პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

პირველი ნაბიჯები

საწვრთნელი ბაზის კარი ჭრიალით გაიღო. ჯერ მამა შევიდა, უკან პატარა ლუკა მიჰყვა მორიდებული ნაბიჯებითა და შიშნარევი გამომეტყველებით. „ნეტავ თუ ამიყვანენ?”, „ამათ შეხედეთ, რამხელები არიან, ალბათ, ზედაც არავინ შემომხედავს. გუნდში ამხელა ბიჭები ჰყოლიათ და…”, „მწვრთნელსაც რა მოღუშული სახე აქვს. ალბათ, სულ ეჩხუბება ბიჭებს”, – ფიქრობდა პატარა ლუკა, რომელიც ბატკანივით მიჰყვებოდა უკან მამას, ის კი თანდათან უახლოვდებოდა პატარა მორაგბეებით სავსე სტადიონთან მდგომ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ნამდვილად მწვრთნელი უნდა ყოფილიყო.
 
ლუკა მთელი სამი თვე ეხვეწებოდა მამს, რაგბიზე მიმიყვანეო. მამა ხან რას იმიზეზებდა, ხან – რას. ბოლოს ისიც კი უთხრა, მეტისმეტად პატარა ხარ, არაფერი გამოგივა, იქ იმხელა ბიჭები არიან, იმათში, ალბათ, არც კი გამოჩნდებიო, მაგრამ ბიჭი მაინც ჯიუტად ითხოვდა. მისი სამი მეგობარი უკვე დადიოდა რაგბიზე და უნდა გენახათ, თანაკლასელი გოგონები როგორი პატივისცემით ეპყრობოდნენ მათ. და განა მხოლოდ გოგონები – მასწავლებლებიც კი. თუ გაკვეთილის გაცდენის გამო ლუკას და სხვა ბიჭებს ერთ ამბავს დააწევდნენ, მათი თანაკლასელი მორაგბეების გაცდენებზე ხშირად თვალს ხუჭავდნენ – იქნებ მართლა გამოვიდეს მაგათგან რამე, ხელი რატომ უნდა შევუშალოთო. ლუკა ვისზე ნაკლები ბიჭია?! ტანად კი პატარაა, მაგრამ, სამაგიეროდ, სხვებზე სწრაფი და ღონიერიცაა. აგერ, ერთი კვირის წინ, მთელი კლასის ბიჭებს აჯობა ხელის გადაწევაში. ჯერ მივიდეს რაგბიზე, ნახავთ, რაც შეუძლია!

ერთ საღამოსაც შინ კარგ გუნებაზე დაბრუნებულმა მამამ ლუკა წინ დაისვა და ჰკითხა:

– მართლა გინდა რაგბიზე სიარული, შვილო?
– სულ მაგას არ გეხვეწები?! – უპასუხა გახარებულმა ლუკამ.  
– კარგი, მაშ, ხვალ მივიდეთ გუნდში და იცოდე, არ შემარცხვინო. დღეს მწვრთნელს ველაპარაკე და მითხრა, ხვალ მოიყვანეო. ახალი კედები ხომ გაქვს?

მოკლედ, დადგა ესოდენ ნანატრი ჟამი და ლუკა და მამამისი მწვრთნელის პირისპირ დგანან.  

– აი, ესაა ჩემი ბიჭი. თუ გამოვა რამე, ხომ კარგი. თუ არადა, კაცურად მითხარი და არც შენ გაწვალებ და არც ამას…

მამის სიტყვებმა მწვრთნელი, ცოტა არ იყოს, გააბრაზა.  

– გუშინაც ხომ გითხარი, კაცო. რას ჰქვია „არაფერი გამოვა”?! დიდი მორაგბე თუ არა, კარგი კაცი ხომ დადგება? მერე ეს ცოტაა, შე დალოცვილო?!.

ლუკას ტანსაცმლის გამოცვლა და სხვა ბავშვებში გარევა უბრძანეს. როგორც უკვე ვთქვით, ბიჭების უმეტესობა დიდი იყო, ღონიერი, სახეჩამოკაწრული, სქელკისრიანი… ლუკას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ამდენ ზორბა ბიჭში რამდენიმე მასავით ტანდაბალი და უმცროსი ასაკისა აღმოაჩინა. რაგბის წესები თავისი მორაგბე მეგობრებისგან და ტელევიზორიდან კარგად იცოდა, მაგრამ სად ვინმე რომ გიყვება ან ტელევიზორში უყურებ და სად – თვითონ რომ უნდა აკეთო. აუჰ, როგორ ინატრა იმ წამს პატარა ლუკამ, მისი მორაგბე მეგობრებიც იმ გუნდში ყოფილიყვნენ! „ეს მამაჩემიც მაგარი ვინმეა. ბარემ ჩემი მეგობრების გუნდში მივეყვანე. როგორ დამეხმარებოდნენ ადაპტაციის გავლაში”, – ფიქრობდა ლუკა და ცდილობდა, არ ჩამორჩენოდა თანაგუნდელებს, მოედანს ძუნძულით რომ ურტყამდნენ წრეებს.

სიტყვა „ადაპტაცია” ლუკამ მამის მეგობრისგან გაიგო, რომელიც დღენიადაგ ფეხბურთზე ლაპარაკობდა და სულ იმაზე წუწუნებდა, ამ ჩემი ცოდვით სავსე ფერნანდო ტორესმა „ჩელსიში” რით ვერ გაიარა ეს ოხერი ადაპტაციაო. ლუკას აზრით, ადაპტაციას გუნდში მაშინ აძლევდნენ ახალმისულს, თუ ის კარგად ითამაშებდა. მოკლედ, ეს რაღაც საშვისმაგვარი ეგონა.

იმ დღეს მწვრთნელმა ლუკა ბურთს საერთოდ არ გააკარა – ჯერ ფიზიკურად გაძლიერდი და გუნდს შეეჩვიეო. ამან ბავშვი ძალიან დაამწუხრა, მაგრამ რაკი მამამაც უთხრა, თავდაპირველად ყველა ახალბედას არბენინებენო, დაიჯერა – ალბათ, მართლა ასეა საჭიროო. საწვრთნელი ბაზიდან გამოსულ ლუკას მამამ უზარმაზარი შაურმა უყიდა. იმხელა, მარტო კაცები რომ ჭამენ. „ბევრი უნდა ჭამო, იმათოდენა რომ გახდეო”, – უთხრა და პატარა მორაგბემაც, მართალია, დიდი ხვნეშითა და წვალებით, მაგრამ მაინც შეჭამა ის უზარმაზარი შაურმა.

ლუკას სახლი იქვე, ორიოდე ნაბიჯზე იყო და სანამ სახლამდე მივიდოდნენ, მამა ძველ ამბებს უყვებოდა – როგორ დადიოდა ჯერ კრივზე, მერე ფეხბურთზე და როგორ ვარჯიშობდნენ მაშინ მისი თანატოლები. პატარა ლუკა მამას დიდი ამბით უქნევდა თავს, აქაოდა ყურადღებით გისმენო, მაგრამ მისი ფიქრები ისევ რაგბის, ახალ თანაგუნდელებსა და მწვრთნელს დასტრიალებდა. „იქნებ ხვალ მაინც მათამაშოს მწვრთნელმა. აი, ნახავს, ქარივით რომ გავვარდები და დავდებ ლელოს! აი, ნახავს, თუ ასე არ იქნება!” რა იცოდა ლუკამ, რომ ის უკვე აღარ იყო პატარა – იმ დღეს ის კაცი გახდა. კაცი, რომელსაც რაგბი უყვარდა…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი