ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ბეჭდის ახსნა ქართული ლიტერატურის ტექსტებში

ინტერნეტგაზეთ „მასწავლებლის” სამუშაო შეხვედრებისას, ზაალ ჩხეიძესთან საუბრის შემდეგ, სტატიისთვის კარგი იდეა გამიჩნდა. იქნებ თვითონაც დაწეროს ამაზე და, დარწმუნებული ვარ, ჩემზე უკეთესადაც გაართმევს თავს, მაგრამ ვერ მოვითმინე და, შინ დაბრუნებულმა, წიგნები გადმოვალაგე.

მეც არასწორად მასწავლეს რამდენიმე ტექსტი და ამ სტატიის მთავარ მოტივატორადაც ეს იქცა. მაგალითად, ჩემი კლასელების უმეტესობას ალბათ დღესაც ჰგონია, რომ „ცისფერყანწელები” შეშლილი ალქაჯები იყვნენ და ფიქრის გორაზე, უცხოელი სიმბოლისტების წაბაძვით, შიშვლები დარბოდნენ. ასე გვასწავლიდნენ. ჩვენთვის სიმბოლიზმი მაშინ „როგორც საძროხე ქვაბს – ოხშივარი” იყო. აბა, ვის აინტერესებდა მალარმე, რილკე, ბალმონტი და ჰაუპტმანი… ეგ სულკურთხეულები იქით იყვნენ – ჩვენი ქუთაისელი დეკადენტებისაც ვერაფერი გაგვეგო.

მეოცე საუკუნის პირველი პერიოდის ქართველი ავტორებისთვის ძალიან მიმზიდველი თემაა მეორედ მოსვლა, აპოკალიფსი. ერთხანს მეგონა, ჩვენი სიმბოლისტებისთვის ეს იყო უბრალო სიმბოლისტური გათამაშება, საგნის ახლებური ხედვა-გააზრება და თავიანთ ენაზე სახელის დარქმევა, შუქ-ჩრდილის ერთგვარი გადანაწილება. მაგრამ…

შალვა კარმელი გამოსაცემად ამზადებდა ორ კრებულს: „აპოკალიფსის ცხენებს” და „თეთრ გიორგის”. მისი გარდაცვალების შემდეგ გამოსაცემად გამზადებული წიგნები რაჟდენ გვეტაძესთან ინახებოდა, მერე კი დაიკარგა.
ტიციან ტაბიძის პოემაში „ცხენი ანგელოსით” ვკითხულობთ: 
„ახალ ევგენის წინ გაიგდებს ცხენი ანგელოსით.
შორი გზა არ ღლის,
ვეშაპი ვერ ჰკლავს,
დევნი უფრთხიან.
თეთრი ტრედები 
თეთრ ღრუბლებში,
თეთრი გიორგი,
ცხენი ანგელოსით”.
იოანეს გამოცხადებაში ნახსენებ მხედრად ტიციანი წმინდა გიორგის მიიჩნევს. ეს არც უნდა იყოს გასაკვირი; საქართველოში წმინდა გიორგის უფრო იყო პოპულარული, ვიდრე ქრისტე. ამას ალბათ იმან შეუწყო ხელი, რომ წმინდანი მითოსსაც შეერწყა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ქართველისთვის, რომელიც მუდამ იბრძოდა და თავს იცავდა, მებრძოლი გიორგი უფრო ახლობელი იყო, ვიდრე ქრისტე. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რატომ დახუჭა თვალი ტიციანმა პირველწყაროში არსებულ ფაქტზე, სადაც ვკითხულობთ:

„11. ვიხილე ცა გახსნილი, და თეთრი ცხენი და მისი მხედარი იწოდება ერთგულად და ჭეშმარიტად, და სიმართლით განიკითხვის და იბრძვის” (გამოცხ. 6:2).

„12. მისი თვალები ცეცხლის ალს ჰგავდა, მას თავზე მრავალი ჯიღა ედგა და ზედ ეწერა სახელი, რომელიც მის მეტმა არავინ იცის” (გამოცხ. 1:14; 2:18).

ქრისტიანული სწავლებით, მხოლოდ ღვთის სახელია შეუცნობელი.

„16. მის სამოსელზე და მის თეძოზე აწერია სახელი: „მეფეთა მეფე და უფალთა უფალი” (გამოცხ. 17:14; 19:12), 
აქ ნათლად ჩანს, ვისზეა საუბარი, ჩანს, რომ წმინდა გიორგი არაფერ შუაშია. თუმცა საგულისხმოა პოემის ერთი ფრაზაც, სადაც ტიციანი ამბობს: „ყრმა უკვდავი”, – ეს კი უეჭველად ქრისტეა.
„მეტეხი მედიდური,
ტაიგა, ციმბირი,
რევოლუცია და დაცემა.
პოეზია მორიელის,
მალდორორი,
აფორგის ჭლექი,
კარამაზოვის სისხლი
და სიფილისი დეზისენტის.
უნაზესი ქალები ივერიის –
თამარ, რუსუდან, 
ყველა ნინაში ერთი ნინა,
მადონაა, მერი.
მელიტა, მარტა.
ევა ულეღვოდ და ჰეტერების სავსე ქალდეა.
ყველანი წავლენ,
დარჩება მხოლოდ 
აპოკალიფსის თეთრი იმედი,
ყრმა უკვდავი, ცხენი ანგელოსით”.
კოლაუ ნადირაძის ლექსი „25 თებერვალი” გავიხსენოთ. დადგება თუ არა ეს რიცხვი, დიდს და პატარას, პროლეტარსაც, ლიბერალსაც და გლეხკაცსაც, ამ ლექსს უკითხავენ რადიოთი თუ ტელევიზიით. ამას კიდევ რა უშავს, სკოლებშიც რომ ისე არ ასწავლიდნენ, თითქოს ეს ლექსი დოკუმენტური პოეზიის ნიმუში იყოს და მხოლოდ 1921 წლის მოვლენებს ასახავდეს.

ლექსი კოლაუ ნადირაძემ 1969 წელს დაწერა. ამ დროს, რა თქმა უნდა, აღარავის აინტერესებდა ეგ შენი აპოკალიფსის თემატიკა, მაგრამ ნადირაძე წინა თაობების პოეტი იყო და მისთვის ეს თემა, კონკრეტული მოვლენის უკან მისი „გადამალვა” ნაკლებსაინტერესო არ უნდა ყოფილიყო.
„დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს”.
ამ, ერთი შეხედვით, ისტორიულ-დოკუმენტური სურათის უკან, აი, რა იმალება:

„9. როცა მეხუთე ბეჭედი ახსნა, სამსხვერპლოს ქვეშ დავინახე სულები დახოცილთა ღვთის სიტყვისათვის და მოწმობისთვის, რომელიც მათ ჰქონდათ”.

„10. დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: „ხელმწიფევ წმინდაო და ჭეშმარიტო, როდემდე არ განიკითხავ და არ იძიებ შურს დედამიწის მცხოვრებლებზე ჩვენი სისხლისთვის?” (ლუკ. 18:7; გამოცხ. 19:2).
და მთავართანაც მივედით:
„წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!”
ლექსის პირველი პლანი რომ საბჭოთა არმიის შემოსვლაზეა, უდავოა, მაგრამ, აბა, ისევ იოანეს გამოცხადებას დავუბრუნდეთ, სადაც მეოთხე ბეჭდის ახსნაზეა საუბარი:

„8. შევხედე, და, აჰა, ფერმიხდილი ცხენი და მისი მხედარი, რომლის სახელი სიკვდილია; ჯოჯოხეთი მოჰყვებოდა მას და მიცემული ჰქონდა ხელმწიფება დედამიწის მეოთხედ ნაწილზე, რომ დაეხოცათ მახვილით და შიმშილით, ჭირით და მიწის მხეცებით” (ეზეკ. 14;21).

ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ბევრ მასწავლებელს გაუჩნდება კითხვა, რა უტოპიას ვწერ, როგორ შეიძლება, სკოლის მოსწავლეებს ესაუბრო იოანეს გამოცხადებასა და ბეჭდების ახსნაზე და თან დააჯერო, რომ ნადირაძის, ერთი შეხედვით, ფაქტების მხატვრული ასახვა ასე ბევრს იტევს?!

მაგრამ უაზრობაა სიმართლის დამალვა რაიმე მიზეზით. მიმაჩნია, რომ ამ კუთხით უნდა აიხსნას თუნდაც ის ლექსი, რაც აქ მოვიყვანე, რომ არაფერი ვთქვათ იმ უამრავი ტექსტის შესახებ, რომლებიც გაკვეთილზე სწორედ ამ კუთხით უნდა იქნეს გაშლილი და განხილული, რა თქმა უნდა, მოსწავლეთა ასაკისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი