ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ფერწასული კოლომბინა

“მე მჯერა ქალისა და კაცის თანასწორობის! _ ეს განცხადება ორი საუკუნის წინ სკანდალური იქნებოდა, ერთი საუკუნის წინ _ საკამათო; დღეს კი _ ბანალურზე ბანალურია და მაინც, ხუმრობით ნათქვამიც კი აუტანლად მეჩვენება ,,მოსწრებული” ფრაზები როგორც ბარდზე მიჭმული ჭკუის შესახებ, ისე იმ კისერზე, სულელ თავს საითაც უნდა, იქით რომ მიატრიალებს; თუმცა არის ერთი ფემინისტური სულისკვეთების ფრთიანი გამოთქმა, რომელიც ძალიან მომწონს: ,,ყოველი დიდებული კაცის უკან დიდებული ქალი დგას.”

არ ვიცი, ეს გამონათქვამი ვის ეკუთვნის, მე კი, სხვათა შორის, იგი კაცისაგან მოვისმინე, ჩვენმა ლექტორმა მიხეილ ქურდიანმა დაიმოწმა, იმავე დღეს, მახსოვს, მეორე მახვილგონივრული გამოთქმაც დავიმახსოვრე მისგან: ,,სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები სხვადასხვაგვარად აზროვნებენ”. ეს უკანასკნელი დიდი მეცნიერის, ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის, სიტყვებია. ხოლო პირველი ფრაზა ბატონმა მიშამ მაშინ ახსენა, როცა გვიამბობდა, რამხელა წვლილი მიუძღვოდა ამ გერმანელი ენათმეცნიერის მიღწევებში მის მეუღლეს, კეროლაინ ფონ ჰუმბოლდტს.

სულ ახლახან ეს ფრაზა მე ვუთხარი ჩემს მოსწავლეებს, ყველაფერი კი ასე იყო: ტიციან ტაბიძის ლექსს ,,ანანურთან” ვხსნიდი. ვუამბე, როგორ გამოჩნდა ,,ლაღიძის წყლებში” მშვენიერი თამუნია წერეთელი და როგორ ცდილობდა ყოველდღე ტიციანი ვინმე ნაცნობი ხშირად უკანასკნელი კაპიკებით შეეპატიჟებინა თბილისელთა თავშეყრის ამ ცნობილ ადგილას, რათა კიდევ ერთხელ მოეკრა თვალი გამაოგნებელი სილამაზის გამყიდველისათვის. როგორ იქცა თამუნია ცნობილი პოეტის მუზად. . .

ეღიმებათ, ვხვდები, რომ ამბავმა ჩაითრია კლასი და თხრობას მეტად დრამატულად ვაგრძელებ:

. . . მერე თამუნია გათხოვდა, პრობლემური მშობიარობა ჰქონდა და ფეხი მოკვეთეს _ ტიციანმა ძალიან განიცადა, აღარ შეეძლო ,,ლაღიძის წყლებში” შევლა და დასახიჩრებული სილამაზის ნახვა. . .

მოიღუშნენ, თვალები ჩაუქრათ, ვხვდები, რომ შემზადებულები არიან, უკვე შემიძლია ლექსის კითხვა დავიწყო: ვცდილობ, ჩემი ხმა გულშიჩამწვდომად ჟღერდეს, გზადაგზა ვჩერდები და ვესაუბრები ლერმონტოვის ,,დემონზე”, ვრუბელზე, ,,ლაყუჩებახეული კალმახის” შესანიშნავ ტროპულ სახეზე, იმაზე, რომ ეს ლექსი პოეტური თვითმკვლელობის გამოცხადებაა.

დავასრულე, ყველაზე ახლოს სალომე თვალებია _ რომანტიკულ-ტრაგიკული ისტორიები სწორედ მასზე მოქმედებს ყველაზე ძლიერად _ ცრემლს ძლივს იკავებს; ბიჭები სერიოზული სახით უხმოდ უთანაგრძნობენ ლირიკულ გმირს, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს; მოტარებული მზერა ხელმარცხნივ, ნინოზე შევაჩერე: საშინლად დაძაბული ზის, ორჭოფული გამომეტყველებით და აშკარად, რაღაც აწვალებს.

_ რაო, ნინო? _ ვუღიმი;
_ მასწ . . . _ და მერე ერთბაშად მეკითხება: _ ტიციანს ცოლი არ ჰყავდა?

ყველა ელოდება ჩემს პასუხს და მე უცებ ვხვდები, რომ ეს იმაზე რთული კითხვაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ვინაიდან იმის თქმა მომიწევს, რომ ტიციანს არათუ უბრალოდ ცოლი, არამედ არაჩვეულებრივი, სრულიად განსაკუთრებული და გამორჩეული მეუღლე ჰყავდა. და მერე უნდა ავუხსნა ამ ყოვლად რადიკალურებსა და ურწმუნოებს, რომ ,,თუ ასეთი კარგი იყო, რატომ უძღვნიდა ტიციანი ლექსებს სხვას”.

ნინო, რომელიც მოგვიანებით დიდი სიამაყით ატარებდა ,,საწყალი, ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭის” უბრალო გვარს, ტაბიძეს, თავადი მაყაშვილი გახლდათ _ ტრადიციული ოჯახისა და პროგრესული შეხედულებების მქონე მშობლების შვილი. ბავშვობაში ილია ჭავჭავაძის მუხლზე ჩამომჯდარი სხაპასხუპით მიაყრიდა ხოლმე: ,,ტყემ მოისხა ფოთოლი…”, ერთხელ მძინარე ვაჟა-ფშაველასაც წაეპოტინა ღიად დარჩენილ ბრმა თვალზე; ის პირველი საღამო იყო მის ცხოვრებაში, როდესაც დიდი პოეტების დიასახლისობა ხვდა წილად, მაგრამ არა უკანასკნელი _ წერდა:

,,ალბათ, ვაჟა-ფშაველამ და ილია ჭავჭავაძემ დამანათლეს, მთელი ცხოვრება პოეტებთან გამეტარებინა”.

გავიდა დრო და უკვე ,,ნინად” ქცეული თავადის ასული თბილისში გამოჩნდა; გამოჩნდა და გაიბრწყინა: ახალგაზრდა მწერლებსა და პოეტებს, რომელთა საზოგადოებაშიც ნინა ტრიალებდა, ერთნაირად იზიდავდათ ქალიშვილის ცისფერი სისხლი, წითელი სამოსი და შავი თვალები; თუმცა, რასაკვირველია, უფრო მეტად _ მისი დახვეწილი გემოვნება, თელავის წმინდა ნინოს პანსიონში მიღებული განათლება და სულიერი სიღრმე. ბალმონტი ქუჩაში უკითხავდა ლექსებს, ქედმაღალი კონსტანტინე გამსახურდია მიხაკების თაიგულებს უძღვნიდა და მისი გულის მოგებას ცდილობდა, მაგრამ ნინა მაყაშვილი ტიციანს ერგო, რადგან ტიციანმა პოეზიით, ნამდვილი მეგობრებითა და ყოველდღიური მშვენიერი სიგიჟეებით სავსე ცხოვრება აჩუქა თავადის ქალს და რადგან ტიციანი იყო ერთადერთი რაინდი, რომელიც უერთგულებდა ,,ფერწასული კოლომბინას” (როგორც პაოლო იაშვილმა უწოდა ნინას) წამებულ სულსა და ტუბერკულოზს.

არცთუ ისე ცოტაა ისტორიაში ე.წ. ,,ფატალური ქალები” _ ცხოვრების განმავლობაში რამდენიმე გამოჩენილი ხელოვანის მუზა და ბედისწერა რომ ხდებიან და ამით შემორჩებიან სამყაროს. მათ მავანისთვის დიდი ხიბლი აქვთ, როცა ანდრე მორუა ჟორჟ სანდზე წერს, ხვდები, რომ ეს ქალი მხოლოდ სიცოცხლეში არ ნუსხავდა დიდებულ მამაკაცებს, მან მკვდარმაც მოახერხა თავგზა აერია უაღრესად ჭკუამახვილი მორუასათვის. მაგრამ მე ვერ ვამჩნევ ამგვარი ქალების ხიბლს _ რაღაცნაირად უნაყოფოები არიან, როგორც სხვისთვის ავბედითები, ისევე თავად უბედურები. მიუხედავად ახალგაზრდობისდროინდელი წარმატებებისა, მიუხედავად იმისა, რომ მისი დროის დიდი შემოქმედები აღფრთოვანებულნი იყვნენ მისით და ხელისგულზე ატარებდნენ, ნინა მაყაშვილი დარჩა არა სატრფო-ლეგენდად, არამედ როგორც ყველა ამ მამაკაცის (რასაკვირველია, ტიციანის გარდა) ერთგულ დად და მზრუნველ დედად: პაოლო იაშვილის საცოლისთვის აუცილებელი პირობა იყო, ნინას მოსწონებოდა, ნინამაც მოიწონა და პაოლომ ცოტა ხანში თამარ სერებრიაკოვაზე ჯვარი დაიწერა; არც გიორგი ლეონიძის ქორწინებას ჩაუვლია ,,მაყაევას” გარეშე _ სწორედ ამ უაღრესად არისტოკრატმა და ამავდროულად ყოველგვარი ბოჰემური ცელქობისთვის მუდამ მზად მყოფმა ქალმა ,,მოატაცებინა” ფეფიკო გოგლას და თავისი და ტიციანის ბეჭდებიც ათხოვა, მერე კი ეს ბეჭდები მეეტლეს დაუტოვეს, ვინაიდან ახირებულ მაყრიონს ეტლის დასაქირავებელი ფული არ ჰქონდა. სწორედ ნინას უნდა დაემშვიდებინა დილაუთენია ესენინი, წინა ღამის ცუდი სიზმრით შეშფოთებული გულამოსკვილი რომ ტიროდა ლოგინში; ნინას უნდა ეყიდა კაქტუსები რუსი მწერლის ლეონიდ ლეონოვისათვის. . .

თავის წიგნში ,,ტიციანი და მისი მეგობრები” ნინო ტაბიძე ბევრ ადამიანს იხსენებს, ბევრ დიდ შემოქმედს და საოცარია, ყველას იხსენებს საუკეთესო კუთხით, დიდი სიყვარულით, თითქოს თითოეული მათგანი იყო ის ერთადერთი, ვინც მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. იგი ყველას კეთილგანწყობითა და უზომო პატივისცემით სარგებლობდა და პერსონაჟთა სიკვდილის მერეც არ უღალატია ამ კეთილგანწყობისათვის.

მერე ტიციანი რეპრესიებს შეეწირა _ ამის შესახებ ნინო ტაბიძე თითქმის არაფერს წერს, თითქოს ამქვეყნად მხოლოდ ტიციანსა და მის მეგობრებთან გატარებული მშვენიერი დრო არსებობდა, მაგრამ ერთი პატარა დეტალისაგან შეიძლება დასკვნის გამოტანა, თუ რა გადაიტანა მან:

,,. . . იმ საშინელ დღეებში ტიციანი ხშირად იმეორებდა, ღმერთმა ქნას, გოგლა მაინც გადარჩეს, ჯერ ბავშვიაო.
მადლობას ვუხდი ჩემს დას, ფეფიკოს და მის ქალიშვილებს, მძიმე ჟამს ზურგი რომ არ მაქციეს, დიდი ყურადღება გამოიჩინეს ჩემსა და ნიტას მიმართ.”

მადლობა იმის გამო, რომ უახლოესმა მეგობრებმა ზურგი არ აქციეს, მრავლისმთქმელია!

კიდევ იყო ერთი დიდი პოეტი, ,,კაპიკებით” და სულიერი თანადგომით რომ ეხმარებოდა ტიციანის ოჯახს:

,,. . . ჩემი ტრაგედიის შემდეგ, 1937 წელს, როცა მარტო დავრჩი, მეჩვიდმეტე დღეს ბორისისაგან დეპეშა მივიღე: ,,მე გული ამომკვეთეს, ვერ ვიცოცხლებდი, მაგრამ ახლა ორ ოჯახზე უნდა ვიზრუნო: ზინასა და ლიონიაზე და თქვენსა და ნიტაზე”.

მას არ უღალატნია თავისი სიტყვისთვის, ჩემთვის უმძიმეს წლებში, თვით ტიციანის რეაბილიტაციამდე, ჩვენ არ მოგვკლებია მისი მორალური და ნივთიერი დახმარება. ყოველ ზაფხულს პასტერნაკებთან ვატარებდი. ალბათ, იმ დროს ბორისისა და ზინას ბადალი და-ძმაც კი ცოტა მოიძებნებოდა, ასე უშიშრად და ასეთი სიყვარულით რომ ეზრუნათ მოყვასზე. სამუშაოდან დაბრუნებულს, თითქმის ყოველ კვირას შინ მისი წერილი მხვდებოდა ხოლმე. გაკრული ხელით წერდა ბორისი და ასე მეჩვენებოდა, თითქოს ფურცელზე მერცხლის ფრთების ჩრდილი იყო გადაწოლილი და დაღლილს, სასომიხდილს მისი ზრუნვისა და ალერსის მზე თავს დამადგებოდა ხოლმე. . .”

,,ცისფერყანწელების” სახელი მთელ საქართველოში ქუხდა, მაგრამ, ჩემი აზრით, ბევრი მათგანი ვერ წერდა ასე, როგორც ეს ,,დიდი მამაკაცის ზურგსუკან მყოფი ქალი”. ყოველ შემთხვევაში მე ,,ცისფერი ყანწები”, უპირველეს ყოვლისა, ნინო ტაბიძემ შემაყვარა.
ვყვები ასე, ბევრს ვყვები: როგორ გამოიძახა ტიციანმა ბორჯომიდან მეუღლე, რათა მისთვის თამუნია წერეთელი ეჩვენებინა, როგორ დაბეჭდა ცოლის ნებართვით თამუნიასადმი მიძღვნილი ლექსები, რომელსაც პაოლო და ვალერიან გაფრინდაშვილი მანამდე, ნინას ხათრით, არსად აჩენინებდნენ, როგორ აჩუქა მას მოდური და ძვირფასი ნივთები (ბავშვებს ეღიმებათ, ფიქრობენ, რომ ეს პატიების თხოვნა იყო) და როგორ გააბრუნა ბორჯომში.

და მე მგონი, ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ხვდებიან, რომ მუზა მშვენიერია, მაგრამ მასზე მეტად მნიშვნელოვანია ქალი, რომელიც სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგ შენი ნამდვილი მეგობარია, ქალი, რომელიც ზურგს უკან დგას და წაქცევის საშუალებას არ გაძლევს.

და მგონია, რომ მათთვის გაკვეთილი ნინა მაყაშვილზე და ნინა მაყაშვილი, როგორც გაკვეთილი, შედგა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი