პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ერთი მასწავლებლის ამბავი

ლევან სებისკვერაძე
სპორტის ახალგაზრდა მასწავლებელი სკოლაზე, მოსწავლეებზე, მშობლებზე და სხვა

სკოლა, სადაც გიორგი სპორტს ასწავლის, თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარეობს. ამ სკოლაში მოსწავლეთა რიცხვი წლიდან წლამდე იმატებს. რატომ? მიზეზი მარტივია: დაცარიელებული ქართული სოფლებიდან წამოსული ოჯახების უმეტესობა სწორედ თბილისის გარეუბნებში სახლდება, სადაც ბინის ქირა დედაქალაქის სხვა უბნებზე ნაკლებია.

გიორგი 28 წლის კაცია. თავის დროზე ფეხბურთელი იყო, ნახევარმცველი, და საკმაო წარმატებითაც თამაშობდა უმაღლესი ლიგის ორ გუნდში. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართულ 17 თამაშში ამ ბიჭს 6 გოლი გაუტანია, რაც ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის მშვენიერი შედეგია. მერე მუხლის მენისკი გაუხდა სამკურნალო. მკურნალობამ ცუდად ჩაიარა. ექიმების არაპროფესიონალიზმს გიორგის უფულობაც დაერთო და მოხდა ის, რაც მოხდა… დღეს გიორგი თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სპორტის მასწავლებელია და ამისთვის თვეში დაახლოებით 400 ლარს იღებს. ბუნებრივია, არ ჰყოფნის, მაგრამ რაკი ცოლ-შვილი ჯერჯერობით არ ჰყავს, თავის გატანას ახერხებს.

საუბარი საინტერესო, მაგრამ არცთუ ხალისიანი გამოგვივიდა. თავდაპირველად საერთოდ იუარა – არ მინდა, ჩემზე რამე დაწეროთო. ბოლოს შევთანხმდით, რომ მის გვარს არ ვახსენებდი. პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ, როგორც ჩანს, არ სურდა, ყოფილი თანაგუნდელების საქილიკო გამხდარიყო. რა არის მის საქმიანობაში საქილიკო, რა თქმა უნდა, არც ეს გაუმხელია.

გიორგის ბევრ რამეზე ვესაუბრე და რაკი ჩვენი საუბარი ინტერვიუს მაინცდამაინც არ ჰგავდა, ვამჯობინე, ცალკეულ საკითხებზე მისი მოსაზრებები ყოველგვარი ტექსტური წანამძღვრის გარეშე გამეცნო თქვენთვის.

მასწავლებლობაზე

„მასწავლებლობა თუ ასეთი რთული იქნებოდა, არ მეგონა. როდესაც სკოლაში მუშაობა გადავწყვიტე, მეგონა, გავერთობოდი, გულს გადავაყოლებდი, მაგრამ სულ სხვანაირად ყოფილა საქმე. ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია, ყველას სხვადასხვანაირად უნდა მიუდგე. მათი ფსიქოლოგიის გაგებაში სხვა მასწავლებლები ძალიან დამეხმარნენ. თავის დროზე, ტექნიკურ უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდი, ბავშვის ფსიქოლოგიასაც გვიკითხავდნენ, მაგრამ მაშინ ფეხბურთს ვიყავი გადაყოლილი და ლექციებზე დასწრებით თავს არ ვიკლავდი. არადა, მასწავლებელს თურმე პირველ რიგში ასეთი რამეების ცოდნა მოეთხოვება”.

სკოლაზე

„ჩვენს სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა ყოველ წელს იმატებს. ხალხი რეგიონებიდან თბილისში ჩამოდის და შვილებიც, რა თქმა უნდა, თბილისის სკოლებში გადმოჰყავთ. სოფლებიდან ჩამოსულ ბავშვებს ხშირად ძალიან უჭირთ ახალ სკოლასთან, ახალ თანაკლასელებთან შეგუება. ზოგიერთისთვის ეს ლამის ტრაგედიაა… სამწუხაროდ, ჩვენს სკოლებში ბევრმა მასწავლებელმა არ იცის, როგორ მიუდგეს ასეთ ბავშვებს და არც სხვა მოსწავლეებს ასწავლიან ახალ თანაკლასელებთან მოქცევას.

თუ სკოლაში მოსწავლეებს შორის ჩხუბი ატყდა, როგორც ყოფილ სპორტსმენს, პირველს მე მეძახიან გასაშველებლად. ხშირად ბიჭები არაფრის გამო ჩხუბობენ. მეც ვყოფილვარ მოსწავლე და მეც მომსვლია ჩხუბი სულელური მიზეზის გამო, მაგრამ ერთია, როდესაც ბიჭები შელაპარაკდებიან ან გოგონას გამო წაიჩხუბებენ და მეორეა, როცა ერთი მეორის დაჩაგვრას ცდილობს. ბევრი მასწავლებელი ასეთ რამეებს ყურადღებას არ აქცევს, რაც არ მომწონს”.

მასწავლებლებზე

„თავი განათლებულ ადამიანად არ მომაქვს, მაგრამ რაკი მასწავლებლობა გადავწყვიტე, ვცდილობ, მეტი ვიკითხო. ჩემი და წიგნების მაღაზიაში მუშაობს და ხშირად მოაქვს თანამედროვე ქართველი თუ უცხოელი მწერლების წიგნები.

როდესაც ჩვენს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან ამ წიგნებზე საუბარი დავაპირე, აღმოჩნდა, რომ ის არათუ არ იცნობს თანამედროვე მწერლებს, არამედ ეზიზღება კიდეც, რადგან, მისი აზრით, დღეს მხოლოდ „გარყვნილებაზე” წერენ და მირჩია, მეც დამენებებინა თავი მათი კითხვისთვის. მეწყინა, რადგან ბევრი წიგნი მართლა საინტერესოა და გულსატკენია, რომ ჩემი დის გარდა მათზე ვერავის ვესაუბრები.

„ჰარი პოტერის” შვიდივე ტომი გადავიკითხე და აღფრთოვანებული დავრჩი. წავიკითხე „ჰობიტიც” – ისიც ძალიან მომეწონა. ჩვენმა რუსულის მასწავლებელმა კი მითხრა, ასეთ წიგნებს ქრისტიანობა კრძალავს, რადგან შიგნით „არაქრისტიანული” რამეები წერიაო. ერთი სიტყვით, ჩვენს სკოლებში პედაგოგების დიდ ნაწილს თანამედროვე ლიტერატურა სძულს, რაც, არა მგონია, ბავშვებთან ურთიერთობას ხელს უწყობდეს.

მოსწავლეებთან ხშირად მისაუბრია „ჰარი პოტერზე”. ზოგმა გამიმხილა, რომ მშობლები უშლიდნენ მის კითხვას, მაგრამ მალულად მაინც წაიკითხეს. არ ვიცი, ვის აძლევს ხელს, ჩვენმა ბავშვებმა ეს წიგნები არ წაიკითხონ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვუთხრა, რომ მათში სიკეთე ბოროტებაზე იმარჯვებს, რაც ძალიან კარგია”.

სპორტზე

„მოსწავლეებისა და მშობლების სპორტისადმი დამოკიდებულება დღესაც ისეთივეა, როგორიც ჩემს ბავშვობაში იყო: ამ საგანს სერიოზულად არ აღიქვამენ და მიაჩნიათ, რომ ვალდებული ვარ, ნიშანი ყველას დავუწერო. მკაცრი მასწავლებელი სულაც არ გახლავართ, მაგრამ ელემენტარული ნორმატივის ჩაბარების გარეშე ჯერ არც ერთი მოსწავლისთვის არ დამიწერია ნიშანი.

თუ ტრაბახში არ ჩამომართმევთ, ვხედავ, რომ მოსწავლეები პატივს მცემენ, მოსწონთ ჩემთან ურთიერთობა და მემეგობრებიან კიდეც. ჰოდა, თუ მეგობრობაა, მეგობრობა იყოს და ერთმანეთს ანგარიში გავუწიოთ… შესაძლოა, ჭარბწონიანმა ბავშვმა ვერ შეძლოს იმდენი, რამდენსაც ვისურვებდი, მაგრამ როდესაც ვხედავ, რომ ის სხვებთან ერთად დარბის ან რაიმე ტიპის ვარჯიშს ასრულებს, ვრწმუნდები, რომ მას პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. ასეთ მოსწავლეს ნიშანს არასოდეს დავაკლებ”.


მოსწავლეთა მშობლებზე

„მწერალი რომ ვიყო, მოსწავლეების მშობლებზე ერთ კარგ რომანს დავწერდი. არ ვიცი, სხვა ქვეყნებში როგორ არის, მაგრამ საქართველოში მოსწავლეების მშობლები ძალიან უცნაური ხალხია. შვილი თითქმის ყველას გენიოსი ჰგონია და წარმოდგენაც კი უჭირს, რომ შესაძლოა, ის ზარმაცი, თავხედი და უზრდელი იყოს. სხვა მასწავლებლები მარიგებენ, მოსწავლეების მშობლებთან კონფლიქტში არ ჩავება, მაგრამ მთიული ვარ და ხასიათი მაქვს ასეთი – ძალიან მიჭირს, უსამართლო პრეტენზიებს წავუყრუო.

ერთხელ ერთი მშობელი მომივარდა, როგორ გაბედე და ჩემს შვილს შეფასება არ დაუწერეო… როგორ დამეწერა, როცა ბავშვი მთელი წლის განმავლობაში სულ ორ-სამჯერ მყავდა ნანახი?! პრეტენზია არ იკმარა და გამლანძღა კიდეც… ისე დამაკარგვინა წონასწორობა, კინაღამ ხელი გავარტყი. ბავშვები ჩაგვიდგნენ შუაში. მერე ძალიან შემრცხვა… მოსწავლეების თვალში ავტორიტეტის მოპოვება ძნელია, ერთმა არასწორმა ნაბიჯმა კი შესაძლოა ერთბაშად დაგაკარგვინოს”.

ჟურნალ „მასწავლებელზე”

„ჟურნალ „მასწავლებლის” ერთ-ერთი ნომერი პირველად ჩვენი სკოლის დირექტორის კაბინეტში ვნახე. დირექტორმა ჟურნალი მაჩუქა. თვალი გადავავლე, მომეწონა და მას შემდეგ ხშირად ვკითხულობ. ჩემთვის, ახალბედა პედაგოგისთვის, იქ ბევრი საინტერესო რამ წერია. თქვენს ინტერნეტგაზეთსაც ვადევნებ თვალს და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც აქ წერს. არ მიყვარს ინტერვიუს მიცემა, როცა ფეხბურთს ვთამაშობდი, მაშინაც კი ვერიდებოდი, მაგრამ თქვენს ჟურნალს დიდ პატივს ვცემ და საუბარზეც ამიტომ დაგთანხმდით”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი