პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ჩოგბურთის სათავეებთან

ძველი ბერძნებისა და რომაელების თამაშებს თუ არ ჩავთვლით, რომლებშიც ბურთს ხელით ან ჯოხით იგერიებდნენ, ჩოგბურთის მსგავსი თამაში პირველად მე-12-13 საუკუნეების იტალიურ წყაროებშია ნახსენები. თამაშს ჯიდოკო ერქვა და მასში ბურთის მოგერიება ხის ფარით ხდებოდა. მე-14 საუკუნეში საფრანგეთში ძალზე პოპულარული იყო “თამაში ხელისგულით” (Je de pom), რომელმაც თანამედროვე ჩოგბურთის განვითარებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. მას თამაშობდნენ დარბაზებშიც და ღია ცის ქვეშაც. მე-16 საუკუნეში ჩოგანიც გაჩნდა. სულ მალე თამაშმა აღიარება ინგლისშიც პოვა. ინგლისელებმა მას “ნამდვილი ჩოგბურთი” (Real Tennis) უწოდეს.

თავდაპირველად ჩოგბურთს ტყავის ბურთით თამაშობდნენ, რომელსაც ნახერხით, ჩვრებით ან ბალახით ტენიდნენ. ასეთი ბურთებით თამაში მხოლოდ მკვრივ ზედაპირზე შეიძლებოდა. რეზინის ბურთების გამოგონების შემდეგ შესაძლებელი გახდა ჩოგბურთის ბალახზე თამაში. 1874 წელს ინგლისში მაიორ უინგფილდის წყალობით ლაუნ ტენისი (ჩოგბურთი ბალახზე) გაჩნდა. ბრიტანული არმიის ოფიცერმა თანამედროვე თამაშის მსგავსი წესებიც ჩამოაყალიბა.

პირველი საჩოგბურთო ტურნირი 1877 წელს უიმბლდონში გაიმართა. მას შემდეგ ეს ტურნირი ტრადიციულად და ყველაზე პრესტიჟულად იქცა.

1913 წელს დაარსდა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც დღეს 200-მდე ნაციონალურ ფედერაციას აერთიანებს.

ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჩოგბურთი 1896 წელს შევიდა. თავდაპირველად ოლიმპიადაზე მამაკაცთა შეჯიბრება იმართებოდა, 4 წლის შემდეგ კი ჩოგბურთელი ქალებიც გამოჩნდნენ. 1928 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩოგბურთი როგორც სპორტის პროფესიული სახეობა თამაშების პროგრამიდან ამოიღო. მას შემდეგ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩოგბურთი ოლიმპიადებზე აღარ უთამაშიათ. მხოლოდ 1968 წელს გაიმართა მეხიკოში ჩოგბურთის საჩვენებელი ტურნირი, ოლიმპიურის სახელი კი სპორტის ამ სახეობამ 1988 წელს სეულში დაიბრუნა.

ტურნირები
1877 წელს ჩატარებულ უიმბლდონის პირველ ტურნირში მონაწილეობისთვის ჩოგბურთის მოთამაშეს ერთი გირვანქა სტერლინგი უნდა გადაეხადა. ტურნირი ყველა მსურველისთვის ღია იყო. გამარჯვებულს ოქროს პრიზი გადაეცემოდა, ფინალში დამარცხებულს კი – ვერცხლისა. 1968 წლამდე უიმბლდონი სამოყვარულო ღონისძიება გახლდათ, ღია ჩემპიონატების ერა კი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მოყვარულებმა ადგილი პროფესიონალებს დაუთმეს. სწორედ მაშინ გაჩნდა პირველი მოკრძალებული საპრიზო ფონდი. 1968 წელს მან 16 150 გირვანქა შეადგინა. შედარებისთვის – უკანასკნელი უიმბლდონის საპრიზო ფონდმა ათ მილიონ გირვანქას მიაღწია.
უიმბლდონზე, ისე როგორც არსად, პატივს სცემენ ტრადიციებს. ამ შეჯიბრებაში მონაწილე ყოველ სპორტსმენს აუცილებლად უნდა ეცვას თეთრი ფორმა. ამ წესის გაპროტესტება ახალგაზრდობისას ამერიკელმა ანდრე აგასიმ სცადა. საქმე ტურნირში მონაწილეობაზე უარის თქმაზეხ კი მიდგა, თუმცა დაღვინებული აგასი მომდევნო წლებში ბრიტანულ ტრადიციონალიზმს შეეგუა.
თუმცა ტრადიციების პატივისცემა ხშირად აშკარა სისულელემდე მიდის. სხვა რა შეიძლება ვუწოდოთ ყველა კორტზე, გარდა უიმბლდონის ცენტრალური კორტისა, განლაგებულ მექანიკურ ტაბლოებს?! მექანიკურიც კი ხმამაღალი ნათქვამია: ტაბლოზე ანგარიშს ბავშვები ბუდეებში ციფრების ჩასმით ცვლიან. ელექტრონული ტაბლო მხოლოდ ცენტრალურ კორტზეა და ისიც სულ ახლახან დამონტაჟდა. თანხების ეკონომიაზე ლაპარაკი ზედმეტია – გაზონის შენახვა ინგლისელებს წელიწადში ათასი ტაბლოს ფასი უჯდებათ. უბრალოდ, ტრადიციები ბრიტანეთში ასე ესმით.

ამავე მიზეზით არ ამონტაჟებენ მთავარ კორტებზე მოძრავ სახურავს. არადა ყოველწლიურად უიმბლდონზე რამდენიმე სათამაშო დღე წვიმის გამო მთლიანად ცდება, დანარჩენ დღეებში კი ბავშვები ბრეზენტის გადასაფარებლის აქეთ-იქით თრევით არიან დაკავებულნი.

ყოველივე ამის მიუხედავად, ან შესაძლოა ამის გამო, ჩოგბურთელთათვის უიმბლდონის მოგება უპირველესი პრიორიტეტია. ყველაზე პრესტიჟული “დიდი მუზარადის” ტურნირების ოთხეულში, გარდა უიმბლდონისა, ავსტრალიის, აშშ-სა და საფრანგეთის ღია პირველობა შედის. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი უძველესი შეჯიბრია. იგი 1891 წლიდან პარიზში, გრუნტის კორტებზე იმართება.

1900 წლიდან ტარდება დევისი თასი. ტურნირი გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატს წარმოადგენს და იმ დროის ამერიკელი ჩოგბურთელის დ. დევისის სახელს ატარებს.
ინვენტარი
ჩოგბურთის მოედანი, კორტი, წარმოადგენს 23,77 მეტრი სიგრძისა და 8,23 მეტრი სიგანის მართხკუთხედს. ცენტრალური ხაზიდან 6,4 მეტრის დაშორებით მოწოდების ხაზებია. წყვილთა სათამაშო მოედანი 10,97 მეტრი სიგანისაა, ყველა დანარჩენი პარამეტრი კი ერთეულთა სათამაშო მოედნის იდენტურია. ხაზების სიგანე 2,5 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს და არ აღემატებოდეს 5 სმ-ს. ეს წესი არ შეეხება მხოლოდ უკანა ხაზს, რომლის სიგანე შეიძლება 10 სმ-ს აღწევდეს. თუ კორტი დარბაზშია, ჭერის სიმაღლე მინიმუმ 8 მეტრი უნდა იყოს. კორტის ირგვლივ აუცილებელია თავისუფალი სივრცე, უკანა ხაზებთან – არანაკლებ 6,4 მეტრისა, გვერდითა ხაზებთან კი 3,66 მეტრის.

მოედნის ცენტრში ბადეა გაჭიმული. ცენტრში ბადის სიმაღლე 91,4 სმ-ია, ძელებთან კი 107 სმ-ს უდრის.
ჩოგბურთის ბურთი თეთრი ან ყვითელი უნდა იყოს. მისი დიამეტრი 6,35-იდან 6,67 სმ-მდეა, წონა კი 56,7-დან 58,5 გრამამდე.

ჩოგნის ტარის სიგრძე 81,3 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს, სიმებიანი ზედაპირის სიგრძე და სიგანე კი, შესაბამისად, 39,4 და 29, 2 სმ-ს.

თამაშის წესები
იმისთვის, რომ მოთამაშემ ერთი გეიმი (ქულა) მოიგოს, 4 ბურთი უნდა ჩააგდოს (15, 30, 40, გეიმი). თითო პარტია (სეტი) მინიმუმ 6 გეიმი გრძელდება. ამ შემთხვევაში თუ ანგარიში 6:6-ია, ინიშნება ტაიბრეიქი. პარტიას მოიგებს ის, ვინც ტაიბრეიქზე პირველი დააგროვებს 7 ქულას. მატჩის გამარჯვებულად კი ცხადდება ის მოთამაშე, რომელიც მოიგებს სამსეტიანი მატჩის ორ სეტს ან ხუთსეტიანი შეხვედრის სამ პარტიას.
ტექნიკა
ჩოგბურთში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად საჩოგბურთო კორტი აუცილებელი არ არის. საკმარისია, კედლიდან 5-7 მეტრის მოშორებით დადგეთ, მარცხენა ფეხი წინ წადგათ, ბურთი მიწაზე დააგდოთ და ასხლეტილს ქვემოდან ჩოგანი მოუქნიოთ. გაიმეორეთ ეს მოძრაობა, სანამ კედლიდან ასხლეტილ ბურთს ზედიზედ 15-20-ჯერ არ მოიგერიებთ. ასხლეტილი ბურთის ძალიდან გამომდინარე, შეგიძლიათ წინ და უკან გადაადგილება.

ამ ელემენტარული დარტყმის ათვისების შემდეგ ბურთის ჩახვევა უნდა ისწავლოთ. საამისოდ ჩოგანი ქვევიდან ზევით და წინ უნდა ამოძრაოთ. შემდეგ მარცხნიდან დარტყმაზე ივარჯიშეთ. მისი განხორციელება როგორც ცალი, ისე ორი ხელით შეიძლება. აქ მნიშვნელოვანია, ბურთის მიწაზე დაცემამდე 90 გრადუსით მარცხნივ მიბრუნდეთ. ამ ილეთების შესწავლის შემდეგ კორტზე გასვლაც შეიძლება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი