შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მისი უდიდებულესობა – ყავა

დედას ყოველი კვირის ბოლოს მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში  მივყავდი სპეკტაკლზე. თქვენ ხომ არ იცით რა ბედნიერი ვიაყავი. ეს ბედნიერების მწვერვალი იყო. ოღონდ მთელი კვირა კარგად უნდა მოვქცეულიყავი,  მებეჯითა, ტელევიზორისთვის ზედმეტად არ მეყურებინა და მოკლედ კარგი ბავშვი  ვყოფილიყავი. ამ ყველაფერს ისედაც ვაკეთებდი, მაგრამ  კვირის ბოლოს ორი სპექტაკლის ყურება ძალიან დიდი დამატებითი სტიმული იყო.

ერთ საღამოს ერთ მოქმედებიანი სპექტაკლი „ვეფხვი” შედარებით ადრე დასრულდა და დედამ იქვე მეგობართან  სტუმრობა გადაწყვიტა. ეს მეგობარი დიდი ხანია მისვლას ისედაც სთხოვდა და თქვა, ზუსტად შესაფერისი დროაო.  სახელდახელო სუფრა გაგვიშალეს და ბოლოს ძალიან ლამაზად გაფორმებულ  ნამცხვრის ნაჭრებს ცხელი ქაფქაფა ყავა შემოაყოლეს.

ისეთი მათრობელა სურნელი და  კარგი შესახედაობა ჰქონდა, რომ თვალები ზედ დამრჩა და მასპინძელმა დედას სთხოვა, მოდი რა ერთ ჭიქას ქეთისაც მოვუდუღებო. იმ ხანად სქელი გრძელი ნაწნავი და „შჩოლკა” მქონდა. თუმცა, ამ უკანასკნელს დღემდე ვატარებ, ასეთი დავბადებულვარ „შჩოლკიანი”. ნაწნავი კი მოვიჭერი, რასაც ძალიან ვნანობ, მაგრამ კარგი დროსია. მოკლედ, ნაწნავი წინ გადმოვიგდე და ძალიან საწყალი სახით შევაჩერდი დედას. იმანაც ხელი  ჩაიქნია, კარგი დალიოს ერთი ჭიქაო. ეს ჩემთვის პირველი ფინჯანი ყავა იყო და მას შემდეგ დაიწყო… 

ერთხელ კვლავ სტუმრად ვიყავით, ოღონდ სხვა ოჯახში. მასპინძელი ძალიან მხიარული და ხუმარა ქალი იყო და თან ზოგჯერ ყავაში მარჩიელობითაც ირთობდა თავს. ყავა მომართვა და მითხრა, ასე და ასე ამოაბრუნე და ვნახოთ, შიგნით რა დაიხატებაო. ბავშვის გაბრიყვებას კიდევ რაღა უნდოდა და მეც საგულდაგულოდ შევასრულე მისი მითითება. კლასში ერთი აბეზარი ბიჭი მყავდა გადაკიდებული. ზუსტად ჩემს უკან იჯდა და  ჩემს ნაწნავს ძალიან ემტერებოდა. ზოგჯერ მეც პასუხს ვუბრუნებდი. ერთხელ ყურშიც კი ვწვდი და მთელი ძალით ჩემსკენ მოვქაჩე. ნირიც კი არ შეიცვალა, აწითლებული სახით შემცქეროდა. ისევ მე დავიხიე უკან, რადგან აშკარად გავიგონე  მისი ყურის ფხრიწინის ხმა  და ვიფიქრე, არ ავახიო და შარში არ გავეხვე თქო. ამ ხულიგან ბიჭს დედამაც არა ერთხელ მისცა შენიშვნა და თურმე თავის მეგობართანაც დაუჩივლია. ჰოდა, როდესაც დედას მეგობარმა ჩემს მიერ დალეულ ყავის ჭიქაში ჩაიხედა, არც მეტი არც ნაკლები, ეს ჩემი კლასელი ბიჭი „დახვდა” შიგ. მახსოვს, როგორ გამაბზრიალა, ვიფიქრე, რა მეშველება, ჭიქაშიც ეს ზის თქო. ყავის ძლიერება კი ვირწმუნე, თან უგემრიელესი იყო და თურმე „რამხელა ინფორმაციას იტევდა”.

ახლა  დღეში სამ ჭიქას ვსვამ და ისიც იმიტომ, რომ მეტის უფლებას თავს არ ვაძლევ. რაღაცნაირი რიტუალივით არის. თან გსიამოვნებს, თან თითქოს გამხნევებს და თან თავს იმშვიდებ, აბა რა არის დღეში სამი ჭიქა? არაფერი, სრულიად არაფერი. ამ ცხოვრებაში ყველაფერი შედარებითია და ბალზაკის დღიურ  ოცდაცამეტ ჭიქასთან შედარებით, მერწმუნეთ, მართლაც არაფერია. 

ერთი ლეგენდის თანახმად ყავის ისტორია შეიხ ომარიდან იწყება. თავისი დროის ერთ-ერთი პატივცემული  ექიმი ყოფილა. ახალ-ახალ წამლებს იგონებდა. ერთხელაც მისი ყურადღება ყავის მწარე გემოს ნაყოფმა მიიქცია. ხალხს თავის ტკივილის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უკეთ მუშაობისთვის უნიშნავდა. თვითონაც მიირთმევდა თურმე, ოღონდ სამკურნალოდ კი არა, სიამოვნებისთვის. ამბავი სასწაული სასმელის შესახებ ნელა, მაგრამ მაინც გავრცელდა. წარმოიდგინეთ,  მაშინ ფეისბუქის მსგავსი სოციალური ქსელი რომ ყოფილიყო, შეიხი ომარი  ერთ სტატუსს დადებდა და მორჩა ყველას ყველაფერი ეცოდინებოდა. მთელი ორი საუკუნის განმავლობაში ყავა მხოლოდ არაბეთში ხარობდა და სხვა ქვეყნებში  კარგად გამშრალი და მოხალული მარცვალი გაჰქონდათ. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, სხვაგან ყავის მარცვალს არ უნდა ეხარა. თუმცა, მოუხერხებელი არაფერია და ყავის პლანტაციები ჯერ ჰოლანდიაში, შემდეგ შრი-ლანკასა და ინდონეზიაში გამოჩნდა.

რაც მე შეიხზე  მოვყევი, ეს ლეგენდაა. ასეთი ლეგენდები მრავლადაა და რომელია მართალი,  არავინ იცის. უბრალოდ, მე ეს ვერსია მომეწონა და ამიტომაც, სწორედ მასზე გიამბეთ. 

ევროპაში ყავის ტრიუმფი მეჩვიდმეტე საუკუნიდან იწყება. ამ ტრიუმფმა ღრმად  ჩააფიქრა ლუდის მხარშველები და მეღვინეები. სერიოზული კონკურენტი დაინახეს მასში და კარგი ძღვენის ფასად  სამღვდელოების და ექიმების ნაწილს ყავა ჯერ „არაქრისტიანულ”, შემდეგ კი უკვე „სასიკვდილო” სასმელადაც გამოაცხადებინეს.

სხვათა შორის,  ჯანმრთელობაზე ყავის გავლენაზე დღემდე კამათობენ. ინტერნეტ სივრცეში ათას ინფორმაციას წააწყდებით. ერთნი ამტკიცებენ, რომ ყავა ძალიან მავნეა, მეორე მხარეს კი  არგუმენტების მთელი კასკადი მოყავს მისი სიკეთის შესახებ. დღეს ამის შესახებ არაფერს დავწერ. დაე, ამაზე ექიმებმა წერონ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გადამეტებული არაფერი ვარგა და მათ შორის არც ყავა. ყავას დღეს მხოლოდ ქიმიურად განვიხილავ. რასაც მაშინვე გაიფიქრებთ, ის არის, რომ ყავა კოფეინს შეიცავს. კოფეინი ფრანგმა ქიმიკოსმა რუნგემ 1819 წელს ყავის ექსტრაქტიდან გამოყო.  1906 წელს ინგლისელმა ქიმიკოსმა ჯორჯ კონსტანტ ვაშინგტონმა ყურადღება მიაქცია, რომ მისი ვერცხლის ყავის სახარშის კედლებზე ყავის ფხვნილი რჩებოდა. სწორედ მაშინ იფიქრა, ხომ შეიძლება შევქმნა ისეთი ყავა, რომლის მომზადებაც ჭიქაში მომენტალურად იქნება შესაძლებელიო. ასე შეიქმნა პირველი ხსნადი ყავა.

კოფეინზე ვწერდი, ალკალოიდია. არა მხოლოდ ყავის მარცვლებში, შავი ჩაის ფოთლებშიც მოიპოვება.  ქსანტინის წარმოებული გახლავთ და იმ შარდმჟავას  „ენათესავება”, კარლ შეელემ რომ აღმოაჩნა 1776 წელს.  სუფთა კოფეინი მწკლარტე გემოს მქონე,  თეთრი  ფხვნილია. კარგად იხსნება ქლოროფორმში და ცუდად ცივ წყალსა და ეთანოლში. ცხელ წყალში მისი ხსნადობა მატულობს. კოფეინის ჯგუფში ასევე შედის თეობრომინი (შოკოლადიდან ხომ გახსოვთ) და თეოფილინი. ველერი, ლიბიხი, ბაიერი, ფიშერი  ის ქიმიკოსები არიან, ვინც  შარდმჟავას და ალკალოიდების  ჯგუფის შესწავლას დიდი დრო დაუთმეს.

 ქიმიური გზით კოფეინს შარდმჟავადან ასინთეზირებენ. თუმცა, მისი მიღება თეობრომინის და თეოფილინის მეთილირებითაც შესაძლებელია.

        
ქსანთინი                    


შარდმჟავა                      


კოფეინი

კოფეინი  ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორია,  კორონალურ სისხლძარღვებსაც აფართოევებს და გულის მუშაობას აჩქარებს. კოფეინის ჯგუფში შემავალი ალკალოიდების  ფიზიოლოგიური აქტიურობის მექანიზმი ფერმენტ ფოსფოდიესთერაზას დარგუნვასთან და შიდაუჯრედული მედიატორის ციკლური AMP-ს (ადენოზინ მონოფოსფატი) დაგროვებასთან არის დაკავშირებული. ეს უკანასკნელი კი ATP-ის (ადენოზინ ტრიფოსფატის) წინამორბედია. გამოდის,  რომ სწორედ კოფეინი იწყებს მოქმედებას ATP-ის მსგავსად. სხვათა შორის, მათი სტრუქტურები ძალიან მსგავსია. ორივე მათგანი შეიცავს ორ ჰეტეროციკლურ ბირთვს.

ისევე როგორც სხვა პურინული ალკალოიდები მურექსიდთან კოფეინი დადებით რეაქციას გვაძლევს. ნესლერის რეაქტივთან  (კალიუმის ტეტრაიოდომერკურატ ჰიდრატის ტუტე ხსნარი) გაცხელებით კი მუქი წითელი შეფერილობის ნალექს წარმოქმნის. იმავე პირობებში თეობრომინი ღია ყავისფერ შეფერილობას ავითარებს.

1903 წელს საოცარი ამბავი მოხდა. ერთ გერმანელ მეწარმეს გემით სხვა ქვეყანაში გასაყიდად ყავა გადაჰქონდა. გემი  საშინელ შტორმში მოხვდა. ყავის მთლიანი პარტია დასველდა. ის კი არა, გემის ქვედა ნაწილი  ყავით სავსე ტომრებიანად მთლიანად წყალში იყო. ყავის გადარჩენაზე ყველამ ხელი ჩაიქნია, თუმცა მეწარმემ მაინც  გადაწყვიტა, რომ ყავის მარცვლები ჯერ გაერეცხა (ზღვის წყალი მოეცილებინა), გაეშრო და მოეხალა. როდესაც მზა პროდუქტი გასინჯეს, აღმოჩნდა, რომ გემოთი ცუდი სულაც არ იყო, თუმცა  მატონიზირებელი  მოქმედება ოდნავ დაეკარგა. მიხვდით ალბათ, საითკენაც მიმყავს საუბარი, ასე აღმოჩნდა, რომ ყავა შეიძლება უკოფეინოც იყოს. დღეისთვის ყავიდან კოფეინის მოცილების ასამდე ტექნოლოგიური მეთოდი არსებობს, თუმცა მოყოლას, ბუნებრივია არ ვაპირებ.

წერილის დასაწყისში ვთქვი, ყავას მხოლოდ ქიმიური კუთხით განვიხილავ, მის ავ-კარგიანობაზე ექიმებმა ისუბრონ თქო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საყვარელი სასმელია, რამდენიმე უარყოფითი ფაქტი მაინც უნდა ვთქვა. 

მაშ ასე, თუ კოფეინის შემცველ ყავას ზედმეტი რაოდენობით მივირთმევთ, მასში არსებული კოფეინი:
ა) თრგუნავს თიამინის (B1 ვიტამინის) გააქტიურებას. მეტაბოლურად პასიური ვიტამინი კი გინდ ყოფილა და გინდა არა; 

ბ) ყავის და ალკოჰოლის ერთდროულად მირთმევისას, სისხლში დაბალი სიმკვრივის („ბოროტი” ) ქოლესტერინის დონის აწევის ალბათობა  მატულობს;

გ) კოფეინს კალციუმი გამოაქვს ორგანიზმიდან; ამიტომ, მე ხაჭოს, ყველს და რძეს მუდმივად ვიყენებ. აბა, გამოტანილ კალციუმს შევსება ხომ უნდა.

დ) კოფეინის ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს. სწორედ ამიტომ, დღეში 2 ლიტრ წყალს ვსვამ.
ბალზაკი გულით გარდაიცვალა. ბოროტი ენები წერდნენ, სულ იმ ოცდაცამეტი ჭიქა ყავის გამოო. თუმცა, მე კვლავ თავს ვიმშვიდებ, ჩემზე უფროსი იყო, გული სუსტი ჰქონდა და წარმოგიდგენიათ, დღეში ოცდაცამეტ ჭიქა ყავას სვამდა. მე კიდევ, ჯერ მასზე გაცილებით ახალგაზრდა ვარ, გული ჯანმრთელი მაქვს და სულ სამ  ჭიქას ვსვამ. რა არის სამი ჭიქა? არაფერი…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი