ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

განათლებას გავრცელება სჭირდება – ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია

„საქართველოში ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ მხოლოდ მაქინაციებით კეთდება ფული. მე ფინანსური წარმატება ჩემმა მეცნიერულმა საქმიანობამ მომიტანა – ჩემი აღმოჩენა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინერგა და რაზეც ახლა ვმუშაობ, ამ პოლიმერის მასალებიდანაც უზარმაზარი კომერციული მოგების მიღება შეიძლება, თუ საქართველოში ამ კვლევას ვინმე დააფინანსებს”, – გვითხრა პროფესორმა რამაზ ქაცარავამ ახალგაზრდა მეცნიერთა მე-3 საერთაშორისო კონფერენციის გახსნის დღეს. კონფერენცია 17-19 მაისს თბილისში, სასტუმრო „დიდუბე პლაზაში” გაიმართა.


ქართველ ახალგაზრდებში პოპულარულ პროფესიებს შორის სამეცნიერო საქმიანობას ნამდვილად არ უკავია წამყვანი ადგილი. ამის მიზეზად, უპირველესად, მეცნიერების არაკომერციულ ხასიათს ასახელებენ, თუმცა კი თანამედროვე სამყარო მეცნიერებას ისეთ მოთხოვნებს უყენებს, – და, შესაბამისად, მეცნიერებიც ისე არიან ჩართულნი ზოგადსაკაცობრიო პროგრესში, – რომ მის კომერციალიზაციაზე დღეს არათუ საუბრობენ, წარმატებული მეცნიერი ფინანსურად წარმატებულ ფიგურასთან არის გაიგივებული, ხოლო ის, რომ ქართველი ახალგაზრდები სამეცნიერო საქმეს გვერდს უვლიან, მოძველებული შეხედულებებისა და ინფორმაციის ნაკლებობის ბრალი უფროა.


„განათლებას პროპაგანდა სჭირდება”, – ამბობს პროფესორი რამაზ ქაცარავა და ამ პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსაც, სადაც ხდება თვალსაწიერის გაფართოება, ინფორმაციის მიღება, კონტაქტების დამყარება სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მეცნიერებს შორის.


ახალგაზრდა მეცნიერთა მე-3 საერთაშორისო კონფერენციაში რვა ქვეყნის ასამდე ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარი მონაწილეობდა. კონფერენციის სამუშაო თემატიკა მოიცავდა ისეთ სფეროებს, როგორიცაა: არაორგანული, ანალიზური, ორგანული ქიმია, ბიოქიმია და ფარმაკოქიმია, ქიმიური, ელექტროქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგია, ეკოლოგია და გარემოს უსაფრთხოება, ნანოტექნოლოგიები და სხვა.


კონფერენციას საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა (ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი, სპორტის, კულტურის, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი) და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციამ გაუწიეს ორგანიზება.


ელიზბარ ელიზბარაშვილი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარე და კონფერენციის ორგანიზატორი: „ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციას საფუძველი ჩაეყარა 2011 წელს. მისი ჩატარება შევძელით „ეროვნული სამეცნიერო ფონდის” ფინანსური თანადგომით. პირველ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უნივერსიტეტების ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარებმა. 2012 წელს კონფერენცია საერთაშორისო გახდა და მასში ჩაერთნენ იტალიის, ირანის, თურქეთის, უკრაინისა და სომხეთის წარმომადგენლები.


კონფერენცია „ქიმია დღეს” ორიგინალური ფორმატით გამოირჩევა. იგი ორგანიზებულია ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარებისა და სტუდენტების მიერ. საორგანიზაციო კომიტეტში შედიან მხოლოდ დოქტორანტურის, მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტები (გარდა საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარისა). კონფერენციას ჰყავს საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტი. აქვე აღვნიშნავ, რომ თითოეულ ჩატარებულ კონფერენციას აქვს საკუთარი ვებგვერდი, რომელიც საერთაშორისო კონფერენციების კატალოგ-ვებგვერდებზეა გაწევრებული. საორგანიზაციო კომიტეტმა კონფერენციის დელეგატებისთვის მოამზადა თეზისების კრებული, კონფერენციის სამახსოვრო კალენდარი და სხვა ნაბეჭდი მასალები. კონფერენციის ფორმატია პლენარული, ზეპირი და სტენდური მოხსენებები. ყოველ კონფერენციაზე საორგანიზაციო კომიტეტი პლენარული მოხსენების გასაკეთებლად იწვევს ორ ცნობილ მეცნიერს. მათი მოხსენებები ახალგაზრდებისთვის საინტერესოა როგორც სამეცნიერო, ისე საგანმანათლებლო თვალსაზრისით. მიმდინარე კონფერენციაზე მოხსენებით წარდგა პროფესორი რამაზ ქაცარავა, რომელმაც ილაპარაკა ახალი გაწოვადი პოლიმერების გამოყენების შესახებ მედიცინაში, სახელდობრ, ქირურგიაში – გაწოვადი მასალების, ხოლო ფარმაციაში კონტროლირებადი გამოყოფის სისტემების სახით”.


როგორც საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ინგა ლომაძე გვიხსნის, ამ ღონისძიების მიზანია ქიმიისადმი ახალგაზრდების ინტერესის გაზრდა, მათი ჩართვა აქტიურ სამეცნიერო-შემოქმედებით საქმიანობაში მიღწევებისა და გამოცდილების გაზიარების, ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და გაღრმავებისათვის. კონფერენციაში მონაწილეობა ახალგაზრდა მკვლევარებს გამოუმუშავებს შესაბამის უნარ-ჩვევებს, რაც მათ მომავალში საერთაშორისო ასპარეზზე თავის წარმოჩენას გაუადვილებს”.


ვიქრონ შარმა პორტლენდიდან ჩამოვიდა თბილისის კონფერენციაზე. ის 13 წლისაა, შარშან მან სასკოლო ოლიმპიადისთვის დაამუშავა თემა სუპერკონტაქტების შესახებ და ამ მიმართულებით თეორიული აღმოჩენაც გააკეთა, მერე კი ინტერნეტში ეძებდა სამეცნიერო კონფერენციას, სადაც მისი აღმოჩენით დაინტერესდებოდნენ. თბილისის ახალგაზრდული კონფერენციის შესახებ ინფორმაცია სწორედ იქ იპოვა. ფიქრობს, აქ ჩამოსვლა მას გამოცდილებას შესძენს. როგორც ვიქრონ შარმამ გვითხრა, მის სკოლაში ისეთი მოსწავლეები სწავლობენ, რომელთაც 99 ქულაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ, თუმცა კი ყველა არ არის სამეცნიერო კვლევებით გატაცებული. მისი ინტერესები კი ქიმიით არ შემოიფარგლება – მას სხვა საბუნებისმეტყველო საგნებიც იტაცებს, თუმცა სამომავლოდ ბედს ალბათ ქიმიას დაუკავშირებს.


ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტ ლალი ვარდოსანიძესაც მიაჩნია, რომ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მომავალი საქმიანობისთვის სტიმულია. იგი გასული წლის შემოდგომიდან ჩაება კვლევაში, ხოლო კონფერენციაზე ამ კვლევის ფრაგმენტი წარმოადგინა. ხელმძღვანელებთან – პროფესორ ლუიზა თალაკვაძესა და პროფესორ ნელი ღონღაძესთან ერთად ახალგაზრდა მკვლევარი მუშაობს კომპლექსური ნაერთების სინთეზზე თიოძმარმჟავას საფუძველზე. ლალი ვარდოსანიძემ პირველად მიიღო მონაწილეობა ასეთ ფორუმში და აინტერესებდა ის სიახლეები, რასაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მისი კოლეგები წარმოადგენენ. ახალგაზრდა მკვლევარი ასევე მონაწილეობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტში „ასწავლე საქართველოსთვის”. იგი წალკაში მუშაობს ქიმიის მასწავლებლად.


კონფერენციის მონაწილეთა შორის ისეთ მეცნიერებსაც შეხვდებოდით, რომელთა ინტერესს კოლეგებისთვის საკუთარი აღმოჩენის გაცნობა წარმოადგენდა. საკითხი, რომელსაც ახალგაზრდა მეცნიერი ხათუნა მამაიაშვილი ამუშავებს, ვაშლის წვენში გააქტივებული ნახშირის გამოყენებით პატულინის შემცველობის შემცირებას ეხება. „თემა აქტუალურია, რადგან პატულინის მიკროტოქსინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კანცეროგენული ნივთიერებების რიცხვში შეიტანა და მისი შემცველობა ვაშლის წვენსა და კონცენტრირებულ წვენებში მკაცრად კონტროლდება. საქართველოში ჯერ არ არსებობს ამ პარამეტრის რეგულატორი და ჩვენი მოსახლეობა არ არის დაცული. მინდა, ექსპერიმენტის საფუძველზე წარმოვადგინო გაცნობითი ხასიათის ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს ამ საკითხში ჩვენს ინფორმირებას”, – აგვიხსნა ხათუნა მამაიაშვილმა.


დღეს გვიკვირს, თუ ვინმემ სამეცნიერო საქმიანობისადმი ინტერესი გამოიჩინა. არა მხოლოდ ახალგაზრდებს, ასაკოვან მეცნიერებსაც კი საზოგადოება ისე უყურებს, როგორც გულუბრყვილო ადამიანებს, არადა, ეს დიდი სამყარო, რომელსაც მეცნიერება ჰქვია, იმაზე მეტი ადრენალინის მომცემია, ვიდრე ვირტუალური თამაშები ანდა სპორტის ექსტრემალური სახეობები. საკმარისია, მოვინდომოთ და მის უკიდეგანო სივრცეში გადავაბიჯოთ…


აქვე დავამატებთ, რომ ახალგაზრდა მეცნიერთა მე-3 საერთაშორისო კონფერენციის საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge”, სამეცნიერო-შემეცნებითი ჟურნალი „ქიმიის უწყებანი”, ქიმიის პორტალი „chemistry.ge”. მისი პარტნიორები კი იყვნენ სასტუმრო „დიდუბე პლაზა”, ტურისტული კომპანიები „L-Tour” და „კურორტი აბათუმანი”.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი