პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

საიდან მოდის უცნაური ქართული სახელები

„ოზურგეთში რკინიგზა რომ გაიყვანეს, გახარებულმა მამამ თავის ქალიშვილს ლიანდაგი დაარქვა”.
უცნაური ქართული სახელების შესახებ ალბათ ყველას გაგვიგონია და, უნდა ვაღიაროთ, კარგადაც გვიხალისია. ცნობილია, რომ ბავშვებს უცნაურ სახელებს უმთავრესად სამეგრელოსა და გურიაში არქმევენ, მაგრამ არც ქართლი და კახეთია გამონაკლისი. ეთნოგრაფები ამ ფენომენს ქართული ბუნებით ხსნიან. მათი თქმით, ქართველებს ორიგინალურობა და სხვათაგან გამორჩევა გვიყვარს და ამიტომაც მოგვდის აზრად, შვილებს ისეთი უცნაური სახელები დავარქვათ, როგორიცაა, მაგალითად, სააგენტო, ბოჩოლა, ელშუქი, ვანგა, ძიღვი… საინტერესოა ქართული გვარებიც – მათი უმეტესობის საბოლოო ფორმირება XVIII-XIX საუკუნეებში მოხდა და ამ გვარებს, როგორც წესი, ერთი ან რამდენიმე ადამიანი იგონებდა, მაგრამ ამჯერად, მოდი, სახელებით შემოვიფარგლოთ.
გიორგი კახაბრიშვილი, ეთნოგრაფი: 
– ქართველებს ერთი ნიშანდობლივი თვისება გვაქვს: გვინდა, ჩვენ და ჩვენი შვილები სხვებს არ ვგავდეთ. ეს საძრახისი არ არის – ორიგინალურობის სურვილი ამბიციაზე მიუთითებს, ამბიცია კი პატივსაცემია. ქართულ გვარ-სახელებზე მუშაობისას მეცნიერები ნამდვილ “მარგალიტებს” პოულობენ. ყველაზე ორიგინალურები მაინც მეგრელები არიან, რადგან ერთ სოფელში დღესაც კი იშვიათად წააწყდებით ერთნაირი სახელების მქონე ადამიანებს. ბოლო ხანს ყველგან დამკვიდრდა მოდური ქართული სახელები: ლუკა, საბა, ელენე, თორნიკე და სხვა, – მაგრამ ტრადიციების მოყვარული ბევრი მეგრელი მაინც ჯიუტად არქმევს შვილს ორიგინალურ სახელს და პირადად მე ამას მივესალმები.

თქვენს მკითხველებს ალბათ აინტერესებთ, რა ორიგინალურ გვარ-სახელებს გადავაწყდით. მაგალითად, ზუგდიდის რაიონში ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ: გვარგვალია რუნდუკი, ურიდია მიმოზა, ხახამია ჟოზეფინა, მოლაშხია მენახა, კილასონია სააგენტო. მარტვილელებიც დიდად ორიგინალური ხალხია. ამის დასტურად ეს სახელებიც კმარა: ემაილი, ვანცტა, ქორდიკო, ბოჩოლა, ელშუქი… მათ არც სენაკელები ჩამოუვარდებიან: ღურწკაია ჭუჭუ, ძაძუ, ბოქოლავა ირმიზოლდი, ძიღვი, ჭაჭუა განგა, ჯეელი და ფუჩქი სწორედ სენაკელები არიან. მათი უმეტესობა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია და დასანანია, რომ ყველა მათგანზე ვერ შევაგროვეთ ინფორმაცია.
– სხვა კუთხეებზე რაც გვეტყვით? კახელები და გურულებიც ხომ ცნობილი არიან უცნაური სახელების დარქმევის ტრადიციით…
– მოდი, გურიით დავიწყოთ. გურიაში XX საუკუნის 40-იან წლებამდე ფაქტობრივად ვერ ნახავდით ოჯახს, სადაც უცნაური სახელის მქონე ერთი ადამიანი მაინც არ ყოფილიყო. ლანჩხუთში ერთ კაცს ძალიან უნდოდა, მისი რომელიმე შვილი იურისტი გამხდარიყო და თავის ოთხ ვაჟს ასეთი სახელები დაარქვა: უფროსს – იური, მომდევნოს – დიული, მესამეს – ფაკული და ნაბოლარას – ტეტი. ალბათ უკვე შეამჩნევდით, რომ მათი სახელები ერთად “იურიდიულ ფაკულტეტს” შეადგენს.
ოზურგეთის რაიონში რკინიგზა რომ გაიყვანეს, ამ ამბით გახარებულმა მამამ თავის ახალდაბადებულ ქალიშვილს ლიანდაგი დაარქვა.
აღმოჩენილი სახელებიდან ყველაზე საინტერესოა, მაგალითად, მამალაძე ქოგელი, კაკალაძე ხურთქი, მამალაძე ბულბული, როყვა ჯართუ, გუმბარიძე ფიზიკა…
კახელები რისი კახელები იქნებოდნენ, სხვებს რომ ჩამორჩენოდნენ? კახეთსა და ქართლში ადგილობრივი მოსახლეობა ვერაფრით დავარწმუნეთ, რომ, მაგალითად, ზარიზონი, თავა, ძლიერა და სხვები უცნაური სახელებია. მეგრელებმა იცოდნენ და შეგნებულად არქმევდნენ შვილებს ორიგინალურ სახელებს, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოში ვერც კი წარმოედგინათ, რომ, ვთქვათ, სახელი კურია არ იყო მთლად ჩვეულებრივი… საგარეჯოში ერთმა ადგილობრივმა გლეხმა გვითხრა: “აქ რას დაეძებთ უცნაურ სახელებს, სამეგრელოში ვერ წახვედითო?” არადა, მის შვილს გობერტი (და არა რობერტი) ერქვა. ქართლში ქალბატონი, სახელად გრუნია, მთელი საათი გვიმტკიცებდა, რომ მისი სახელი სულაც არ იყო უცნაური და საბუთად ის მოჰყავდა, რომ მის ბებიასაც გრუნია ერქვა”.
გიორგი კახაბრიშვილის კოლეგა, ეთნოგრაფი თემურ კაპანაძე, სვანეთში, იმერეთსა და აფხაზეთში აღმოჩენილ უცნაურ გვარ-სახელებზე გვესაუბრება. მიუხედავად იმისა, რომ ეს კუთხეები უცნაური სახელების რაოდენობით სამეგრელოსა და გურიას ვერ გაუტოლდება, თავად დარწმუნდებით, რომ ორიგინალურობას არც აქ უჩივიან.

თემურ კაპანაძე, ეთნოგრაფი: 
– მეორე მსოფლიო იმის შემდეგ გმირი, მებრძოლი და სხვა ამგვარი სახელები მხოლოდ სამეგრელოში როდი იყო პოპულარული – აფხაზეთში, იმერეთსა და სვანეთშიც ბევრს ერქვა. საინტერესოა ასევე ტანკი, ზარბაზანი, მაუზერი, მაიორი. ასეთ სახელებს თითქმის მთელს დასავლეთ საქართველოში არქმევდნენ ბავშვებს. სვანეთში 1942 წელს, გახურებული მსოფლიო ომის დროს, დაბადებულ ბიჭს ძირჰი დაარქვეს, რაც ასე იშიფრება: „ძირს სისხლიანი ჰიტლერი!” იმერეთში, ხარაგაულის რაიონში, გასული საუკუნის 70-იან წლებში გარდაცვლილი ტყუპი და-ძმის სახელების შესარჩევად მშობლებს, როგორც ჩანს, დიდხანს არ უფიქრიათ: ბიჭს ძმა დაარქვეს, გოგოს კი და. მეგრელებში ძალიან პოპულარულია სახელი არველოდი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მშობლებისთვის ბავშვის დაბადება მოულოდნელი იყო. როგორც ჩანს, სხვაგვარად ფიქრობდა სოხუმელი თემურ ჯეჯელავა, რომელმაც 1955 წელს დაბადებულ ქალიშვილს სახელად კიველოდი დაარქვა. ელოდა კაცი შვილს და რას ერჩით… ამ სამ კუთხეში აღმოვაჩინეთ შემდეგი გვარ-სახელებიც: ჟორჟოლიანი ბრძოლვერდი, კლემონჯავა ჯონსონი, მუმლაძე გულჭორი, ხაბუზანია გაჯია, კიკნაძე კონვეირი, კუპეტია ლევტერი, წერეთელი გრიალა, პერჭაია პაჭო, ხვისტანი მუხუტური, ჭკადუა ლავანდა, ეთერია დაზმირი. 

საბჭოთა პერიოდში ამ ფენომენს საქართველოში, სამწუხაროდ, ირონიით უყურებდნენ, მისი მოკვლევით არავინ დაინტერესებულა. არადა, სახელები ხომ ჩვენი ეთნოკულტურის შემადგენელი ნაწილია და მათში შესანიშნავად ჩანს ჩვენი ხალხის ბუნება და მისი ყოფა სხვადასხვა ეპოქაში. დღეს, ბუნებრივია, ლენსტანბერს (იშიფრება როგორც „ლენინი, სტალიანი, ბერია”) შვილს აღარავინ დაარქმევს, მაგრამ არავის გაუკვირდეს, თუ ვინმემ ახალშობილს ბუში უმცროსი ან კონდოლიზა დაარქმვა. ეს არც სამარცხვინოა და არც დასამალი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი