ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

გაფუჭება როგორც ცხოვრების წესი

იმ დროს, როდესაც საქართველოში ყველაფერი ინგრეოდა და ყოველი ჩვენგანი ნანგრევებად ქცეული ქვეყნის ნაწილი იყო, სპორტისთვის თითქმის არავის ეცალა, მაგრამ იავარქმნილ ქვეყანაშიც მოიძებნებოდნენ ფეხბურთზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც საქონლის საძოვრად ქცეულ სტადიონებზე დაძუნძულებდნენ და ამ შორტების ამარა მორბენალი ხალხის დანახვა ისეთივე გაოცებას იწვევდა, როგორსაც მაღაზიის გამყიდველი, რომელიც პურის რიგში მდგომ ბავშვს შინ ერთი პურით მეტს გაატანდა.

სწორედ იმ ავადსახსენებელ დროს ვნახე, ერთ პატარა სოფელში ფეხშიშველა ბიჭები შუა ყანაში საკუთარი ხელით როგორ აკეთებდნენ სტადიონს და მიუხედავად იმისა, რომ მათი მშობლები შვილების ამ წამოწყებას ეჭვის თვალით უყურებდნენ, ბავშვები მაინც ჯიუტად ცელავდნენ გაველურებული სიმინდის ძირებს, ასწორებდნენ მიწას და მეზობლად მცხოვრებ, ქვეყნიერებაზე დაბოღმილ ელექტროშემდუღებელს ყელგამოწევით ეხვეწებოდნენ, ჟანგიანი მილებისგან საფეხბურთო მოედნის კარის მსგავსი რამ შეეკოწიწებინა. 

როდესაც კაცს ეს ყველაფერი საკუთარი თვალით გინახავს, აბა, გული როგორ არ გეტკინება, როდესაც დაინახავ, რომ აგერ, სულ ახლახან სახელმწიფო პროგრამით გაკეთებული ეზოს ხელოვნურსაფარიანი მოედნების დიდი ნაწილი უკვე გავერანებულია და უპატრონოდაა მიგდებული.

 

იმაზე არავინ დავობს, რომ ბოლო დროს გაკეთებული ბევრი ეზოს სტადიონი საკმაოდ უხარისხოა და ევროპულ სტანდარტებს ოდნავაც არ აკმაყოფილებს, მაგრამ კაცი რაც არ უნდა კირკიტა და ჩასაფრებული იყო, ხომ ფაქტია, რომ იქ, სადაც ადრე ლოთების ბირჟა და ნარკომანების თავშესაყარი იყო, სტადიონი გაკეთდა.

 

ეს, თავისთავად, მრავლისმეტყველია და კარგი ტენდენციის დასაწყისადაც შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ, სამწუხაროდ, არიან საქართველოში ადამიანები, რომლებიც თავად ხომ არაფერზე გაირჯებიან და სხვისი გაკეთებულიც არად უღირთ.

 

როდესაც ამის შესახებ სტატიის დაწერა გადავწყვიტე, სხვების მონათხრობს არ ვენდე, ავდექი და საკუთარი თვალით ვნახე რამდენიმე ახალგაკეთებული და უკვე მოოხრებული მინისტადიონი. ნანახმა გული მატკინა. დიღმის მასივში 5-დან 3 მინისტადიონიდან უკვე მოუპარავთ რკინის ბადურა ღობე. ერთგან კარიც კი ამოუგლეჯიათ – ჯართში თუ ჩააბარეს. გლდანში მავან უსაქმურს იმდენი „მოუხერხებია”, რომ სტადიონის ხელოვნური საფარის მოზრდილი ნაწილიც ამოუჭრია – ვერ ვხვდები, რაში გამოიყენა, ოთახის ნოხად რომ არ გამოდგებოდა, აშკარაა; ვერც კედელზე დაკიდებდა და ვერც საბანს შეიკერავდა. დიდი-დიდი, ოთხკუთხედ ნაჭრებად დაეჭრა და კართან ჩვრის ნაცვლად დაეგდო. როგორც ჩანს, ზოგიერთი ადამიანის სამოქალაქო თვითშეგნება სწორედ ჩვარსა და ტილოზე გადის.

 

დიდუბეში პლასტმასის სკამები მოუტეხიათ და ფეხბურთის მოყვარული ბიძაკაცები სტადიონზე მოთამაშე ბავშვებს საიდანღაც მოთრეულ ქვებზე ჩამომსხდარნი უცქერდნენ. როდესაც ერთ-ერთ მათგანს ვუთხარი: „თქვე დალოცვილებო, ამ ქვების მოთრევას, სკამების მომპარავები დაგედგინათ-მეთქი”, – ბიძაკაცმა მხრები აიჩეჩა და „რა ჩემი საქმეაო?” – ჩაიბურტყუნა.

 

სწორედ ეს „რა ჩემი საქმეა?” უთხრის ძირს არა მხოლოდ ქართულ სპორტს, არამედ მთელ საქართველოს. წარმოიდგინეთ, არგენტინელმა ან გერმანელმა ქომაგმა რომ დაინახოს, მისი საყვარელი სტადიონიდან ვინმე სკამებს იპარავს – ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, როგორ მოექცევა ასეთი უსინდისობის ჩამდენს.

საქართველოში კი, თუ ყაჩაღი სახლში არ შემოგვივარდა და გვარიანად არ მიგვბეგვა, პოლიციაში დარეკვაც გვეთაკილება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი