პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ზაქარია გიუნაშვილი – Wolfram|Alpha – Google-ის ალტერნატივა?

სტივენ ვოლფრამი (Stephen Wolfram) 15 წლის იყო (იგი 1959 წელს დაიბადა), როდესაც პირველი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა, 20 წლისამ კი სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა თეორიულ ფიზიკაში კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. 1981 წელს ვოლფრამმა მიიღო მაკარტურის პრემია (MacArthur Prize), რომელსაც „გენიოსების პრემიას” უწოდებენ. სწორედ მაშინ გადაწყვიტა მან, რომ დრო იყო, დაეწყო ფიქრი ისეთი რთული სისტემების შესწავლაზე, როგორიცაა ბუნება და იმაზე, როგორ შეიძლებოდა ასეთი სისტე­მების იმიტაცია. ვოლფრამმა 1973 წელს დაიწყო კომპიუტერის გამოყენება, 1986 წელს კი მის კომპანიაში, რომელსაც ეწოდება Wolfram Research, შეიქმნა დღეს უკვე კარგად ცნობილი კომპიუტერული პროგრამა Mathematika. მას იყენებენ მრავალ დარგში, საინჟინრო საქმითა და მედიცინით დაწყებული, ფინანსური სფეროთი დამთავრებული. მისი საშუალებით შესაძლებელია როგორც სწრაფი და მაღალი სიზუსტის გამოთვლების შესრულება, ასევე მოდელირება.

2002 წელს სტივენ ვოლფრამმა გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით „ახალი ტიპის მეცნიერება” („A New Kind of Science”), რომელშიც იგი გამოთქვამს რწმენას, რომ რთული სისტემების აღწერა შესაძლებელია მარტივი წესების საშუალებით. მის წიგნში გადმოცემული პრინციპებისა და კომპიუტერული პროგრამა Mathematica-ს მაღალი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ვოლფრამმა გადაწყვიტა, შეექმნა სისტემა Alpha. მისი ერთ-ერთი მიზანი გახლდათ ისეთი სისტემის შექმნა, რომელსაც მომხმარებელი ნებისმიერ კითხვას დაუსვამდა და პასუხს მიიღებდა. ეს საკმაოდ რთული ამოცანა იყო, რადგან ყველამ, ვისაც კი შეხება ჰქონია გამოთვლით სისტემებთან, იცის, რომ ბუნებრივ (სასაუბრო) ენაზე გადმოცემული ინფორმაციის კომპიუტერული დამუშავება ძალზე რთულია. Wolfram Research-ის თანახმად, მის საიტზე განთავსებული სისტემა სპეცი­ალურ ალგორითმებს იყენებს ამგვარი მასალის დასამუშავებლად და მისთვის გამოთვლადი სტრუქტურის მისაცემად. ამგვარი დამუშავების შედეგად სისტემა „ხვდება”, რა აინტერესებს მომხმარებელს, როდესაც შეაქვს მასში საძიებო ფრაზა. მაგალითად, თუ შეტანის ველში შეიტანთ სიტყვებს „my age” („ჩემი ასაკი”), სისტემა მოახდენს ამ მოთხოვნის ყველაზე ადეკვატურ ინტერპრეტაციას და გკითხავთ თქვენი დაბადების თარიღს. გარდა უშუალო პასუხისა, სისტემა მოგაწვდით დამატებით ინფორმაციასაც (მაგალითად, ასაკების განაწილების დიაგრამას მსოფლიოს მოსახლეობის მიხედვით). სურვილისამებრ, შეგიძლიათ დააზუსტოთ მოთხოვნის ფრაზა და მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია.

როგორც Wolfram Research-ი ამბობს, სისტემა Alpha ოთხ ბურჯს ეყრდნობა. ესენია: მონაცემები, დინამიკური გამოთვლები, ბუნებრივი ენის ინტერპრეტაციის უნარი და გამოთვლების ესთეტიკა. მონაცემებთან Wolfram Research-ის თანამშ­რომლები მუშაობენ, ხოლო დანარჩენზე ზრუნავს სისტემა, რომელიც რთული ალგო­რითმების რეალიზაციისთვის იყენებს პროგრამა Mathematika-ს ბირთვს.
ტრადიციულ საძიებო სისტემებთან შედარება
 

თანამედროვე ინტერნეტსივრცეში საძიებო სისტემებს შორის დომინირებს Google. 2009 წელს, როდესაც ვოლფრამმა ახალი წამოწყების შესახებ გამოაცხადა, Google-ს ეკავა საძიებო სისტემების ბაზრის 64.2 პროცენტი. მას მოსდევდა Yahoo – 15.8 პროცენტი და Windows Live – 10.3 პროცენტი. ვოლფრამის განცხადება ტექნო­ლოგიური სიახლეების სამყაროში სენსაციური იყო. მაშინ როდესაც Google-თან პაექრობა ვერ შეძლეს ისეთმა გიგანტებმა, როგორებიც არიან Yahoo და Microsoft-ი, რა შანსი აქვს Wolfram Research-ს და მის სისტემას?

რა თქმა უნდა, ამჟამად შეუძლებელია, ეს სისტემა განვიხილოთ როგორც Google-ის სერიოზული კონკურენტი უნივერსალური საძიებო სისტემების სფეროში, მაგრამ მას აქვს უპირატესობა ზოგიერთი სპეციფიკური მიმართულებით. მაგალითად, თუ მოთხოვნა დაკავშირებულია რომელიმე მეცნიერული შინაარსის მქონე ინფორმაციის მოძიებასთან ან ტექნიკური ხასიათის ამოცანის ამოხსნასთან, Wolfram|Alpha საკმაოდ ზუსტ და ადეკვატურ პასუხს აბრუნებს. ამასთან, ხაზგასასმელია ისიც, რომ მის მიერ მოწო­დებული ინფორმაცია სანდოობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რადგან ეფუძნება მეცნიერულ მონაცემებს, განსხვავებით სხვა გავრცელებული საძიებო სის­ტემებისგან, რომლებიც მონაცემებს ძირითადად სტატისტიკური მახასია­თებლების მიხედვით ახარისხებენ.

სისტემის ამოქმედების დასაწყისში ბევრი მომხმარებელი მოელოდა, რომ იგი იმუშავებდა ტრადიციული საძიებო სისტემის მსგავსად, რომელიც მარტივი საძიებო ფრაზის საპასუხოდ მონაცემთა კატალოგში ეძებს ყველაზე ადეკვატურ მონაცემებს და იძლევა მათ რანჟირებულ სიას, მაგრამ, Google-ისა და სხვა სისტემებისგან განსხ­ვავებით, Alpha ახდენს არა მსოფლიო ქსელში არსებული ინფორმაციის კატალოგიზაციას, არამედ, როგორც Wolfram Research-ი ამბობს, მუშაობს როგორც „ცოდნის გამომთვლელი მანქანა” („Computational Knowledge Engine”).

ტრადიციული საძიებო სისტემები პერმანენტულად ათვალიერებენ მსოფლიო ქსელის ვებსაიტებს და მათში არსებულ ინფორმაციას ამატებენ საკუთარ დირექტორიებს, რომლებშიც პარალელურად ხდება ინფორმაციის რანჟირება სპეციალური ალგორითმების საშუალებით. მისგან განსხვავებით, Wolfram|Alpha მსოფლიო ქსელის სკანირებას კი არ ახდენს ახალი ინფორმაციის მოსაძიებლად, არამედ ეფუძნება ლიცენზირებულ მონაცემთა ბაზებს და შინაარსს, რომელიც დამუშა­ვებული და კატალოგიზებულია Wolfram Research­-ის თანამშრომლების მიერ. მონაცემთა ბაზის შევსებამდე ისინი ამოწმებენ მონაცემთა სანდოობას და სიზუსტეს. გარდა ამისა, Wolfram|Alpha-ს მონამცემთა კატალოგს აქვს მდიდარი სემანტიკური სტრუქტურა, რომელსაც სისტემა იყენებს არა უბრალოდ მონაცემთა ამოსარჩევად, არამედ მათი ურთიერთკავშირის დასადგენადაც.
Wolfram|Alpha და განათლება

Wolfram|Alpha არის უფასო ონლაინ ცოდნის მანქანა, რომელიც იძლევა არა მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნაზე დამყარებულ ინფორმაციას, არამედ გააზრებულ პასუხს დიდი მოცულობის მასალის ლოგიკური დამუშავების გზით. ცოდნის ამგვარი სისტემის გამოყენება სასწავლო პროცესში საკმაოდ ღირებულია. როგორც აღვნიშნეთ, ეს სისტემა ეფუძნება სპეციალიზებულ კომპიუტერულ პროგრამა Mathematica-ს, რომლის თავდაპირველი დანიშნულება ძირითადად მათემატიკით შემოიფარგლება. მიუხედავად ამისა, სისტემა იყენებს მონაცემთა ლოგიკური დამუ­შავების მძლავრ მექანიზმს არა მხოლოდ მათემატიკურ გამოთვლებთან დაკავშირებული შედეგების, არამედ ნებისმიერი სახის მონაცემებზე დაფუძ­ნებული დასკვნების მისაღებადაც.

გარდა ახალი ტიპის საძიებო სისტემისა, რომელიც განთავსებულია მისამართზე www.wolframalpha.com, არსებობს მისი საგანმანათლებლო პორტალიც: Wolfram Education Portal, – რომლის მისამართია education.wolfram.com. მასზე განთავსებულია რესურსები როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვისაც. ამასთან, Wolfram Research-ი სისტემატურად აცხადებს სხვადასხვა საგანმანათლებლო შინა­არსის კონკურსს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. აქ შესაძლებელია სხვა­დასხვა მასალისა და გაკვეთილის გეგმების განთავსება და მოძიება.

კომპიუტერული პროგრამა Mathematica საკმაოდ ძვირად ღირებული მათემატიკური პაკეტია, მაგრამ მისი სადემონსტრაციო ვერსიისა და თანმხლები დოკუმენტაციის გადმოტვირთვა შესაძლებელია მისამართიდან www.wolfram.com/mathematica/trial. ონლაინ სისტემა, როგორც აღვნიშნეთ, უფასოა და მისი გამოყენება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში შეუზღუდავად შეიძლება.
 
პორტალზე წარმოდგენილია უამრავი საგანმანათლებლო შინაარსის ნიმუში, მათ შორის – ინტერაქტიული ციფრული მასალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი