პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

გაცრეცილი ფოტოების ხიბლი

მოცალეობისას, როდესაც მსოფლიო სპორტში განსაკუთრებული არაფერი ხდება, კარგი წიგნის ძებნა გეზარება და თავისუფალი დროც თავზე საყრელად გაქვს, ინტერნეტზე უკეთესი გულის გადასაყოლებელი, არა მგონია, არსებობდეს. ასეთ დროს კაცი „ყვითელი ჟურნალების” მოყვარულ ქალს ემსგავსები. იძრომიალებ, იძრომიალებ და ბოლოს სპორტსმენების პირად ინტერნეტგვერდს ან ფანკლუბის საიტს ესტუმრები. საინტერესო არ არის, როგორ უხსნის სიყვარულს ჯონ ოშის მავანი სტოკჰოლმელი ფანი, ანდა როგორ მოთქვამს თავის ბედკრულ ბავშვობაზე რობერტო კარლოსი – რა საჭიროა სიტყვები, როდესაც ყველაფერს სპორტსმენების ძველი, ბავშვობისდროინდელი ფოტოები გეუბნებიან.

საოცარ გრძნობას იწვევს უხარისხო, შავ-თეთრი ფოტო – 11-12 წლის რუბენს ბარიკელო და მისი მეგობარი შავკანიანი ბავშვი საღეჭ რეზინს ბერავენ და ისეთი კმაყოფილი სახეები აქვთ, არც კი შეგშურდებათ. მეორე ფოტოზე ექვსიოდე წლის გაბრიელ ბატისტუტა ფერმერ მამასთან ერთად ცხენს სათლში შვრიას უყრის. მამა-შვილის ჩაცმულობით ადვილად მიხვდებით, რომ ბატისტუტების ოჯახი 40 წლის წინანდელი არგენტინის კვალობაზეც კი ძალიან ღარიბი იყო. 
 

ნახავთ მეგობრის დღეობაზე მისულ 15 წლის პოლ ინსს, რომელსაც ხელში შავი ლუდით სავსე უზარმაზარი ბოკალი უჭირავს და გვარიანად შექეიფიანებული ჩანს. ინსის გვერდით გამოპრანჭული ქერათმიანი გოგონა ზის, რომელიც პოლს ისე შესციცინებს, ინსი ქართველი რომ იყოს, იფიქრებდით, ნამდვილად მანდილოსნების სადღეგრძელოს სვამსო… აი, ამ ფოტოზე პატარა ფაბრიციო რავანელი მშობლებთან ერთად მტვრიან ქუჩაშია გადაღებული. ძალიანაც რომ მოინდომოთ, შავთმიან, წითელშარვლიან ბავშვში ფაბრიციოს ვერ ამოიცნობთ. ფოტოს კუთხეში ბეჭდური წარწერაა: „ემილია პიტო”. ჩანს, ფოტოსურათი არა მოყვარულს, არამედ პროფესიონალ ფოტოგრაფს გადაუღია.

 
უსაშველოდ დიდი ფანტაზია უნდა გქონდეთ, პატარა გემის მოაჯირზე მდგომ მაღალ, თმახუჭუჭა თინეიჯერში ანდრე აგასი რომ ამოიცნოთ. ცამეტიოდე წლის მომავალ სპორტსმენს ხელში გრძელი ანკესი უჭირავს და, მისი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, თევზაობაში იმ დღეს მწარედ მოეცარა ხელი. სამაგიეროდ, ადვილად მიხვდებით, რომ ნაცრისფერ სასკოლო ფორმაში გამოწკეპილი ქერაკულულებიანი ბავშვი დევიდ ბექჰემია. დევიდს ცალი ხელი დედისთვის ჩაუკიდია, მეორეში კი ნახევრად შეჭმული ნაყინი უჭირავს. ასეთ ფოტოებს ბავშვებს სკოლაში მისვლის პირველ დღეს სკოლის ეზოში მდგარი მოხუცი ფოტოგრაფები უღებენ და, როგორც წესი, ფოტო სულაც არ გამოდის ისეთი კარგი, როგორიც ბავშვის დედას უნდა.
 
თუ დააკვირდებით, ადვილად შეამჩნევთ, რომ ევროპელი სპორტსმენების ფოტოები უმეტესად ფერადია, ლათინოამერიკელებისა და აფრიკელებისა კი – შავ-თეთრი. ეს უბრალო დეტალიც კი ცხადყოფს, როგორი სხვადასხვანაირი ბავშვობა ჰქონდათ მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში გაზრდილ სპორსტმენებს. თუ ინტერნეტში დევიდ სიმენის ბავშვობის უამრავ ფოტოს იპოვით, რომლებზეც აღბეჭდილია, როგორ დადიოდა დევიდი ბაღში, სკოლაში, ვარჯიშებზე, როგორ ჭამდა, როგორ ეძინა და სხვა, ჟორჟ ვეას ბავშვობისდროინდელი ფოტოსურათი სულ ორიოდე მოიპოვება, ისიც უხარისხო, და ორივეზე ვეა სხვა ბავშვებთან ერთად არის გადაღებული. ეჭვგარეშეა, ამ ფოტოებში ვეას მშობლებს ფული არ გადაუხდიათ, ისინი საერთოდ არ არის მათი ოჯახური ალბომიდან  (ან ჰქონდათ კი ოჯახური ალბომი?!) – ისინი აშკარად რომელიმე სხვა ბავშვის არქივიდანაა და მას შემდეგ, რაც ვეა პოპულარული გახდა, გადავიდა ხელიდან ხელში.
 
ვის არ უნახავს სპორტული გამარჯვების შემდეგ გახარებულ-გალაღებული სპორტსმენების ფოტოები… ფოტოები რა ბედენაა, როდესაც უზარმაზარი პოსტერები ჩეჩქივით ყრია. მაგრამ სულ სხვა ხიბლი აქვს ძველ, გაცრეცილ ფოტოსურათებს, რომლებსაც სამუდამოდ შემოუნახავს იმ გზის ფრაგმენტები, სპორტსმენებმა ხშირად უსიხარულო ბავშვობიდან დიდ წარმატებამდე რომ განვლეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი