შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ისტორიის სწავლების რამდენიმე ასპექტის შესახებ

დღეს ისევ ჩემს პროფესიას მივუბრუნდები და ისტორიის სწავლა-სწავლების რამდენიმე საჭირბოროტო საკითხზე გესაუბრებით. ამ პატარა სტატიაში შევეცდები წარსულსაც გადავავლო თვალი, აწმყოში არსებულ პრობლემებსაც შევეხო და ორიოდე სიტყვა სამომავლო პერსპექტივებზეც მოგახსენოთ.  როცა  საშუალო და უფროსი თაობის ადამიანები  ისტორიის გაკვეთილებს იხსენებენ, უმეტესობას თავიანთი მასწავლებლები თვალწინ სტატიკურ მდგომარეობაში, რუკასთან ან დაფასთან მდგომი  წარმოუდგებათ ხოლმე, რომლებიც მათ მსოფლიო ისტორიის მთავარ მოვლენებზე ესაუბრებოდნენ (ამ მხრივ მდგომარეობა კარდინალურად და საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის შეცვლილი). ალბათ იმასაც გაიხსენებენ, რომ მასწავლებლის მონაყოლი ზოგს აინტერესებდა, უმეტესობას – არც ისე, თუმცა მაინც  სწავლობდნენ (ძირითადად დასჯის შიშით). ახლა, როცა უკვე მე ვარ   ისტორიის მასწავლებელი, ვცდილობ გავარკვიო, რისი შეცვლა შეგვიძლია ჩვენ უკეთესობისაკენ. სადაო არ არის, რომ შეცვლა არა მარტო საჭირო და აუცილებელი, არამედ სავალდებულოც კია. ამას ეროვნული სასწავლო მიზნები გვავალდებულებს. ამასთანავე ჩვენი მოვალეობაა მოსწავლეებში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარების განვითარება და მათთვის სასწავლო კურსით გათვალისწინებული ცოდნის გადაცემა. ისტორია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასწავლო საგანია. ზემოთ ეროვნული სასწავლო მიზნები ვახსენე, მათი მიღწევა უშუალოდ უკავშირდება ისტორიის სწავლების წარმატებას. ვგულისხმობ, რომ ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტით გათვალისწინებული თითქმის ყველა მიზანი ისტორიის ცოდნას (ამ შემთხვევაში ცოდნაში ბლუმის ტაქსონომიის ექვსივე დონეს ვგულისხმობ) უკავშირდება. მოკლედ, ჩვენი ამოცანა ბევრად გართულებულია, თუ ადრე მასწავლებლებს მოსწავლეებისათვის ძირითადად გარკვეული ცოდნისა და ინფორმაციის გადაცემა ევალებოდათ, ამჟამად ინფორმაცია მხოლოდ საშუალებაა იმისათვის, რომ მოსწავლეები ზემოთდასახელებული უნარ-ჩვევებით აღიჭურვონ. მაგრამ რა ხდება რეალურად? სინამდვილეში როგორ მიმდინარეობს ისტორიის სწავლება  ჩვენს სკოლებში? მე რასაკვირველია არ მაქვს და არც შეიძლება მქონდეს ზუსტი პასუხი ამ კითხვებზე. მხოლოდ ჩემი ვარაუდის გაზიარება შემიძლია. ვფიქრობ, მასწავლებლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ  ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარების განვითარება ნაკლებად აისახება გამოცდების ფორმატზე, სადაც მთავარი ყურადღება ისევ ფაქტების დამახსოვრებაზეა გამახვილებული. ეს განსაკუთრებით კატის გამოცდებს ეხება. ანუ რა გამოდის, მასწავლებელმა უნდა იზრუნოს აუცილებელი უნარების განვითარებაზე, საამისოდ უნდა განახორციელოს განსხვავებული  აქტივობები,  უნდა დახარჯოს უამრავი დრო და ენერგია, მაგრამ საბოლოოდ მოსწავლე ისევ ფაქტების მექანიკური დამახსოვრების უნარით შეფასდება. ამ გარემოებას ვერც მასწავლებელი უვლის გვერდს. იგი იძულებული ხდება საინტერესო აქტივობებს დრო მოაკლოს და ხშირად შეამოწმოს რამდენად ზუსტად ახსოვთ მოსწავლეებს სახელმძღვანელოში არსებული ინფორმაცია, რაც აუცილებელია გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად. თუმცა მასწავლებლების მოზრდილი ნაწილი ამას სიამოვნებით აკეთებს, რადგანაც ასე უფრო იოლია მუშაობა. შესაბამისად გასაკვირიც არ არის, რომ ისტორიის მიმართ მოსწავლეების ინტერესი კლებულობს და გამოცდებზე შესაძლოა ისიც გამოჩნდეს, რომ მათ საჭირო დონეზე არც ფაქტობრივი მასალა აუთვისებიათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისტორიის სწავლება თითქმის სრულად არის დამოკიდებული სახელმძღვანელოებზე. მასწავლებლისთვის ძალზე რთულ და პრაქტიკულად შეუძლებელ ამოცანად იქცა ის, რომ ერთდროულად წიგნსაც გასცდეს და შესასწავლი მასალაც ბოლომდე გადასცეს. სწორედ ამიტომ იქცა ისტორიის სწავლება ,,მოსაწყენად”, თუმცა ეს ასე არ უნდა იყოს. ამიტომაც მასწავლებელს მართებს შემოქმედებითობისა და ფანტაზიის გამოვლენა და ისეთი აქტივობების მოფიქრება, რომელიც ისტორიას ,,გააცოცხლებს” და  საგნის სწავლების პროცესს სახალისოს გახდის.

მოგეხსენებათ, უცხოეთში სხვადასხვა კვლევებზე დიდი თანხები იხარჯება, მეთოდები და ტექნოლოგიებიც უკვე დიდი ხანია დაიხვეწა და შესაბამისად სანდოობაც შეიძინა. გასულ წელს აშშ-ს რამდენიმე შტატში 1200-ზე მეტი 17 წლის მოსწავლე გამოკითხეს. მკვლევრებს საზოგადოებრივი მეცნიერებების ცოდნის დონე აინტერესებდათ. შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა მეოთხედმა არ იცოდა ვინ იყო ჰიტლერი, მოსწავლეების ნახევარმა ვერ გაიხსენა რომელ საუკუნეში იყო სამოქალაქო ომი ამერიკაში, მესამედმა არ იცოდა, რომ თავისუფლების ბილი აკანონებდა სიტყვის და რელიგიის თავისუფლებას და ა.შ. უნდა ვივარაუდოთ, რომ უკეთესი მდგომარეობა არც ჩვენთან იქნება.

კიდევ ერთხელ ვიკითხოთ, რას ვკარგავთ ისტორიის არცოდნით? რატომ სჭირდებათ მოსწავლეებს ისტორიის სწავლა სინამდვილეში? ამ კითხვებზე პასუხი დიდი ხანია გასცეს ისეთმა უდიდესმა ავტორიტეტებმა, როგორებიც ილია ჭავჭავაძე, ივანე ჯავახიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და არაერთი სხვა ქართველი საზოგადო მოღვაწე გახლავთ. მათი მოსაზრებები ჩვენთვის კარგად ცნობილი, სათანადოდ დაფასებული და გათვალისწინებულია. ამ სტატიაში რამდენიმე უცხოელი ექსპერტის მოსაზრებას შემოგთავაზებთ, რომლებიც ისტორიის, როგორც სასკოლო საგნის მნიშვნელობაზე საუბრობენ. დავიწყოთ პულიცერის პრემიის ლაურეატით, ისტორიკოს უოლტერ მაკდუგალის  (Walter McDougall) მოსაზრებით. თავის სტატიაში, რომელიც მან American Scholar -ში გამოაქვეყნა, ისტორიის მნიშვნელობაზე ვრცლად საუბრობს და დასკვნის სახით სამ მთავარ მომენტზე ამახვილებს ყურადღებას. ესენია –  ფართო ინტელექტუალური განვითარება, სრულყოფილი სამოქალაქო განათლება, მორალური ღირებულებების ჩამოყალიბება.

მაკდუგალი წერს: „ისტორია შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გამტარი უზარმაზარი ხომალდი, რომელიც  ჭეშმარიტ  განათლებას  აძლევს ახალგაზრდა თაობებს, ხელს უწყობს მათი გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას, აიძულებს მათ გამოიძიონ, გააანალიზონ, დაასაბუთონ ისტორიული და ადამიანური ტრაგედიების თუ ტრიუმფის გამომწვევი მიზეზები. ისტორიის შესწავლა მოსწავლეს ეხმარება ყველა დანარჩენი სასკოლო საგნის უკეთ გაგებაში – იქნება ეს ისტორიასთან ახლო მდგომი გეოგრაფია და ლიტერატურა, თუ მისგან საკმაოდ დაშორებული მათემატიკა და მეცნიერების საფუძვლები”.

   „თუ ისტორიის სწავლებას სწორად წავმართავთ, ჩვენი მოსწავლეები შეძლებენ  არამარტო ჩაწვდნენ წარსული დროის ამა თუ იმ მოვლენის არსს ან ისტორიული პიროვნებების როლს, არამედ დაუკავშირონ ისინი თავიანთ ცხოვრებას”, – ეს უკვე  ლინი მანსონის  (Lynne Munson) მოსაზრება გახლავთ, – ,,სწორედ ისტორიის სასკოლო საგნის დამსახურებაა, რომ მოსწავლეს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, დაინახოს საკუთარი ცხოვრების უფრო ფართო კონტექსტი, გაისიგრძეგანოს და გაიაზროს ისტორიული პიროვნებების საქმეები და წარმოიდგინოს, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას მომავალში. ისტორიის გარეშე მსოფლიო საოცრად პატარავდება”, – ამბობს ის. მაკდუგალი უფრო შორსაც მიდის და ისტორიას ,,თანამედროვე კურიკულუმის რელიგიას” უწოდებს, ხოლო მანსონი  ამტკიცებს, რომ ,,ლიბერალური მეცნიერებების ცოდნა არის უმთავრესი წინაპირობა  მსოფლიოზე სწორი წარმოდგენის შესაქმნელად”.

ისტორიის სასწავლო საგნის  ღირებულებებზე საუბარს აღარ გავაგრძელებ და მხოლოდ ერთს დავძენ, ვისურვებდი წარსულის გმირებით შთაგონებულ ჩვენს მოსწავლეებში  გაგვეჩინა იმის სურვილი, რომ მომავალში თვითონაც ქცეულიყვნენ გმირებად, ხოლო რამდენად მოახერხებენ ამას, ეს ალბათ ნაკლებად მნიშვნელოვანია. სამაგიეროდ სავსებით შესაძლებელი და ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოზარდები თავიანთი ქვეყნის პატრიოტებად, პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებებად, საზოგადოების განვითარებაში მონაწილე მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.  

 ისტორიის ფართო სამოქალაქო და პატრიოტული მნიშვნელობიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ სასურველია მშობლებიც აქტიურად ჩაებნენ თავიანთი შვილების სწავლის პროცესში. სტატიის დასასრულს სწორედ მშობლებისათვის განკუთვნილ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას  შემოგთავაზებთ. 

დეტექტივი – ისტორიკოსი. გაარკვიეთ, რას შეისწავლის თქვენი შვილი ისტორიაში. გაიხსენეთ თემა, საკითხის შესახებ შეიმუშავეთ ერთი ან რამდენიმე შეკითხვა და დაავალეთ  ბავშვს, მოძებნოს ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია კითხვებზე პასუხის გასაცემად და ,,საქმის წარმატებით გამოსაძიებლად”. გამოძიება შესაძლოა წარიმართოს როგორც ფიზიკურად (მაგ; ბიბლიოთეკაში), ასევე ვირტუალურად (ინტერნეტში). გაითვალისწინეთ ერთი გარემოება, სასურველია ,,გამოძიება” წარმატებით დაგვირგვინდეს. ამიტომ თუ დაინახავთ, რომ ბავშვი მას თავს ვერ ართმევს, შეგიძლიათ დაეხმაროთ და გარკვეული მითითებები მისცეთ. მით უმეტეს რომ,  შესაძლოა ამაში ,,დამნაშავე” თქვენვე  იყოთ (მაგ. თუ ვერ გაითვალისწინეთ ასაკი და რთული დავალება მიეცით).

ოჯახური ისტორიები. ისტორია არ არის მხოლოდ ცნობილი ადამიანების და ქვეყნების შესახებ არსებული ინფორმაციები. თქვენი და თქვენი ოჯახის წარსულიც ისტორიაა. ესაუბრეთ ბავშვებს ამის შესახებ, მოუყევით ძველი ამბები. ამ მიზნით საუკეთესო რამაა ძველი საოჯახო ფოტოები, რომლებიც აუცილებლად გამოიწვევს ბავშვებში ბუნებრივ ინტერესს, მშობლებს კი შესანიშნავი საშუალება მიეცემათ, მოუთხრონ ბავშვებს სურათზე ასახული ადამიანების შესახებ, ყურადღება გაამახვილებინონ მათ ისეთ დეტალებზე, როგორიცაა იმდროინდელი მოდა, მანქანები, არქიტექტურული შენობები და სხვ. ამ სურათების მეშვეობით მშობლები შეძლებენ, დამატებით საინტერესო აქტივობების განხორციელებას (მაგ; თუ სურათი  უკვე მნიშვნელოვნად შეცვლილ, მაგრამ ბავშვებისათვის ნაცნობ ადგილზეა გადაღებული, საინტერესო იქნება ბავშვებს ამოვაცნობინოთ ეს განსხვავებები, ვთხოვოთ თავიანთი აზრის დაფიქსირება ცვლილების ავკარგიანობის შესახებ).

მოაწყვე ვირტუალური მოგზაურობა. კარგი იქნება თუ შვილებთან ერთად ესტუმრებით  მუზეუმებს. უცხოეთში ბევრი ცნობილი მუზეუმი მშობლებისა და მათი შვილებისათვის ინოვაციურ პროექტებს ახორციელებენ. მაგ: ვირტუალური მოგზაურობის ტურები ონლაინრეჟიმში ან სპეციალური განყოფილებები მუზეუმებში, სადაც ბავშვებს მრავალი საინტერესო აქტივობის განხორციელება შეუძლიათ  (მათ შორის სურათების გადაღებაც). 

დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ ისტორიის სწავლება არ უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ  სახელმძღვანელოს. ბავშვებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ჩვენამდე მოღწეული ისტორია თავის დროზე ცოცხალი პროცესი იყო, რომელიც თაობებს გამოივლიდა და გავლენას ახდენდა აწმყოსა და მომავალზე. მშობლებს კი ვთხოვდით, რომ თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში თავადაც მაქსიმალურად ჩაერთონ ბავშვების ისტორიით დაინტერესების პროცესში, მოზარდები ვაქციოთ წარსულით დაინტერესებულ, წარსულისა და აწმყოს მცოდნე და მომავლის მჭვრეტელ პიროვნებებად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი