ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სპორტი და ალკოჰოლი

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ თბილისურ ლუდხანაში უგონოგალეშილი ორი ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენი ნახეს. მე არც მათი კლასის დამრიგებელი ვარ და არც მწვრთნელი, მორალის კითხვასა და ქადაგებას რომ მოვყვე, მაგრამ ამგვარი ფაქტები ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ლამის ბუნებრივ მოვლენად იქცა

ისტორია ალბათ ვერასოდეს ახსნის ერთ მეტად მნიშვნელოვან ქართულ ფენომენსიმას, რომ საქართველოში სპორტსმენებისთვის ქეიფი და ყანწთა კვეთბა ისეთივე ბუნებრივი რამაა, როგორც ამერიკელისთვის ყოველ კვირადღეს ბეისბოლზე სიარული. ათწლეულების განმავლობაში საქართველოში მკვიდრდებოდა აზრი, რომ მაგარი კაცი მაშინ იყავი, თუ მოახერხებდი, საყვარელ სპორტსმენრესტორანში დაგეპატიჟებინა და გვარიანადაც გამოგეთრო. ამ ქეიფ-ქეიფში ბევრი სპორტული ტალანტი და პერსპექტიული სპორტსმენი დაიკარგა, მაგრამ ქართველი რისი ქართველია, თუ ყველაფერს გამართლება არ უპოვა?! ჩვენში ხომ მთავარი მეობა, კაცობა და ჩახუტებაა, ღვინის სმაში დაკარგულ ტალანტებს კი სხვები შეცვიან!

 მიხეილ მესხის ფენომენის შესახებ ბევრი დაწერილა, თუმცა თითქმის არავინ ლაპარაკობს იმაზე, რამ განაპირობა ამ მართლაც ყვლა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი სპორტსმენის აქტიური სპორტიდან ასე ნაადრევი წასვლა. რეალურად კი ამის მიზეზი, საბჭოთა ფეხბურთის ბოსების მესხისადმი არცთუ გულთბილ დამოკიდებულებასთან ერთად, სწორედ ქართული სუფრულ-რესტორნული გადაპატიჟებები იყო. დიახ, სამწუხაროდ, ხალხი ვერ გაუფრთხილდა მიშას.უდიდეს ფეხბურთელ, რომლის სწორი არც მაშინ არსებობდა და დღესაც ძნელად ნახავთ მსოფლიოში მის ბადალს.

მესხის ფეხბურთიდან წავლამ ქომაგებს ნამდვილი შოკი მოჰგვარა. ის იყო ფეხბურთელი, რომელიც ყველას უყვარდა უბრალო მუშიდან ჩინოვნიკამდე. ყველას უნდოდა, მასთან ემეგობრა, მასთან ერთად ექეიფა, მასთან ერთად ეტრიალა ხალხში. იმას კი ვერ ხვდებოდნენ, რომ მიშაისთვის ღვინის სმაზე უფრო მნიშვნელოვანი საწვრთნელი რეჟიმის დაცვა იყო. აბა, ფეხბურთელისთვის ყოველ საღამოს რესტორანში სიარული როგორ შეიძლებოდა?!

ქართული “პურისჭამები”, ყველაფერთან ერთად, ხომ ავარიების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიცაა! ალბათ, ბევრს გაგახსენდებათ, ავტოსაგზაო შემთხვევამ სხვადასხვა დროს რამდენი ცნობილი ქართველი სპორტსმენი იმსხვერპლა. “ტრადიცია” გრძელდება და შეუძლებელია, ამ ყველაფერს გულგრილად უყურო.

მეტად უცნაური დამთხვევის გამო მოხდა ისე, რომ ავჭალის სასაფლაოს ერთ ბორცვზე მხოლოდ ავტოავარიის შედეგად დაღუპულები არიან დაკრძალულნი. პირდაპირ გული მოგიკვდებათ, როდესაც საფლავის ქვებზე გამოსახულ ახლაგაზრდებს დაინახავთ. გარდაცვლილთა ასაკი 20-40 წელია და ეს ადამიანები დღეს ცოცხლები და საღსალამათები იქნებოდნენ, მათ ან მათ მეგობარ მძღოლს დალევაზე უარი რომ ეთქვათ...

ვინ იცის, კიდევ რამდენი ტალანტი ელის მძიმე “განაჩენს”. თუმცა ამ ყველაფერზე, სამწუხაროდ, თითქმის არავინ ფიქრობს...

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი