავეთ და გამოხდილი წყლით განაზავეთ 40 მლ-მდე. აი, ახლა უკვე თვით ექსპერიმენტის დროც დადგა. ქიმიურ ჭიქაში ჩაასხით 20მლ. პირველი სამუშაო ხსნარი და დაუმატეთ მეორე სამუშაო ხსნარი. ლოდინი ერთი წუთიც არ მოგიწევთ, ხსნარი მკვეთრად შეიცვლის ფერს და გაშავდება. ყველაფერი ისე მოხდება, როგორც იქ, ლეგენდაში. სინამდვილეში, გამოყოფილი იოდი სახამებელთან შედის რეაქციაში, უფრო სწორად, მასში შემავალ ამილოზას ფრაქციასთან (ხომ გახსოვთ, სახამებელი 80% ამილოპექტინს და 20% ამილოზას შეიცავს). ბუნებრივია ხსნარი ფერს იცვლის, რადგან იოდი სახამებლის კარგი აღმომჩენია. შეგიძლიათ მრავალფეროვნებაც შეიტანოთ. აიღოთ ორი ჭიქა, სადაც პირველი სამუშაო ხსნარი გექნებათ და ორივეს დაუმატოთ მეორე სამუშაო ხსნარი, ოღონდ კონცენტრაციები ცვალოთ. შესაბამისად, ხსნარი ფერს სხვადასხვა დროს შეიცვლის.

კონცენტრაციების ცვლით, „ეგვიპტური ღამე” იმ დროს დადგება, როცა ეს თქვენი სურვილი იქნება, ანუ ღვთაება ტოტას გაუწევთ კონკურენციას.

ამავე პრინციპი, ანუ იოდით სახამებლის ამოცნობა, შეგიძლიათ დიფუზიის თემის გავლის დროსაც გამოიყენოთ.

დაამზადეთ სახამებლის ხსნარი (100 მლ-იანი ქიმიური ჭიქა სანახევროდ გაავსეთ). იოდის ხსნარი პიპეტის მეშვეობით ჩაასხით პლასტიკურ პაკეტში და ჭიქაში მოათავსეთ იმგვარად, რომ იტივტივოს. დაინიშნეთ დრო, ნახევარ საათში პაკეტში იოდის ხსნარი მუქ შავში გადასულ იისფერს მიიღებს. დიფუზიის დროს ვიცით, რომ მოლეკულები მაღალი კონცენტრაციიდან დაბალი კონცენტრაციის მიმართულებით გადაადგილდებიან.

 

ერთმა ჩემმა მეგობარმა ამას წინათ საუბრისას თქვა, ვერ ვიტან ერთფეროვნებას და ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრება ერთ საქმეს აკეთებენო. მე კიდევ ვუპასუხე, მე მთელი ცხოვრება ქიმიას მივუძღვენი და რა ვქნა ახლა, მრავალფეროვნებისთვის პროფესია გამოვიცვალო–მეთქი. არაო, ეგ არ მიგულისხმიაო. რა იგულისხმა არ ვიცი, ის კი ვიცი, ქიმია თავადვეა მრავალფეროვანი. ამიტომაც ახლა ავდგებით, იმავე იოდით და სახამებლით კიდევ ერთ ცდას გავაკეთებთ.

აიღეთ ორი ვაშლი, ერთი მწიფე, მეორე მკვახე. გაჭერით შუაზე და დააწვეთეთ იოდის ხსნარი. მკვახე ვაშლის ნაჭერი იოდის ხსნართან ლურჯ შეფერილობას მიიღებს, მწიფე ვაშლის ნაჭერი კი ფერს არ შეიცვლის.

ჰკითხეთ მოსწავლეებს, რატომ?…

მკვახე ვაშლი შეიცავს სახამებელს, მწიფე ვაშლი კი – გლუკოზას. იოდის ხნარი გლუკოზას ვერ აღმოაჩენს და, შესაბამისად, არც ფერს არ შეიცვლის.

აქედან დასკვნა, ხილის დამწიფება წარმოადგენს ქიმიურ პროცესს, რომლის დროსაც ხდება სახამებლის შაქრად გარდაქმნა.

ბუნებრივია, გლუკოზას აღმოჩენაც შეგიძლიათ, ოღონდ შაბიამნის ხსნარით. საკვლევ ხსნარს ჯერ ტუტე არეს შეუქმნით, შემდეგ სპილენძის სულფატს დაუმატებთ და გააცხელებთ. ხსნარი ჯერ გაყვითლდება, რადგან წარმოიქმნება სპილენძის (II) ჰიდროქსიდი, შემდეგ კი აგურისფერს მიიღებს. რატომ? ერთ-ერთი საბოლოო პროდუქტი სპილენძის (I) ოქსიდი წარმოიქმნება. მას კი წითელი ფერი აქვს.

„ეგვიპტური ღამიდან” გამოსულმა კვლავ ანუბისს და ამონ-რას ჩავუარე და გარეთ გამოვედი. ჭერში ფანჯრებდაკიდულ სასტუმროში მივიჩქაროდი, იმ ღამით ძილი აუცილებლად მჭირდებოდა.

ადრე ერთ უცხოურ ქალაქში ვიყავი. ჩემგან არაფერი დაეწუნებოდა, მაგრამ არ მომეწონა. ჰოდა, როდესაც თვითმფრინავმა აფრენამდე სიჩქარე აკრიფა, გულში რატომღაც ვთქვი: ქალაქო „N”, აღარასოდეს შეხვედრამდე–მეთქი.

როდესაც ბუქარესტში აფრენის პროცესში ვიყავი, გულში დავემშვიდობე:

– მალე შეხვედრამდე, ბუქარესტო!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი