შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

იმ ხუთეულის გარდა

პირველ კლასში რომ ვსწავლობდი, მაშინაც ისე იყო და სკოლა რომ დავამთავრე, არც იმ დროისთვის შეცვლილა რამე. დღეს მე თვითონ ვარ მასწავლებელი, მრავალ სკოლაში მიხდება სტუმრობა და ყოველ ჯერზე მგონია, ისევ ჩემს დერეფანში მივდივარ პირველ- ან მეთერთმეტეკლასელი; მივდივარ და ჯერ შოთაა, მერე – ილია, აკაკი, ვაჟა და ბოლოს – გალაკტიონი. ამათ შემდეგ უთუოდ სამასწავლებლოა, ან დირექტორის კაბინეტი, ან ქართული ენის მასწავლებლის სადამრიგებლო კლასის ოთახი. „აქაც ყველაფერი ისეა, როგორც ჩემს სკოლაში იყო”, – ვეუბნები საკუთარ თავს. 
 
ლიტერატურაში, რა თქმა უნდა, არ არსებობს ტურბულენტური ზონები, ეს ერთი მთლიანი პროცესია თავისი რეგრესით, პროგრესით, მიმდინარეობებით, ეპოქებით, საგნისა თუ მოვლენის სხვადასხვაგვარი გააზრებით და ამაზე საუბარს ათი სტატიაც არ ეყოფა, მაგრამ არა მგონია, სადავო იყოს, რომ ლიტერატურას მხოლოდ გენიოსები არ ქმნიან. უფრო მეტიც – ლიტერატურაში გენიოსების არსებობას მათზე ნაკლები ნიჭის მქონე ავტორები განაპირობებენ.

ეს ერთი შეხედვით უბრალო და ნაკლებმნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ხელს არც კი უშლის სასწავლო პროცესს, სრულიად საპირისპიროდ არსებობს სასკოლო რეალობაში და მისი დინამიკაც არასასურველია. კედლის თვალსაჩინოება სარკისებრი სიზუსტითაა გადმოტანილი სასწავლო პროცესში და მრავალი მასწავლებლისგან ვიღებთ შეგონებას, რომ იყო დიდი ხუთეული და სხვები, რომლებიც რასაც წერდნენ, მხოლოდ იმიტომ უნდა ვისწავლოთ, რომ მათი ტექსტები წიგნშია შეტანილი. ამ ხუთი ავტორის გარდა, მაქსიმუმ ბარათაშვილს, ორბელიანს, გურამიშვილსა და ორ-სამ პროზაიკოსს მიიჩნევენ მოხსენიების ღირსად.

რატომღაც ისე მოხდა, რომ არაქართულენოვან სკოლებში ვასწავლი. ასე რომ არ იყოს, ქართველ ბავშვებს რომ ვასწავლიდე, შევიდოდი სკოლაში და დავკიდებდი კედელზე მათთვის ნაკლებცნობილი მწერლების ფოტოებს. იკვლიონ მერე, გაიკითხონ, მოიძიონ ინფორმაცია მათ შესახებ, წაიკითხონ. იმ სურათს შევარჩევდი, მაგალითად, გიორგი კორნაპელი აღმართზე რომ ადის, ხელები ზურგს უკან შემოუწყვია, რაღაცას ამბობს ფოტოს გადაღების დროს…

ან კიდევ ის, ერლომ ახვლედიანის ფოტო… დიდი სათვალით რომ იყურება სადღაც, იფიქრებ, პარალელურ სამყაროში, და ხელი ისე უჭირავს, ერთ მარცვალს ითხოვს, არ ვიცი, აზრისას, სიკეთისას, ბოროტებისას თუ იმედისას.

 
რატომღაც დღემდეა შემორჩენილი აზრი, რომ მოსწავლემ უნდა იცოდეს მხოლოდ ის ავტორები, რომელთა ტექსტებიც სასკოლო პროგრამაშია შეტანილი, დანარჩენების შესახებ კი თუ თავისით გაიგებს რაიმეს, ხომ კარგი. ეს იმას ჰგავს, მენდელეევის ცხრილიდან ამოვიღოთ რომელიმე ელემენტი, რომელიც არ ისწავლება კონკრეტულ ეტაპზე, ან სკოლაში, საზოგადოდ. 
პრობლემა აქ ის არ არის, რომ უკვე სკოლადამთავრებულს, შესაძლოა, რომელიმე მწერლისა და მისი ტექსტების შესახებ არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდეს; პრობლემაა ის, რომ მოსწავლის ცნობიერებაში მხატვრული ლიტერატურა რჩება როგორც რიგითი „უაზრო სასკოლო დიდაქტიკა”, გაბმული მოსაბეზრებელი რამ, სადაც რამდენიმე მოკალმის ნააზრევით გივსებენ ტვინის ნაოჭებს, და მეტი არაფერი. არადა, ეს ხომ ერთი დიდი გადაძახილია თაობიდან თაობამდე, სადღაც ქვის ხანიდან – დღემდე.

ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო წიგნების გადახალისება-გაახლებას თითქოს ძალიან კარგი შედეგი უნდა გამოეღო. წიგნებში შეტანილია თანამედროვე ავტორთა და გასული საუკუნის წარმომადგენელთა ტექსტები, რაც იმის გააზრების საწინდარი უნდა ყოფილიყო, რომ ლიტერატურა უაღრესად ცოცხალი სხეულია და ის ისევე დგას სამ დროში, როგორც პიროვნება თუ საზოგადოება (იქნებ ამ უკანასკნელებზე უფრო მეტადაც), მაგრამ მოხდა ისე, რომ ამ განახლება-რეფორმამ მხოლოდ მოსწავლეთა და მასწავლებელთა მცირე ნაწილის ცნობიერება შეცვალა.
სტატიის წერის დროს გამახსენდა: ჩემი სკოლის დერეფანში გამოაკრეს ერთი ახალგაზრდა ქართველი მწერილის ფოტო. არც მე ვიცოდი მაშინ, ვინ იყო ის კადრში მოქცეული კაცი, მაგრამ, მახსოვს, ჩემ წინ დგას სამი თანასკოლელი და ორი მათგანი კამათობს:

– ვიღაც მსახიობია ბუდას როლში?
– მსახიობი არა…
– აბა?
– მე რა ვიცი, მთამსვლელია.
– მონტაჟია! აბა, უკან თოვლიანი მთაა და ეს შიშველი ზის, ან ბუდაა და გასხივოსნდა.
– წამო, ლანას ვკითხოთ.
(ლანა – ქართულის მასწავლებელი)
  
რამდენიმე ხნის შემდეგ კი რჩეულიშვილის ფოტოს ქვეშ პატარა ფურცელი გაჩნდა, რომელზეც ეწერა: „გურამა”. დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იმ სამმა გააკეთა, რომლებსაც უკვე მოესწროთ და წაეკითხათ რჩეულიშვილის რაღაცეები. სხვაგვარად ასე ზუსტად, ერთი სიტყვით ვერ აღწერდნენ ფოტოზე აღბეჭდილის ვინაობას, ხასიათს და ლიტერატურულ ბიოგრაფიას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი