ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

„სხვა“ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში

პირველი ნაწილი

2012 წელს აზერბაიჯანელმა, სომეხმა და ქართველმა ისტორიკოსებმა განვახორციელეთ პროექტი „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების ჯვარედინი ანალიზი”. ქართველმა ისტორიკოსებმა (კერძოდ, პ. რამიშვილმა და მე) გავაანალიზეთ აზერბაიჯანისა და სომხეთის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოები, ჩვენმა აზერბაიჯანელმა კოლეგებმა სომხეთისა და საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოები შეაფასეს, ხოლო სომხებმა – აზერბაიჯანისა და საქართველოს ისტორიისა. ვინაიდან ჩვენი ქვეყნების სამეცნიერო წრეებში მრავალ საკითხზე ცხარე პოლემიკა ახლაც მიმდინარეობს, პროექტის მონაწილეები თავიდანვე შევთანხმდით, რომ საკამათო საკითხებს არ შევეხებოდით და სახელმძღვანელოებს მხოლოდ იმ კუთხით განვიხილავდით, როგორ არის მათში წარმოჩენილი „სხვა ხალხი”, მათ შორის – მეზობელი ერები; ხომ არ არის მათგან შექმნილი „მტრის ხატი”.

სამივე მხარემ ნაყოფიერად იმუშავა, შედეგები კი გამოქვეყნდა კრებულში „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების ჯვარედინი ანალიზი”, რომელიც რუსულ ენაზე დაიბეჭდა ერევანში. ჩვენ სამ წერილში მოკლედ გაგაცნობთ ამ კრებულში შესულ კვლევებს. პირველ წერილში აზერბაიჯანის ისტორიის სახელმძღვანელოებს შევეხებით.
ჩვენ განვიხილეთ აზერბაიჯანის ისტორიის VII-XI კლასის სახელმძღვანელოები, რომელთა ავტორები არიან: VII კლასი – ი. მაჰმუდლუ, ი. იუსუფოვი, რ. ალიევი, ა. გოჯაევი. გამ. „TEHSIL”, ბაქო, 2009; VIII კლასი – ი. მაჰმუდლუ, ს. მამედოვი, ვ. პირიევი. გამ. „Aspoliqraf”, ბაქო, 2009; IX კლასი – ს. მამედოვი, ტ. ველიევი, ა. გოჯაევი. გამ. „Aspoliqraf”, ბაქო, 2009; X კლასი – ტ. ველიევი, რ. ალიევი, შ. თაგიევა, ა. გოჯაევი, ხ. ალიშოვა, კ. მამედოვა. გამ. „Чашиоглу”, ბაქო, 2010; XI კლასი – ი. მამედოვი, თ. კაფაროვი, ხ. მამედოვი, შ. თაგიევა, მ. ველიევი, შ. მამედოვა, ა. ჰუსეინოვი, ა. გოჯაევი. გამ. „Чашиоглу”, ბაქო, 2009. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ეს წიგნები, განსაკუთრებით კი VII-VIII კლასების სახელმძღვანელოები, დაწერილია არა მხოლოდ თურქული მოდგმის ხალხების მიმართ აშკარა სიმპათიით, რაც მეთოდურად არასწორია და მიუღებელი, თუმცა კი სავსებით გასაგები, არამედ სხვა ხალხების მიმართ გამოკვეთილი ანტიპათიითაც. მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს: VII კლასის სახელმძღვანელოს 44-45-ე გვერდებზე მოთხრობილია ბიზანტიელებისა და ხაზარების ლაშქრობაზე ალბანეთში VII ს-ის 20-იან წლებში. ავტორები ხაზს უსვამენ ბიზანტიის იმპერატორის ჰერაკლე I-ის სისასტიკეს, რომელიც, მათი თქმით, ძარცვავდა და აოხრებდა აყვავებულ ბაღებსა და ველებს. იმავე ლაშქრობის შესახებ ისინი ასე აგრძელებენ თხრობას: ამ იმპერატორმა „მამაცი და მეომარი ხაზარების დახმარებით მძიმე დარტყმა მიაყენა სპარსელების ჯარს”. აქ აშკარად ჩანს სიმპათია თურქმანული მოდგმის ხაზარების მიმართ, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, არ გამოირჩეოდნენ ლმობიერებით, რაზეც ამ ამბების აღმწერი წერილობითი წყაროები მოგვითხრობენ. VII ს-ის ავტორი მოვსეს კალაკანტუაცი, აღწერს რა ბიზანტიელებისა და ხაზარების ამ ლაშქრობას, მოგვითხრობს, რა სასტიკად იქცეოდნენ ხაზარები, რომლებიც არ ინდობდნენ არც მოხუცებს, არც ბავშვებსა და ქალებს. ჩემთვის გასაგებია, რომ ხაზარების სისასტიკეზე სასკოლო სახელმძღვანელოში ყურადღება არ არის გამახვილებული, მაგრამ ასეთივე მიდგომა უნდა შეეხებოდეს ყველა ხალხს. ეს რომ ერთეული შემთხვევა იყოს, რეცენზიაში ამაზე ყურადღებას არ გავამახვილებდით, მაგრამ ეს ორი სახელმძღვანელო მთლიანად ამ პათოსით არის დაწერილი (რეცენზიაში მითითებულია გვერდები, სადაც ასეთ მიდგომას ვაწყდებით).
რაც შეეხება სამხრეთკავკასიელი მეზობლების დამოკიდებულებას სომხებისა და ქართველების მიმართ, ის არაერთგვაროვანია. სომხები ყველგან „მტრებად” არიან წარმოჩენილი. ასევე წარმოჩნდებიან ქართველებიც VII-VIII, ზოგჯერ კი IX კლასების სახელმძღვანელოებშიც. ამ მხრივ გაცილებით დაბალანსებულია X-XI კლასების სახელმძღვანელოები. ყველა სახელმძღვანელოში ვხვდებით ფრაზებსა და აბზაცებს, სადაც სხვა ხალხებსაც (სპარსელებს, არაბებს, რუსებს, ევროპელებს…) მტრებად წარმოაჩენენ, თუმცა ჩვენს მკითხველს, უპირველესად, ალბათ ქართველებისადმი დამოკიდებულება აინტერესებს. VII კლასის სახელმძღვანელოს ავტორები ხშირად ახსენებენ ქრისტიანულ ბლოკს (ის შედგებოდა ბიზანტიელებისგან, სომხებისა და ქართველებისგან), რომელიც ყველგან აზერბაიჯანის (ალბანეთის) მტრადაა წარმოდგენილი. აქ თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ავტორები ან ცდებიან, ან შეგნებულად ტყუიან, რადგან ასეთი ბლოკი ან არ არსებობდა, ან, თუ არსებობდა – ისტორიის ძალიან მცირე მონაკვეთში. თუ ისინი მართლა მოქმედებდნენ ერთობლივად, ამ „ბლოკში” ხშირად ალბანეთიც იყო, ხოლო ფეოდალური დაქუცმაცებულობის დროს რაიმე ბლოკზე, მით უფრო – რელიგიური ნიშნით შექმნილ გაერთიანებებზე, საუბარი უბრალოდ სასაცილოა (აქ არ ვგულისხმობ ჯვაროსნულ ლაშქრობებს, თუმცა აქაც არსებობს შესანიშნავი პრეცედენტები – ეკონომიკური ინტერესების გამო თამარსა და სალადინს შორის მეგობრობის ხელშეკრულება დაიდო, ხოლო IV ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ჯვაროსნებმა ვენეციელების წაქეზებით ჯერ ზადარი, მერე კი კონსტანტინოპოლი აიღეს). მაგრამ დავუბრუნდეთ სახელმძღვანელოს. მის ავტორთა მიკერძოებულობის საბუთად მოვიყვანთ მაგალითს: 131-132-ე გვერდებზე ვკითხულობთ: „IX-X საუკუნეებში აზერბაიჯანულმა სოფლებმა, რომლებიც განადგურდა სომეხი და ქართველი ფეოდალების განუწყვეტელი თარეშის (მათ მხარს ბიზანტიელები უჭერდნენ) და ასევე სახალიფოსთან ხანგრძლივი ომის შედეგად, თანდათან აღორძინება იწყეს”. ამ ეპოქის მკვლევარმა ყველა ისტორიკოსმა იცის, რომ ალბანეთის (აზერბაიჯანის) აოხრება უკავშირდება ბაბეკის აჯანყებას და, შესაბამისად, არაბთა სახალიფოს მიერ გამოგზავნილი ჯარების დამანგრეველ ლაშქრობას. მეტიც – ავტორები რატომღაც მალავენ, რომ სწორედ იმ დროს ბიზანტიელები, თუნდაც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ბაბეკის მოკავშირეები იყვნენ არაბების წინააღმდეგ. იმ პერიოდში რელიგიური გაერთიანებების არარსებობის დასტურად ჩვენ ავტორებს მივუთითეთ რამდენიმე სხვა ფაქტზეც: 853 წელს თბილისის ამირა საჰაკის წინააღმდეგ ბუღა-თურქის ლაშქრობის ანუ მუსლიმური სახალიფოსა და ასევე მუსლიმური საამიროს დაპირისპირების დროს ქრისტიანი ქართველი მეფეების ნაწილი, კერძოდ, კახეთისა და აფხაზეთის მეფეები, საჰაკის მოკავშირეები იყვნენ, ხოლო ტაო-კლარჯეთის ასევე ქრისტიანი მმართველი ბაგრატ I კურაპალატი – ბუღას მოკავშირე; 913 წელს სომეხი სმბატ I ბაგრატუნის წინააღმდეგ ბრძოლის დროს მუსლიმი იუსუფ იბნ აბუ-საჯის მოკავშირედ მეორე სომეხი მმართველი, ვასპურაკანის მეფე გაგიკ არწრუნი გვევლინება; XI ს-ში საქართველოს მეფეები გიორგი I და მისი ვაჟი ბაგრატ IV კარგა ხანს ბიზანტიის იმპერატორებთან დაპირისპირებულები იყვნენ; იმავე ბაგრატ IV-ის წინააღმდეგ თურქ-სელჩუკების მხარეს იბრძოდნენ მეორე ქართველი მმართველი, კახეთის მეფე აღსართანი, და ტაშირ-ძორაკერტის სომეხი მეფე კვირიკე. თავად აზერბაიჯანის ისტორიის VIII კლასის სახელმძღვანელოში, რომლის ერთ-ერთი ავტორი VII კლასის სახელმძღვანელოს ავტორიცაა, ვხვდებით ანალოგიურ მოვლენებს, კერძოდ, მუსლიმი მმართველების დაპირისპირების ფაქტებს: შირვანშაჰების დაპირისპირებას სელჩუკებთან (VIII, გვ. 7, 13), ოსმალეთის ომებს აღ-ყოინლუს თურქმანულ სახელმწიფოსთან (VIII, გვ. 110-117) და ა.შ. თუმცა ავტორები ამ ფაქტებსაც საკუთარი ინტერპრეტაციით გვთავაზობენ: შირვანშაჰ მანუჩარ III-ის მიერ სელჩუკებისთვის ხარკის გადახდაზე უარის თქმას მხოლოდ ქართველებთან მისი კავშირით ხსნიან, ხოლო აღ-ყოინლუსა და შემდეგ სეფიანთა ირანთან ოსმალების დაპირისპირებას ასევე მხოლოდ ევროპის ქვეყნების ინტრიგებს აბრალებენ. ისტორიული პროცესების ასეთ ინტერპრეტაციას პირველად ვხვდებით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სახელმძღვანელოს ავტორები კვალიფიციური ისტორიკოსები არიან და კარგად იციან განსხვავება მიზეზსა და საბაბს შორის, ამიტომ მათი ასეთი მიდგომები მხოლოდ უკიდურესი ტენდენციურობით თუ აიხსნება. VII კლასის სახელმძღვანელო სხვა რელიგიების, განსაკუთრებით – ქრისტიანობის, მიმართ არატოლერანტული დამოკიდებულებითაც გამოირჩევა. 27-ე გვერდზე ვკითხულობთ: „სამწუხაროდ, ალბანეთის მმართველებმა უარი თქვეს, ებრძოლათ ქრისტიანობის გავრცელების წინააღმდეგ”, – ხოლო 99-ე გვერდზე წერენ: „ქრისტიანობის გაძლირებულმა პროპაგანდამ და მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მიერ ამ რელიგიის მიღებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ჩვენი ხალხის ფორმირებაზე”. ჩვენთვის გასაგებია, რომ ამჟამად აზერბაიჯანის მოსახლეობის უმეტესობა მუსლიმია და ავტორების თვალთახედვით, როგორც თავად წერენ, „ისლამი უფრო ჰუმანური, ობიექტური, სამართლიანი და იმედი მომცემია” (გვ. 61), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 12-13 წლის მოსწავლეებს სხვა რელიგიების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება უნდა გავუღვივოთ. აქ მაგალითად გამოდგება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდებული საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის XI კლასის სახელმძღვანელო (ავტ. პ. რამიშვილი, ნ. ახმეტელი, დ. სართანია, გ. ჩხიკვიშვილი), სადაც მოყვანილია სურები ყურანიდან, რომლებიც კაცთმოყვარეობას ქადაგებს და მოსწავლეებს დავალება ეძლევათ, შეადარონ ისინი ბიბლიურ მცნებებს (გვ. 88-89). ამით ქართველი ავტორები ცდილობენ, განსხვავებული მრწამსის მოსწავლეებს ერთმანეთის რელიგიის მიმართ პატივისცემა ჩაუნერგონ.
VII კლასის სახელმძღვანელოს 180-ე გვერდზე მოყვანილია ფრთიანი გამოთქმა: „ძველი მტერი მეგობარი ვერ გახდება”, – და აქაც სომხები და ქართველები არიან ნაგულისხმევი. ასეთი მიდგომის კომენტირება ძალიან ძნელია. ავტორებს „საინტერესო” ინტერპრეტაციით აქვთ გადმოცემული 172-ე გვერდზე ქართველთა და თურქ-სელჩუკთა ურთიერთობაც XI-XII სს-ში: „საქართველოს მეფე გამომწვევად მოიქცა და უარი განაცხადა, ოღუზებისთვის ხარკი ეხადა”. აქ თავს ხუმრობის უფლებას მივცემ და ამ სიტყვების დამწერთა საავტორო უფლებას ვაღიარებ – პირველად ვნახე, დაპყრობილი ხალხის მიერ დამპყრობლებისთვის ხარკის გადახდაზე უარის თქმა „გამომწვევ ქცევად” იყოს სახელდებული. არანაკლებ საინტერესო მეჩვენება სათაური VIII კლასის სახელმძღვანელოს მე-3 პარაგრაფის ერთ-ერთი ქვეთავისა, რომელიც XI-XII სს-ების ვითარებას ეხება: „შირვანის კავშირი საქართველოსთან და მისი უარყოფითი შედეგები თურქულ-მუსლიმური ერთობისთვის” (???). აქაც ალბათ „საავტორო უფლება” ეკუთვნით ავტორებს – ორი მოსაზღვრე ქვეყნის ამ პერიოდის კეთილმეზობლური ურთიერთობა ნეგატიურ ჭრილში, ვგონებ, მხოლოდ მათ აქვთ განხილული. თუმცა ავტორები მაინც ვერ უგულებელყოფენ პოზიტიურ შედეგებს, რომლებიც ამ პოლიტიკურმა კავშირმა ორივე სახელმწიფოს მოუტანა: ერთობლივი ბრძოლა მომხდურთა წინააღმდეგ, ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა და ა. შ. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც საქართველოშიც და შირვანშიც ერთგვარი კულტურული რენესანსი დაიწყო. ჩემი აზრით, ავტორებს აქცენტები სწორედ რომ ამ კავშირის პოზიტიურ შედეგებზე უნდა დაესვათ და მოსწავლეებისთვის აეხსნათ, რა დადებითი როლი შეასრულა ამ ალიანსმა ორივე ქვეყნის ისტორიაში. 
ქართველების მიმართ შედარებით შემწყნარებლურია IX, X და XI კლასების სახელმძღვანელოები (თუმცა ზოგჯერ იქაც გვხვდება ქართველებისგან შექმნილი „მტრის ხატი”, განსაკუთრებით – IX კლასის სახელმძღვანელოში). 

რაც შეეხება სომხების მიმართ დამოკიდებულებას, ეს ხალხი ყველგან მტრად არის მოხსენიებული. სომხეთ-აზერბაიჯანის მძაფრი დაპირისპირების ფონზე ასეთი მიდგომა ჩემთვის ასე თუ ისე გასაგებია, თუმცა მიუღებელი; კომენტარის გაკეთება შეუძლებელია იმ ფრაზებზეც, რომლებიც IX და X კლასის სახელმძღვანელოებში გვხვდება: „ადგილობრივი სომხები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცნობილი იყვნენ მოღალატეობით, რუსულ ჯარებს ეხმარებოდნენ სახანოს დაპყრობის დროს” (IX, 171 გვ.); „სომხებმა ბოლომდე გამოავლინეს თავიანთი სიმდაბლე” (IX, 172 გვ.); „ამ საზიზღარი პოლიტიკის ყველაზე აქტიური გამტარებლები იყვნენ სომხები” (X, გვ. 166). სომხების მიმართ განსაკუთრებული სიძულვილით არის გაჟღენთილი სახელმძღვანელოების ის ნაწილები, რომლებიც ეხება ყარაბაღის ისტორიასა და კონფლიქტს.
აზერბაიჯანის სახელმძღვანელოს ტექსტსა და რუკებში საქართველოს (ბორჩალო, ბამბაკი, ზოგჯერ – თბილისიც კი) და სომხეთის ტერიტორიების ნაწილი (მათ შორის – ერევანი) გამოცხადებულია არანის, მაშასადამე, აზერბაიჯანის ტერიტორიად, რაც ხელს უწყობს მეზობელი ხალხების მტრად წარმოჩენას (VII-გვ. 96-97, 151, 156-157; IX-გვ. 48, 101, 119, 165, 204-205; X-გვ. 19, 27, 41, 43, 44, 46, 94, 108).
აზერბაიჯანის მოსახლეობის მეზობელ ხალხებთან თანამშრომლობა სახელმძღვანელოებში გაკვრით არის ნახსენები და აქაც კი სომხები არასდროს იხსენიებიან, რაც უბრალოდ ფაქტების დამალვაა. ისტორიას სომხებისა და ალბანელების, მერე კი შირვანელების, აზერბაიჯანული სახანოებისა და სომხების თანამშრომლობის მრავალი შემთხვევა ახსოვს. რაც შეეხება ქართველებთან პოზიტიურ ურთიერთობას, ამის მხოლოდ რამდენიმე მაგალითია მოყვანილი: 1175 წელს საქართველოს მეფის გიორგი III-ის დახმარება შირვანშაჰის მიმართ (VIII, გვ. 15), თემურ-ლენგის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა (VIII, გვ. 62), შირვანშაჰ იბრაჰიმ I-ის და საქართველოს მეფის კონსტანტინე I-ის კავშირი (VIII, გვ. 97), ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის დახმარება ერევნის ხანის მიმართ 1751 წელს (IX, გვ. 88) და სხვ. XI კლასის სახელმძღვანელოში უფერულად არის ნაჩვენები XIX საუკუნის დიდი აზერბაიჯანელი მოღვაწეების აბასყული აღა ბაკიხანოვის, მირზა შაფი ვაზეხისა და მირზა ფათალი ახუნდოვის საქართველოში საქმიანობა. კარგი იქნება, თუ მომავალ გამოცემებში ჩვენი ისტორიის ამ ეპიზოდებს მეტი ადგილი დაეთმობა. ამის იმედს კი ის გვაძლევს, რომ იმავე XI კლასის სახელმძღვანელოს შესაბამის პარაგრაფში თანამედროვე ეტაპზე აზერბაიჯანის სტრატეგიულ მოკავშირედ დასახელებულია, უპირველესად, თურქეთი, მერე კი საქართველო.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი