სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

აბდუქციური აზროვნება ანუ როგორ დავძლიოთ პრობლემები მეტაფორებით

ტყეს ხედავთ თუ ხეს?

 

ბოლო დროს სულ უფრო რთულდება ადამიანთა შორის კომუნიკაცია,
თითქოს სიტყვა კარგავს თავის ძირითად ფუნქციას
, იყოს აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და ურთიერთგაგებინების
საშუალება.

აი, ესაუბრები ადამიანს, უხსნი, უყვები, გგონია, ყველაფერი
გააგებინე და უეცრად ისეთ კითხვას დასვამს, გრძნობ, რომ სულ ამაოდ ილაპარაკე, სულ ამაოდ
დახარჯე ძალისხმევა; რა ვიცი, ასეთ დროს თქვენ როგორ იქცევით – ხელს ჩაიქნევთ და გზას
გააგრძელებთ თუ კიდევ ერთხელ, თავიდან სცდით ყველაფერს. პასუხი მარტივია: თუ ადამიანი
თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაიწყებთ თავიდან.

მაინც რა ხდება? ერთნაირი სიტყვებით, ერთი და იმავე
გრამატიკით, ერთი და იმავე სინტაქსით ვლაპარაკობთ, მაშ, რატომ, რატომ არის დიალოგი
შეუძლებელი? უამრავი მიზეზიდან ერთს, უმთავრესს გამოვყოფდი: გაგჩენიათ კითხვა, აზროვნებისა
და შემეცნების რომელ მეთოდზეა ორიენტირებული თქვენი თანამოსაუბრე? მაგალითად, რას აქცევს
თქვენთან საუბრისას მეტ ყურადღებას – დეტალებს, ზოგად აზრს თუ იდეას (არსს)? იქნებ
დააკვირდეთ ან, უბრალოდ, ჰკითხოთ სხვაგვარად: ახალი ინფორმაციის მიღებისას რა არის
მისთვის მნიშვნელოვანი?

თქვენი თანამოსაუბრე დეტალების ხედვით გამოირჩევა, ანუ,
როგორც ფილოსოფოსები იტყვიან, ხეს ხედავს და ტყეს – ვერა? ამ შემთხვევაში საქმე გაქვთ
აზროვნების ინდუქციურ მეთოდთან, ხოლო თუ პირიქით ხდება, ტყეს ამჩნევს და ხეს – ვერა,
ეს აზროვნების დედუქციური მეთოდია. ამასობაში ბეიტსონმა აღწერა აზროვნების აბდუქციური
მეთოდიც (პირველად პირსმა განიხილა აბდუქცია), როცა ადამიანი უპირატესობას ანალოგიებით,
მეტაფორებით აზროვნებას ანიჭებს.

ინდუქციური და დედუქციური აზროვნება ჩვენთვის ცნობილია.
უფრო ნაკლები ვიცით აბდუქციურ აზროვნებაზე, ამიტომ უფრო დაწვრილებით მიმოვიხილოთ.

 

double
bind
– ორმაგი კავშირი (შეტყობინება)

 

ბეიტსონით სულ უფრო მეტად ინტერესდებიან იმიტომ, რომ
ის მეტ ყურადღებას აქცევდა არა მეთოდებსა და ფორმებს, არამედ საგანთა ურთიერთკავშირებს,
დამოკიდებულებებს. მისი ბიოგრაფიის მთავარი კონცეფცია იყო „
double
bind
– ორმაგი კავშირი (ან
შეტყობინება). ბეიტსონს მიაჩნდა, რომ ყოველგვარ სიტყვას, ჟესტს, ტექსტს აქვს „ორმაგი
ხასიათი” – პირდაპირი და გადატანითი, ანუ მეტაფორული. ის ამტკიცებდა, რომ მეტაფორა
არ არის მხოლოდ ლიტერატურული ტროპის სახე, ეს არის ადამიანთა შორის კომუნიკაციის ლოგიკური
ტიპი.

აბდუქციური აზროვნება ანუ აბდუქცია ანალოგიების მეშვეობით
მსჯელობაა. ეს არის მეტაფორების შექმნის უნარი. ბეიტსონს დედუქციური და აბდუქციური
აზროვნების საილუსტრაციოდ მოჰყავს შემდეგი გამონათქვამები:

თუ ადამიანისთვის უფრო მეტად აზროვნების დედუქციური
მეთოდია დამახასიათებელი, მაშინ მისთვის მოსაწყენია ინდუქციური ან აბდუქციური მსჯელობის
ტიპი და პირიქით.

კარგია, როცა მსჯელობის სამივე სახეს ვიცნობთ. ამ შემთხვევაში
ადვილად ამოვიცნობთ, რომელ ენაზე გვესაუბრება ადამიანი და შევურჩევთ მისთვის მისაღებ
მსჯელობის ფორმას, ანუ ადვილად მოვახერხებთ „გადართვას”.

ქრისტეს იგავები და მილტონ ერიკსონის თერაპევტული მეტაფორები
აბდუქციური აზროვნების საუკეთესო ნიმუშებია.

 

სავარჯიშო: „ცხოვრებისეული
მეტაფორები”

 

მეცნიერთა მიერ შემოთავაზებული ეს სავარჯიშო დაგეხმარებათ,
დაძლიოთ პრობლემები ბეიტსონის აბდუქციური აზროვნების მეთოდის გამოყენებით:

დაფიქრდით იმ
პრობლემის შესახებ, რომელიც გინდათ გაიაზროთ ახლებურად.

მაგალითად: გიჭირთ სწავლაზე
კონცეტრირება.

თვალით მონიშნეთ თქვენ წინ გარკვეული ადგილი. შედით
ამ სივრცეში, ასოცირდით პრობლემურ სიტუაციასთან და შეიგრძენით, რა მოხდება.

გადადით პრობლემური სიტუაციიდან მეტაპოზიციაში.

დაფიქრდით ისეთ
რამეზე, რასაც პრობლემასთან კავშირი არ აქვს და თქვენთვის რესურსს წარმოადგენს, მაგალითად,
შემოქმედებაზე ან უნარზე, რომელიც გგვრით ინდივიდუალობის განცდას.

მაგალითად: თხილამურებით სრიალი

დააფიქსირეთ ეს რესურსული მდგომარეობა თქვენ წინ, შეიგრძენით,
ასოცირდით მასთან იმ შეგრძნებით, რომ დაძლიოთ პრობლემური სიტუაცია.

სურათზე: მეტაფორები შეიძლება გამოვიყენოთ როგორც გარდაქმნის
საშუალება საქმიანობის ერთი სფეროდან მეორეში.

 

გულდასმით შეხედეთ
პრობლემურ სიტუაციას რესურსული პოზიციიდან. შექმენით მეტაფორა პრობლემური სიტუაციისთვის
რესურსული სიტუაციის გამოყენებით.

 

მაგალითად: კონცენტრაციის უქონლობა ჰგავს იმას, გამუდმებით
როგორ ეჯახებიან ჩემი თხილამურები ერთმანეთს.

 

რესურსული აქტივობის
მდგომარეობაში მოძებნეთ მეტაფორულად წარმოდგენილი პრობლემის გადაწყვეტა.

 

მაგალითად: თუ ფოკუსირდებით ერთი თხილამურის კონტროლზე,
მეორე მას თავისთავად მიჰყვება.

 

ისევ შედით მეტაპოზიციაში
და განსაზღვრეთ, როგორ გადაიყვანეთ მეტაფორული გადაწყვეტა ნამდვილ პრობლემურ სიტუაციაში.
შემდეგ შედით პრობლემურ სიტუაციაში, რათა დარწმუნდეთ, რომ შეძელით ჩიხიდან გამოსვლა.

 

მაგალითად: თხილამურებზე კონტროლის ფოკუსირება ჰგავს
ჩემი სწავლის მიზნისა და მოტივების გარკვევას; თუ ცხადია, „რატომ”, მაშინ „როგორ” და
„რა” თავისთავად გარკვეულია.

 

შეგიძლიათ გაიმეოროთ
პროცესი საქმიანობის სხვა რესურსულ სახეზე გადაწყვეტილების განსამტკიცებლად ან გასაღრმავებლად.

 

მოსინჯეთ და მოაგვარეთ თქვენი გადაუჭრელი პრობლემა წარმატებულ
საქმიანობაზე პრობლემის მეტაფორული გადატანით.

მერწმუნეთ, სახალისო და სასარგებლო თამაშია. თავდაპირველად
იქნებ გაგიჭირდეთ, მაგრამ თუ რამდენჯერმე გაიმეორებთ, თქვენი ცნობიერება ამას დაისწავლის,
სხვა დროს კი უკვე ავტომატურ რეჟიმში „გადაგრთავთ” და მარტივად დაგაძლევინებთ პრობლემებს.


წარმატებებს გისურვებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი