შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ვულკანი, ყორანი და … მე

სიზმრებს იშვიათად ვნახულობ. თუმცა ტვინი ისეთი გამოუცნობი რამ არის, ძილში რა სიურპრიზს მოგიწყობს, ვერ გამოიცნობ. იმ დღესაც  ჩვეულებრივ დავიძინე და სადღაც გამთენიისას შავ მთაზე აღმოვჩნდი. იქაურობა ცეცხლის ალში  გახვეულიყო და ყველაფერი უცნაური ფერფლით ივსებოდა. ოღონდ მე არც  ცეცხლი გამკვირვებია და არც ფერფლს შეუშლია სუნთქვაში ხელი. იქვე ადამიანის ზომის ყორანი იჯდა და ადამიანისვე თვალებით შემომცქეროდა. ჰოდა, თურმე სწორედ მასთან მქონია შეხვედრა დათქმული და, აბა, რა ვიცოდი. რაღაცებს მესაუბრებოდა, ჭკუას მარიგებდა, მე კიდევ ძალიან ბეჯითად ვუქნევდი თავს. დილით გაღვიძებულს ეს ყველაფერი კი მახსოვდა, მაგრამ სიზმრად ნანახ ყორანს  რაზე ვეთანხმებოდი, ეგ აღარ მახსოვს. 

მყავს მეგობარი. 21 წლიდან ვიცნობ და ძალიან შეხუმრებულები ვართ ერთმანეთთან. მეორე დღეს მივწერე, ცეცხლგახვეულ მთაზე ვიყავი და ყორანი რაღაცაზე მესაუბრებოდა-მეთქი. პასუხად, არც მეტი, არც ნაკლები, მოხარხარე კურდღლის სტიკერი გამომიგზავნა (ეპატიება, დიდი ხნის მეგობრები ვართ) და იქვე მოაყოლა, შენი წარმოსახვის უნარი მაოცებსო.

მე კიდევ დავასკვენი, რომ სიზმრად ნანახი, უეჭველი ედგარ პოს „ყორანი” თუ იქნებოდა. „ყორანი” მართლაც კარგი ლექსია, თუმცა კვლავ სიზმარს მინდა დავუბრუნდე. სადაც ვიყავი, ის აშკარად ვულკანის კრატერი იყო, თანაც გაღვიძებულის. მე და ყორანი რაზე ვბჭობდით, ეგ აღარ მახსოვს. ალბათ, ეს მხოლოდ იმის ნიშანი თუ იყო,  პოს „ყორნისთვის” ერთხელ კიდევ გადამეხედა. 

თუმცა ახლა სხვა სურათს აგიწერთ. ქალაქის ერთი ქუჩა ცეცხლის ალში და ფერფლშია გახვეული. ყველაფერი ინგრევა და ადამიანებსაც სასოწარკვეთა აქვთ სახეზე. ქუჩა გარდაცვლილებით არის სავსე, დანარჩენები კი გაქცევას ლამობენ, მაგრამ წასასვლელიც აღარსადაა. ცეცხლოვანი მასა კი სულ ახლოს არის…

გალაკტიონი ამაზე  დაწერდა: 
„იწვა კლდე კლდეზე,
იდვა ქვა ქვაზე
და იყო მხოლოდ ქვათა ღაღადი.
ქვას გული არ აქვს…”

ზემოთ აღწერილი სურათი 21 წლისამ ლუვრში ვნახე (სხვათა შორის, მოხარხარე კურდღლის სტიკერის გამომგზავნთან ერთად). ლუვრის გრძელ დარბაზებში ხეტიალისას გადავაწყდით და მივაცქერდით. „პომპეის უკანასკნელი დღე” – ასე ქვია. ბრულოვის დაწერილია და პომპეიში იტალიასთან ახლომდებარე ნეაპოლთან ვულკან ვეზუვის ამოფრქვევას გვაჩვენებს (ჩვ.წ.აღ. 79 წელს).

ქიმიაში ჩვენი, ქიმიური ვულკანები გვაქვს. 

ვულკანი N1 – ამონიუმის ბიქრომატის დაშლა 

(NH4)2Cr2O7=Cr2O3+N2+4H2O

აიღეთ ამონიუმის ბიქრომატი, ჩაყარეთ ფაიფურის როდინში  და შუაგულში ანთებული ასანთი შეიტანეთ. ვულკანი მაშინვე „გაიღვიძებს” და აბობოქრდება. ქრომის ოქსიდის სახით ლავაც გექნებათ. შემდეგ ამ „ლავით” შეგიძლიათ ვერცხლის  ნაკეთობებიც გაწმინდოთ და იაფ კატალიზატორადაც გამოიყენოთ. ასევე, მოსწავლეებს უთხრათ, რომ ის ამფოტერული ოქსიდია.

ვულკანი N2 – ვულკანი კალიუმის ბიქრომატით 

რა გავაკეთოთ, როცა ამონიუმის ბიქრომატი არ გვაქვს? შემცვლელი მოვუძებნოთ… K2Cr2O7. ფაიფურის როდინში 15გ. კალიუმის ბიქრომატი და 10გ. გოგირდი დასრისეთ. მასა ალუმინის ქილის (გამოიყენეთ ლუდის ან კონსერვის ქილა) ქვედა ნაწილში ჩაყარეთ და გაახურეთ. გოგირდი გახურებით აინთება და კალიუმის ბიქრომატიც დაშლას დაიწყებს. როგორც კი ნაერთი აინთება, სპირტქურით გაცხელება შეწყვიტეთ. ნათება ლურჯი ფერის იქნება და რამდენიმე წუთს გასტანს. ფერფლი იგივე გექნებათ – ქრომის ოქსიდი. K2Cr2O7 + S = K2SO4 + Cr2O3
ჭარბი გოგირდი ჰაერის ჟანგბადის გავლენით დაიწვება: S + O2 = SO2

ვულკანი N3 – ლემერის ვულკანი

ნიკოლა ლემერი (1645-1715) ფრანგი ქიმიკოსი და აფთიაქარი იყო. რკინის ჭიქაში 2გ. რკინის ნაქლიბი და 2გ. გოგირდი ერთმანეთს შეურია და გახურებული მინის წკირით შეეხო. ცოტა ხნის შემდეგ სარეაქციო მასიდან შავი ფერის ნაწილაკებმა დაიწყო გამოფრქვევა, თვითონ კი მოცულობაში ძალიან მოიმატა. გახურდა და ნათება დაიწყო. რკინის სულფიდი წარმოიქმნა და დიდი სითბო გამოიყო.
Fe+S=FeS

ვულკანი N4 – იისფერი  ვულკანი

იოდი აქტიურ მეტალებთან ურთიერთქმედებს. ალუმინთან იისფერი ბურანის წარმოქმნით რეაქციაში შედის. ძალიან ლამაზი ცდაა, ოღონდ იოდის ორთქლი გამოიყოფა, ამიტომ ამწოვ კარადაში ან ღია ფანჯარასთან გააკეთეთ. ან მოიმარაგეთ 5–ლიტრიანი ქილა და  როგორც კი რეაქცია დაიწყება, მაშინვე დაახურეთ, რომ გამოყოფილი გაზი თქვენ არ ისუნთქოთ. ფაიფურის როდინში  ნახევარი ჩაის კოვზი ალუმინის ან მაგნიუმის  ფხვნილი  წინასწარ დასრესილ იოდის ფხვნილს შეურიეთ. რეაგენტებისგან გააკეთეთ მთისმაგვარი ფიგურა. არ დაგავიწყდეთ ჩაღრმავება. ის „კრატერის” მოვალეობას შეასრულებს. შიგნით ჩააწვეთეთ 1-2 წვეთი გამოხდილი წყალი. კრატერის თავზე იისფერი ნისლი ჩამოწვება, რასაც აფეთქება მოყვება და მთლიანი ნარევი თეთრი ფერის პროდუქტად გარდაიქმნება. რეაქციის შედეგად ალუმინის იოდიდი ან მაგნიუმის იოდიდი წარმოიქმნება (გააჩნია, რომელ მეტალს გამოიყენებთ). 

სხვათა შაორის, ეს რეაქცია კატალიზატორის მაგალითადაც გამოგადგებათ, რადგან წყალი სწორედ კატალიზატორის ფუნქციას ასრულებს.

2Al + 3I2 = 2AlI3;  Mg + I2 = MgI2 

ვულკანი N5 – თუთიის ვულკანი

(CCl4 + Zn)
5-8გ. თუთიის ფხვნილი მეტალის ნაჭერზე მოათავსეთ. წვეთ–წვეთად დაუმატეთ ССl4, თან ურიეთ, სანამ ნარევი სქელ მასად არ გარდაიქმნება. შემდეგ უკვე ჩვეულებრივ მიდის საქმე… ვაკეთებთ მთას, „კრატერს”  და შიგნით აალებად ნარევს ვყრით, მაგ. Mg + S.  მასა აანთეთ,  მაშინვე აფეთქება მოხდება და ZnCl2-ის  თეთრი  კვამლი წამოვა. ცეცხლის ალი ხან მინელდება, ხან გაჩაღდება. ვულკანის ამოფრქვევა ხუთ წუთს გაგრძელდება. რეაქციის შემდეგ მოყვითალო-შავი მასა დარჩება.   СCl4 + 2Zn = 2ZnCl2 + C 

ამწოვი კარადა ან ღია ფანჯარა არ დაივიწყოთ, რადგან СCl4 მომწამლავი და აქროლადია.

ვულკანი N6 – რკინის ვულკანი

აიღეთ 3-5გ. რკინის ფხვნილი და შეურიეთ იმავე რაოდენობის კალიუმის ნიტრატს. მანამდე 4-5 სადილის კოვზის რაოდენობის ქვიშისგან მთა ააშენეთ და ჩაღრმავება (კრატერი) გაუკეთეთ. რკინის ფხვნილის და კალიუმის ნიტრატის მასა სწორედ კრატერში მოათავსეთ. დანამეთ ეთილის სპირტით და აანთეთ. დაიწყება კაშკაშა რეაქცია ნაპერწკლებით, ცეცხლით და ა.შ. მოკლედ, თქვენ ნამდვილ ვულკანს გააღვიძებთ. თუ ზოგიერთი  ვულკანი მხოლოდ ფერფლის ამოსროლას ასახიერებს, ამ შემთხვევაში ამოფრქვევის ჩვენ წინაშე სხვა სტადიაა – ლავის ამოფრქვევა.

პროდუქტად კალიუმის ფერატი და აზოტის მონოოქსიდი წარმოიქმნება, რომელიც ჰაერზე იჟანგება და მუქი ყავისფერი აზოტის დიოქსიდს წარმოქმნის. ეს გაზი რეაქციის დროს უხვად გამოიყოფა. თუ მიღებულ მყარ პროდუქტს ცივი, გამოხდილი წყლით სავსე ჭიქაში მოათავსებთ, კალიუმის ფერატის მოწითალო-იისფერ ხსნარს მიიღებთ.

2KNO3 + Fe = K2FeO4 + 2NO

   ვულკანი N7 – ყველაზე უსაფრთხო ვულკანი

მოდით, ერთი უსაფრთხო ვულკანის პროტოკოლსაც დავწერ. დაგჭირდებათ თეფში, პლასტელინი, სასმელი სოდა (ნატრიუმის ჰიდროკარბონატი), ძმარმჟავა და წითელი საკვები საღებავი ან თუნდაც ჭარხლის წვენი და ჭურჭლის სარეცხი სითხე.  თეფშზე პლასტელინისგან აკეთებთ ვულკანს და კრატერში სასინჯად ასხამთ წყალს (შემდეგ კვლავ გადმოასხამთ). ანუ ამოწმებთ ვულკანი წყალს ხომ არ უშვებს. ამზადებთ „ლავას” – 2 სუფრის კოვზი ჭურჭლის სარეცხი სითხე, 1 სუფრის კოვზი სოდა, საღებავის რამდენიმე წვეთი. ამ მასას ვულკანში ასხამთ და ამატებთ ძმარს (ჭიქის მეოთხედი). იწყება რეაქცია, გამოიყოფა ნახშირორჟანგი და წითლად შეღებილი ლავა თეფშისკენ დაიძვრება. აქ საშიში არაფერია, მხოლოდ თეფშის გარეცხვა მოგიწევთ ბოლოს. 

„ქიმიური ვულკანოლოგია” აუცილებლად ამწოვ კარადაში ან ღია ფანჯარასთან ჩაატარეთ. დამცავი სათვალე და პირბადე არ დაივიწყოთ.

აჰ, მივხვდი… სიზმარში ვულკან „ვეზუვიზე” ვიყავი… სწორედ იმ წუთებში ალბათ პომპეის ანადგურებდა. ოღონდ არც ფერფლი შემისუნთქავს და არც დაზიანება მიმიღია. აბა, სიზმარი, რისი სიზმარია. ყორანთან ვსაუბრობდი, რაზე – არ ვიცი. ალბათ, ედგარ ალან  პოს „ყორანი” უნდა გადამეკითხა ხელახლა…

„კვლავ ღიმილად გადამექცა, სევდა ალბათ ჩვევად მექცა,
სავარძელი დავდგი კართან, ყორანი კი იქვე დგას,
ახლა უკვე აღარ მიკვირს, დრო საკმაოდ მქონდა ფიქრის
ვდარდიანობ მხოლოდ მისთვის, რომ არ ვიცი ნეტავ რას.
რას მიქადის საშინელი ხმით რომ დაიყარყარა,
შემომძახა „აღარა!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი