ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

პოეზია მეტაფორაა

„პოეტისთვის მზე ყოველთვის მზე არ არის, 
მთვარე – მთვარე და ვარსკვლავები – ვარსკვლავები”.
მალევიჩი
„სიტყვა, ყოფიერების შემოქმედება, 
ჩვენში განაგრძობს ცხოვრებას, როგორც მეტაფორა”.
ანდრეი ბელი
პოეზია ერთი დიდი მეტაფორაა… აქ მხოლოდ სიტყვები არ მეტაფორიზდება… მთელი ლექსი მეტაფორაა: აზრის, განცდის, გრძნობის, პოეტის შინაგანი მდგომარეობის; ის, რასაც პოეტი სიტყვებით ხატავს და ქმნის, ანარეკლია, პროექციაა შინაგანის. პირიქითაც შეიძლება ითქვას: ხშირად ადგილი, საგანი, გარემო აირეკლება პოეტში და საგნები, მოვლენები, სხვა ადამიანები ლაპარაკობენ მისი მეშვეობით. სად არის ამ დროს შემოქმედი… პოეტი? ის მხოლოდ მედიუმია თუ თავადაც არის, რასაც გამოხატავს?
რა ხდება პოეტის „შინ” და „გარეთ”? პოეტიც მეტაფორაა და ისიც, რასაც პოეტი ქმნის… და სად არის რეალობა, დედანი?..
ამ კითხვებზე პასუხს გაგიადვილებთ პოეზიაზე დაკვირვება.
პოეზიაში ხომ შინაარსიც მეტაფორაა, რითმაც, რიტმიც… გამოკვლეულია, რომ გარკვეული რიტმებით გადმოიცემა გარკვეული განცდები და გრძნობები და შინაარსი ამ დროს სრულიად პირობითია, ისეთივე პირობითი, როგორიც რაიმე საგნის სახელი…
„ადამიანი სარკესთან”, ანუ „შინ და გარეთ”
„დიდი ამბები ხდებოდა გარეთ, ერთი ამინდი ცვლიდა მეორეს…” – წერს ოთარ ჭილაძე. ეს სტრიქონები შინაგან ადამიანს ეკუთვნის, რომელიც თითქოს ავითარებს (ან ადასტურებს) ბახტინის თემას: „ადამიანი სარკესთან”. „გარეთ” ყოველთვის რაღაც ხდება, ისევე, როგორც „შიგნით”, საგნები და მოვლენები პოეტებისთვის იქცევიან განცდათა მეტაფორიზაციის ობიექტებად. ამ მეტაფორების შინაარსს ისევ მხოლოდ პოეტის შემოქმედებით თუ ავხსნით.
სამყარო გადაეწყობა შემოქმედის კალმით და ენა იქცევა სულის მოძრაობად, რომელიც თავისებურ კარდიოგრამას წერს. მკვლევრის ფუნქციაა ამ კარდიოგრამის სწორად გაშიფვრა. პოეტურ ტექსტში ზოგჯერ ზედაპირზეა გასაღები, ზოგჯერ კი ტექსტში უფრო ღრმად შესვლაა საჭირო იმისთვის, რომ რაღაც ახსნა.
ტერენტი გრანელის პოეზია გახდა გასაღები ლირიკაში ერთი საინტერესო მოვლენისა; მაგალითად, რას გულისხმობს პოეტი, როცა ის ბუნების მოვლენებს აღწერს? რომელი და როგორი განცდები მეტაფორიზდება ქარით, წვიმით, თოვლით?
რაც ყველაზე საინტერესოა, პოეტი პარალელურად აღწერს „შინა” (ანუ რა ხდება პოეტის სულში) და „გარე” (რა ხდება გარეთ, ბუნებაში) მოვლენებს და ამით თითქოს პირველყოფილ სახელდებას ახორციელებს და „სულს აერთებს ხორცთან (ანუ სიტყვასთან)”. საბოლოოდ ხომ სიტყვა სულის მოძრაობის გამომხატველია, მით უფრო – პოეტის სიტყვა.
„დღეთა სიმძიმე ჩემს სულს აჩნია
და ვხედავ ფოთლებს, ქარში დაფენილს”.
დღეებით დამძიმებული პოეტი ქარში დაფენილ ფოთლებთან იგივდება. ასეა უმეტესად ტერენტის შემოქმედებაში: შინაგანი, სულიერი განცდა ბუნებაში იხსნება და საინტერესო ის არის, რომ ეს „შინ” და „გარეთ” მონაცვლეობით მიჰყვება ერთამანეთს, თითქოს აღქმის პროცესი უნდა გაგვიადვილოს.
„დამაგვიანდა, მორჩა, არ მოვალ,
ჩანს გულის ლანდი და რაღაც მეტი.
ჰა, შემოდგომის ყრუ საღამოა,
დაღამდა ნელა, წვიმს განუწყვეტლივ…”
ან:
„გული მიწუხს და სულია ვრცელი,
ქარისაგან იღუპება ტოტი”.
ანდა:
„მე რა ვქნა, სიკვდილს თუ ვერ ავცდები,
ქარმა ხეს ტოტი გადაუზნიქა”.
ისეც ხდება, რომ პოეტი კარგავს ადამიანის ფორმას და უკვე ბუნებაში კი არ ეძებს განცდათა ანალოგიას, არამედ თავად ხდება ბუნების ნაწილი:
„მოდის ზამთარი, თოვლი და ყინვა,
თოვლის და ყინვის ცისფერი წვეთი,
სნეული სახე – სიკვდილის წინ ვარ,
სიკვდილის წინ ვარ მე, როგორც გედი.
დავდივარ ღამით და მე ვარ თოვლი,
და მე ვარ ნისლი, და მე ვარ წვიმა,
და სულს ცეცხლისკენ მივყავარ თრთოლვით,
ისე ვარ, როგორც ვიყავი წინათ”.
ტერენტი გრანელი ისევ თავად ადასტურებს შინაგანი განცდებისა და ბუნების მოვლენების ანალოგიას: „აქაც გაისმა ქარის გოდება, ქარია გარეთ, ქარია სულში”. და როცა იგი წერს, რომ: „ვუცდი სხვა ამინდს…”, – ბუნებრივია, არ გულისხმობს მეტეოროლოგიურ ცვლილებებს, ხოლო როცა შინაგანი განწყობა შეეცვლება, ბუნებაც გადაეწყობა და ერთ დროს სევდა-წუხილის გამომხატველი გარემო სიხარულსა და აღფრთოვანებასაც დაიტევს. ამ შემთხვევაში მთავარი შინაგანი ადამიანის გუნება-განწყობილებაა, რომელსაც ბუნება გაიმეორებს „გარეთ”.
ტერენტი თავისი შემოქმედებით მაინც „ქარის პოეტია” და უფრო მეტად მწუხარების, სევდისა და ტკივილის მატარებელი.
„ახლაც ქარში ვარ, თავს ვერ ვუშველე”;
„დიდი ხანია, რომ ვცხოვრობ ქარში”;
„ჩემი ცხოვრება ქარიშხალია”;
„ვიცი, ქარიშხალს ვერ დავეწევი”;
„დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს”, – და სხვა.
ტერენტი გრანელის პოეზიაში გამოვლენილი ბუნების მოვლენებისა და შინაგანი ადამიანის ანალოგია შეიძლება დაგვეხმაროს სხვა პოეტთა წაკითხვისას, რომელთა შემოქმედებაში ასე ზედაპირზე არ არის გამოტანილი ბუნებისა და სულის კავშირი, მაგრამ უდავოდ იგულისხმება.

P.S. „ის, როგორც ფორმა, არის საშუალება…”
სამყაროში ყველაფერი შეიძლება განვიხილოთ როგორც ნიშანი, ხოლო პოეზიაში ნებისმიერი ნიშანი განსაკუთრებული ნიშანია, იმის ჩათვლით, რომ თავად პოეტი-მედიუმი, საკუთარი პიროვნებისგან დამოუკიდებლად, არის მეტაფორა, რომელიც ხშირად გაუცნობიერებელ მოვლენებზე გველაპარაკება. ამიტომ ამბობს პოეტი: „მუზა მეწვია”, „შთაგონება მეწვია”, „ვიღაც მკარნახობს…”
მალევიჩი პოეტის შესახებ წერს: „ის, როგორც ფორმა, არის საშუალება, რომლის მეშვეობითაც ლაპარაკობს ღმერთი ან ეშმაკი… პოეტის ხილული ფორმა ისეთივე ნიშანია, როგორიც ბგერა, ნოტი… და მხოლოდ”.
თქვენი არ ვიცი და მე ამ აზრის გამო დიდხანს და ბევრს ვფიქრობდი…
ნეტავ ვის ხმას ვახმოვანებ ახლა?..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი