სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

,,ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, ანუ მშობლიური მიწის მტვერი და ახალბედა მკვლევარი

17 ნოემბერი  გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა. ამ დღეს ჩემებურად აღვნიშნავ, მთელი დღის განმავლობაში მონატრებულ ლექსებს ვკითხულობ. ყოველ ჯერზე ახალ გალაკტიონს აღმოვაჩენ და დღემდე მაოცებს ეს ამბავი. ამ შესანიშნავ პოეტზე იმდენი დაწერილა და თქმულა, ახალს ვერაფერს ვიტყვი, ამიტომ ჯობს მოგიყვეთ, როგორ ,,გავიცანი” გალაკტიონი.
გვერდებშეყვითლებულ, ისტორიად ქცეულ ნამდვილ ამბებს მოწყურებული ბავშვებისთვის ლიტერატურის მუზეუმთან არსებული სახელოსნო ნამდვილი ,,საოცრებათა ქვეყანა” გახლდათ (დღემდე უზომოდ მადლიერი ვარ ქალბატონი იზა ორჯონიკიძის, რომლის წყალობითაც სკოლის მოსწავლისთვის უჩვეულო გამოცდილება შევიძინე და ძალიან საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება მომეცა). საოცარია, როგორ პოულობდნენ თავისუფალ დროს მოსწავლეებისთვის ისეთი სახელგანთქმული ლექტორები, როგორიც გახლდათ, მაგალითად, თამაზ ჩხენკელი, რომელიც ყოველ კვირას ქართული ლიტერატურის შედევრებზე გვესაუბრებოდა. შემოვიდოდა, დადგებოდა კართან და ცალ ფეხზე ჩამოყრდნობილი გაირინდებოდა, თითქოს მოსვლის მიზეზი დაავიწყდაო, მაგრამ გაკვეთილის ბოლოს უკვე იმაზე მეტი იყო ნათქვამი, ვიდრე ამის სიტყვებით გადმოცემა შეიძლება. 

დავალებას იშვიათად გვაძლევდა, არც მომთხოვნი იყო და, წესით, ხშირად უნდა გაგვეცდინა მისი ლექციები, მაგრამ პირიქით – ყოველ გაკვეთილზე სავსე იყო საკლასო ოთახი და, მიუხედავად ბავშვების სიმრავლისა, კლასში მხოლოდ ბატონი თამაზის მშვიდი, ნელი საუბარი ისმოდა. ერთხელ გვითხრა, თუ სურვილი გექნებათ, საცავში შესასვლელ საშვს გამოგიწერთ, აირჩიეთ მუზეუმში დაცული ერთი ქართველი მწერლის არქივი და მისი ხელნაწერები შეისწავლეთო. გავიხარეთ და თან როგორ… თითქოს რამდენიმე წელი მოგვემატა, თავს ნამდვილ მკვლევარებად მივიჩნევდით, ვდიდობდით. საათობით ვისხედით საცავში და მოწიწებით ვფურცლავდით შეყვითლებულ, მელნით კიდეებმოთხვრილ ხელნაწერებს. აი, მაშინ სულ სხვანაირად წავიკითხე გალაკტიონი, თითქოს წერის დროს მის გვერდით ვიდექი, თითქოს ყველა სიტყვა ჩემი თანდასწრებით იწერებოდა. მართალია, ის ლექსი, რომლის გამოქანდაკების პროცესიც ხელნაწერების შესწავლის შედეგად უნდა აღმედგინა, სულაც არ გახლდათ მწერლის საუკეთესო ნამუშევარი და არც ჩემი რჩეული ყოფილა, მაგრამ აქ მთავარი სულ სხვა რამ იყო; ჯერ კიდევ უსინათლო, ჩვილი ბარტყებივით ლექსების პატრონმა დიდი პოეტის სამზარეულოში შევიჭყიტე და მიუხედავად იმისა, რომ ლექსის წერის პროცესზე, ჩემი მოკრძალებული ,,სამზარეულოს” შემხედვარეს, ბუნდოვანი წარმოდგენა მაინც მქონდა, მივხვდი, რომ სულ სხვა სამყაროში მოვხვდი, სადაც ყოველ ბგერას, ასოს, წერტილს გონების ლუპით აკვირდებიან, წვრთნიან, მისი მოუხეშავი ნაკვთები საჭრეთელის ყოველი დაკვრის შემდეგ იცვლება, მკვეთრდება და იწმინდება. თავიდან ისე შემეშინდა, ფურცელი და კალამი დიდი ხნით გადავდე გვერდზე, სად ჩემი გაჭვარტლული სამზადი და სად ნამდვილი პოეტების ბუხრისგულა, ყველა საჭირო ინგრედიენტითა და ჭურჭლით აღჭურვილი უზარმაზარი სამზარეულო-მეთქი. სამაგიეროდ, ჩემმა პირველმა ლიტერატურულმა კვლევამ შიდა კონკურსზე პირველი ადგილი დაიმსახურა.

,,ორ ზღვას შუა ძველისძველად
საომარი იყო ლელო – 
ის გადარჩა და სახელად 
ეწოდება საქართველო. 
მშობლიურო ჩემო მიწავ, 
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, 
რომ დავიცავ შენს დიდებას, 
წინაპართა ძვლებს დავიცავ!”

აი, ამ ლექსის ხელნაწერების ნახვის ბედნიერება მერგო წილად. მართალია, დღეს სულ სხვა გალაკტიონი მიყვარს, მაგრამ ყველაზე თბილი მოგონება მაინც ამ ლექსს უკავშირდება. 

***
უცნაურია, მაგრამ რატომღაც, ლამის დაბადებიდან, კონსერვატორიისთვის მამზადებდნენ, მარწმუნებდნენ, შენგან დიდი პიანისტი ან კომპოზიტორი დადგებაო. კარგი სმენა მქონდა. მერე რა, რომ ოქტავას ძლივს ვაწვდენდი თითებს, სამაგიეროდ თავგამოდებით ვმეცადინეობდი. პროგრამით გათვალისწინებული ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენისა თუ შოპენის ნაწარმოებების შესწავლას სხვაზე მეტ ენერგიასა და დროს ვახარჯავდი, მაგრამ მთავარი ხომ შედეგი იყო. სკოლის გუნდში ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი გახლდით, მასწავლებლები მაქებდნენ, ადგილობრივ კონცერტებზე ხშირად სოლოსაც მაძლევდნენ, მაგრამ ყველაზე გემრიელი ლუკმა (ე.წ. გასტროლები) რატომღაც სხვა მოსწავლეებს ერგებოდათ ხოლმე. ერთხელ გავბედე და ვიკითხე, ასე რატომ ხდება-მეთქი. კარგი ხარ, მაგრამ საკმარისად კარგი – არაო, დაახლოებით ასეთი პასუხი მივიღე (ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ეს ,,საკმარისად კარგი”, თქვენ ხომ არ იცით?). აი, ამ დღიდან ეჭვი შემეპარა, იქნებ სულ სხვა გზას ვადგავარ-მეთქი. 

სკოლის დამთავრებამდე სამი წლით ადრე ჩემი თვითშეფასების საძირკველი საგრძნობლად გაიბზარა და საცაა ჩამოიშლებოდა იმედებისა და გეგმების ხუხულა, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში რომ ვაშენებდი. საბოლოოდ ქართული ფილმის, ,,ჩვენი ეზოს”, მთავარ გმირს დავემსგავსე. ძალიან მრცხვენია, მაგრამ უნდა ვაღიარო (იმედია, ამ წერილს დედა ვერ წაიკითხავს) – როცა პიანინოს მივუჯდებოდი, თითებს თავის ნებაზე მივუშვებდი, ისინი ხან კარგად ნასწავლ ნაწარმოებს უკრავდნენ, ხან სხვადასხვა აკორდს იღებდნენ, გამებს იმეორებდნენ, მე კი ამ დროს წინ ნოტების ნაცვლად წიგნი მედო… მუსიკალური განათლების არმქონე ოჯახის წევრები ვერაფერს ხვდებოდნენ, სამაგიეროდ, სკოლის ჟურნალში სამადლოდ დაწერილი (ეჰ, რა კარგი გოგო იყო, ხომ არ გავრიცხავთ, გოგოა მაინც, დავამთავრებინოთ სკოლა…) სამიანები მომიმრავლდა. მეათე კლასში, როგორც იქნა, მომბეზრდა იქ ყოფნა, სადაც ჩემს თავს ვეღარ ვხედავდი, ავდექი და ფილოლოგიურზე ვაბარებ-მეთქი, სახლში ხმამაღლა გამოვაცხადე (დედა ლამის მთელი წელი არ მელაპარაკებოდა).

თავიდანვე მივხვდი, უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტს ვეღარ ,,შევწვდებოდი” – შვიდ თვეში უნდა მესწავლა წლების განმავლობაში სკოლაში გასავლელი ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა, საქართველოს ისტორია (მუსიკალურ სასწავლებელში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პროგრამას თითქმის არ გავდიოდით, მთელი ჩვენი დრო და ყურადღება არჩეული ინსტრუმენტის, ჩემს შემთხვევაში – ფორტეპიანოს, სოლფეჯიოს, ელთეორიის, ჰარმონიისა და მუსიკასთან დაკავშირებული სხვა საგნების შესწავლას ეთმობოდა). მეგობრისგან შევიტყვე, რომ ხელოვნებისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ამჟამად თეატრალური ინსტიტუტის დაქვემდებარებაშია) ბატონ ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ დაფუძნებული ლიტერატურული სახელოსნოს ტიპის ფაკულტეტი ფუნქციობდა. ძალიან მინდოდა ქართული ლიტერატურის შესწავლა, გადავწყვიტე, მეცადა და მთელი წლის განმავლობაში თითქმის არ მიძინია. ძალიან ვგავდი გალაკტიონის ,,ყვავის ბახალას”, ქარმა უცნობ სამყაროში რომ გადაისროლა, მას კი ჯერ საკუთარი ჩრდილიც აშინებს.
*** 
როგორც იქნა, ოცნება ავიხდინე და პირველივე ცდაზე სასურველ ფაკულტეტზე მოვხვდი. პირველი ლექცია, როგორც მახსოვს, შემოქმედებით დაოსტატებაში ჩაგვიტარდა. ამ საგანს ხუთი წლის განმავლობაში ბატონი ვახტანგ ჯავახაძე მასწავლიდა. მისი წყალობით სულ სხვა გალაკტიონი გავიცანი. დღემდე უზომოდ მადლიერი ვარ ბატონი ვახტანგის – მან ხომ დროულად მიმითითა საჭირო კარისკენ. მოკლედ, ქართული ლიტერატურის შესწავლა გალაკტიონით დავიწყე და უნივერსიტეტიც გალაკტიონის პოეტიკის კვლევასთან დაკავშირებული სადიპლომო ნამუშევრით დავასრულე. თითქმის ათი წელია, მასზე არაფერი დამიწერია. ამ ხნის განმავლობაში ჩემი გალაკტიონი ვიპოვე, მივხვდი, რომ სიტყვისა და მუსიკის ვირტუოზზე მეტად მასში ჩვეულებრივი ამბებით გაოცებული ბავშვი მიყვარს. ბავშვი, რომელიც მომქანცველი ყოველდღიურობის ფსკერზე პოულობს ნამდვილ საგანძურს. 

,,ქუჩაში, მტვერში წაიქცა ბავშვი 
ნუკრის თვალებით, თმით – მიმოზებით 
და მწუხარების მალენიავში 
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები. 
შეშლილი სახით კიოდა ქუჩა,
შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა! 
მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა
და გაისმოდა დების სიმღერა.”

მას შემდეგ ბევრჯერ დავრჩენილვარ გატეხილი წამის, დამსხვრეული საუკუნის, დროისა და სივრცის მიღმა, მაგრამ ლექსები მაინც არ მიმიტოვებია. დასასრულთან შესახვედრად გაფრენილ მეოცე საუკუნეს ხომ მკითხველისთვის მეტი არც არაფერი უთხოვია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი