ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

“ნახე თუ ოქრო რასა იქმს”

ადრეულ ბავშვობაში ცხოვრებამ ერთი გაკვეთილი ჩამიტარა, მასწავლებელი კი დედა გახლდათ. მასწავლეს, რომ ოქროს მონა არ უნდა იყო. მამას სიკვდილის შემდეგ დედა დაუნანებლად ყიდიდა თავის ოქროს სამკაულებს (რომლებიც მოსწონდა და უხდებოდა კიდეც) და ფულს ჩემს განათლებაში აბანდებდა. ასე დამედო მისი ვალი, რომელსაც ვერასოდეს გავისტუმრებ.

მახსოვს, ოქროს ვაჭარ ბორიასთან დავდიოდით. თვალებმოჭუტული გახედავდა ნაკეთობას და შემდეგ უკმაყოფილოდ შემოგვაცქერდებოდა. სახეზე ეწერა, ეს რა მოგიტანიათო, მაგრამ რაკი მოსულხართო… მაშინ გულწრფელად მეგონა, რომ ნაკეთობა არ ვარგოდა და ცოტა არ იყოს ნირწამხდარიც კი ვიდექი. მერე მივხვდი – ეს ბორიას ხრიკი გახლდათ ნივთისთვის ფასის დასაგდებად. ერთხელ დედას ჰკითხა კიდეც, რატომ ყიდითო. ქეთის განათლებისთვისო, უპასუხა დედამ. ბორიას ირონიული ჩაცინებაც მახსოვს, რა განათლება მაგას უნდა, გათხოვდება და ეგ არისო… მე და დედას სხვა გეგმები და მიზნები გვქონდა.

არ გეგონოთ, წერილს ბორიას და მის მსგავს ვაჭრებს ვუძღვნიდე. მათზე რუსთაველმა უკვე დაწერა: „თქვენ, ვაჭარნი, ლაჩარნი ხართ, ომისაცა უმეცარნი…”

ჩემი წერილი ოქროზეა.

ბორია ასე რომ იყო დაბრმავებული ოქროს სიყვარულით, ეს ალბათ მისი ბუნების ბრალი გახლდათ. ალქიმიკოსებსაც იგივე სენი სჭირდათ, ოღონდ ისინი ვისიმე მოტყუებას და ოქროს იაფად ხელში ჩაგდებას კი არა, სხვა მეტალისგან მის მიღებას ცდილობდნენ, მზის სადარს უწოდებდნენ და მზისავე სიმბოლოთი აღნიშნავდნენ. ბევრს ეცადნენ: ხან ფილოსოფიური ქვის ძიებას მიჰყვეს ხელი, ხან არაფრის მომცემი რეაქციებით შეიქციეს თავი… ვერაფერს გახდნენ.

პროფესიით ქიმიკოსი ვარ. იცით, ასე ვინ მიწოდა? – რობერტ ბოილმა. ეს ის რობერტ ბოილია, ქიმიაზე წიგნს რომ დაწერს და „ქიმიკოს სკეპტიკოსს” დაარქმევს. ამ წიგნში იტყვის: არავითარი ალქიმია არ არსებობს, არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი მეცნიერება და მას სახელად ქიმია ჰქვია, ჩვენ კი, ვინც მას ვემსახურებით, ქიმიკოსები ვართო. მიუხედავად ამისა, ბრიტანეთის მთავრობას ოქროს ტრანსმუტაციის აკრძალვის კანონს შეაცვლევინებს და კეთილშობილი ლითონის მიღების ჟინით შეპყრობილი, საიდუმლო ლაბორატორიაში მრავალ საათს გაატარებს. არც მას გამოუვა რამე… იგივე ბედი ეწევა ისააკ ნიუტონსაც, რომელიც ასევე ოქროს ფარულად მიღებას ცდილობდა.
ამ დრომდე გაცილებით ადრე მეფე ედუარდ II-ის პირადი ალქიმიკოსი, ესპანელი რაიმონდ ლული, მიწისქვეშა ლაბორატორიაში საიდუმლო ცდებს ატარებდა. ვერც ოქრო მიიღო და ყოვლად გაუგებარი ჩანაწერებიც დატოვა. ლულის ერთ-ერთი ცდის ჩანაწერი ასეთია:

„აიღე ფილოსოფიური ვერცხლისწყალი და გაახურე, სანამ წითელ ლომად არ გადაიქცევა. წითელი ლომი მჟავე ყურძნის სპირტთან ერთად გააცხელე ქვიშის აბაზანაში. სითხე ბოლომდე ამოაშრე, სანამ ვერცხლისწყალი არ გადაიქცევა ქვისმაგვარ ნივთიერებად, რომელიც შეიძლება დანით დაიჭრას. მოათავსე ის თიხაწასმულ რეტორტაში და დაიწყე მისი გამოხდა. მიიღებ ფლეგმას, სპირტს და წითელ წვეთებს. კიმერიული ჩრდილები რეტორტას მთლიანად დაფარავს და მის შიგნით წარმოიქმნება ნამდვილი დრაკონი, რომელიც შთანთქავს თავისავე კუდს. აიღე ეს შავი დრაკონი, დასრისე ქვაზე და შეეხე გაცხელებული ნახშირით. ის აინთება და მიიღებს ულამაზეს ლიმონისფერს, მერე კი მწვანე ლომად გარდაიქმნება. შეეცადე, მან შთანთქას თავისი კუდი და კვლავ გამოხადე. გაცხელების შემდეგ მიიღებ ცხელ წყალს და ადამიანის სისხლს”.

მეცხრამეტე საუკუნეში ფრანგმა ქიმიკოსმა ჟან-ბატისტ ანდრე დიუმამ ეს აბსურდული ჩანაწერი გაშიფრა:

„ფილოსოფიური ვერცხლისწყალი – ტყვიაა. მისი გაცხელებით ტყვიის ყვითელ ჟანგს მივიღებთ, რომელიც შემდგომი გაცხელებისას გარდაიქმნება წითელ ლომად (წითელ ნაერთად). ნაერთს აცხელებენ ღვინის ძმართან ერთად, რომელიც ტყვიის ჟანგს გახსნის. სითხის აორთქლების შემდეგ დარჩება ტყვიის აცეტატი. მისი თანდათანობითი გაცხელებისას ხსნარში გამოიხდება ჯერ საკრისტალიზაციო წყალი (ფლეგმა), მერე სპირტი (აცეტონი) და ბოლოს – მუქი წითელი ზეთისებრი სითხე. რეტორტაში რჩება შავი მასა, ანუ შავი დრაკონი. ეს დანაწევრებული თუთიაა. ცხელ ნახშირთან შეხებისას ის დაიწყებს დნობას და გარდაიქმნება ტყვიის ყვითელ ოქსიდად, ანუ შავი დრაკონი შეჭამს თავისივე კუდს და წარმოქმნის მწვანე ლომს. ის კვლავ შეიძლება გარდაიქმნას ტყვიის აცეტატად და ყველაფერი თავიდან განმეორდეს”.

ლულის შემდეგ, ოდნავ მოგვიანებით, ალქიმიის მიმდევარ ანდრეი ლიბაუს საოცარი რამ გადახდა თავს. ოქროს ტრანსმუტაციის ხერხი – ვერა, მაგრამ ოქროს გახსნის შემძლე აზოტმჟავასა და მარილმჟავას ნარევი „სამეფო არაყი”, იგივე თეზაფი აღმოაჩინა. დიახ, ოქრო მხოლოდ თეზაფში იხსნება. აქ გასაოცარი ის არის, რომ ოქროს მიღების ნაცვლად მისი გამანადგურებელი, გამხსნელი იქნა აღმოჩენილი.

ბუნებაში ოქრო თვითნაბადი სახით გვხვდება. მისი მარცვლები კვარცსა და კვარცის ქვიშაში მოიპოვება. მინარევის სახით ოქროს შეიცავს თუთიის, ტყვიისა და სპილენძის სულფიდები. ოქროს მარაგი ზღვებსა და ოკეანეების წყლებშიც არის. ოქრო მცირე რაოდენობით ადამიანის ორგანიზმშიც მოიპოვება. ქალის ორგანიზმი მას 5-6-ჯერ მეტს შეიცავს.

თვითნაბადი ოქრო მინარევის სახით შეიცავს ვერცხლს (5-15%), სპილენძს, რკინას და სხვა ელემენტებს.

ოქროს შემცველ მადნებს წინასწარი დამუშავება-დაწილადება და გამდიდრება სჭირდებათ. პირველადი პროცესების შედეგად გამოყოფილ ოქროს ამდიდრებენ ამალგამირების, ციანირების და სხვა მეთოდებით. ოქროს შემცველი მასალის ციანიდთა ხსნარებით დამუშავებით (ჟანგბადის თანაობისას) ოქრო მასში იხსნება და ხსნარში გადადის. ეს მეთოდი ქართველმა მეცნიერმა პეტრე ბაგრატიონმა 1843 წელს შეიმუშავა.

4Au + 8 KCN + 2 H2O +O2= 4K[Au(CN)2] +4KOH

მიღებული ოქროს შემცველი ციანიდური ხსნარისგან თავისუფალ ოქროს თუთიით გამოყოფენ. 

2K[Au(CN)2]+Zn=2Au+K2[Zn(CN)4]

ამგვარად მიღებული მეტალური ოქროს ღრუბლოვან მასას გოგირდმჟავათი და წყლით ჩარეცხავენ, გააშრობენ და ოქროს ზოდებად შეადნობენ.

ოქრო ბუნებით არააქტიური მეტალია. ჰაერში გახურებისას ცვლილებას არ განიცდის. ცალკე აღებული მჟავები ოქროზე არ მოქმედებს, არ იხსნება გამხსნელთა აბსოლუტურ უმრავლესობაში. ჟანგბადი და ჰალოგენებიც კი მშრალ ატმოსფეროში მასზე თითქმის არ მოქმედებენ. მეტალური ოქრო და მისი ნაერთები არატოქსიკურია. ამ თვისებების გამო მას „კეთილშობილ მეტალს” უწოდებენ.

„კეთილშობილი მეტალი” ადამიანებს ძალიან ხშირად არაკეთილშობილურ აზრებს აღუძრავს. არც ერთ ლითონს არ გამოუწვევია იმდენი სისხლისღვრა, რამდენიც ოქროს. ცალკეული ადამიანები და მთელი სახელმწიფოები მის ხელში ჩასაგდებად არავითარ ავაზაკობას არ ერიდებოდნენ. ოქრო კერპად იქცა, კერპები კი მსხვერპლს მოითხოვენ. ძველი რომაელი მწერალი პლინიუს უფროსი ნატრობდა: „ნეტავი შეიძლებოდეს, ოქრო სულ მთლად გაქრეს ადამიანის ცხოვრებიდანო”.

ოქროს ორი რიგის ნაერთებია ცნობილი. მათ +1და +3 ჟანგვის ხარისხი შეესაბამება. შედარებით მდგრადი ის ნაერთებია, სადაც ჟანგვის რიცხვი +3-ის ტოლია. ლითონური ოქრო ვერცხლისწყალში რომ იხსნება და ამალგამას წარმოქმნის, ეს ადრე, ვერცხლისწყლის განხილვისას, უკვე დავწერე. იქვე ანდრეა სელას ვიდეორგოლის ყურებაც გირჩიეთ იმ ადგილიდან, სადაც ამალგამა წარმოიქმნებოდა. ახლა გირჩევთ, თავიდან ბოლომდე ნახოთ, რადგან ოქროს შესახებ ძალიან საინტერესოდ ჰყვება.
ოქროს შენადნობები ვერცხლსა და სპილენძთან ელექტროტექნიკაში, სტომატოლოგიაში, საიუველირო ნაკეთობების დასამზადებლად გამოიყენება. ოქროს მინის, ფაიფურის ან მეტალების ზედაპირის დასაფარავადაც იყენებენ. მისი შენადნობი პლატინასთან ქიმიურად მდგრადი აპარატურის შესაქმნელად გამოიყენება. კოლოიდური ოქრო მედიცინაში იხმარება ანტისეპტიკურ საშუალებად.

შენადნობებში ოქროს შემცველობას სინჯით (პრომილე) გამოსახავენ. საიუველირო ნაწარმში ოქროს სპილენძსა და ვერცხლს ურევენ. სინჯი 583 ნიშნავს, რომ მასში 58,3% ოქროა, დანარჩენი 41,7% – სპილენძი ან ვერცხლი. ე.წ. ბაჯაღლო ოქროს სინჯი კი 96-ია. 

ოქროს სინჯებზე გამახსენდა, ასპირანტურაში სწავლისას ძვირად ღირებული ლიტერატურის შესყიდვა გახდა საჭირო. რაღაცები ოჯახსაც სჭირდებოდა. ერთი ბეჭედი იყო, სხვებისგან წონითაც, სინჯითაც, თვლითაც და ნაკეთობითაც გამორჩეული. თბილისის ცენტრალურ უბანში, პრესტიჟულ მაღაზია-სალონში მივიტანე ჩასაბარებლად. ძალიან აღელდნენ, მაგრამ სცადეს, არ შეემჩნიათ. თავს არ ენდნენ და აღმაშენებლის გამზირიდან სამი ღიპიანი კაცისგან შემდგარი „კომპეტენტური” კომისიაც მოიშველიეს. იყო ჩურჩული და ჩხაკუნი, ხელების ჟესტიკულაციის უზადო ზეიმი. ვიდექი და შევყურებდი… 

უნებურად რუსთაველის სიტყვები მახსენდებოდა: 

„ნახე თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა…”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი