„სამეტყველო უნარ-ჩვევები“ – იზოლირებულად თუ ინტეგრირებულად?

უცხო ენების დიდაქტიკაში ხშირად ხდება ცნებების: „უნარი” და „უნარ-ჩვევა” – აღრევა, თანაც არა მარტო ზეპირ მეტყველებაში, არამედ დარგობრივ ლიტერატურასა და ოფიციალურ წერილობით დოკუმენტებშიც კი. ეს შესაძლოა იმით იყოს განპირობებული, რომ ცნებები ფსიქოლოგიიდან და ფსიქოლინგვისტიკიდან არის აღებული და მათი დიფერენცირება საკმაოდ რთულია.
ფსიქოლოგიაში „უნარები” გულისხმობს იმას, რაც მოსწავლეს გაკვეთილამდე მოაქვს, თვისებას, რომლითაც მოსწავლის ქცევა ხასიათდება, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ უნარები უცვლელი, სტატიკური არ არის, ისინი სასწავლო პროცესის განმავლობაში ვითარდება. ფსიქოლინგვისტიკაში მიიჩნევენ, რომ ადამიანს დაბადებიდანვე აქვს უნარი, ენა თვითონვე „გადაამუშაოს”.
იმისთვის, რომ ფსიქოლოგიიდან და ფსიქოლინგვისტიკიდან შემოსული ტერმინებით გამოწვეული გაუგებრობა თავიდან აეცილებინათ, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, უცხო ენების დიდაქტიკაში ე.წ. კომუნიკაციური გადატრიალების შემდეგ, ცნებები: „კომპეტენცია/ენობრივი უნარი”, რომლებიც მოსწავლეთა წინა პირობების გათვალისწინებისა და მათ მიერ ახალი საკომუნიკაციო სიტუაციების დაძლევისკენაა მიმართული, შეიცვალა ერთი სასწავლო მიზნით, რომელსაც „კომუნიკაციური კომპეტენცია”, „ენობრივი ქმედების უნარი” ეწოდა. სწორედ ამ დროს დამკვიდრდა ცნება „უნარ-ჩვევაც”, რომელიც სასწავლო სიტუაციებში მანამდე გამოყენებულ/„მოტანილ” უნარებს დაუპირისპირდა და რომელიც მოსწავლის მიერ სასწავლო პროცესში ათვისებას ითვალისწინებს. დიდაქტიკოსებს მიაჩნიათ, რომ, მაგალითად, ენის შესწავლელს ამა თუ იმ ტექსტის დაწერისას წერის უნარი კი არ გააჩნია, არამედ ის დიდი ხნის ვარჯიშის შემდეგ იღებს ტექსტის წერის/შედგენის უნარ-ჩვევებს. ამასთან, უნარ-ჩვევების ფლობაზე ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ავტომატიზებული ხდება და პრაქტიკაში გამოყენებისას დიდ ყურადღებას აღარ მოითხოვს. როდესაც მოსწავლეს აზრის ზეპირი ფორმით გამოხატვა სურს, ის არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომელი გრამატიკული ფორმების გამოყენება სჭირდება ფრაზის გასამართავად, ან მის სწორად წარმოსათქმელად როგორ მართოს თავისი სამეტყველო აპარატი… გრამატიკაზე, ლექსიკაზე, წარმოთქმასა (ფონეტიკა) და სწორად წერაზე (მართლწერა) მოსწავლემ იმდენ ხანს უნდა იმუშაოს, სანამ საბოლოოდ არ დაეუფლება მათ მართებულ გამოყენებას კომუნიკაციის დროს.
ენის სისტემის ასპექტები (ლექსიკა, გრამატიკა, ფონეტიკა, მართლწერა) ასევე ენობრივ საშუალებებად იწოდება, რამდენადაც მათი ცოდნა ენის შემსწავლელს საშუალებას აძლევს, ამ ენაზე წაკითხული და მოსმენილი გაიგოს და თავისი სათქმელი თქვას ან დაწეროს. ამდენად, უცხო ენაზე კომუნიკაცია ამ ენობრივი საშუალებების ათვისების შედეგად ხდება. მიღებული ლექსიკური, გრამატიკული, ორთოეპიული და ორთგრაფიული უნარების განვითარების შედეგად მოსწავლეს უყალიბდება შესაბამისი სამეტყველო უნარ-ჩვევები, ანუ უნარების დონიდან იგი უნარ-ჩვევების დონეზე გადადის.

უნარ-ჩვევებით ხდება ქმედება/კეთება, ვარჯიში, ავტომატიზება პროცესში: ენას მოსწავლე მაშინ ფლობს, როდესაც მოსმენა, ლაპარაკი, წერა და კითხვა იმდენად აქვს ავტომატიზებული, რომ სრულფასოვნად შედის კომუნიკაციაში. კომუნიკაციის საწარმოებლად ჩვენ ბგერათა აკუსტიკურ იდენტიფიცირებაზე, ხმოვანთა სწორ წარმოებასა და წერისას საჭირო ფსიქომოტორულ მოძრაობებზე კი არ ვართ კონცენტრირებული, არამედ იმაზე, რაზე და როგორ უნდა ვილაპარაკოთ თუ ვწეროთ, ანუ რა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს მოსასმენ თუ საკითხავ ტექსტს. ტრადიციული სწავლების ფორმაზე ორიენტირება ამჟამად შინაარსზე ორიენტირებამ შეცვალა; ცალკეულ ენობრივ საშუალებებსა თუ სამეტყველო უნარ-ჩვევებზე ვარჯიშის ნაცვლად თანამედროვე გაკვეთილის მიზანს წარმოადგენს სამეტყველო უნარ-ჩვევების არა იზოლირებულად, არამედ ინტეგრირებულად მიწოდება. კომუნიკაციაში ეს ელემენტები არა ცალკეულად, არამედ ერთ კომპლექსურ მთლიანობად გამოიყენება. კომუნიკაციაში ყველა ეს ელემენტი მონაწილეობს და მათი ერთმანეთისგან განცალკევებულად სწავლება არ შეიძლება. 

მოსმენის, ლაპარაკის, კითხვისა და წერის დროს გარედან შეუძლებელია იმის ზუსტად აღქმა, რა მოვლენებთან გვაქვს საქმე. მართალია, ლაპარაკის დროს გვესმის ბგერების თანმიმდევრობა, წერის დროს ვხედავთ ხელის მოძრაობებს, რომლებსაც აზრიანად გადააქვს ქაღალდზე გარკვეული ნიშნები, მაგრამ მაინც გვიჭირს იმის გაგება, რომ სინამდვილეში ამ დროს უფრო მეტი ხდება. მაგალითად, იმისთვის, რომ ილაპარაკოს, ადამიანმა კარგად უნდა გაიაზროს, რისი თქმა სურს, სიტყვები სწორად დაალაგოს და მოსაუბრე და სამეტყველო ინტენცია (Sprechabsicht/განზრახვა) ერთმანეთთან დააკავშიროს. ამრიგად, სანამ ადამიანი რამეს წარმოთქვამს, მანამდე მის გონებაში პროცესების მთელი წყება (ძიებითი, ერთმანეთთან დასაკავშირებელი და გადამწყვეტი) მიმდინარეობს და ჩვენს გონებაში რომელიმე ერთი უნარ-ჩვევის ცალკეულად გამოყენებისთვის ყველა მათგანი ერთვება პროცესში. როდესაც პროცესში რეცეფციული უნარ-ჩვევები (მოსმენა, კითხვა) მონაწილეობს, მაშინვე ირთვება ჩვენი საპასუხო რეაქციებიც მოსმენილისა თუ წაკითხულის მიმართ. მოსმენისა და კითხვის პარალელურად აქტიურდება ჩემი შესაძლო პასუხები და ამ საკითხებისადმი ჩემი დამოკიდებულება. მსმენელი ყოველთვის მოპასუხეცაა, ისევე როგორც მოსაუბრე და წერილობითი ტექსტის შემქმნელი მსმენელსა და მკითხველთან ერთად ფიქრობს და ლაპარაკის დროს მსმენელის რეაქციებს ითვალისწინებს. მაგალითად, თუ მოსაუბრე ამჩნევს, რომ მსმენელი ვეღარ უსმენს, ან მოუსვენრადაა, ის ეცდება, ხმას აუწიოს ან სხვა აქტივობას მიმართოს მისი ყურადღების მისაპყრობად.

როდესაც ოთხივე უნარ-ჩვევის დაუფლება ერთდროულად მიმდინარეობს, ენის შემსწავლელი უკეთ ეუფლება ნებისმიერ მათგანს, ვიდრე ცალ-ცალკე, თუნდაც ხანგრძლივი ვარჯიშის შედეგად. როდესაც ადამიანი ბევრს კითხულობს (კითხვის უნარ-ჩვევა), ის უკეთესად იცნობს ასოთა/ნიშანთა სისტემას და უკეთ ახერხებს ბგერების სწორად გამოყენებას, ვიდრე ის, ვინც დეკლარაციულ მოსმენას მეტ ყურადღებას უთმობს ბგერების შესასწავლად. ენის ასეთი შემსწავლელის წერის კომპეტენციაც გაცილებით მაღალია, ვიდრე იმ ადამიანისა, რომელიც მხოლოდ ორთოგრაფიულ უნარებს ეუფლება და ა.შ. ენის შესწავლისას, ერთი მხრივ, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მოსმენის, ლაპარაკის, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების ხსენებისას მათზე როგორც ცალკეულ ძირითად ელემენტებზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ მთელ კომპლექსზე, რომელსაც ფსიქომოტორული, სემანტიკური და სტრატეგიული კომპონენტები ეკუთვნის. მეორე მხრივ, კომუნიკაციური ქმედება ზოგიერთ შემთხვევაში ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, უნარ-ჩვევებზე იზოლირებულ მუშაობასაც, თუ ეს ენის შემსწავლელთა კულტურიდან გარკვეულ გამონაკლისებს მოითხოვს. ზოგიერთ კულტურაში, მაგალითად, შესასწავლი ენის ბგერათა სისტემა სრულიად განსხვავდება ენის შემსწავლელთა მშობლიური ენისგან, რის გამოც ენის შემსწავლელი უფრო მეტი დატვირთვით უნდა მუშაობდეს ფონეტიკასა და მოსმენის უნარ-ჩვევაზე. ის ენები, რომლებშიც არტიკლი ან სქესი მნიშვნელოვან გრამატიკულ მოვლენებს არ წარმოადგენს (ასეთია ქართული ენაც), უცხოენოვან გრამატიკაში ამ საკითხებს ცოტა მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს (თუმცა გრამატიკა გაკვეთილის მიზანი არ უნდა გახდეს!).

პრაქტიკაში სამეტყველო უნარ-ჩვევების ინტეგრირებული მიწოდების კარგი მაგალითია ტექსტზე მუშაობა. ტექსტის შეტანა მოსწავლესა და მასწავლებელს მუშაობის ფართო სპექტრს სთავაზობს და მრავალი სახის სამუშაოს შესრულებას უწყობს ხელს. ტექსტის საშუალებით მოსწავლე გაკვეთილზე არა მარტო გრამატიკის რომელიმე მოვლენას ან ახალ ლექსიკურ ერთეულს ითვისებს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ტექსტის შინაარსს ეცნობა და მასში მოყვანილი საკითხებისადმი საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს ზეპირი თუ წერილობით ფორმით. ტექსტის საშუალებით მოსწავლეს შეუძლია გაეცნოს და შეისწავლოს ესა თუ ის ენობრივი სტრუქტურა და წაკითხული თუ მოსმენილი ტექსტის (კითხვა და/ან მოსმენა) ანალიზის შემდეგ ამ შინაარსის შესახებ აზრი გამოთქვას (ლაპარაკი და/ან წერა). ტექსტის დახმარებით მოსწავლეს შეუძლია, გაკვეთილზე შემოქმედებითად იმუშაოს და/ან ტექსტის წაკითხვის შემდეგ განახორციელოს ისეთი აქტივობები, რომლებიც კრიტიკულ აზროვნებას მოითხოვს მისგან და, ამდენად, წერის ან ლაპარაკის უნარ-ჩვევაზე იმუშაოს (ტექსტის გადაკეთება, ამბის დასასრულის შეთხზვა, როლური თამაშები და სხვ.).

ოთხივე უნარ-ჩვევის ერთდროულ განვითარებას (თანამედროვე გაკვეთილი) ენის შემსწავლელი სამეტყველო უნარ-ჩვევის ცალკეულ განვითარებაზე (ტრადიციული გაკვეთილი) ეფექტურ შედეგამდე მიყავს. წინათ თუ კითხვის კომპეტენცია მასწავლებლებისთვის უმეტესად მხოლოდ „ხმამაღლა კითხვით”, „კითხვა-თარგმნით”, „ტექსტის ფაქტობრივ ცოდნაზე ორიენტირებული კითხვა-პასუხების სავარჯიშოებით”, „კითხვითა და ტექსტის მოკლე შინაარსის გადმოცემით” შემოიფარგლებოდა, დღეს მოსწავლეს შეუძლია, შემოქმედებითად იმუშაოს ტექსტზე და ის უამრავი სხვა მიზნისთვის გამოიყენოს. ვინაიდან ტექსტები მრავალწახნაგოვანია (მაგალითად, მხატვრული ტექსტი), არსებობს მისი არა ერთადერთი სწორი ინტერპრეტაცია, არამედ ბევრი სხვა ალტენატივაც, რაც მოსწავლეს მისი ინტერპრეტირების ფართო შესაძლებლობას აძლევს. ეს, უპირველეს ყოვლისა, პროდუქციული უნარ-ჩვევების (ლაპარაკი, წერა) განვითარებას ემსახურება. 
ოთხივე უნარ-ჩვევის ერთდროული განვითარება მიღწეულ ეფექტურ შედეგებთან ერთად გაკვეთილებს სახალისოს ხდის და მოსწავლეც ძალდაუტანებლად ერთვება სასწავლო პროცესში. ტექსტზე მუშაობის ფაზები და სავარჯიშოთა ტიპოლოგია დღეს არა მარტო კითხვის კომპეტენციის, არამედ ყველა სხვა დანარჩენი ელემენტების განვითარებას ემსახურება. ტექსტის წინარე, ტექსტის პარალელური და ტექსტის შემდგომი დავალებების შესრულებისას მოსწავლეს უწევს არა მარტო კითხვის უნარ-ჩვევაზე ვარჯიში, არამედ ისეთი დავალებების შესრულებაც, როგორებიცაა: წაკითხულის ანალიზი, ტექსტის სიუჟეტის გადაკეთება ან ტექსტის გაგრძელება, ნაწარმოების მთავარი პერსონაჟის პერსპექტივიდან გამოსვლა, დღიურების ჩანაწერების კეთება, წერილის და/ან დიალოგის შედგენა და, ამასთანავე, სხვადასხვა პროექტის განხორციელება – ისეთებისა, როგორიცაა სცენების გათამაშება, პიესების წერა, ინფორმაციის წყაროების მოძიება და სხვა.

 

კომენტარები

comments