ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ნამდვილი მკლავჭიდი, წესების დაცვით

მკლავჭიდის სიყვარულმა არ იცის არც დრო, არც სივრცე. სპორტის ეს სახეობა თავისი არსით საერთაშორისო და კოსმოპოლიტურია, რამდენადაც მასში ჩადებულია უზარმაზარი ბიოლოგიური აზრი – მკლავჭიდი ყველა მამაკაცს აძლევს საშუალებას, უმარტივესი გზით გამოავლინოს თავისი ძალა და ამით ზიანი არავის მიაყენოს.

სპორტის სახეობა არმრესტლინგი (იგივე მკლავჭიდი) კალიფორნიის ქალაქ პეტალუმას ერთ-ერთ ბარში დაიბადა 1961 წელს. მას შემდეგ ამ ქალაქში ყოველწლიურად იმართებოდა მსოფლიო ჩემპიონატი პროფესიონალ მკლავჭიდელთა შორის. ამ მოვლენის პატივსაცემად პეტალუმაში ძეგლიც კი დაიდგა.

მკლავჭიდის მამამთავრად პროფესიონალ ჟურნალისტ ბილ სობერანსს მიიჩნევენ. მან პირველმა დააფუძნა რისტრესტლინგის მსოფლიო კორპორაცია WWC, რომელიც დღეს თხუთმეტი ქვეყნის სპორტულ ფედერაციებს აერთიანებს.

როგორც სამოყვარულო, ისე პროფესიონალური შეჯიბრება საკმაოდ მარტივი და ღია წესებით იმართება. სპორტსმენები სპეციალურ მაგიდასთან დგებიან (წინათ მკლავჭიდელები მჯდომარენი პაექრობდნენ), ფეხებით მყარად ებჯინებიან იატაკს, ხელის მტევნებს კი მაგიდის შუაგულში ისე გადააჭდობენ ერთმანეთს, რომ რეფერიმ მათი ცერა თითების ფალანგები კარგად დაინახოს; ცალი ხელი იდაყვში აქვთ მოხრილი, თავისუფალი ხელით კი სპეციალურ პალოს ეჭიდებიან. ამასთან, სპორტსმენების ხელი მაგიდის კიდის პარალელურად უნდა იყოს მოთავსებული და არ სცდებოდეს საკონტროლო ხაზს. ისეც ხდება, რომ გადამეტებული ძალისხმევის შედეგად მკლავჭიდელებს ხელები უსხლტებათ. ამ შემთხვევაში მსაჯი მათ ხელის მტევნებს სპეციალური ქამრით უკრავს.
„ყურადღება, დაიწყეთ!” – ბრძანებას გასცემს მსაჯი და ორთაბრძოლა იწყება. ის, ვინც მოწინააღმდეგეს პირველი აიძულებს მაგიდაზე სპეციალურად მოთავსებულ ბალიშზე თითების, ხელის მტევნის ან წინამხრის დადებას, გამარჯვებულად ცხადდება. თუმცა გამარჯვებისთვის ისიც საკმარისია, თუ მეტოქე პირობით ჰორიზონტალურ ხაზს (ორ ბალიშს შორის) გადაკვეთს.

წესის დარღვევად ითვლება იდაყვის მაგიდიდან აცილება ან გაცურება, მაგიდის შუა ხაზის თავით, მხრებით გადაკვეთა, ასევე თავის ან მხრის მკლავზე შეხება ან ხელის მოკიდება. ჭიდილის დროს დაუშვებელია პალოდან ხელის აღება ან ფეხის იატაკიდან აცილება.

მკლავჭიდი ფიზიკურთან ერთად დაძაბული ფსიქოლოგიური ბრძოლაც არის, ამიტომ გამარჯვებისთვის საჭიროა, სრულყოფილად ფლობდე სპორტის ამ სახეობის ტაქტიკურ და ტექნიკურ ილეთებს, ანუ მკლავჭიდის სკოლას. ყველა ჩემპიონს საკუთარი ტექნიკა და ტაქტიკა აქვს.

მკლავჭიდის სკოლა პირობითად სამ ფაზად იყოფა. ესენია: სასტარტო პოზიცია, შეტევა და უპირატესობის გამოყენება. ნებისმიერი მკლავჭიდელის აზრით, ორთაბრძოლის ბედი თითოეული მათგანის ზედმიწევნით ცოდნამაც შეიძლება გადაწყვიტოს.

მაგალითად, ამ სპორტის ოქროს წესად მიიჩნევა სასტარტო პოზიციაში დგომის ისეთი მანერა, რომლის დროსაც მხარი და მკლავი უკიდურესად ახლოსაა ერთმანეთთან (ოღონდ არ ეხება). სხვათა შორის, სპორტსმენს ორთაბრძოლისას დამატებითი უპირატესობა გაუჩნდება, თუ სტარტის დროს ერთმანეთს შეუთავსებს საკუთარი სხეულის სიმძიმის ცენტრსა და ჩაჭიდების წერტილს და ოდნავ გადასწევს სხეულის მასის პროექციას დაჭიდებული მკლავის მხარეს). 

ყოველი პროფესიონალი მკლავჭიდელი ცდილობს, მსაჯის ბრძანებისთანავე წამის დაუკარგავად აიძულოს მოწინააღმდეგე, იმოქმედოს მისთვის სასურველი ტაქტიკით. ვიღაც მეტოქის საჩვენებელი თითიდან გასხლტომას ცდილობს და მას თავის ხელისგულს აფარებს („იერიში ზემოდა”); სხვა სასტარტო პოზიციიდან ამჯობინებს მტევნის ჩაზნექას და მეტოქის ხელის ნეკით მოქაჩვას („იერიში კაუჭით”), ზოგი კი არბიტრის ნიშნის გაგონებისთანავე მაჯაში მოხრილი ხელით მეტოქის ხელს წინ კრავს და შემდეგ თავისკენ ქაჩავს („იერიში მუჯლუგუნით”).

ნებისმიერ შემთხვევაში მკლავჭიდელმა უნდა მოახერხოს მეტოქის ხელის მაგიდის მხარეს 45-გრადუსიანი კუთხით დახრა, მერე კი მისი დანარცხება აღარ გაუჭირდება, მაგრამ აქ ერთი მთავარი პირობა უნდა გაითვალისწინოს – არ გადაამლაშოს და წარმატებით აღფრთოვანებულმა მთელი ძალით არ დაარტყმევინოს მეტოქეს მაგიდაზე ხელი, თორემ ასე შეიძლება მასაც მოსტეხოს კიდური და თავადაც დაშანდეს. ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა შეჯიბრების დროს.

მკლავჭიდელებს განსაკუთრებულად ახსოვთ 1987 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. ზუსტად შეჯიბრების დროს კინოკომპანია „უორნერ ბროზერსი” იღებდა მხატვრულ ფილმს „მთელი ძალით”, რომელშიც მთავარ როლს სილვესტერ სტალონე ასრულებდა. მთავარი პრიზი, 100 000 დოლარი და 250 000 დოლარად შეფასებული სატვირთო ავტომობილი „მერსედესი”, რომელსაც ფილმის გმირი იგებს, სინამდვილეში სწორედ ჯონ ბრზენკმა დაისაკუთრა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი