ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ღირებულებების საკითხი და ქართული კულტურა

“კაცთა საზოგადოების წესიერი აგებულებისთვის”, როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა, მნიშვნელოვანია, მისმა თითოეულმა წევრმა გამოიკვლიოს და გააანალიზოს ის ღირებულებები, რომლებითაც აღნიშნული საზოგადოება საზრდოობს. არა მხოლოდ გარედან დამკვირვებელს, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი _ ეს ნამდვილად ის ქვეყანაა, რომელიც უძველეს კულტურაზე აცხადებს მემკვიდრეობის უფლებას? 
ვიკვებებით თუ არა ჩვენ და ჩვენი მოსწავლეები/შვილები იმ ღირებულებებით, რომლებიც ჩვენს განვითარებას უზრუნველყოფს?  
შევეცდები, თქვენთან ერთად გავიხსენო კარგად დავიწყებული ძველი აზრები ქართულ კულტურაში აკუმულირებული მარადიული (გნებავთ, დემოკრატიულიც) ღირებულებების _ თავისუფლების, შემწყნარებლობის, პატივისცემის _ შესახებ. 
 
ტოლერანტობა და უცხოს პატივისცემა ქართულ ლიტერატურაში ჯერ კიდევ მაშინ ჩნდება, როცა ქართლში ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად ცხადდება. გავიხსენოთ წმინდა ნინოს ცხოვრების ის პასაჟი, სადაც წმინდანი არმაზის მსხვრევის შემდეგ კერპს ბივრილის თვლებს მოაცილებს და შეინახავს. ეს ალეგორია რეპრეზენტაციულია იმ ეტაპის ქართული კულტურისთვის, რომელიც განვითარების საწყისი ეტაპიდანვე ხშირად იყენებდა ადგილობრივთათვის მისაღებ “ენას”. ქრისტიანულმა კულტურამ შეიწყნარა წარმართული საკულტო სიმბოლოები: მზე, ვაზი და სხვ., ისინი ახლებური შინაარსით აავსო _ ღვთის აღმნიშვნელად (სიმბოლოდ) აქცია (რ. სირაძე). მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ აგრეთვე ქართული ხალხური სიმღერისა და ქართული გალობის სტილისტური მსგავსება, ქართული ჰიმნოგრაფიის მიერ ქართული შაირის სალექსო მეტრის გამოყენება. შაირი წარმართულ ნარატივს უკავშირდებოდა და შესაბამისად, არაქრისტიანულ აზროვნებასთან, შინაარსთან ასოცირდებოდა. 
აღორძინების ხანაში დაიწერა პოემა, რომელიც, როგორც გადმოცემებით ვიცით, სახარების შემდეგ საქართველოში მეორე სამაგიდო წიგნი იყო. როგორც ჩანს, რუსთველის ნაწარმოებში სწორედ იმ ღირებულებებმა მოიყარა თავი, რომლებსაც რუსთველამდე ინახავდა ჩვენი კულტურის მეხსიერება. შემდეგ კი თავად “ვეფხისტყაოსანმა” დანერგა ეს სიმბოლოები და ამ მეხსიერებას ახალი სიცოცხლე მიანიჭა. ვნახოთ, რას წერს კორნელი კეკელიძე “ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიაში”: “პოემაში საგანგებო ყურადღებას იპყრობს მეგობრობის, “ძმადნაფიცობის” მოტივი, რომელიც განუყრელად აკავშირებს ერთმანეთთან სამ სხვადასხვა ეროვნების გმირს. მეგობრისა და ძმობის ღრმა გრძნობა, რომელიც არ ექვემდებარება სივრცის კატეგორიას (მოიგონეთ პოემის ფართო გეოგრაფიული ჰორიზონტი), სცილდება პოლიტიკურსა და ეროვნულ ვიწრო ჩარჩოებს და მოუწოდებს მეგობრებს ზოგადი საკაცობრიო იდეალების სამსახურისაკენ, და სწორედ ეს იდეური შინაარსი ამ პოემის შემოქმედს ახასიათებს, როგორც ზოგადსაკაცობრიო მასშტაბის მოაზროვნესა და პოეტს. ასეთი განწყობილება უსათუოდ სავსებით შეეფარდებოდა რუსთაველის ეპოქის ქართული ფეოდალური მონარქიის პოლიტიკურ სახეს, რომელიც აერთიანებდა მთელ კავკასიას, მასში შემავალი მრავალტომიანი და მრავალენიანი ერთეულებით, სადაც მეგობრულად თანამშრომლობდნენ ქართველებთან ერთად სომხები, ბერძნები, ქურთები, ოსები, ყივჩაღები, ებრაელები (მოიგონეთ ზანქან ზორაბაბელი), სადაც არ გაურბოდნენ დინასტიურ-ნათესაურ კავშირს რუსებთან, ბერძნებთან, ოსებთან, სელჩუკებთან, სომხებთან, ხვარასნელებთან და სხვ., სადაც, დასასრულ, მაჰმადიან პოეტებს, სუფიებსა და მწერლებს თავშესაფარს უშენებდნენ, პენსიას უნიშნავდნენ და ყოველნაირად მფარველობდნენ. აქ, ამ გარემოში, შეიძლებოდა წარმოშობილიყო ძმობისა და მეგობრობის ქადაგება საკაცობრიო იდეალების სამსახურისათვის განურჩევლად ეროვნებისა”. 
რუსთველის დიდი მიღწევაა, რომ ნაციონალური იდეისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აყვავების ხანაში მის ნაწარმოებში არსად ვხვდებით ნაციონალურ ნარატივს, არც ერთი ტროპი თუ ჰიპერბოლა არ არის მიმართული ქართველთა მესიანიზმის წასახალისებლად. სწორედ ეს გახდა ილია ჭავჭავაძის პოლემიკის საგანი აკაკი წერეთელთან, რომელიც ნაციონალური ტექსტის ფარგლებში კითხულობდა “ვეფხისტყაოსანს”. 
მე-19 საუკუნეში დემოკრატიული ღირებულებების შესახებ მსჯელობა ახალ სიცოცხლეს იძენს. ამ პერიოდში ყალიბდება ლიბერალიზმი. ევროპული, რუსული და ქართული მწერლობა იკვებება ჰუმანისტური გავლენებით. ინდივიდის უზენაესობა _ პიროვნების თავისუფლების იდეა, რაც ქრისტიანობის წიაღში იშვა, საფუძვლად დაედო დანიელ ჭონქაძის (“სურამის ციხე”) (ზ. აბზიანიძე), ილია ჭავჭავაძის (“კაცია-ადამიანი?!”, “ოთარაანთ ქვრივი” და სხვ.), ვაჟა-ფშაველას (“ალუდა ქეთელაური”, “სტუმარ-მასპინძელი” და სხვ.), ნიკო ნიკოლაძის, დავით კლდიაშვილის, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას, ეკატერინე გაბაშვილისა და სხვა ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს. ამავე პერიოდში ქართული მხატვრული და პუბლიცისტური ტექსტი ეხმიანება საზოგადოებისთვის ისეთ მგრძნობიარე და აქტუალურ თემებს, როგორებიც არის ქალთა მიმართ ძალადობა, სოციალურად დაუცველთა შრომითი ექსპლოატაცია, მოზარდებს შორის ძალადობა, სოციალური, გენდერული, ეთნიკური უთანასწორობა და სხვ.
გადავავლოთ თვალი აღნიშნული პერიოდის ქართულ მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტს.
ილია ჭავჭავაძე: “დავით აღმაშენებელი სადიდებელია ჩვენგან არა მარტო სახელოვან მეფობითა, არამედ თავის დიდბუნებოვან კაცობითაც. იგი, თავგადადებული მოყვარე თავის ეროვნობისა და მართლმადიდებელის სარწმუნოებისა, დიდი პატივისმცემელი იყო სხვის ეროვნობისაც და სარწმუნოებისა. ამისთანა შემწყნარებელი სხვისა მაშინ, როდესაც იგი ყოვლადშემძლებელ მბრძანებელად შეიქმნა სხვადასხვა თესლის და სხვადასხვა სარწმუნოების ერისა, ამისთანა სხვა ერის ღირსების თაყვანისმცემელი იმ დროში, როცა კაცი კაცს შესაჭმელადაც არა ჰზოგავდა, ამისთანა კაცთმოყვარული პატივისცემა სხვის ეროვნობისა, სხვის სარწმუნოებისა, ნუთუ საკვირველი და საოცარი მაგალითი არ არის მეთორმეტე საუკუნის კაცისაგან”. 
იაკობ გოგებაშვილი: “სასიქადულო კაცთ მოყვარეობა ქართველებს განასხვავებს თავიანთ ისტორიულის არსებობის ყოველ ხანაში. საქართველოს სამეფოში მოქცეულს ყოველ ხალხს ქართველებთან თანასწორი უფლება ჰქონდათ მინიჭებული და არასოდეს არ განუცდიათ შევიწროება არც სარწმუნოებაში და არც ენის საქმეში. მათ მხოლოდ მოეთხოვებოდათ სახელმწიფოს ერთგულება”.
ნიკო ნიკოლაძე: “შეიცვალა კაცის აზრი, შეხედულობა ქალის დანიშნულებაზე; შეიცვალა კაცის უფლება ქალზე. პირველ საზოგადოებაში ქალი ავეჯათ მიაჩნდათ; იმას არც ხმა, არც ძალა, უფლება აქვს. შემდგომში ის თავისი შნოთი ცოტაოდენს გავლენას პოულობს და კაცი იმას მხოლოდ სილამაზისათვის, სიამოვნებისათვის ფასებას უწყებს. ქალის მდგომარეობა კეთდება, მისი ხასიათიც იცვლება და ქალი კაცობრიობის საქმეებში მონაწილეობას იღებს. ამ მდგომარეობაში მისი ბედი უწინდელს როდიღა ჩამოგავს… მის აზრს პატივის ცემას უწყებენ, მის ქონებას აფასებენ და საზოგადო და საშინაო საქმეში უიმისოთ აღარას შვრებიან…”
ვაჟა-ფშაველა: “ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ, / მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი; / ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ / კუპრში მიელის ქშენანი. / ამის თქმით ვწარა-მარაობთ, / ღთიშვილთ უკეთეს იციან. / ყველანი მართალს ამბობენ / განა, ვინაცა ჰფიციან?”  
 
საავტორო ლიტერატურა, როგორც ინტელექტუალთა ტექსტი, ღირებულებათა მრავალფეროვნებას წარმოაჩენს. საინტერესოა, როგორ იკითხება ამ კონტექსტში ქართული ზეპირსიტყვიერება. გავიხსენოთ ერთი ხალხური ლექსი: “ყველა ადამის შვილი ვართ, / თათარიც ჩვენი ძმა არი. / ჩვენსა და სომხებსა შუა / განყოფილება რა არი? / თუ ქალი გეტყვის დობასა, / ის უკეთესი და არი…” მოყვანილ ტექსტში თანაბრად არის დოზირებული როგორც ეროვნული, ასევე რელიგიური ტოლერანტობა და გენდერული თანასწორობის იდეა. აღსანიშნავია, რომ ქართულ ფოლკლორში გმირ მამაკაცებთან ერთად გმირ ქალებსაც მოიხსენიებენ: მაია წყნეთელს, თამრო ვაშლოვნელსა და თინა წავკისელს. ამის გამოძახილია იეთიმ გურჯის “ანაბაჯის ლექსი”, უფრო ადრე ვაჟა-ფშაველას აღაზა, ლელა ბაჩლელი და სხვები. 
 
გვერდს ვერ ავუვლით ძველი თბილისის ლიტერატურულ ბოჰემას, სადაც ცნობილი მოლექსეები და სახალხო მთქმელები _ სკანდარნოვა (ეთნიკურად სომეხი, სკანდარიანი), ბეჩარა (ეთნიკურად სომეხი _ ვასილ ავეტის ძე ბერიევი), ჰაზირა (ეთნიკურად აზერბაიჯანელი, აბრამ აბრამოვი), იეთიმ გურჯი (დაბღიშვილი, ეროვნებით ქართველი) და სხვა მრავალი ხალხისთვის საყვარელი პოეტი ცდიდა ბედს მელექსეობაში. მათი ლექსები ხელიდან ხელში, დახლიდან დახლზე გადადიოდა ვაჭრებში, ოსტატებში, ამქრებში _ უბრალო ხალხში. მართალია, ლიტერატურა, რომელიც მათი ხელიდან გამოდიოდა, უფრო ახლოა ხალხურ, ზეპირსიტყვიერ დისკურსთან და არ გამოირჩევა დახვეწილი მანერით ან ორიგინალურობით, მაგრამ ქართული ყოფითი კულტურის უდავოდ საინტერესო და ანგარიშგასაწევ პერიოდს უკავშირდება. სომხური და ქართული ეკლესიების, სუნიტებისა და შიიტების მეჩეთის, სინაგოგის ერთ სივრცეში თანაარსებობა და ქალაქის სოციალური სტრუქტურის მრავალფეროვნება თბილისური აივნებიდან დაშვებულ ფერად ხალიჩებს მოგვაგონებს. 
შემწყნარებლობა, უცხოს პატივისცემა, თავისუფლებისაკენ ლტოლვა ის ღირებულებებია, რომლებიც მუდმივ ანალიზს, რეფლექსიას, შრომას უკავშირდება. ეს არ არის ერთხელ და სამუდამოდ მოპოვებული რამ. სკოლამ თავისი როლი უნდა შეასრულოს ღირებულებათა განვითარების საქმეში _ ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რაც ყველამ უნდა გაისიგრძეგანოს. 
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი