პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ოთარ ჭილაძის ქართულ-ამერიკული ამბავი

ყველაფერი 1492 წელს დაიწყო – მაშინ, როცა კოლუმბმა ახალი მიწა აღმოაჩინა. მოგვიანებით კონტინენტს ამერიგო ვესპუჩის პატივსაცემად ამერიკა ეწოდა და ევროპელებმა ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიზაცია დაიწყეს. მანამდე თანამედროვე აშშ-ის ტერიტორია დასახლებული იყო ინდიელებითა და ესკიმოსებით, რომლებიც პირველყოფილი თემური წყობილების სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებოდნენ. ეს იყო ბრძოლა მიწისათვის, რომელსაც თან ახლდა ინდიელთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა.

მე-18 საუკუნის 70-იანი წლებიდან ჩრდილოეთ ამერიკაში დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი და ანტიფეოდალური მოძრაობა, რომელიც თომას ჯეფერსონის დამოუკიდებლობის დეკლარაციით დაგვირგვინდა. 1776 წლის 4 ივლისს შეიქმნა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებელი სახელმწიფო. სულ მალე, 1783 წელს, ინგლისმა ცნო აშშ-ის დამოუკიდებლობა. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა დამოუკიდებლობისთვის ომში ამერიკული ჯარის მთავარსარდალი ჯორჯ ვაშინგტონი.

ასე და ამგვარად, ნელ-ნელა, რევოლუციების, სამოქალაქო დაპირისპირებების, უამრავი შიდა კონფლიქტის მოგვარების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები იქცა ერთიან, ძლევამოსილ სახელმწიფოდ, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე განსაკუთრებული როლი და ადგილი აქვს.

ამერიკის ჩრდილოეთ და სამხრეთ კონტინენტებს ერთმანეთისგან ყოფს პანამის ყელი. ამერიკის მეხუთე პრეზიდენტის ჯეიმზ მონროს ცნობილი დოქტრინა, „ამერიკა ამერიკელებისთვის”, გულისხმობდა ორივე კონტინენტის გაერთიანებას, სავაჭრო-ეკონომიკურ განვითარებას. 1903 წელს აშშ-მა ხელშეკრულების საფუძველზე მუდმივ მფლობელობაში მიიღო პანამის ტერიტორია წყნარი და ატლანტის ოკეანეების დამაკავშირებელი არხის გასაყვანად. ეს იყო კაბალური დოკუმენტი, რომელიც ამერიკამ თავს მოახვია პანამას. სამწუხაროდ, გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ამერიკა-პანამას შორის ურთიერთობა მეტად დაიძაბა. 1989 წელს ამერიკის არმია პანამაში შევიდა ე.წ. „სამართლიანი მიზეზით”. ოპერაცია სამი დღე გაგრძელდა და მას 345 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

ეს ამ წერილის ისტორიული ნაწილია, რომელიც, ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო დეტალებს უნდა შეიცავდეს. არ ვიცი, ამერიკა-პანამის კონკრეტულად რომელ ბრძოლაზე იყო საუბარი იმ საგაზეთო სტატიაში, რომელიც დიდი ქართველი მწერლის პოემის წყაროდ იქცა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ისტორიული სინამდვილე ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.

ოთარ ჭილაძის შემოქმედება თანამედროვე ლიტერატურის კლასიკაა. სასკოლო პროგრამაში მისი რამდენიმე ლექსია შეტანილი, მათ შორის – პოემა „ადამიანი გაზეთის სვეტში”. ეს ნაწარმოები თეთრი ლექსის კარგი ნიმუშია.
თეთრი ლექსი, როგორც ვიცით, ურითმო ლექსს ჰქვია. მისი ავტორი მკითხველს მიანიშნებს, რომ მთავარი აზრია და არა რითმებით გამოწვეული ეფექტი. ცნობილია, რომ განვითარების პირველ ეტაპზე ქართული ლექსი ურითმო იყო. მოგვიანებით რითმა იმდენად შეერწყა ლექსს, რომ ურითმოდ მისი წარმოდგენაც კი აღარ შეეძლოთ. დღესაც მკითხველი განსაკუთრებულ ყურადღებას ამ უკანასკნელზე ამახვილებს. კარგია, როდესაც ლექსის სტროფები მუსიკის ჰანგებივით ჟღერს და თითოეული ბგერა მღერის.

პოეზიას მიზიდულობის ძალა და ერთი მეტად უცნაური თვისება აქვს – მკითხველს მივიწყებულ სევდას უღვიძებს და მიჩქმალულ ცრემლს მოადენს ხოლმე. ერთხელ მეგობარმა მითხრა, ლექსებს მაშინ ვკითხულობ, როდესაც ძალიან მოწყენილი ვარ და მინდა, უფრო მეტად მოწყენილი ვიყოო. დავფიქრდი და აღმოვაჩინე, რომ ზოგჯერ მართლა ასეა, სენტიმენტები გვიბიძგებს ლექსის წასაკითხად. კარგი პოეტის ლექსის თითოეული სტროფი, სიტყვა ავტორის გულივით ფეთქავს. ის პოეზიაა ყველაზე უფრო მოსაწონი, რომელსაც ნამდვილი, წრფელი ხელოვანის ნათელი ახლავს. ლექსში ყველა იმას პოულობს, რაც სურს. პოეტი ხშირად არღვევს გაბატონებულ ფორმებს და ახალ, საინტერესო აღმოჩენებს გვთავაზობს, რადგან ენა მდინარეს ჰგავს და არასდროს არის ერთნაირი.

ოთარ ჭილაძის შემოქმედებაც ასეთია, განსხვავებული და ყველასთვის „მისი”. პოემა ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებზე მოგვითხრობს. ეს არის სიკეთისა და ბოროტების ჭიდილი, რომელიც ავტორმა პოეტური სისადავით გადმოსცა. ეს არის გაგრძელება პანამის არხში მომხდარი სისხლიანი ამბისა – როგორ მოკლეს ამერიკელებმა თავიანთი თანამოძმე მხოლოდ იმიტომ, რომ მან არ მოინდომა, უდანაშაულო ხალხზე აღემართა ხელი. მეგობრების მიერ მოკლულმა, სულის ხორცთან გაყრისას ცხოვრების უმთავრესი აზრი და ღირებულებები აღმოაჩინა.

პოემის მთავარი გმირი კრუს ხიმენესი სისხლის გუბეში ცურავს და…

ამ პოემას, მიუხედავად იმისა , რომ ეროვნულ მოტივებზე არ არის შექმნილი, ქართული სული დაჰყვება თან. სულ მგონია, რომ ქართველია ეს ჯარისკაციც, რომელსაც სიცოცხლე, ადამიანები და სამშობლო ყველაზე მეტად უყვარს, მისი აღსასრული კი რაღაც ახლის, სასიკეთოს, გამარჯვების დასაწყისია. არიან ადამიანები, რომლებიც ბრმად მიჰყვებიან ცხოვრების დინებას, უსიტყვოდ ასრულებენ ვიღაცის ბრძანებებს და არასოდეს დაფიქრდებიან, რა დგას ამ ყველაფრის მიღმა. მონობა საოცარი რამაა, ზოგჯერ გრძნობ მას, ზოგჯერ – ვერა. ადამიანები კანონების, დოგმების, გრძნობების ტყვეობაში ხშირად ექცევიან, მაგრამ განსჯის უნარს არ უნდა კარგავდნენ. ჯარისკაცი ვალდებულია, სიცოცხლის ფასად დაიცვას ქვეყანა, მაგრამ არსებობს ადამიანური მოვალეობა, რომელიც პროფესიულ ვალდებულებებს აღემატება. ომში უდანაშაულო ხალხის დახოცვა კაცობრიობის წინაშე დიდი დანაშაულია. მავანი იტყვის, რომ ომს თავისი დაუწერელი კანონები აქვს. კრუს ხიმენესი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც უსამართლობას წინ აღუდგა, ბრმა მორჩილება დაამარცხა და შეეწირა კიდეც მას სიცოცხლის სახელით – როგორც თავად ამბობს: „ჩემი სიკვდილის ერთადერთ მიზეზს სიცოცხლე ჰქვია”.

ოთარ ჭილაძემ ამ გმირს ქართული სული შთაბერა, კითხულობ და გრძნობ, რომ ძალიან შენია, ახლობელი და ასე ნაცნობი. ჩვენი ისტორიაც არაერთ ასეთ გმირს იცნობს, სამშობლოსთვის, იდეებისთვის შეწირულს საკუთარი ძმების ხელით, მაგრამ მათი აღსასრული გზის დასაწყისია და არა პირიქით. ზოგჯერ ძალიან ძნელია, იპოვო ყველა საჭირო სიტყვა, რათა შენი ფიქრი მკითხველთან მიიტანო. სწორედ ამიტომ პოეზია ნამდვილი ხელოვნებაა, ისევე როგორც მხატვრობა. ვან გოგი ბერნარს სწერდა: „განა საგნის სიტყვებით კარგად გამოხატვა ისევე საინტერესო და ძნელი არ არის, როგორც მისი დახატვა ფერებით?” პოეზიაში საკმარისი არ არის საგნის დასახელება – ამისთვის კონტრასტები, შორეული გზით სვლაა საჭირო. პოეტმა ლექსად უნდა აქციოს ადამიანის ცხოვრება, მხატვრული ფერებით მორთოს იგი და დანარჩენებსაც უწილადოს. ქართველმა პოეტებმა ნამდვილად კარგად იციან ეს ხელოვნება. ქართული ლექსი ადამიანის გულის ძარღვებს ისე ეხება, რომ ზოგჯერ ფიზიკურ ტკივილსაც კი განაცდევინებს.

ოთარ ჭილაძე თავის პოემაში ისეთ ცხად, ნათელ და მკითხველისთვის გასაგებ სურათს ხატავს, რომ პოეტური ხერხების გადამეტებული გამოყენება აღარ არის საჭირო. ბიბლიური ალუზია და გმირის განცდები დიდ ეფექტს ახდენს მკითხველზე, სხვა ყველაფერი კი ზედმეტია. ეს არის ტრაგედია ინდივიდისა, რომლის ღირებულებები არ თანხვდება მასის ღირებულებებს. ის, რაც სხვა მეომრებისთვის უბრალო დავალებაა, ბრძანება, კრუს ხიმენესისთვის მიუღებელი და ამორალური საქციელია. ეს არის კეთილი მარცვალი ბოროტთა შორის, ერთი ბევრის წინააღმდეგ, თუმცა ბრძოლა გამართლებული და მოგებულია.

პოემა გამომსახველობითი და ნამდვილია, რეალური გმირით, რომელსაც პროტოტიპი ნებისმიერი ერის ცხოვრებაში მოეპოვება. გმირები ყველგან და ყოველთვის არიან. დასანანია, რომ ადამიანს სიკვდილი ეხმარება, გმირად აღიარონ. ქართულ სინამდვილეშიც ასეა, ვინმე უნდა შეეწიროს, რომ გზა ხსნისა გამოჩნდეს და ის ყველამ დაინახოს. პოემის მთავარი აზრი ფინალშია გაცხადებული, ეს არის ზოგადსაკაცობრიო პრობლემა – ადამიანის მიერ სიცოცლის საზრისის, საკუთარი თავის პოვნა. 

გამოჩენილ ფრანგ პოეტს ვერლენს უთქვამს: „მე მგონია, რომ მკითხველმა ჩემს ლექსებში უნდა იგრძნოს ჩემი ცხოვრების გოლფშტრემის დინება”. მართლაც, ოთარ ჭილაძის შემოქმედებაც ასეთია, ნაღველით, ტკივილებით, განცდებითა და ქარტეხილებით აღსავსე, რომელსაც მზის თბილი სხივებივით ათბობს მისი პოეტური სული და ენა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი