ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

უსაფრთხოების ტექნიკა ქიმიურ ლაბორატორიაში

ქიმიის სწავლება თეორიულ მეცადინეობასთან ერთად მოიცავს უცილობელ ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარებასაც. ამიტომ ქიმიის პედაგოგი უნდა ფლობდეს უმარტივესი ქიმიური ექსპერიმენტების შეს­რუ­ლების  ტექნიკას.  ლაბორატორიაში ქიმი­ური რეაქტივები, ჭურჭელი, დანადგარები და მოწყობი­ლო­ბები  კი თა­ვის მხრივ მოითხოვს კვალიფიციურ მოპყრობას. ამიტომ, ექსპე­რი­მენტატორი ვალდებულია ასევე ფლობდეს უსაფრთ­ხოებ­ის ტექ­ნი­კას, ხანძარსაწინააღმდეგო წესებს, უნდა შეეძლოს უბედუ­რე­ბის შემ­თხვევაში დაზარალებულისთვის პირველადი დახმარების აღმო­ჩენა.

რა უნდა ახსოვდეს ქიმიურ ლაბორატორიაში მომუშავე პერსონალს – მასწავლებელსა და მოსწავლეს:

1)ლაბორატორიაში არსებული ნივთიერებები მეტ-ნაკლებად მომ­წამ­ვ­ლელი და ცეცხლსაშიშია, ამიტომ აუცილებელია სისუფ­თა­ვის დაცვა და  წესრიგი. 

2)არ უნდა დავუშვათ ნივთიე­რე­ბების კანთან შეხება, ხელებით არ უნდა შევეხოთ სახესა და თვალებს, მუშაობის დროს არ უნდა მივიღოთ კვების პროდუქტები.

3)კატეგორიულად აკრძალულია მოქმედი დანადგარის უყურადღებოდ მიტოვება და ლაბორატორიაში მარტო ერთი პირის მუშაობა.

4)ყველა ჭურჭელზე, რომელშიც რეაქტივი ინახება, უნდა იყოს ზუსტი დასახელება. რეაქტივების გამოყენება უეტიკეტო ჭურჭლიდან აკრძალულია.

5)არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ცდის ჩატარება ჭუჭყიან ჭურჭელში. შესაბამისად ცდის დამთავრებისთანავე ჭურჭელი უნდა გაირეცხოს. ახლად გამოყენებული ჭურჭლის გასუფთავება გაცილებით ადვილია, ვიდრე ძველის. 

6)ჭურჭელთან, რომელშიც რაიმე ხსნარი დუღს ან რომელშიც რაიმე ხსნარის დამატება ხდება არ შეიძლება სახის ახლოს მიტანა; სინჯარის პირი, რომელშიც ხდება ხსნარის ან სითხის გაცხელება, არ უნდა იყოს მიმართული ვინმეს მიმართ.
 

7)კატეგორიულად აკრძალულია ქიმიური ნივთიერებების გემოს გასინჯვა; მათი ყნოსვა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხართ, რომ ნაერთი არ არის შხამიანი ან მომწამვლელი. ამასთან არ შეიძლება პირდაპირ შესუნთქვა, არამედ საჭიროა ხელის მოძრაობით მივიტანოთ ორთქლი სასუნთქ ორგანოსთან.

 
8)ზოგიერთი ექსპერიმენტის ჩატარებისას უსაფრთხოების მიზნით მიზანშეწონილია დამცველი სათვალით ან ორგანული მინისაგან დამზადებული სპეციალური საფარით სარგებლობა. 
9)მინის ან სხვა ქიმიური ჭურჭლის გამოყენებისას უნდა დავიცვათ შემდეგი წესები: 

a)სქელკედლიანი ქიმიური ჭურჭელი არ უნდა ცხელდებოდეს ღია ცეცხლზე, არამედ – წყლის ან ზეთის აბაზანაში. ამ დროს ყურადღება უნდა მიექცეს სითხის თანაბარ გაცხელებას. არათანაბარი გაცხელების დროს შესაძლებელია სითხის გაშხეფება და ჭურჭლის გაბზარვა! 

b)დიდ ქიმიურ ჭურჭელს საჭიროა ორივე ხელი მოვკიდოთ, ამასთან ერთ-ერთი ხელი ჭიქის ძირს! 

c)მინის მილების ბასრი ნაწილები უნდა იქნეს შემლღვალი სპირტ- ან გაზქურის ალზე! მინის დეტალებზე რეზინის მილების ჩამოცმის დროს მინის გატეხვის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია მათი წინასწარ წყლით დასველება, გლიცერინის ან ვაზელინის წასმა და შემაერთებელ ნაწილებზე ორივე ხელის თითების მაქსიმალურად ახლოს განლაგება 

 

d) სამუშაოს დაწყების წინ აუცილებელია შემო­წმდეს დანად­გა­რი, თუ რამდენად სწორად არის აწყობილი, ხოლო სარევე­ლის გამოყენების წინ საჭიროა შემოწმდეს, მუშაობს თუ არა ის.

e)ავტოკლავებით, შეკუმ­შული და გათხევადებული გაზის ბა­ლო­ნებით მუშაობა შესაძლებელია მხოლოდ უსაფრთ­ხოების ტექ­ნიკის სპეციალური ინსტრუქციის გავლის შემდეგ.

f)ვაკუუმ-ექსიკატორიდან ჰაერის ამოტუმბვა შეიძლება მხო­ლოდ წყალჭავლიანი ტუმბოს საშუალებით. ამ დროს საჭი­როა ვაკუუმ-ექსი­კა­ტორს შემოხვეული ჰქონდეს ქსოვილი.

g)საჭიროა უსაფრთხოების ტექნიკის სპეციალური ინსტრუქ­ტაჟის გავლა, ვიდრე ვაკუუმზე გამოხდას შეუდგებოდეთ.

h)ამწოვი კარადის ფანჯრები მუშაობისას არ უნდა იყოს კარადის მუშა ფართობის 1/3-ზე მეტად გახსნილი. 

i)ამწოვ კარადაში აფეთქების ან აალების შემთხვევაში პირველ რიგში უნდა გამოირთოს ვენტილაცია და დაიხუროს დროსელ-სარ­ქვე­ლი, რათა არ მოხდეს სავენტილაციო ხაზზე ხანძრის გავრცელება.

j)მჟავების ან ტუტეთა ხსნარების ჩამოსხმა უნდა ხდებოდეს გამ­წოვ კარადაში. ამ დროს მომუშავეს უნდა ეკეთოს დამცველი სა­თვალე, ხოლო ამწოვი კარადის ფანჯარა უნდა იყოს დაწეული ისე, რომ ფარავდეს მომუშავის სახეს.

k)ბრომთან ყოველგვარი სამუშაო ტარდება გამწოვ კარადაში. ამ დროს აუცილებელია რეზინის ხელთათმანებისა და დამცველი სათვალეს გამოყენება.

l)მინის დიდი ბოცები, რომლებშიც კონცენტრირებული მჟავები, ტუ­ტე­ები ან ამიაკია, საჭიროა იდგეს კალათებში ან ხის ჩარჩოებში. ამ ნივთიერებების გადმოსხმისას საჭიროა დამ­ცვე­ლი სათვალეს, რეზინის ხელთათმანების,  წინსა­ფრისა და რეზინის ჩექმების გამოყენება.

m)თუ ორი სითხის შერევაა საჭირო, მაშინ სითხეს, რომელსაც მე­ტი ხვედრითი წონა აქვს, მორევის პირობებში ასახავენ სით­ხეში, რომლის ხვედრითი წონა ნაკლებია, მაგალითად, კონ­ცენ­­ტრირებული გოგირდმჟავას განზავებისას, კონ­ცენ­ტრი­რებული გოგირდმჟავას და აზოტმჟავას შერევისას და ა.შ.

n)ნივთიერებების შერევისას, რომლის დროსაც ადგილი აქვს სითბოს გამოყოფას, საჭი­როა მხოლოდ თერ­მომ­დგრადი მინის ან ფაიფურის ქიმიური ჭურჭლის გამოყენება.

o)ნარჩენი სითხეების ჩასხმა ნიჟარაში კატეგო­რიუ­ლად აკრძა­ლუ­ლია. ისინი უნდა განეიტრალდეს ან ჩაისხას სპეციალურ ჭურ­ჭელში.

p)ქლორთან, ბრომთან, გოგირდის ან აზოტის ოქსიდებთან, გოგირდწყალბადთან და სხვა მომწამლავ ნივთიერებებთან მუშაობა აუცილებლად უნდა წარმოებდეს ამწოვ კარადაში. 

q)ეთერის გაცხელება, გამოხდა, აორთქლება მიმდი­ნარეობს წყლის აბაზანის საშუალებით. გამოხდისას უნდა გამო­ვი­ყენოთ მაქსიმალურად გრძელი მაცივრების, ხოლო მიმღები უნ­და მოთავსდეს  ღია ცეცხლისაგან მოშორებით. რამდე­ნი­მე­ჯერ გამოყენებული ეთერთან მუშაობის წინ, აფეთქების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა მას მოშორდეს პეროქ­სი­დები, მაგალითად, რკინის სულფატთან შენჯღრევით. არ შეიძ­ლება გამო­სახდელი კოლბიდან ეთე­რის გამოხდა სიმშრა­ლემდე (ბოლომდე) და გამოხდილი ეთე­რის დიდი რაოდენობით შეგროვება ერთ მიმღებში (არა უმეტეს 300-400 მლ). ეთერის შენახვა (განსაკუთრებით აბსოლუტური ეთე­რის), შეიძლება მხოლოდ სქელკედლიან, უმჯობესია მუქი ფერის ჭურჭელში, რომელიც დაცობილია საცობით ­კალციუმის ქლორიდიანი მილით.

r)მეტალურ ნატრიუმთან მუშაობისას აუცილებელია აბსოლუ­ტუ­რად მშრალი ჭურჭლის გამოყენება. არ შეიძლება ნატ­რიუმ­თან მუშაობა წყლის სიახლოვეს (შეიძლება მოხდეს აფეთ­ქე­ბა). სამუშაოს დამთავრების შემდეგ აუცილებელია შეგ­როვ­დეს რეაქციაში შეუსვლელი ნატრიუმის ნარჩენები ნავთიან ჭურ­ჭელში. ნატრიუმის ნარჩენები კი  გაიხსნას  სპირტში.

10)ლაბორატორიაში თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები – ქვიშის ყუთები  და ცეცხ­ლ­მაქ­რობები.  ხანძრის გაჩენის შემთხვევაში პირველ რიგში საჭი­როა ყველა გამახურებლის გამორთვა, მოშორებულ უნდა იქნას ცეცხლის კერასთან ახლოს მდებარე აალებადი ნივთიერებები, ხოლო შემდეგ მოხდეს ცეცხლის ჩაქრობა ცეცხლსაქრობით, სილით ან ხანძარსა­წინააღ­მდეგო საბნით. ცეცხლზე წყლის დასხმა არ არის მიზანშეწონილი, რადგან უმეტეს შემთ­ხვევებში ეს იწვევს ხანძრის კერის გაფარ­თოებას.
უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაუცვე­ლობამ შეიძლება ადვილად მიგვიყვანოს  უბედურ შემთხვე­ვებამდე. ასევე ლაბორატორიული ინციდენტი შეიძლება სულ უბრალო შემთხვევითობამ ან გაუფრთხილებლობამ გამოიწვიოს. ამიტომ პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევაც უნდა შეეძლოს ქიმიის მასწავლებელს:

1)I ხარისხის თერმული დამწვრობის (სიწითლე, უმ­ნიშ­­ვნელო შეწითლება) დროს საჭიროა დამწვარი ადგილის სპირტით გაწმენდა. II და III ხარისხის დამწვრობისას – სტერილური სახვევით ან სუფთა ტილოთი შეხვევა. 

2)კიდურების დამწვრობისას საჭიროა მათი განთავისუფლება მჭიდრო ტანსაცმლისაგან, რადგან შესაძლებელია გასივება.

3)ტუტით ან მჟავით კანის დამწვრობის დროს საჭიროა წყლის ნაკადით დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში ჩარეცხვა, ხოლო ძლიერი დამწვრობის შემთხვევაში ჩარეცხვა ხდება 1.5-2 საათის განმავლობაში (წყალი არ უნდა იყოს ცივი). ჩატარებული პროცედურის შემდეგ დაზარალებულს ისევე ექცევიან, როგორც თერმული დამწვრობის შემთხვევაში.

4)ბრომით დამწვრობისას ადებენ სპირტის საფენს ხანგრძლივი დროით.

5)ტუტის ან მჟავის წვეთების თვალში მოხვედრისას, თვალს დიდი ხნის განმავლობაში იბანენ ოთახის ტემპერატურის წყლის დიდი რაოდენობით. 

6)ფენოლით დამწვრობის შემთხვევაში დაზი­ანე­ბული ადგილი საჭიროა დამუშავდეს სამედი­ცინო ეთილის  სპირტით.
7)ნაჭრილობევ ადგილებს იოდის სპირტის 5%-იანი ხსნარით ამუშავებენ და ადებენ სტერი­ლურ საფენს.
გარდა ამისა ექსპერიმენტატორს ყოველთვის უნდა ახსოვდეს:

1.ექსპერიმენტის დაწყებამდის აუცილებლად წაიკითხოს მეთო­დი­კა გულდასმით. ეს საშუალებას მისცემს სწორად დაგეგ­მოს ცდა და თავიდან აიცილოს გაუთვალისწინებელი გარ­თუ­ლებები.

2.არ ჩააგდოს ასანთის ღერი, ლაკმუსის ქაღალდი ან სხვა უხ­ს­ნა­დი ნაერთები ნიჟარაში. მყარი ნარჩენები უნდა შეგროვდეს სპეციალურ მათთვის გამოყოფილ ურნაში.

3.საჭირო რეაქტივები ჩამოასხას  ადგილზე ჭიქებში ან მენზუ­რებში და რეაქტივების ბოთლები დატოვოს თაროებზე ან გამოყენების შემდეგ დაუყონებლივ დააბრუნოს პირვანდელ ადგილზე.

4.ბოთლიდან რეაქტივის ამოღებისას ეტიკეტზე წარწერა წაიკითხოს ორჯერ.

5.ეცადოს, არ იმუშაოს ნივთიერებების დიდ რაოდენობებთან. კარგი ექსპერიმენტატორი 1-3 მლ-ზე დიდი რაოდენობით არ იყენებს ნივთიერებას.

6.არასოდეს დააბრუნოს ბოთლში გამოუყენებელი ნივთიერება. ამიტომ ყოველთვის ჩამოასხას მხოლოდ ექსპერიმენტი­სათვის  საჭირო რაოდენობა.

7.ეცადოს, ბოთლის საცობი არ დადოთ ძირს (მაგიდაზე).

8.არ გააცხელოს სქელკედლიანი მინის ჭურჭელი ან მენზურები, მზომი კოლბები ცეცხლის ალზე.

9.ეცადოს, ფეხზე არ ჩაიცვას სანდლები ან სხვა ღია ფეხსაცმელი. ლაბორატორიაში ხშირია იატაკზე მინის ნატეხების მიმობნევა.

10.ეცადოს, ეცვას ბამბის ტანსაცმელი ან ხალათი. სინთეზური  ბოჭკოს ტანსაცმელი ტემპერატურაზე ადვილად ლღვება და იწვის.

11.მინის ჭურჭელი გამოყენების წინ გულდასმით დაათვა­ლი­ე­როს, რომ არ ჰქონდეს ბზარები. გაბზარული მინის ჭურჭელი გაცხე­ლებისას ან ვაკუუმის ქვეშ ადვილად ტყდება.

არ მინდა დაგვრჩეს იმსის განცდა, რომ ლაბორატორიაში მუშაობა ერთი შეხედვით წარმოადგენს მზა რე­ცეპ­ტურის ან წინასწარ დაგეგმილი ოპერაციების სკურპულოზურ შესრულებას. რეალურად ექსპერიმენტატორის საქმიანობა შემოქ­მედებით, ხშირად კი ინოვაციურ გადაწყვეტილებების მიღებას მო­ითხოვს. მიუხედავად ცდის ჩატარების წინასწარ გაწერილი მეთო­დი­კისა, კარგ ექსპერიმენტატორს ყოველთვის შეუძლია გარკვეული კო­რექტივების შეტანა, რაც მას ექსპერიმენტის ჩატარებას გაუადვი­ლებს ან მის ხელთ არსებული საშუალებების პირობებში შესაძ­ლე­ბელს გახდის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი