პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ტექსტები ამბებად, ანუ საქანელას მეთოდი

სომხურენოვან სკოლაში რომ ვასწავლიდი, მაშინ იყო – კლასში შევედი და ვაჟა-ფშაველას ფოტოს თვალები ჰქონდა ამოკაწრული. გავიგე, ვისაც ჩაედინა, მაგრამ არც დირექტორისთვის მითქვამს, არც დამრიგებლისთვის. არ მინდოდა მისი დასჯა. უბრალოდ, ვცადე გამერკვია, რატომ მოიქცა ასე.

რამდენიმე კვირის განმავლობაში გახანგრძლივებულ გაკვეთილს ვატარებდი და ლიტერატურაზე ვსაუბრობდით. პირველი ის შევცვალე საკლასო ოთახში, რომ სომეხი მწერლების ფოტოებს გვერდით ქართველებისა და უცხოელებისა მივუწყვე და დავიწყე მუშაობა. რამდენიმე მწერლის შემდეგ ვაჟას ენობრივად შედარებით მარტივად გასაგები და მცირე ზომის რომელიღაც ტექსტი განვიხილეთ. ამას კი, თურმე, ვინც თვალები დასთხარა სიცოცხლეში ისედაც ნახევრად მზერაჩამქრალ რაზიკაშვილს, ის არ მოსწონებია, „რაღაც გაუგებრობებს” რომ ვასწავლიდი, – ასე ამიხსნა თვითონ. ეს აღმოჩნდა ერთადერთი, მაგრამ მისთვის წყალგაუვალი მიზეზი და გააკეთა კიდეც ის, რასაც მოვყევი.

დავფიქრდი მერე. დრო კი მქონდა – საღამოს ექვსზე რომ დაღამდებოდა მაშინ, დილამდე არც იყო საქმე. დავფიქრდი და ვერაფერი აზრი გამოვიტანე. მეორე, მესამე დღესაც – ვერაფერი. მერე ის ნახატი გამახსენდა, ამ წერილის დასასრულსაც რომ ვახსენებ და… ევრიკა! მივაგენი გამოსავალს.

თურმე, კაცო, მხატვრული ლიტერატურის ყველა ტექსტი ისე უნდა ასწავლო, როგორც რაღაც ამბავი, უბრალო, მაგრამ საინტერესო. გინდა მოდერნისტული იყოს და ცენტრში ავტორს აყენებდეს, გინდა პოსტმოდერნისტული ან ნეორეალისტური, მწერალი კი ისე უნდა გამოიყვანო და დაახასიათო, როგორც ამ ამბის შემსწრე, ჩამწერი, რეპორტიორი თუნდაც.

ტექსტიც – ამბავიც ისე უნდა მიაწოდო მოსწავლეს, გამოზომილად, არც მეტი, არც ნაკლები. აბა, სულელი ხომ არ იყო შეჰერაზადა! იცოდა ესენი და გადარჩა კიდეც. ცოტა რომ გავაზვიადო, მასწავლებელიც უნდა გადარჩე. არა, არც ისე შორს ვარ სიმართლისგან – შენი სახელი, პერსონა, ღირსება და მოსწავლეებისადმი კარგი დამოკიდებულება ყოველ გაკვეთილზე უნდა გადაარჩინო და შეინარჩუნო.

აჰა, ვიპოვე-მეთქი გზა და ასეც მოვიქეცი. ქართული ენის იმ შედარებით კარგად მცოდნე ბავშვებს, რომლებიც გაკვეთილების შემდეგ რჩებოდნენ, ირაკლი ლომოურის მოთხრობა „შემთხვევა” ვასწავლე, უფრო სწორად, ამბავი წავაკითხე და უცხო სიტყვები ავუხსენი. მერე უკვე, შინაარსი რომ გაიგეს და ტექსტის აზრიც, დაინტერესდნენ. თითქმის ორი კვირის განმავლობაში ვმუშაობდით და შემაჯამებელი გაკვეთილის დღეც დადგა.

აბა, აფო-ჯან, უყურე, კაცო, – ვუთხარი იმ დამნაშავეს, – წადი ახლა და არკვიე, რა ამბავია ეს, რა სასწაული და ქვეყნის უცნაურობა-მეთქი. მიყურა ჯერ, ეჭვობდა, მატყუებს რაღაცასო, მერე დაფიქრდა და სამ ენაზე შეკოწიწებული წინადადებებით დაიწყო მსჯელობა. აჰყვნენ სხვებიც, ზოგმა – ტყუილიაო, ზოგმა – სასწაულიო, ელენამ – თქვენ თუ ყოფილხართ პოლიტექნიკურის მეტროს ბაქანზეო, უკანა მერხთან ვაჰე იცინოდა გულის წასვლამდე. ჩვენ უკვე ათასი კუთხით გვქონდა ამბავი განხილული და ახლა იმას ამბობდნენ მოსწავლეები, რომ იმ სოფელში მეტრო არა, მაგრამ რკინიგზის სადგური შენდებოდა და, ვაითუ ასეთი რამ აქაც მოხდესო. მე კი, იმით გახარებული, ჩემმა ცდამ რომ გაამართლა, ვპირდებოდი, ასეთი რამ თუ მოხდა, უთუოდ წაგიყვანთ მოვლენების ეპიცენტრში და ჩვენც მწერლები გავხდებით-მეთქი. 
 
მერეც სულ ასე გრძელდებოდა ლექსების, მოთხრობებისა თუ სხვა სახის ჩანაწერების სწავლებისას. ჩვენთვის ყველაფერი ამბავი იყო. ავითვისებდით უცხო სიტყვებს, აზრს გავიგებდით და იყო მერე დისკუსია და კამათი და ფიქრი. ასე ვასწავლე ქარჩხაძის „იგი”, ეგზიუპერის „პატარა უფლისწული”, შტორმის „მწვანე ფოთოლი” და მრავალი სხვა ამბავი. ხან მხრებში მოხრილი დავდიოდით, რომ იგის გრძნობები გაგვეგო და მერე გვესაუბრა, ხან ცას ავყურებდით ივნისის გრილ საღამოებში და იმ ხუთ პლანეტას ვეძებდით, უფლისწულმა რომ იმოგზაურა. 
 
როგორც ვთქვი, ამ ტიპის სწავლების უპირატესობას თავიდანვე მივხვდი და საბოლოო შედეგმა გამაკვირვა კიდეც. თბილისში წამოსვლის დღეს, საზაფხულო არდადეგების დამდეგს, ერთ-ერთი მოსწავლე, რომლის სახელი ახლა, სამწუხაროდ, არ მაგონდება, მოვიდა და ჩვენ მიერ წაკითხული ამბების ჩანახატები – კომიქსები მომიტანა. სხვებზე ვკითხე, სად არიან-მეთქი. ის, აფო, ვაჟას რომ თვალები ამოკაწრა სურათზე, თურმე დროებით რკინიგზის სადგურზე მოწყობილიყო სამუშაოდ. წინა ღამით კი ამ გოგოსთვის მოეწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება, ღამით ვზივარ ხოლმე და წარმოვიდგენ, რომ ქარავანი ჩამოივლისო.
სამხრეთ ტიროლში, გვიანი შუა საუკუნეების ტაძარში, არის ერთი ფრესკა, რომელზეც წმინდა პროკოლოა გამოსახული. წმინდანი საქანელაზე ზის, გაღიმებული, მხიარული. პირველად რომ ვნახე, ვიფიქრე, ეს კაცი ან თვითონ იყო ტვინშატალო, ან ამის აქ გამომსახველი-მეთქი. მერე მივხვდი, რომ ყველაფერში არის დიდი სიკეთე და დადებითი იმპულსი, თუ შენც ასე შეხედავ საკითხს, საგანს. ვინ იცის, რა ღვაწლი ჰქონდა პროკოლოს სიცოცხლეში და მისი დამწერ-დამხატავიც დოგმატიკოსი მორწმუნე იყო, მაგრამ ამ საქანელამ, ამ ერთმა პოზამ და მიმიკამ შექმნა უცნაურად კარგი ამბავი. აბა, საიდან მეხსომებოდა პროკოლო, ჩვეულებრივად რომ მიეხატათ იქ, ან ის ოსტატი საიდან მეცოდინებოდა?!

ვიდრე ასეთ რამეს მოვიფიქრებდი, იქნებ მეც დოგმატიკოსი მასწავლებელი ვიყავი, მაგრამ ავდექი და ის ჩემი მოსწავლე „საქანელაზე დავსვი” და გავაღიმე. იმ ხატმწერმაც ხომ გარისკა და გამოუვიდა?!.
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი