ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მეტაფორები, რომლებითაც ვცხოვრობთ

მეტაფორა ახალი არომატია
მას, ვინც ყურადღებას მიაქცევს ენაში ისეთ მოვლენას, როგორიცაა მეტაფორა, მალე ადამიანთა ენა მთლიანად მეტაფორული მოეჩვენება.
ბ ი უ ლ ე რ ი 

რა არის მეტაფორა?

ეგებ გგონიათ, რომ ეს მხოლოდ ის არის, რაც ამშვენებს პოეზიას ან მხატვრულ შემოქმედებას… მეტაფორა უფრო მეტია – ის ჩვენი ყოველდღიურობაა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მეტაფორებით და, საერთოდ, ჩვენ ვცხოვრობთ მეტაფორებში. ხოლო თუ უფრო შორს წავალთ, ჩვენ ვართ მეტაფორები…

გამოხატვისთვის არასდროს კმარა ჩიქობავას შვიდტომეულში შესული სიტყვები; სულხან-საბას ლექსიკონებიც რომ დაუმატოთ და სხვა დანარჩენიც, სიტყვათა მარაგი მაინც მწირი იქნება იმ აზრების, გრძნობების, განცდების გადმოსაცემად, რომლებიც ჩვენშია. ამიტომ თითოეული ჩვენგანი მიმართავს ქმნადობას და იწყებს ერთი საგნის, მოვლენის, ფაქტის რომელიმე ასპექტის გადატანას მეორეზე. ეს იგივეა, ერთ საგანს შეხედოთ სხვა საგნის „თვალით”. ამ შემთხვევაში გამოთქმული აზრი იღებს და აერთებს ორივე თვისებას (ასპექტს) და ვიღებთ მესამეს, სრულიად განსხვავებულს, რომელმაც ახალი ნაზავით ახალი არომატი შექმნა. ისევე როგორც სადილის მომზადებისას, ცალ-ცალკე ინგრედიენტებს რომ განსხვავებული გემო აქვთ, ურთიერთშერევისას კი ახალ გემოს ქმნიან. დიახ, ზუსტად ასეა. არის რაღაც ქიმია მეტაფორების შექმნაში. ალქიმიაც კი.

მაგალითად, როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ მეტაფორა „ადამიანი-ლომი”? ახალი არსება უკვე არც ადამიანია და არც ლომი. ის დაახლოებით ისე შეიძლება გამოიყურებიდეს, როგორც ქვემოთ, ილუსტრაციაზეა წარმოდგენილი. შედარებით იოლადაა საქმე, როცა კონკრეტული საგნებით ხდება მეტაფორიზება – ადვილად შეგვიძლია წარმოვისახოთ მათი ნაერთი… აი, რაც შეეხება აბსტრაქტულ საგნებს, აქ საქმე გაცილებით რთულადაა, პოეზიაში კი საერთოდ პიკს აღწევს მეტაფორიზაცია. მაგრამ არც კონკრეტული საგნების შემთხვევაშია ყველაფერი ასე მარტივად; ბევრი მეტაფორა დღემდე ამოუხსნელი რჩება. მაგალითად, არავინ იცის, როგორია „ივლისისფერი ყინვის თასები”…

შესაძლოა ვერ გაუგოთ ადამიანს, რომელიც მეტაფორებს ხშირად მიმართავს, რადგან მეტაფორებით მეტყველება მეტყველების მაღალი ხარისხია… უბრალოდ, შესაძლოა შეცდეთ და მეტაფორებით გადმოცემული აზრი პირდაპირ მიიღოთ… ცოდნა მეტაფორების შესახებ ჩვენს ცნობიერებას აფართოებს და ცხოვრებასაც უფრო საინტერესოს ხდის.
 

ორი უნივერსალური მეტაფორა
◊ კონცეპტუალური მეტაფორის ძალა განისაზღვრება მისი გაუცნობიერებელი გამოყენებით. ლაკოფის მიხედვით, მეტაფორათა თვისებაა, რომ ისინი კი არ ქრებიან, არამედ რჩებიან ადამიანთა ცნობიერებაში, მათი მოქმედების ლოგიკური შედეგები კი ჩვენ მიერ სამყაროს აღქმის თავისებურებებში ვლინდება.
ნაშრომში „მეტაფორები, რომლებითაც ვცხოვრობთ” ჯონსონი და ლაკოფი დაწვრილებით განიხილავენ ორ უნივერსალურ მეტაფორას და მეტაფორის მამოდელირებელ ფუნქციაზე საუბრობენ.

მე-20 საუკუნეში დაიწყო მეტაფორის მოდელირების ფუნქციის გამოყოფა. მეტაფორა განიხილებოდა არა მხოლოდ როგორც პოეტური და რიტორიკული გამომსახველობითი საშუალება, არამედ როგორც სინამდვილის აღქმისა და გააზრების სერიოზული მექანიზმი.

მაგალითად, ყველასათვის ცნობილი უნივერსალური მეტაფორები: „კამათი ომია” და „დრო ფულია” – ადამიანთა ცნობიერების გარკვეულ მხარეს წარმართავენ. შევცვლით მეტაფორას და ცნობიერებაში სინამდვილის გააზრების ახალი კონსტრუქტები წამოიქმნება.

თუ „კამათი ომია”, მაშინ კამათის აღწერა ხდება ომის ტერმინებით და შესაძლებელია:

• კამათში (და ომში) გამარჯვება;
• კამათში (ომში) დამარცხება;
• კამათში (და ომში) შეტევაზე გადასვლა;
• კამათში (და ომში) საკუთარი პოზიციების დაცვა;
• კამათში (და ომში) წინ წასვლა;
• კამათში (და ომში) დანებება;
• კამათში (და ომში) განსაზღვრული სტრატეგიის გამოყენება;
• კამათში (და ომში) სტრატეგიის შეცვლა და სხვა.
 
იგივე ხდება მეორე მეტაფორის – „დრო ფულია” – შემთხვევაში:

• დროის (ფულის) წართმევა;
• დროის (ფულის) ეკონომია;
• დროის (ფულის) დათმობა;
• დროის (ფულის) გაფლანგვა;
• დროის (ფულის) დაკარგვა;
• დროის (ფულის) გამოყოფა;
• დროის (ფულის) დახარჯვა;
• დროის (ფულის) დარჩენა;
• დროის (ფულის) საქმეში ჩადება.
 

მართალია, განხილულ მეტაფორებს დაკარგული აქვთ ადამიანზე ემოციური ზეგავლენის ფუნქცია, რადგან ისინი, შეიძლება ითქვას, „გაცვეთილია”, მაგრამ აქ კარგად ჩანს, როგორ ახდენს მეტაფორა ჩვენი ცნობიერების მოდელირებას და როგორ უკავშირდება ჩვენი მსოფლაღქმა ამ მეტაფორებით მოდელირებულ რეალობას.
შეცვალე მეტაფორა – შეიცვლება ცხოვრება
ამის შემდეგ აქტუალური იქნება გამოთქმა: შეცვალე მეტაფორა – შეიცვლება ცხოვრება!
მხოლოდ სოციალურ ცხოვრებას როდი აქვს თავისი მეტაფორები; თითოეულს ჩვენ-ჩვენი მეტაფორები გვაქვს, რომლებიც იმის მიუხედავად არსებობენ და მოქმედებენ ჩვენზე, ვაცნობიერებთ თუ არა მათ არსებობას…
ახლა, როცა ამ სტრიქონებს კითხულობთ, რა არის თქვენი ცხოვრების მეტაფორა? მე შემიძლია, უამრავი გაცვეთილი მეტაფორა ჩამოვთვალო:
•  ცხოვრება  თამაშია;
• ცხოვრება გამოცდაა;
• ცხოვრება ბრძოლაა;
• ცხოვრება ცირკია;
• ცხოვრება სადგურია
და ასე შემდეგ…
იყავით ორიგინალური და შექმენით თქვენი ცხოვრების საუკეთესო მეტაფორა. ნახავთ, როგორ შეცვლის ის თქვენს ცხოვრებას…
მაშ ასე, დაასრულეთ:
• ცხოვრება – ?
(გაგრძელება იქნება)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი