ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

წყაროს ანალიზის სტრატეგიები

წინამდებარე სტატიაში ისტორიის მასწავლებლებს ვთავაზობთ ორ სტრატეგიას, რომლებიც მათ გაკვეთილების საინტერესოდ წარმართვაში, მოსწავლეთათვის პრობლემის დასმის, ანალიზისა და შეფასების უნარის განვითარებაში დაეხმარება.

წარმოდგენილი სტრატეგიები ეხება წყაროს ანალიზს, თუმცა სხვადასხვა სახისაა, ვინაიდან სხვადასხვა სახის (როგორც წერილობითი, ასევე ვიზუალური) წყაროების ანალიზისთვის არის განკუთვნილი.
ვიზუალური წყაროს ანალიზი

ეს სტრატეგია საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, გამოიმუშაონ ვიზუალური წყაროს ანალიზის უნარ-ჩვევები. ვიზუალური ისტორიული წყაროებია: ისტორიული პლაკატები და კარიკატურები, ფერწერული ტილოები, რომლებიც ისტორიულ თემატიკაზეა შექმნილი, არტეფაქტები, ფოტოსურათები, კერძო პირების ჩანახატები, კინოფილმები, ვიდეოკლიპები და სხვა.

სტრატეგია მოიცავს ხუთ საფეხურს: აღწერას – იდენტიფიცირებას – ინტერპრეტაციას – შეფასებას – გამოხმაურებას/რეფლექსიას. ის მოსწავლეებს დაეხმარება:

* ვიზუალური წყაროების გაგებასა და ინტერპრეტირებაში;
* კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში;
* სწავლის მეთოდების გამომუშავებაში.
პროცედურები

ნაბიჯი პირველი – მომზადება
*მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს ამ სტრატეგიის კონკრეტული მიზანი კონკრეტულ გაკვეთილზე.
*აქტივობის დაგეგმვისას მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს ისეთი ვიზუალური წყარო, რომელიც ადვილი აღსაქმელი იქნება მოსწავლეებისთვის. უმჯობესია, ის იყოს ფერადი (თუმცა შეიძლება შავ-თეთრიც), დიდი ფორმატისა და კლასის ნებისმიერი წერტილიდან ადვილად დასანახავი.
*მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს, ინდივიდუალურად იმუშაონ მოსწავლეებმა თუ ჯგუფურად.
*მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს, რა აქტივობებს განახორციელებენ მოსწავლეები მიზნის მისაღწევად.
ნაბიჯი მეორე – წყაროს ანალიზის ხუთი საფეხური: აღწერა – იდენტიფიცირება – ინტერპრეტაცია – შეფასება – გამოხმაურება/რეფლექსია
1. აღწერა. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ყურადღებით დააკვირდნენ გამოსახულებას და ფურცლებზე ან რვეულებში რაც შეიძლება დეტალურად ჩამოწერონ:

. რას ხედავენ გამოსახულებაზე;
. რა ფერებია მასში გამოყენებული;
. ზედმიწევნით აღწერონ საგნები და ადამიანები;
. აღწერონ კომპოზიცია (ადამიანებისა და საგნების განლაგება, ურთიერთმიმართება და სხვა).
ამ საფეხურზე მოსწავლეები მხოლოდ აღწერენ წყაროს. მასწავლებელმა არ უნდა დაუშვას მისი ანალიზი ან ინტერპრეტაცია.

წყაროს წერილობითი დახასიათების შემდეგ მოსწავლეები კლასს ზეპირად წარუდგენენ თავიანთ ნამუშევარს. თუ სამუშაო ჯგუფებში სრულდება, მისი დასრულების შემდეგ პრეზენტატორი წარადგენს ჯგუფის პოზიციას. პრეზენტაცია შემდეგი სიტყვებით უნდა იწყებოდეს: „ამ წყაროზე დაკვირვებისას მე/ჩვენ ვხედავ/ვხედავთ…”

2. იდენტიფიცირება. განისაზღვრება ძირითადი ინფორმაცია ამ გამოსახულების შესახებ. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, უპასუხონ შემდეგ შეკითხვებს:

. რა კითხვები დაგებადათ წყაროს ნახვისას?
. რა კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი, რომ დაიწყოთ წყაროს ინტერპრეტაცია?
მოსწავლეები ამ კითხვებს რვეულებში ან ფურცლებზე ჩამოწერენ და ცდილობენ, უპასუხონ. კითხვები შეიძლება ასეთი იყოს: 
. როდის შეიქმნა ეს წყარო?
. ვინ არის მისი ავტორი? – და სხვა.

დასასრულ, მოსწავლეები კლასს ზეპირად წარუდგენენ თავიანთ ნამუშევარს. თუ სამუშაო ჯგუფებში სრულდება, მისი დასრულების შემდეგ პრეზენტატორი წარადგენს ჯგუფის პოზიციას. პრეზენტაცია შემდეგი სიტყვებით უნდა იწყებოდეს: „ამ წყაროზე დაკვირვებისას მე მინდა ვიცოდე/ჩვენ გვინდა ვიცოდეთ….”
3. ინტერპრეტაცია. იმის გათვალისწინებით, რა იციან კონკრეტული ვიზუალური წყაროს შესახებ (შესაძლოა, არსებობდეს დამატებითი ინფორმაციას) და რას ხედავენ გამოსახულებაზე, მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ:
. რას გულისხმობს ეს წყარო;

. რა იდეის გადმოცემა უნდოდა ავტორს.

მოსწავლეები რვეულში ან ფურცლებზე წერილობით უპასუხებენ ამ კითხვებს, მერე კი კლასს ზეპირად წარუდგენენ თავიანთ ნამუშევარს. თუ სამუშაო ჯგუფებში სრულდება, მისი დასრულების შემდეგ პრეზენტატორი წარადგენს ჯგუფის პოზიციას. პრეზენტაცია შემდეგი სიტყვებით უნდა იწყებოდეს: „მე მგონია/ჩვენ გვგონია, რომ ამ წყაროს ავტორს უნდოდა ეთქვა…”
4. შეფასება. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, უპასუხონ შემდეგ კითხვებს:

. როგორ ფიქრობთ, რა არის ამ გამოსახულების მიზანი? 
. ვინ არის ამ გამოსახულების ადრესატი (ვისთვის არის განკუთვნილი ეს გამოსახულება)? 
. როგორ ფიქრობთ, რამდენად მიაღწია ავტორმა მიზანს? თუ კი – რატომ? და თუ არა – რატომ?

მოსწავლეები რვეულში ან ფურცლებზე წერილობით უპასუხებენ ამ კითხვებს, მერე კი კლასს ზეპირად წარუდგენენ თავიანთ ნამუშევარს. თუ სამუშაო ჯგუფებში სრულდება, მისი დასრულების შემდეგ პრეზენტატორი წარადგენს ჯგუფის პოზიციას. პრეზენტაცია შემდეგი სიტყვებით უნდა იწყებოდეს: „ანალიზის საფუძველზე მივედი/მივედით იმ დასკვნამდე, რომ ავტორმა მიაღწია/ვერ მიაღწია მიზანს, რადგან…”
5. გამოხმაურება/რეფლექსია. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, უპასუხონ შემდეგ კითხვებს:

. როგორ ფიქრობთ, რა გავლენა შეეძლო მოეხდინა ამ ვიზუალურ წყაროს კონკრეტულ ისტორიულ პროცესებზე/საზოგადოებაზე/ადამიანებზე? 
. რა შეუძლია მოგვითხროს ამ გამოსახულებას იმდროინდელი ცხოვრების, ლოკალური ადგილისა და ეპოქის შესახებ?
. რა კითხვები დაგებადათ ამ წყაროს ანალიზის შემდეგ? 
. კიდევ რის ცოდნა გსურთ ამ თემის შესახებ?

მოსწავლეები რვეულში ან ფურცლებზე წერილობით უპასუხებენ ამ კითხვებს, მერე კი კლასს ზეპირად წარუდგენენ თავიანთ ნამუშევარს. თუ სამუშაო ჯგუფებში სრულდება, მისი დასრულების შემდეგ პრეზენტატორი წარადგენს ჯგუფის პოზიციას. პრეზენტაცია შემდეგი სიტყვებით უნდა იწყებოდეს: „მე მიმაჩნია/ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ გამოსახულებას შეეძლო გავლენა მოეხდინა…”; „ამ წყაროს ანალიზის შედეგად მე გავიგე/ჩვენ გავიგეთ, რომ…”; „ამ წყაროს ანალიზის შედეგად მე დამებადა/ჩვენ დაგვებადა შემდეგი კითხვები…”
ნაბიჯი მესამე: ანალიზის შედარება
ჩატარებული სამუშაოს შემდეგ კლასში იმართება დისკუსია იმ მოწაფეებს შორის, რომლებმაც კარდინალურად განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს. მასწავლებელი და მოსწავლეები აჯამებენ გაკვეთილს.
 
წერილობითი წყაროს ანალიზი

წერილობითი წყაროს ანალიზი ისტორიის სწავლა/სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეთოდია. მისი გამოყენებისას მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნების, პრობლემის დასმისა და გადაჭრის, ანალიზისა და შეფასების უნარ-ჩვევები.

ნაბიჯი პირველი: მასწავლებელმა უნდა სცადოს იმგვარი წყაროს შერჩევა, რომელიც მოსწავლეებს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას მისცემს. წყარო/მისი მონაკვეთი არ უნდა იყოს მეტისმეტად დიდი (არ აღემატებოდეს ორ-სამ გვერდს). მის გაცნობამდე მოსწავლეებს შეიძლება მივაწოდოთ მცირე ინფორმაცია იმ ეპოქის შესახებ, რომელშიც შეიქმნა ან რომლის შესახებაც მოგვითხრობს ეს წყარო. ამგვარი აქტივობა შეიძლება შესრულდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურადაც. ინდივიდუალური სამუშაოს შესრულებისას თითოეულ მოსწავლეს ურიგდება შაბლონი, ხოლო ჯგუფური მუშაობის დროს – თითოეულ ჯგუფს.

შესაძლოა, წყარო არ იძლეოდეს შაბლონში მოცემულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებას. ამ შემთხვევაში მოსწავლეები უბრალოდ გამოტოვებენ შესავსებ გრაფას ან არ უპასუხებენ ამ შეკითხვას.

გთავაზობთ წერილობითი წყაროს ანალიზის შაბლონს, რომელიც მასწავლებელმა შეიძლება მაღალ კლასებში სწავლებისას გამოიყენოს. 

ნაბიჯი მეორე. შაბლონის შევსება წყაროს ანალიზის მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მოსწავლეები ისწავლიან გაცილებით მეტს, თუ საკუთარ იდეებსა და მოსაზრებებს სხვასაც გაუზიარებენ, ამიტომ შაბლონის შევსების შემდეგ, მათ საშუალება უნდა მივცეთ, წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები, რომლებიც შესაძლოა საინტერესო დისკუსიის საფუძვლად იქცეს. შესაძლოა, აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ ზოგიერთმა მოსწავლემ შეიცვალოს კიდეც აზრი.

ასე რომ, შაბლონის შევსება შეიძლება განვიხილოთ როგორც წყაროს ანალიზის საწყისი ეტაპი.
წერილობითი წყაროს ანალიზის შაბლონი

ავტორი
. ვინ შექმნა წყარო?
. რას ფიქრობთ წყაროს ავტორის შესახებ?
. როგორია წყაროს ავტორის მსოფლმხედველობა და თვალსაზრისი მის მიერ აღწერილი მოვლენების შესახებ?
დრო და ადგილი
. სად და როდის შეიქმნა წყარო?
. როგორ შეიძლება იმოქმედოს წყაროს შექმნის დრომ და ადგილმა მის შინაარსზე?
წინასწარი ინფორმაცია

. გარდა იმისა, რაც იცით წყაროს შექმნისა და შემქმნელის შესახებ, კიდევ რა ინფორმაცია გაქვთ ამ წყაროზე? 
აუდიტორია
. ვისთვის შეიქმნა ეს წყარო და რა გავლენა შეეძლო მოეხდინა ადრესატს მის უტყუარობაზე?
მიზეზი
. რა იყო ამ წყაროს შექმნის მიზეზი და რა გავლენა შეეძლო მოეხდინა მას წყაროს უტყუარობაზე?
ძირითადი იდეა
. რა ძირითადი იდეა/იდეებია გადმოცემული წყაროში?
მნიშვნელობა
. რამდენად მნიშვნელოვანია წყარო? 
. რატომ არის მნიშვნელოვანი?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი