პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სასურველი (საძულველი) ჰაგიოგრაფია

– შუშანიკს, – მიპასუხა მეათეკლასელმა ისეთი ხმითა და გამომეტყველებით, თითქოს რაიმე ოკულტურ მეცნიერებას ან მსხვერპლშეწირვის რიტუალს ასწავლიდნენ სკოლაში. სტატიის დაწერაც ამის შემდეგ გადავწყვიტე.

მოსწავლეები, მშობლები თუ მეურვეები ამბობენ, რომ ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა ძნელი გასაგებია, რომ არ არის საჭირო, ამ ტიპის ტექსტები სკოლაში ისწავლებოდეს და ა.შ. რა იღონოს ამ დროს მასწავლებელმა?!

პრობლემა ის არის, რომ ამ ტექსტების ღირსებათა წარმოჩენა დღეს სიტყვა „ჰაგიოგრაფიულით” იწყება და მთავრდება. ავიღოთ კოორდინატთა სიბრტყე, სადაც X და Y კოორდინატთა კვეთა ანუ ნულია სიტყვა „ჰაგიოგრაფია”, ხოლო ამ ტიპის ტექსტთა ყველა საინტერესო თავისებურებას ნულისგან განსხვავებული მდებარეობა აქვს. მოსწავლისთვის ტექსტი მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება მისაღები.

არა მხოლოდ 15-16 წლის მოზარდისთვის (რომელსაც კომპიუტერული თამაშები და მეგობრებთან ვირტუალური მიმოწერა აინტერესებს), არამედ უფროსი ასაკის ადამიანისთვისაც ნაკლებსაინტერესო იქნებოდა ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა, ეს ტექსტები მხოლოდ წმინდანთა გაბმული ტანჯვა-ვაების სურათებად რომ დაგვესახა.

მასწავლებელი ვალდებულია, ჰაგიოგრაფიული ტექსტები კარგად „შეფუთოს”, ბრენდირება გაუკეთოს მათ. ყველა ამ ტიპის ტექსტში აღწერილია სასწაულები, რაც მას საშუალებას აძლევს, კონკრეტული ტექსტი ახსნას როგორც ფენტეზის ჟანრის თანამედროვე ლიტერატურული პროდუქტი (ამ შემთხვევაში მასალისადმი მოსწავლეთა ინტერესი და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა გაიზრდება).

მსოფლიო ჰაგიოგრაფიულ ტექსტთა შაბლონური გეგმა ასეთი იყო: წმინდანის მშობლები, მისი დაბადება, აღზრდა, ქრისტიანული იდეალების ბავშვობიდან შეყვარება, წმინდა ცხოვრება, მარხვა-ზიარება, ლოცვა, მარტვილობა, სასწაულები, ტანჯვის დათმენა და აღსასრული.

ახლა ქართულ ჰაგიოგრაფიას დავუბრუნდეთ და გავიხსენოთ კონკრეტული ტექსტები, თუნდაც წმინდა შუშანიკის ცხოვრება: იაკობ ხუცესს, გარდა იმისა, რომ დასაწყისიდან აღსასრულამდე აღწერს წმინდანის მარტვილობას, აღუნიშნავი არ რჩება შუშანიკის ხასიათის თავისებურებანი, მცირე ცხოვრებისეული დეტალებიც კი. ხუცესი არ ერიდება ისეთი ფაქტების ჩაწერას, რომლებიც თითქმის მიუღებელია ჰაგიოგრაფიული ტექსტების შინაარსისთვის (გავიხსენოთ შუშანიკის ქცევა სუფრაზე, ჯოჯიკის ცოლთან დაპირისპირება).

კიდევ უფრო საყურადღებოა ერთი რამ. შუშანიკის წამებაში ვკითხულობთ: „და წყლულებანი დიდ-დიდნი იყვნეს და მატლიცა დასხმულ იყო წყლულთა მათ, რომელ-იგი აღიღო ხელითა თვისითა და მიჩვენებდა მე, და ჰმადლობდა ღმერთსა…” გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” კი წერია: „იყო ხილვითა დიდ, ხორცითა თხელ, ჰასაკითა სრულ, ყოვლად კეთილ, სრულიად გვამითა მრთელ და სულით უბიწო”. პირველი ტექსტი მეხუთე საუკუნეშია შექმნილი, მეორე – მეათეში, მაგრამ ორივე მათგანი ერთ ეპოქას ეკუთვნის. საინტერესოა, რატომ განსხვავდება ორი ქრისტიანი ავტორის მიერ აღქმა ქრისტიანობისა, ქრისტიანისა?!

შუშანიკი გმობს თავის ხორციელ სხეულს. არა მგონია, გრიგოლ ხანძთელს გამაჯანსაღებელ სპა-სალონებში ევლო, მაგრამ მერჩულე მის მიერ სხეულის გმობაზე არაფერს ამბობს. რა თქმა უნდა, საბანისძე არ იცნობდა ნეოპლატონიკოს პლოტინის, მაგრამ შუშანიკზე საუბრისას არ შეიძლება არ გაგახსენდეს პლოტინის მიერ საკუთარი სხეულის გმობა, რაზეც შემდეგ იოანე პეტრიწიც ლაპარაკობს და მას „დიდ პლოტინუსს”, „კითიგემონ პორფირისს”* უწოდებს. 

„ხორცითა თხელ, ჰასაკითა სრულ, ყოვლად კეთილ, სრულიად გვამითა მრთელ”, უნდა ვიგულისხმოთ, რომ გამოხატავს ხანძთელის სულის, სხეულისა და სამშვინველის ჰარმონიულ თანაარსებობას. ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც სამყაროს დუალისტური მოდელი უფრო მისაღებად მიიჩნეოდა, ვიდრე წარსულ საუკუნეებში. აქ მერჩულე არ ტოვებს (და ეს წამოუდგენელიც იქნებოდა მისთვის) იმ „სამოქმედო არეალს”, რაც არსებობდა ჰაგიოგრაფი ავტორისთვის, მაგრამ ერთი შეხედვითაც ჩანს, რა დიდი სხვაობაა მეხუთე-მეათე საუკუნეების წმინდანთა აღწერილობაში.

ქართველი ჰაგიოგრაფები ახერხებენ, არ დაარღვიონ ჰაგიოგრაფიულ ტექსტთა წერის ნორმები და, ამასთანავე, ქმნიან ტექსტებს, რომლებშიც მკაფიოდ ჩანს წმინდანთა ემოციები, აზრები, ფიქრები, ეჭვები, შიში, იმედი – ყველაფერი ის, რაც ახასიათებს ჩვეულებრივ ადამიანს.

სწორედ ეს არის კიდევ ერთი საშუალება, რამაც უნდა გააქროს გაუცხოება მოსწავლესა და ჰაგიოგრაფიულ ტექსტებს შორის ისე, როგორც ეს უკანასკნელი არ არსებობს თანამედროვე ტექსტებთან დაკავშირებით.

ჩინელ დაოისტ ფილოსოფოს ჩჟუან-ძის დაესიზმრა, რომ იყო პეპელა და როდესაც გამოეღვიძა, დიდხანს ვერ მიხვდა, ვინ იყო ის – ჩჟუან-ძი, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო პეპელა, თუ პეპელა, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო ჩჟუან-ძი. აქაც სწორედ ეს მდგომარეობაა; მასწავლებელმა, უპირველესად, უნდა აუხსნას და დაუსაბუთოს მოსწავლეებს, რომ ჰაგიოგრაფიული ტექსტები და მათი ავტორები შესაძლოა სულიერი და გონებრივი განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე იდგნენ, მეტად ჰქონდეთ შემეცნებული საგნებისა და მოვლენათა თავისებურებანი, ვიდრე თანამედროვე ადამიანს.
* კითიგემონი – ბელადი, წინამძღვარი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი