ოთხშაბათი, აპრილი 17, 2024
17 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

კლასგარეშე ლიტერატურის მნიშვნელობა სასწავლო პროცესში

იმ დროს, როდესაც მე სკოლის მოსწავლე ვიყავი, არსებობდა კლასგარეშე მასალა ქართული ლიტერატურისთვის. დამატებითი ტექსტები საგაკვეთილოსთან იყო დაკავშირებული და, შეიძლება ითქვას, მასალის უკეთ გააზრებასა და ათვისებას უწყობდა ხელს.
ამ სტატიაში, მინდა, კლასგარეშე ლიტერატურის არსებობის აუცილებლობაზე ვისაუბრო. რამდენად კარგად ასწავლიან სასკოლო პროგრამით განსაზღვრულ ტექსტებს, სხვა საქმეა, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, უდავოა, რომ ლიტერატურა, რომელიც დაუკავშირდება საგაკვეთილო მასალას, უნდა არსებობდეს. საჭიროა, იყოს რამდენიმე წიგნი, რომლებიც შედგენილი იქნება იმის მიხედვით, რა ტექსტები ისწავლება ამა თუ იმ კლასში. მნიშვნელოვანია მათ შედგენაში მასწავლებლების ჩართვაც.
იმის დასამტკიცებლად, რაოდენ მნიშვნელოვანია კლასგარეშე ტექსტების არსებობა, ერთ მაგალითს მოვიყვან. სასკოლო სასწავლო მასალაში შეტანილია ილია ჭავჭავაძის პოემა “აჩრდილი”. მე ამ ტექსტს დავუკავშირებ შარლ დე კოსტერის რომან-ეპოპეა “ულენშპიგელისა და ლამე გუძაკის ლეგენდას”.
ეს ორი ტექსტი დამოუკიდებლად დაიწერა ბელგიასა და საქართველოში დაახლოებით ათწლიანი შუალედით. მიუხედავად მათი თვითმყოფადობისა, ამ ტექსტებს ბევრი რამ აქვთ საერთო, რაზეც მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს და დასკვნები გამოიტანოს. მაგალითად:
შარლ დე კოსტერი და ილია ჭავჭავაძე ერთი და იმავე ეპოქის ავტორები არიან. ორივე მათგანი აქტიურად არის ჩაბმული ჟურნალისტურ საქმიანობაში. 
მათ, უეჭველია, არ ექნებოდათ წაკითხული ერთმანეთის ნაწარმოებები. მაშ, რამ გამოიწვია ის გადამკვეთი იდეურ-შინაარსობრივი თუ სხვა ხაზები, რომლებზეც ვისაუბრებ?
მოკლედ გავიხსენოთ ამ ორი ტექსტის შინაარსი: “აჩრდილში” ავტორი ხვდება მთაზე მდგომ უცხოს, აჩრდილს, რომელიც თავის ქვეყანას გადმოჰყურებს და მის იმჟამინდელ უბედურებაზე წუხს, კოსტერის გმირი ულენშპიგელი კი, მას შემდეგ, რაც ნახევარ ევროპას მოივლის, მტარვალი მეფისა და ინკვიზიციის წინააღმდეგ აჯანყებაში ჩაებმება. ბრძოლა აჯანყებულთა გამარჯვებით მთავრდება.
ვნახოთ მოქმედი გმირების შინაარსობრივ-იდეური მსგავსებანი. ჭავჭავაძის პოემაში ვკითხულობთ: 
“მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!
მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული”.
აქედან ჩანს, რომ მთაზე მდგომი უცნობი ქვეყნის სულია, რომელიც იქამდე იარსებებს, ვიდრე მისი სამშობლო იქნება. იგრძნობა მისი სტოიციზმიც, რაც მთაზე – სიმაღლეზე განრიდებით დგომით გამოიხატება.
ახლა ვნახოთ, რას ამბობს კოსტერის გმირი ულენშპიგელი საკუთარი თავის შესახებ: “მე ძეხორციელისა არა მცხია რა, ცარიელი სული ვარ… ფლანდრიის სული…”
განსხვავავება ამ ორ “სულს” შორის მათი არსებობის სტატიკური თუ დინამიკური მდგომარეობაა მხოლოდ, რადგან ჭავჭავაძის აჩრდილის სტოიციზმს უპირისპირდება ულენშპიგელის მოხეტიალე ბუნება და მოვლენების ეპიცენტრში მყოფობა.
“და მომევლინა მე კაცი დიდი,
მყინვარზედ მდგომი, მოხუცებული”, – ეს ჭავჭავაძის აჩრდილია. 
ულენშპიგელი კი ახალგაზრდაა, მკვირცხლი, საზრიანი.
გაჩნდება კითხვა: რატომაა ასეთი სხვაობა მათ აღწერილობაში? პირველი და უმთავრესი ის არის, რომ კითხვის ამგვარად დასმა არასწორია, რადგან ორივე ტექსტი თავისთავადია და თუ მათში რაიმე საერთოს ვეძებთ, ესეც – რაღაც შემთხვევის წყალობით, მეორე კი ის, რომ ქვეყანა, ისევე როგორც მისი ლიტერატურა (რადგან ჭავჭავაძე ქვეცნობიერად მაინც ითვალისწინებს ამას) ძველია და, აქედან გამომდინარე, ტექსტის მთავარი გმირი, აჩრდილი, მოხუცია. უკეთ რომ ვთქვათ, ჭავჭავაძემ იცის, რომ მისი ტექსტის გმირი იმ დროში არ დაბადებულა – ის არსებობდა ადრეულ საუკუნეებშიც და სხვა მწერალთა ადრეულ ტექსტებშიც. კოსტერის გმირი კი იმ დროში დაიბადა, რომელსაც ეს რომანი-ეპოპეა აღწერს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი მეორე დაბადება მოხდა ტექსტის დაწერისა და გამოქვეყნების შემდეგ, ანუ აღწერილი მოვლენებიდან ორი საუკუნით გვიან. ამის დასტურად ორიოდე ციტატას მოვიყვან: “ულენშპიგელის ლეგენდა” პირველი წიგნია, რომელშიც ჩვენი ქვეყანა საკუთარ თავს პოულობს”, – წერს ვერჰარნი, კარლ ლემონიე კი ამ რომან-ეპოპეას ფლანდრიულ ბიბლიას უწოდებს. 
“მოვიდა ეს დღეც შურის-გებისა”, – ამბობს ჭავჭავაძის პოემის გმირი. “მე მინდა, ვიხსნა, მე მინდა, შური ვიძიო”, – ეს ულენშპიგელის სიტყვებია. საინტერესოა, რომ ორმა ქრისტიანმა მწერალმა, რომელთა ტექსტებიც ძირითადად ქრისტიანულ საზოგადოებაში უნდა ყოფილიყო გავრცელებული, დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს შურისძიებას. უფრო მეტიც, მათ თავიანთ გმირებს ათქმევინეს, რომ საჭიროა შურისძიება. რა თქმა უნდა, ორივე ეს ტექსტი ძის ეპოქაშია დაწერილი და რაკი თვითონ ისინი ვერ გასცდებიან ქრისტიანობის არეალს, ჩვენც ამ კუთხით განვიხილოთ: 
“თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ” (მათ. 5,38), “მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგარტყას, მეორე ლოყაც მიუშვირე” (მათ. 5.39). ასეთია ქრისტეს მოძღვრება. მაშ, რატომ არღვევს მას ორივე გმირი? თუ უფრო კარგად დავუკვირდებით, იქნებ არც არღვევს. “ვინც თავის სულს პოულობს, დაკარგავს მას, ხოლო ვინც თავის სულს ჩემთვის კარგავს, პოვებს მას” (მარ. 8,35; ლუკ. 9,24; იოან. 12,25) 
ეს ორი სული ითხოვს შურისძიებას სხვათა გადასარჩენად, მრავალთა გადასარჩენად ითხოვს იმას, რაც თითქოს იკრძალება სჯულით. “ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა” (მათ. 10,34; ლუკ. 12,51). ამ სახარებისეულ ფრაზათა ლოგიკური ბმიდან მომდინარეობს შურისგების გამართლება, რადგან თვითონ ქრისტიანული სამყაროს ღმერთი, ქრისტე, შურისგებისათვის მოვიდა და თუ გავიხსენებთ წმინდა მოციქულის სიტყვებს: “კეთილ არს ბაძვა კეთილისა”, – ყველაფერი ნათელი გახდება. 
საინტერესოა, რა როლს ასრულებს ორივე ტექსტში ბუნების მოვლენები, საკუთრივ ბუნება. “აჩრდილში” ვკითხულობთ:
“ამ დროს ქუხილმა დაიგრიალა,
გრგვინვა დაიწყო მისმა ხმამ მთებში,
ცაზედ ელვამა გაიპკრიალა
და გაანათა მდინარე ხევში.
ცას გადაედვნენ შავნი ღრუბელნი,
ნისლში შთაცვივდნენ მთანი და ველნი.
ქარმა დაჰღმუვლა ხევ-ხუვსა, მთებსა,
ბუქი სვეტივით აატრიალა,
რისხვითა ჰგლეჯდა კლდესა და ღრესა,
ზვავმაც მაღლიდან დაიგრიალა, –
და მყის ბუნების მშვიდი დუმილი
ბნელ ჯოჯოხეთად გადიქცეოდა.
წყალი და ცეცხლი, მეხი, ქუხილი
ერთმანეთშია აირეოდა”.
“თანდათან უფრო მჭახედ ქუხდა დარტყმა, იმძლავრა გრგვინვამ”; “გასკდა კედელი ყინულოვანი, გადმოიქცა ყინულეთი და დღის ნათელი იშვა ზეცაში”; “და ყველამ ერთხმად აიტაცა: – დიდება ბუნებას! დიდება მის ძალას!” – ეს ნაწყვეტები “ულენშპიგელის ლეგენდიდან” არის, იმ ეპიზოდიდან, სადაც კატლინი თავისი ჯადოქრობის წყალობით ნელესა და ულენშპიგელს ზღაპრულ მხარეში გაგზავნის. აქ უადგილო იქნება, შევადაროთ ერთმანეთს ბუნების აღწერა, რადგან ჭავჭავაძის ტექსტში ამ უკანასკნელს სულ სხვა დატვირთვა აქვს, ისევე როგორც კოსტერთან. მნიშვნელოვანია ის, რომ ორივე მწერალი ემხრობა სამყაროს ერთიანობის, ბუნების საიდუმლოებათა, საგანთა თუ მოვლენათა ურთიერთკავშირის იდეას. ორივე ტექსტში გამოკრთის ოთხი ელემენტის (წყალი, ცეცხლი, მიწა, ჰაერი) თეორიაც: “უფალი ღმერთი ყურს ვერ მოგვაპყრობს – ჯერ სტიქიონების სულებს უნდა გაანდო გულისნადები”, – ამბობს ულენშპიგელი.
საინტერესოა რიცხვი შვიდი, რომელსაც ორივე ტექსტში საკრალური დატვირთვა აქვს. ულენშპიგელი, ზღაპრულ მხარეში მოგზაურობის დროს შეიტყობს, რომ უნდა ეძებოს შვიდეული, ჭავჭავაძის პოემა კი ასე მთავრდება:
“მსწრაფლ გადმოეშო ცისა ლაჟვარდსა
შვიდფეროვანი სარტყელი ცისა”.
ცისარტყელა, საზოგადოდ, მშვიდობასა და თავისუფლებასთან ასოცირდება. ასევე ის შვიდეულიც, რომელიც ულენშპიგელს უნდა მოეძებნა, იქნებოდა ფლანდრიისა და ყველა ჩაგრულის თავისუფლების საწინდარი.
ორივე ტექსტში მთავარი ადგილი უჭირავს თავისუფლების იდეას. “შვილო, არც ადამიანს, არც სხვა სულდგმულს არასოდეს წაართვა თავისუფლება, თავისუფლება უდიდესი ნეტარებაა ამქვეყნად”, – ეუბნება კლაასი ულენშპიგელს. 
“გადგა და დასცა თავზარი მტერსა,
დაამხო პირქვე ყმობა, მონობა
და უცხოთ ხელთქვეშ დაჩაგრულს ერსა,
ვით მზე, მოჰფინა თავისუფლება”, – ამბობს ფარნავაზის შესახებ ჭავჭავაძის “აჩრდილი”. 
საინტერესო შედარებაა “ვით მზე”. მზე, ქართული სიმბოლიკით, ღმერთს, მარადიულ სინათლესა და სიცოცხლეს გამოხატავს. მცირედ რომ ავცდეთ ტექსტის ფაქტებით განმტკიცებას, იოანე საბანისძესაც ხომ ასე განუმარტეს მოწაფეებმა, რომ თვითონ მზე მამა ღმერთია, მზის სინათლე – სულიწმინდა, ხოლო მზის სითბო – ქრისტე? (ნოდარ წულეისკირი, “ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესი”). ე. ი. ილია ჭავჭავაძე თავისუფლებას ადარებს მზეს და, ვინაიდან მზე არის ღმერთის ერთი სახე-სიმბოლო, ხოლო ღმერთი უმაღლესია, თავისუფლებაც ასეთივე გამოდის.
ვეცადე, სანიმუშოდ ერთმანეთისთვის შემედარებინა ორი ტექსტი, რომელთაგან ერთ-ერთი სასკოლო სასწავლო პროგრამაში შედის, ხოლო მეორე კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურად დავსახე. ორივე ტექსტი დავაკავშირე-განვიხილე ისე, როგორც ეს დაახლოებით უნდა ხდებოდეს სკოლაში, თუკი, სასწავლო მასალასთან ერთად, იარსებებს დამატებით შესასწავლი ტექსტებიც.
კლასგარეშე ლიტერატურის წყალობით მოსწავლეები უკეთესად აითვისებენ პროგრამით განსაზღვრულ მასალას, განუვითარდებათ შეკავშირების, ანალიზის, ფაქტების ქრონოლოგიურად დალაგებისა და ქვეტექსტების ამოკითხვის უნარი. ამასთანავე, დამატებითი ლიტერატურის გაცნობა იქნება საწინდარი იმისა, რომ მოსწავლე არ მიეჯაჭვება მხოლოდ საპროგრამო მასალას, რომ მას ბავშვობიდანვე ექნება კავშირი იმ ტექსტებთან, რომელთა გაცნობაც უდავოდ წაადგება მის განვითარებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი