პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

რაგბი ჩვენში

მორაგბეები რომ ნამეტანი მაგარი ხალხია, ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, როდესაც ბავშვობაში, სკოლისკენ მიმავალი, გადაძეძგილი ტრამვაის უკანა კიბეზე ვეკიდე – ხელი გამეშვა და ალბათ კისერსაც მოვიტეხდი, ჩემ ზემოთ ჩამოკონწიალებულ დაკუნთულ და თმაგადახოტრილ ბიჭს რომ არ დავეჭირე. ამ ბიჭს მხარზე უზარმაზარი სპორტული ჩანთა ეკიდა, ჩანთაზე კი დიდი ოვალური ბურთი იყო გამოსახული.

რაგბი რა ხილი იყო, იმ დროს საქართველოში ცოტამ თუ იცოდა და როდესაც ვაკეში, სპორტსკოლის გადახრიოკებულ სტადიონზე, მორბენალ ერთ-ერთ ჯეელს ხელში ჩემთვის უკვე ნაცნობი ოვალური ბურთი დავუნახე, ინტერესი გამიმძაფრდა. მერე სკოლასა თუ უბანში კარგა ხანს ვცდილობდი, ბიჭები ამ თამაშში ამეყოლიებინა, მაგრამ წესები ჩვენ არ ვიცოდით, თუმცა ბურთის დევნაში აგორებულ ზედახორებში გვარიანად დავიჟეჟეთ, ისე რომ, ბოლოს მისაყვედურეს კიდეც – ცემა-ტყეპა თუ გინდოდა, თავიდანვე გეთქვაო.

გავიდა ცოტა ხანი და რაგბი ერთბაშად საოცრად პოპულარული გახდა. ნამდვილი ანგლოსაქსებივით, წესებშიც უცებ გავერკვიეთ და სხვა, ჭეშმარიტად რაგბული რამეებიც ვისწავლეთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასულ ოცწლეულში ჩვენს ქვეყანაში მომხდარი ცუდი ამბების ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) საპირწონე კლოდ სორელის დამოძღვრილი ქართველი მორაგბეების გამარჯვებები იყო. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვის ვუგებდით და რამდენად ძლიერი მეტოქე გვყავდა – მთავარი ის გახლდათ, რომ ქართველები რაღაცაში მაინც ვაღწევდით წარმატებას და მორიგი გამარჯვების შემდეგ გაყინულ საწოლებშიც კი ტკბილად გვეძინებოდა.

ვინ იცის, რამდენი წელი ელოდა მილიონობით გულშემატკივარი იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რაგბის ოლიმპიურ სახეობათა ნუსხაში შეიტანდა. მთელ მსოფლიოში გამუდმებით საუბრობდნენ ამაზე, რაგბის ოლიმპიადაზე დაშვების ამბავს კი საშველი არა და არ ადგებოდა. და აი, როგორც იქნა, გაიხსნა ეს მისტიკური „რკინის ფარდა” – 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე სპორტის სხვა სახეობებთან ერთად რაგბიშიც გაიმართება პირველობა. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიიღებს შვიდკაცა რაგბის 12 გუნდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

იმედია, ქართული სპორტის მესვეურები და ის ხალხი, „ბევრი რომ აქვთ და ღმერთმა უფრო მეტიც მისცეთ”, ახლა მაინც არ დაინანებს რაგბისთვის ფულს. მეეჭვება, რომელიმე სარაგბო ქვეყანაში ჩვენსავით გაუმართავი ინფრასტრუქტურა ჰქონდეთ. არადა, ტალანტს თვალნათლივ ვხედავთ, მონდომებაც, იცოცხლე, ჩვენს მორაგბეებს საკმარისზე მეტი აქვთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი