ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ამბავი ალიაქოთისა, ლიმონთა სამეფოში ხახვის გამო რომ ატყდა

ამას წინათ საოცარი ამბავი გადამხდა თავს. იმდენად უჩვეულო, რომ არც კი ვიცი, გავიცინო (სიმწრით?) თუ მეწყინოს.

საქმე ასე იყო: ერთი კოლეგა პროფესორი მესტუმრა, მითხრა, თქვენი ვიდეოლექციები მოვისმინე და თანამშრომლობა მსურს თქვენთანო. თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზად ვარ და ვუპასუხე, გისმენთ, ბატონო-მეთქი.

დიეტის ამოცანის ამოხსნა მინდაო თქვენთან ერთად. თან ამიხსნა, რომ ამ მეთოდით კალორიებს და სასარგებლო ნივთიერებების დღიურ ნორმას ჯერ კიდევ ძველი ბერძნები ითვლიდნენ თურმე; შემდეგ, 40-იან და 60-იან წლებში, ამერიკელ მეცნიერებს გაუკეთებიათ იგივე და აგერ ახლა ჩვენც ეს გზა უნდა გაგვევლო, ოღონდ – საქართველოსა და 21-ე საუკუნის რეალობის გათვალისწინებით.

ჩამოვწერეთ პროდუქტების გრძელი სია. მე უნდა მიმეთითებინა თითოეული მათგანის შემადგენლობა, შეუცვლელი ამინმჟავებით დაწყებული, ვიტამინებითა და მინერალებით დამთავრებული, ჩემი კოლეგა კი ამ ყველაფერს უკვე მათემატიკურად დაითვლიდა.

ცოტა ვიკამათეთ კიდეც. მაგალითად, მე სიიდან ამოვიღე ჩურჩხელა, ფაფები და წვენები, მას კი ეს არ მოეწონა, მაგრამ ჩემი გავიტანე, ავუხსენი, რომ ნიგოზი, ყურძენი და ხორბალი (ფქვილი) უკვე შევიტანეთ სიაში, ძაფი კი არ იჭმებოდა; რომ ხილი გვქონდა და ცალკე წვენები საჭირო აღარ იყო და ა.შ. ისიც რამდენჯერმე შევახსენე, რომ ქიმიკოსი ვიყავი და არა ექიმი დიეტოლოგი. ვიმუშავე ბევრი (საბრალო ჩემი თვალები!) და ბოლოს კოლეგის წერილი მივიღე. მშვენივრად შეგივსიათ სიაო, ახლა უკვე ვიცი, ჩემი შვილები (მრავალშვილიანია) სწორად როგორ გამოვკვებოო. აღმოჩნდა, რომ უმცროსები მცირეწლოვნები ჰყავდა და ეს წვენები, ფაფები და ჩურჩხელა ალბათ მათთვის უნდოდა, მე კიდევ სიიდან ამოვუყარე.

მას შემდეგ მის შესახებ აღარაფერი მსმენია…

ხახვზე საგანგებოდ მთხოვა, კარგად მიმიხედეო. არ ვიცი, ეტყობა უყვარს, თუმცა ამისთვის მხოლოდ შევაქებ, რადგან ეს ბოსტნეული ჩვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. ვინაიდან სიის შევსება ხახვით დავიწყე, ავდგები და ჩემს შეკრებილ ინფორმაციას (ამჯერად – ხახვზე) თქვენ გაგიზიარებთ. აბა, მხოლოდ ერთი კაცის შვილები ხომ არ ისარგებლებენ?!

იყო ერთი ოჯახი, ისიც მრავალშვილიანი. მამას ჩიპოლონე ერქვა, რვა შვილი ჰყავდა: ჩიპოლინო, ჩიპოლეტო, ჩიპოლოჩა, ჩიპოლუჩა და რა ვიცი კიდევ… აღარ მახსოვს. ისე კი, მშვენიერი სახელებია ხახვებისთვის. კარგები იყვნენ, ოღონდ, ესაა, არ უმართლებდათ. რას იზამ, სადაც ხახვია, ცრემლებიც იქაა…

უფრო მეტიც – ხახვის ჭამა მდაბიოობის ნიშნად მიიჩნეოდა. მხოლოდ მდაბიო თუ შეჭამდა ხახვს და მერე მისი სურნელით ხალხში გამოვიდოდა.

ხახვის ოჯახი გარეუბანში, პატარა მიწურში ცხოვრობდა და, ბუნებრივია, ხახვის სურნელსაც აფრქვევდა. მათ ყველა ერიდებოდა. დიდგვაროვანი ლიმონები და ფორთოხლები ცხვირსაც უბზუებდნენ და წარმოიდგინეთ, რა ალიაქოთი ატყდებოდა მეფის სასახლეში, როცა ერთ დღესაც პრინცმა ლიმონმა გარეუბნის მონახულება გადაწყვიტა. 

რა უხერხულიაო, – თავს იქნევდნენ ციტრუსები, – იქაურობა ხახვის სუნითაა გაჟღენთილი და პრინცს შესაძლოა გული ცუდადაც კი გაუხდესო. მრჩეველმა ლიმონმა თქვა, ჯარისკაცები გავგზავნოთ და ყველას სუნამო აპკურონო. სუნამოს შემადგენლობა ასეთი იყო: იის ესენცია, ყვავილთა ნაკრები და ვარდის წყალი.

გეცნოთ ალბათ ჯანი როდარის კეთილი ზღაპარი ხახვისთავა ბიჭუნა ჩიპოლინოზე. ამ ზღაპარში ხახვისებრთა ოჯახის კიდევ ერთი წარმომადგენელია  – ბიძია პრასი, რომელიც პროფესორ მსხალთან მებოსტნედ მუშაობდა. ერთხელაც ჩიპოლინოს გული გადაუშალა, დიდი ულვაშების გამო საკუთარი ცოლიც კი აბუჩად მიგდებსო. სარეცხს რომ დარეცხავს, აივანზე დამსვამს, ულვაშებს გადამიგრეხს და ყველაფერს ზედ აშრობსო.

მოკლედ, ხახვის ჭამა და შემდეგ სეირნობა არ შეიძლება, მაგრამ ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია და ჩუმად, ჩვენთვის, შეგვიძლიათ მივირთვათ კიდეც.

ერთი ძველი მეგობარი მყავს. საფრანგეთში გრაფინია კაროლინ დე ლოღჟეღილის საზაფხულო სკოლაში ვიყავით ერთად. იმხანად ის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა. ვცხოვრობდით გრაფინიას ციხე-კოშკში, რომელსაც ბურბანსეები ერქვა და ღამურებით იყო სავსე. ისინი ლაღად გრძნობდნენ თავს გრძელ დერეფნებში და ჩემს აღშფოთებულ ყვირილს

არავითარ ყურადღებას არ აქცევდნენ. ერთ საღამოს ყველაზე თამამი ღამურა თმაში ჩამაფრინდა.

ზიზღისა და შიშისგან ყველაფერი გადამავიწყდა და კედელს მინარცხებული ღამურა უსულოდ დაეცა ძირს. მიშიკოს კი ღამურა სასიკვდილოდ არ გაემეტა, ცივი წყლის ჭავლს შეუშვირა და გულის მასაჟი ჩაუტარა. ღამურამ ამოისუნთქა, თვალი გაახილა და სიბნელეში გაუჩინარდა. მაშინვე ხმა გავარდა მომავალ ექიმზე, რომელმაც ღამურა “გააცოცხლა”. ულოცავდნენ, ახლა რომ ეს შეძელი, მერე რაღას იზამო. ის კი ეშმაკურად იღიმებოდა. რა თქმა უნდა, ყველამ არ იცოდა, რომ ღამურებს განსაცდელის ჟამს თავის მომკვდარუნება სჩვევიათ.

ჰოდა, სწორედ მიშიკომ გამიმხილა, როგორ ამზადებდა ბავშვობაში ხახვისგან ე.წ. ფარულ მელანს: ხახვს დანაყავთ და გაწურავთ; მიღებული უფერო სითხე უკვე მელანია. ნაწერი უნდა დააუთოოთ – მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ მის წაკითხვას. ეს ისე, მცირე გასართობი უმცროსკლასელთათვის. ცოტა მოზრდილებისთვის კი – უფრო სერიოზული დავალება: გამოყავით ხახვისგან ნუკლეინის მჟავა – დნმ.

საშუალო ზომის კანგაცლილი ხახვი პატარა ნაწილებად დაჭერით, პლასტმასის დიდ ჭიქაში მოათავსეთ და ერთი სუფრის კოვზი მარილი დაამატეთ. ეს ნარევი ფაიფურის როდინში ენერგიულად დასრისეთ. მიღებულ მასას მასზე ორჯერ მეტი მოცულობის წყალი დაასხით და 3-4 წვეთი ჭურჭლის სარეცხი სითხე შეურიეთ. კარგად აურიეთ და 10 წუთი გააჩერეთ. ყავის ფილტრი სამაგრებით ჩაამაგრეთ პლასტმასის დიდ ჭიქაში (ფილტრის ბოლო არ უნდა ეხებოდეს ჭიქის ფსკერს; ფილტრი წყლით დანამეთ). 10 წუთის შემდეგ ნარევი გადაიტანეთ ფილტრში. გაფილტრულ სითხეს დაამატეთ 2-3 წვეთი თხევადი სარეცხი საშუალება და ფრთხილად მოურიეთ. გააჩერეთ 5 წუთი. პატარა პლასტმასის ჭიქა მესამედზე შეავსეთ გაფილტრული ხსნარით და ძალიან ფრთხილად თხელ ფენად დაასხით ეთანოლი. დააკვირდით, როგორ გამოილექება ეთანოლში დნმ. მისი ნაპირები ერთმანეთს მიეკვრება და ლორწოსმაგვარი გახდება, რომლის მოცულობა ნელ-ნელა გაიზრდება. ჩხირის დახმარებით ბლანტი დნმ ფრთხილად ამოიღეთ. ჩხირი თითებს შორის დაატრიალეთ, რომ დნმ ზედ დაეხვიოს. ფრთხილად დადეთ დნმ ფილტრის ქაღალდზე, რათა ეთანოლი მოსცილდეს. მოათავსეთ პეტრის ჯამში და გააშრეთ.

რას შეიცავს ხახვი, გარდა იმ ფიტონციდებისა, რომლებიც ტკივილის გამომწვევ ბაქტერიებს ანადგურებენ?

100 გრამი ხახვის ქიმიური შემადგენლობა ასეთია: ცილა – 1,4 გ; წყალი – 86 გ; გლუკოზა – 8,2 გ; ფრუქტოზა – 0,7 გ; ვიტამინები: E – 3,2 გ; PP – 1 გ; B1-0,4 გ; B2 – 0,1გ; B6 – 0,2 გ; B9 – 23 მკგ; H – 20 მკგ; ელემენტები: Ca – 52 მგ; K – 330 მგ; Na – 20 მგ; 130-130 მგ; Co – 5 მკგ; Fe – 3,6 მგ; Cu – 450 მკგ; Zn – 4,3 მგ; S – 88 მგ; P – 430 მგ; I2-6 მკგ; F – 45 მკგ.

ახლა კი ხახვის შემადგენლობა გავაანალიზოთ. ახალგაზრდობის ვიტამინი E თვალის ბადურასაც იცავს და ერითროციტების მემბრანასაც ზეჟანგური დაჟანგვისგან. ოღონდ რაიმე ცხიმიანის მიყოლება არ დაივიწყოთ – ეს ვიტამინი ცხიმში ხსნადია და წვრილ ნაწლავში მის შესაწოვად ცხიმია საჭირო. PP ვიტამინი უძილობისგან დაგიცავთ და ნერვული სისტემის სიმშვიდეს შეგინარჩუნებთ. B ჯგუფის ვიტამინები ნერვულ სისტემასთან ერთად თქვენს ეპიდერმისს და ლორწოვან გარსსაც არგებს. რაც მთავარია, მათი უმეტესობა ნივთიერებათა ცვლაში მონაწილეობს, სწორი მეტაბოლიზმი კი ჯანმრთელობის საწინდარია. კალიუმი და ნატრიუმი მემბრანული ტრანსპორტისთვისაა საჭირო, კალციუმი – ძვლოვანი სისტემის, ფრჩხილებისა და კბილის მინანქრის სიმაგრისთვის, ოღონდ აქ მთლად ხახვის იმედად ნუ დარჩებით, რძის პროდუქტებიც მიაშველეთ. რძიდან D ვიტამინსაც მიიღებთ, ურომლისოდაც სისხლიდან ქსოვილებში კალციუმის ტრანსპორტი ვერ მოხერხდება. კობალტი კობალამინის შემადგენლობაში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წყალობით მეგალობლასტური ანემია არ დაგვემუქრება. რკინა, თავადაც იცით, ჰემოგლობინის ნაწილია. სპილენძი მიტოქონდრიებში არსებული სუნთქვითი ჯაჭვისთვისაა აუცილებელი, თუთია კი მეტალდამოკიდებული ცილებისთვის და ა.შ. 

ყველაფერი ზემოთ თქმული ნიშნავს, რომ ხახვი ძალიან სასარგებლოა. აუცილებლად უნდა მივირთვათ, ოღონდ ფრთხილად. 

კინაღამ გამომრჩა – პრინც ლიმონს, ქვეშევრდომთა ძალისხმევის მიუხედავად, ხახვის სურნელი მაინც უგრძნია და ისე აღშფოთებულა, პაწაწინა ფეხები სულ აქეთ-იქეთ უქნევია, მის გვირგვინზე დამაგრებულ ზანზალაკს კი იმდენი უწკრიალია, ყურთასმენა წაუღია. 

ახლა წარმოიდგინეთ, ხახვმირთმეულებს, სადმე ჩვენც რომ გადაგვეყაროს პრინცი ლიმონი… მერე სად მივდივართ?..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი