პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

გიჟები ფიცარზე

სკეიტბორდინგს თამამად შეიძლება ვუწოდოთ მსოფლიო ექსტრემკულტურის ნათლია. ექსტრემალური სპორტის ეს სახეობა ერთ-ერთი პირველი წარმოიშვა. მიუხედავად ამისა, დღემდე პოპულარულია და უფრო და უფრო ვითარდება.

კაცმა რომ თქვას, რა არის სკეიტბორდინგი? ბევრი უყოყმანოდ გვიპასუხებს, გორგოლაჭებიან ფიცარზე სრიალით გულის ჯერებაა და მეტი არაფერიო, მაგრამ თუ უფრო მეტად ჩავუღრმავდებით მის არსს, აღმოვაჩენთ, რომ სკეიტბორდინგი არა მარტო ერთგვარი მოდა თუ გართობაა, არამედ ცხოვრების სტილიც.

სკეიტბორდინგი ის მშვენიერი სამყაროა, რომლის არათუ განცდა, წარმოდგენაც კი არ ძალუძს ჩვეულებრივ ადამიანს. ამ სამყაროში რეალურად ცხოვრობენ, მოსრიალე ფიცარზე განცდილი ემოციებით კი სულიერ საზრდოს იღებენ. ამბობენ, რომ როგორც კი ამ ფიცარზე ფეხს შედგამ, უმალვე ივიწყებ პრობლემებით დახუნძლულ გარე სამყაროს, ირგვლივ ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამ, უფრო რეალისტურადაც კი, ვიდრე მანამდე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ახალ შეგრძნებებთან ერთად ახალი სურვილები და, რა თქმა უნდა, ახალი საზრუნავი ჩნდება…
სკეიტბორდის გამომგონებლის ვინაობა მსოფლიომ არ იცის. ცნობილია მხოლოდ, რომ გორგოლაჭებიანი ფიცრის პირველი გამომცდელები გასული საუკუნის 50-იანი წლების სერფერები იყვნენ. თურმე მათ თავიანთი დაფებისთვის გორგოლაჭები მხოლოდ იმ მიზნით მოურგათ, რომ ხმელეთზეც ევარჯიშათ. 60-იან წლებში გაჩნდა სკეიტბორდისტთა ჯგუფი, სახელად „Super Surfer Skateboard Team”. იმავდროულად გამოიცა ამ გასართობისადმი მიძღვნილი პირველი ჟურნალიც, სახელწოდებით „Skatebaorder” სკეიტბორდინსდუსტრიის ნამდვილი ბუმი კი 70-იანი წლებიდან დაიწყო. დაამზადეს სპეციალური გორგოლაჭები, სამაგრები, მიიღეს სკეიტბორდის სტანდარტი, რომელიც დღემდე საერთოა ყველა მწარმოებელი ფირმისთვის. 80-იანი წლების დასაწყისიდან სკეიტერები ქუჩებშიც გამოჩნდნენ.

დღეს უამრავი ფირმა უშვებს დაფებს, საკიდებს, გორგოლაჭებსა თუ სკეიტერის სპეცტანსაცმელს. მეტიც: მათ სკეიტვიდეოინდუსტრიაც კი შექმნეს – სკეიტბორდის მსოფლიო ვარსკვლავების ტრიუკებს იღებენ…
ოდესღაც სკეიტბორდინგი და პანკ-როკი განუყოფელი გახლდათ. თვითგამოხატვის ორივე ფორმა იმხანად საოცრად ჰგავდა ერთმანეთს. ერთიცა და მეორეც დამკვიდრებული ღირებულებათა სისტემისადმი თავისებური პროტესტი იყო, რომელსაც საზოგადოება იერარქიისგან, კანონისგან, მშობლებისა თუ სკოლის კონტროლისგან გაქცევად აღიქვამდა. იმხანად პანკობა და სკეიტით ქროლვა ნიშნავდა უარს ყველას მიმართ, ვინც კი წინ ეღობებოდა თუ აკონტროლებდა.

Street-სკეიტბორდინგი საკმაოდ აგრესიული სახეობაა. ამ სტილის მოყვარულები დაქრიან მოაჯირებზე, ხტებიან საფეხურებზე, სხვადასხვა სიმაღლიდან ასრულებენ რთულ ტრიუკებს. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, ძალზე სარისკოა და ამ დროს სერიოზულიც ტრავმებიც ხშირია, მაგრამ, როგორც ამბობენ, სიამოვნება ამად ღირს.

თავზეხელაღებული სკეიტერები ამას ჭარბად გამომუშავებული ადრენალინით ხსნიან. ამის საბუთად გეტყვით, რომ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ადამიანს სკეიტბორდით ქროლის ეს ფათერაკებიანი სტილი აერჩიოს და შემდეგ თუნდაც ერთხელ ენანოს.

ამბოხებული თინეიჯერებისთვის სკეიტბორდინგი გაცილებით მომხიბვლელი იყო, ვიდრე, მაგალითად ბეისბოლი ან კალათბურთი, რომლებიც მათთვის სკოლის მოსაწყენ სპორტდარბაზთან ასოცირდებოდა. სკეიტბორდინგი უფრო უკეთ გამოხატავდა მოზარდების სულიერ მდგომარეობას, ზრახვებს, ვინაიდან იგი, საზოგადოების მიერ უარყოფილი, კანონგარეშე მდგომარეობაში იყო. ასე ჩამოყალიბდა სკეიტბორდის ფილოსოფია. ასე რომ, მთავარი ის კი არ არის, ვინ გამოიგონა სკეიტი, არამედ მასზე დგომა და ქროლა…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი