პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

გულიდან აქერცლილი მინიატიურები, ანუ მათ გარეშე

ახალი თემის ძიებაში მოწაფეებსა და მასწავლებლებს ხშირად ვესაუბრები სხვადასხვა საკითხზე. რამდენიმე დღის წინ უმცროსმა მეგობარმა, რომელიც დამამთავრებელ კლასში სწავლობს, მითხრა, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ზოგიერთი ავტორისა და ტექსტის მიმართ მისი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს. ეს ხედვა მასწავლებლისთვის იმდენად უმართებულო მომეჩვენა, რომ წერილის დაწერა გადავწყვიტე.
ამრიგად, არსებობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა არცთუ მცირე ნაწილი, რომლისთვისაც ქართული მწერლობა შუშანიკით იწყება და გალაკტიონით მთავრდება, თუმცა მათ შორის არსებული ზღვა ლიტერატურიდან მხოლოდ რამდენიმე ავტორის შემოქმედებას თუ იცნობენ. შესაძლოა, სარკასტული მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია – მათ პროფესიულ ხედვაში არსებული მუშკ-ამბრის სურნელი და მარტოსული სატრფოს ბოდვა ბარათაშვილსაც კი მტკვარში დაახრჩობინებდა თავს, ხოლო რუსთაველის პოემის პერსონაჟს იმდენ ვეფხვს დაახოცვინებდა, რომ მოსწავლეებს მოუწევდათ, ენციკლოპედიებში ეძებნათ სიტყვა „ვეფხვის” მნიშვნელობა.
სასწავლო ტექსტებთან ერთად, კარგი იქნება, თუ მასწავლებელი ურჩევს მოსწავლეს კლასგარეშე ლიტერატურასაც, მაგრამ რა სასარგებლო რჩევის მიცემა შეუძლია პედაგოგს, რომელსაც მიაჩნია, რომ ნიკო სამადაშვილის პოეზია გარდატეხის ასაკში მყოფი გოგო-ბიჭებისთვის განკუთვნილი ლიტერატურაა, და არც კი გაუგონია თამაზ ბაძაღუა, კარლო კაჭარავა, გიორგი კორნაპელი, შოთა ჩანტლაძე?! ხომ არ შეიძლება, გამუდმებით იმ (უდიდეს) ავტორებს ვუტრიალოთ, ვისი სურათებიც საკლასო ოთახებშია ხოლმე გამოფენილი?! პედაგოგს, რომელიც მხოლოდ „მნიშვნელოვან ავტორებს” ხედავს და ყურადღებას არ აქცევს სხვებს, რა თქმა უნდა, წარმოდგენაც არ ექნება კონკრეტული ლიტერატურის ისტორიის, მისი განვითარებისა თუ დაცემის პერიოდების შესახებ. 
არ მინდა, ერთი მასწავლებლის მაგალითი განვაზოგადო და ჩემი წერილი არარსებულ პრობლემაზე კამათს დაემსგავსოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მაგალითი, როგორც აღვნიშნე, შავი ჭირივით არის გავრცელებული. რაკი სამადაშვილი ვახსენე, მოდი, თვალი გადავავლოთ მის პოეზიას და ვნახოთ, იქნებ მართლაც გოგო-ბიჭების საკითხავი ლიტერატურაა ან არაფრით სჯობია რომელიმე საწყალობელი ქართველი მომღერლის სიმღერების ტექსტებს.
ავტორის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი ისიც არის, როგორ აგრძელებს იგი წინამორბედთა მხატვრულ, ფილოსოფიურ, ესთეტიკურ გზას და, ამასთანავე, რა ახალ ხედვას გვთავაზობს. მოდი, ვცადოთ პარალელების გავლება სამადაშვილისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებს შორის. საინტერესოა, როგორ უკავშირდება ერთმანეთს ამ ორ ავტორთან თუნდაც მდინარისა და მარტოობის თემატიკა (მდინარე როგორც ცხოვრების წარმავლობა და მარტოობა როგორც ამ წარმავლობის შედეგი):
ბარათაშვილი: 
„წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით”.
„მე ახლა წავალ, ჭმუნვა მეყრება,
ძვლები ხრჩოლავენ ტანში ყელამდი.
მხოლოდ ეს გული ეგდოს რიყეზე,
ვით სისხლიანი ქრისტეს პერანგი”, – 
ეს სამადაშვილია. ამავე ლექსში, სადაც პოეტი მდინარე ლიახვს მიმართავს, ვკითხულობთ:
„შენ ამიყვავე ჩემი დარდები,
და ის წარწერა: ,,კაცს ვერ ვპოვებდი”.
ვგონებ, თვალსაჩინოა, როგორ ჰგავს ერთმანეთს იდეურად და ფილოსოფიურად სამადაშვილის ფრაზა „კაცს ვერ ვპოვებდი” და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „სული ობოლი”.
„ალბათ, მერანმა ფრთები გაჰკრა მარადისობას,
რომ ვარსკვლავები ცაში გაჩნდნენ ნაპერწკლებივით”, –
ვკითხულობთ სამადაშვილის ლექსში, რომელიც მან ბარათაშვილს მიუძღვნა. 
არ შემიძლია, ყურადღება არ გავამახვილო ტერენტი გრანელისა და სამადაშვილის პოეზიის ერთგვარ მსგავსებაზე, რომელიც არც ერთ მათგანს არ ამცირებს. ისევე, როგორც გალაკტიონთან სიტყვას „გული”, ან ოთარ ჭილაძესთან – „თოვლს”, ტერენტისა და ნიკოს ლექსებში ძალიან ხშირად ვაწყდებით სიტყვებს „სადღაც” და „შორს”. გრანელი: „სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია”; „შორს ქარი კივის, ახლო მტერია”; „და შორს ღრუბლებით ცა დაისერა”; „აქეთ მზეა, იქ თოვლია სადღაც”; „სადღაც მღეროდნენ და იდგა ღამე” და ა.შ.; სამადაშვილი: „სადღაც სანთლებთან ტიროდნენ ტბები”; „შორს იყო კიდევ დისკოთა მზვარე”; „სადღაც მღვიმეში ენთო კანდელი”; „ქარიშხლებს სადღაც ჩაეცინებათ” და სხვ. ეს ორი სიტყვა იდუმალის, ამოუცნობის დატვირთვას ატარებს, მათ უკან ავტორები ახერხებენ რაღაცის გადამალვას, ტექსტში უფრო მეტი ბუნდოვანება შეაქვთ. ეს არის მუქი ფერებისა და არამკაფიო სურათების პოეზია. 
უკვე იდეალისტური კულტურის წიაღში მწერლებმა თანდათან დაკარგეს ამა თუ იმ რელიგიის ცოდნა, მაგრამ რელიგიურ პერსონაჟებსა და თემებზე მაინც იქმნებოდა ლიტერატურა. მეოცე საუკუნის საქართველოში ალბათ ვერ ვიპოვით ავტორს, რომლის ერთ ნაწარმოებს მაინც არ ჰქონდეს ასოციაციური ან სხვა ტიპის კავშირები რელიგიურ ტექსტებთან, თუმცა მათი უმეტესობა სუსტია, ვინაიდან ეს ავტორები ვერ ახერხებენ კონკრეტული რელიგიური სწავლების ნიუანსთა მხატვრულად გადმოცემას. დავუბრუნდეთ სამადაშვილს, რომელიც, ჩემი აზრით, შესანიშნავად ართმევს თავს ამ საკითხს:
„მინდოდა ზეცა გადამერბინა
და საფლავები სტვენით ამეკლო”.
შეუძლებელია, ამ ორმა სტრიქონმა არ გაგვახსენოს ქრისტიანული სწავლება იმის შესახებ, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს მიცვალებულები აღდგებიან, ხოლო იქამდე: „აჰა, ის მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი, და აქვითინდება მის წინაშე დედამიწის ყველა ტომი. დიახ, ამინ” (ეს. 3,14; ზაქ. 12,10; მათ. 24,30; იუდ. 1,14).
იქნებ მომავალში უფრო ვრცელი წერილი დავწერო ნიკო სამადაშვილის შემოქმედებაზე, ახლა კი მინდა, მოვიყვანო მისი ლექსებიდან რამდენიმე ამონარიდი, რომლებიც მკაფიოდ წარმოაჩენს, რომ ამ ავტორს ნამდვილად ეკუთვნის ადგილი სასკოლო პროგრამაში, საკლასო ოთახების კედლებზე, სხვა მწერალთა პორტრეტების გვერდით, და იმ მასწავლებელთა გულსა თუ გონებაში, რომელთაც ამ სტატიას „ვუძღვნი”.
ვნახოთ, რა მაღალმხატვრულად აქვს გადმოცემული ერთ სტროფში სამადაშვილს, რა საფუძველზეა დაშენებული ქრისტიანობა საქართველოში:
„წარმართთა ძვლებზე იდგა ტაძარი,
ზევით ლეგენდა მიჰქონდათ მთიებს,
ძირს წმინდა ნინოს ნაფეხურები 
ჰგავდნენ სისხამზე მოკრეფილ იებს”.
დარწმუნებული ვარ, მსოფლიოში სახელგანთქმული მრავალი პოეტი მოაწერდა ხელს ამ სტრიქონებს, რომლებიც სამყაროს, კონკრეტული მატერიის, საგნისა და ადამიანის არსებობის წარმავლობას აღწერს:
„მეც მარტო ყოფნა ათასწლობით მომეწყინება.
თავის ქალაქში მწვანე ხვლიკი შეძვრება ღამე,
ძვლებზე შემხმარი დაფიქრება მოეწონება
და მატლებდახრულ თვალებიდან გახედავს ბაღებს”.
ერთი შეხედვით მხოლოდ მხატვრული ღირებულების მქონე ფრაზები და მეტაფორები ძალიან საინტერესო რელიგიურ და ფილოსოფიურ აზრებს იტევს:
„ხან მთის კონცხიდან ოდნავ ხედავდი
სამყაროს იქით მიმავალ მგზავრებს”.
„ჟამს ტაძრის კანი ისე დაუხრავს,
რომ გარეთ ჟონავს ჭრაქის ნათელი.
ძლივს ვამშვიდებდით შემკრთალ მაცხოვარს
რჯულ დაწყვეტილი ექვსი ქართველი”.
„უსინანულოდ ვტოვებდით ტაძარს
უკანასკნელი ქრისტიანები”.
„პლანეტებს მიღმა ვიღაც ნანობდა,
ვინ იცის, ბარში ვეღარ დაბრუნდეს”. 
არ მინდა, სათქმელი მეტისმეტად გამიგრძელდეს, ამიტომ კნუტ ჰამსუნის პერსონაჟის, იოჰან ნაგელის, სიტყვებით დავასრულებ, რომლებიც მან ბიორნსონზე თქვა, მაგრამ, ვფიქრობ, შესანიშნავად მიესადაგება სამადაშვილსაც: „ის სიცოცხლით სავსე მწერალია… სამოქმედოდ კი ორმოცჯერ მეტ სივრცეს ითხოვს, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი. გარდა ამისა, სულაც არ ცდილობს, ხალხს უდიდეს და მისტიკურ სფინქსად მოევლინოს…”
დაბოლოს, თუ შევთანხმდებით, რომ ერთი ბავშვი ერთი სამყაროა, მაშინ მინდა, მასწავლებლებს ვთხოვო, წააკითხონ მოსწავლეებს სამადაშვილის, კაჭარავას, ბაძაღუას, ჩანტლაძის შემოქმედება და ისევ დაუჯერონ სიმენსონს: „ჰა-ჰა-ჰა! სამყაროს გაოცება უნდა შეძლო, რიდი და პატიჟი რა მოსატანია!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი