ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

შემაჯამებელი წერითი დავალების ტიპები მსოფლიოსა და საქართველოს ისტორიაში

ნებისმიერი საგნის სწავლების პროცესში შემაჯამებელ დავალებას
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. განვიხილავთ რამდენიმე რეკომენდაციას და სხვადასხვა
ტიპის დავალების ნიმუშებს, რომლებიც შემაჯამებელი გაკვეთილის წარმატებით ჩატარებაში
დაგვეხმარება.

შემაჯამებელი დავალება შესაძლოა იყოს ვერბალურიც და
წერითიც. ამ წერილში გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას წერით დავალებებთან დაკავშირებით.

წერითი დავალებით შეიძლება მოსწავლის როგორც ცოდნის,
ისე უნარ-ჩვევების შემოწმება. მიზნის კვალობაზე, ეს დავალება სხვადასხვა ტიპისაა.

ფაქტობრივი ცოდნის შესამოწმებლად ვიყენებთ შემდეგი ტიპის
ტესტებს: დავალების ტიპი –
არჩევითბოლოიანი დავალებების ტესტები სამი ან ოთხი სავარაუდო პასუხით. მათგან მხოლოდ ერთია
სწორი. ასეთ ტექსტებს კარგად იცნობენ მასწავლებლები, რადგან მათ იყენებდნენ და იყენებენ
აბიტურიენტების გამოცდის დროს და თავადაც ხშირად იყენებენ მოსწავლეთა შემაჯამებელი
შეფასებისას.

მოვიყვან რამდენიმე მაგალითს:

 

რომელი სახელმწიფოს მეფე
იყო სარდურ
II?

 

ა. ურარტუს

ბ. ხეთების

გ. ბაბილონის

დ. ასურეთის.

 

პასუხი: ა

 

რომელ რომაელ სარდალს
არ მიუღია მონაწილეობა მითრიდატე
VI ევპატორის წინააღმდეგ
ომებში?

 

ა. ლუკულუსს

ბ. სულას

გ. კრასუსს

დ. პომპეუსს

 

პასუხი: გ

დავალების ტიპი – ქრონოლოგიის
განსაზღვრა.
ესეც  ნაცნობი დავალებაა.  ქრონოლოგიურად უნდა  დაალაგოთ ისტორიული პირები და მოვლენები უძველესიდან
უახლესისკენ. განვიხილავთ ორ მაგალითს:

 

დაალაგეთ
ქრონოლოგიური თანამიმდევრობით ძველიდან ახლისკენ

1. კაპეტინგები; 2. ვალუები;  3.კაროლინგები; 4. მეროვინგები.

პასუხი: 4, 3, 1, 2

 

1. “თბილისის საადგილმამულო სათავადაზნაურო
ბანკის დაარსება”; 2. გაზ. “დროების” დაარსება;  3. ყირიმის ომი;  4. ბატონყმობის გაუქმება რუსეთის იმპერიაში.

პასუხი: 3, 4, 2, 1

 

დავალების ტიპი – შეცდომის აღმოჩენა. დავალებაში მოცემულია
ტექსტი, რომელშიც განსაზღვრული ინფორმაცია შეცდომითაა მოყვანილი. მოსწავლემ უნდა აღმოაჩინოს
და შეასწოროს ეს შეცდომები. შესწორებული და მისი გასწორებული ვარიანტი შეგვიძლია 1
ქულით შეაფასოთ.

 

XI საუკუნის 60-80-იან
წლებში არაბთა სახელმწიფო გაძლიერდა და ბიზანტიის იმპერიას დაემუქრა. ბიზანტიის იმპერატორმა
ბასილი II-მ დახმარებისთვის რომის პაპს მიმართა. 1093 წელს რომის პაპმა პიუს I-მა ქ.
კლერმონში, საეკლესიო კრებაზე, ისტორიული სიტყვა წარმოთქვა. მან ევროპელ მეფე-მთავრებს
“წმინდა მიწის” გასათავისუფლებლად ჯვაროსნული ლაშქრობისკენ მოუწოდა. პაპის
მოწოდებას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ბევრი სახელოვანი რაინდი გამოეხმაურა.  1096 წელს იერუსალიმისკენ ოთხი ძირითადი არმია დაიძრა.
ისინი კ. კვიპროსზე შეერთდნენ და იქიდან მცირე აზიისა და სირია-პალესტინისკენ ერთად
გააგრძელეს გზა. 1098 წელს მათ სირიის უმნიშვნელოვანესი ქალაქი ბაღდადი, ხოლო მომდევნო
წელს ქალაქი იერუსალიმი აიღეს. ჯვაროსნების მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე დაარსდა ახალი
ჯვაროსნული სამეფო-სამთავროები, მათ შორის – იერუსალიმის სამეფო, რომლის პირველი მეფე
ბალდუინ I გახდა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, 
I ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ საქართველოს მეფე თამარს  მასთან გარკვეული კონტაქტები დაუმყარებია. 

          
შეცდომაა

       უნდა
იყოს

არაბთა სახელმწიფო

თურქ-სელჩუკთა სახელმწიფო

ბასილი II-მ

ალექსი I-მა

1093 წელს

1095 წელს

პიუს I-მა

ურბან II-

კ. კვიპროსზე

კონსტანტინოპოლში

ბაღდადი

ანტიოქია

ბალდუინ I

გოტფრიდ ბულონელი

მეფე თამარს 

დავით აღმაშენებელს

მოსწავლის ცოდნასთან ერთად უნარ-ჩვევების შესამოწმებლად
გამოგვადგება დავალების ტიპი – ისტორიული წყაროს
ანალიზი.
ასეთი დავალების შესრულების დროს მოსწავლემ ყურადღებით უნდა წაიკითხოს
ისტორიული წყარო, გაიაზროს ტექსტი და უპასუხოს თქვენ მიერ შედგენილ კითხვებს. ამ დროს  შეგვიძლია, ტექსტში გარკვეული კორექტივები შევიტანოთ,
მაგ., გამოვტოვოთ მოქმედი პირების სახელები, რათა მოსწავლემ შეძლოს ტექსტში გადმოცემული
ამბის შესაბამის პერიოდთან დაკავშირება.

მაგალითად მოგვყავს ნაწყვეტი VI საუკუნის ბიზანტიელი
ისტორიკოსის აგათია სქოლასტიკოსის თხზულებიდან, რომელიც აღწერს მეფე გუბაზის მკვლელობის
შემდეგ გამართულ ეგრისელთა სახალხო კრებას:

“პირველმა
ორატორმა თქვა: “რომაელები რომ სიტყვებით და გეგმებით გვეპყრობოდნენ უსამართლოდ.
საკმარისია გაიხსენოთ ჩვენი სახელოვანი მეფე, რომელიც ასე საცოდავად იქნა მოსპობილი,
თითქოს ის ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილიყოს. თუ თქვენ ამ ბოტომოქმედებას უყურადღებოდ
დავტოვებთ, ისინი არ მოგვეშვებიან და უფრო შეუპოვრად აგვხდიან ნამუსს. იმათ, ვინც ემორჩილება,
ისინი, რა თქმა უნდა, უფრო თავხედურად ეპყრობიან და, ჩვეულებრივ, ქედმაღლურად უყურებენ
მოსამსახურეებს. სპარსელები კი ასეთი ხასიათისანი არ არიან; ისინი შორს არიან ამისგან.
თუ ვინმე გაიხადეს თავში მეგობრად, ისინი ცდილობენ უთუოდ დაიცვან სიყვარული: მე ვინატრებდი
კოლხეთის სახელმწიფოს ჰქონდეს მისი ძველი ძლიერება. რომ მას არ დასჭირებოდეს უცხო და
გარეშე დახმარება და რომ ყოველგვარ საქმიანობაში, როგორც ომიანობის, ისე მშვიდობიანობის
დროს, მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობოდეს. მაგრამ, როდესაც ჩვენ ჟამთა ტრიალის, ან ბედის
უკუღმართობის, ან ორივეს წყალობით ისეთ უძლურებაში ჩავარდით, რომ სხვათა ხელქვეითნი
გავხდით, მე ვფიქრობ უმჯობესია იმათ ხელში ვიყოთ, ვინც უფრო კეთილისმსურველია, ვინც
ურყევად იცავს კეთილგანწყობილებას თავისიანების და მოკავშირეების მიმართ. ჩვენი ნებაყოფლობითი
მიმხრობით სპარსთა მეფე მოკავშირედ შეიძენს უაღრესად გამოსადეგ ქვეყანას და მნიშვნელოვან
ჯარს, რაც ფულსა და ქონებას ურჩევნია”. მეორე ორატორმა მას უპასუხა: “სპარსელების
მხარეზე გადასვლა არ იქნება სასარგებლო. თქვენ აქებთ და ადიდებთ სპარსელებს და ამ მიზნისთვის
ხმარობს ყოველგვარ საშუალებას. მოუფიქრებლად გვიდგენს გეგმებს, არღვევს და ანგრევს
კრების წესრიგს და ამ კრებას მიზანს უკარგავს. კრება ხომ, ჩვეულებრივ, წინასწარ იხილავს
მუდამ და მსჯელობს, რომ კარგად გასინჯოს ის, რაც არ არის ნათელი. რაღა აზრი აქვს კრებას,
თუ ჯერ დადგენილება იქნება და მერე კრება? უმართებულო იქნებოდა, ჩემი აზრით, ერთი ან
ორი კაცის დანაშაულის გამო შევსწყრომოდით საზოგადოებრივ კანონებს, რომელთა დაცვა აგვიღია
ჩვენს თავზე, და ისე იოლად შგვეცვალა მთელი სახელმწიფო წყობილება და ცხოვრება, რომელსაც
მშვენივრად შვეგუეთ, იმათ მიმართ კი, რომელიც ამ ქვეყანას სდარაჯობენ და მრავალნაირ
ხიფათში ვარდებიან იმის გულისთვის, რომ უდარდელი ცხოვრება მოგვანიჭონ გამცემლები გამოვსულიყავით:
ყველაზე უფრო უწმინდური საქმე ის იქნება, რომ ასეთი საქციელით ჩვენ შევბღალავთ მართლმორწმუნეობას
და წმინდა საიდუმლოთა უმწიკვლოებას. აბა, სხვა რას დაემსგავსება ჩვენი საქციელი, თუ
მივემხრობით უზენაესი არსების სასტიკ მტრებს? თუ ისინი აგვიკრძალავენ ჩვენი საღმრთო
წესების შესრულებას და თავიანთ წესებზე გადაგვიყვანენ, ამაზე უფრო სამძიმო რა უნდა
განვიცადოთ ჩვენ? მე იმ აზრისა ვარ, რომ საჭიროა რომაელთა მეფეს ვაცნობოთ ამბავი, რათა
იგი სათანადოდ მოეპყრას იმათ, ვისაც მკვლელობაში მთავარი დანაშაული მიუძღვის, და თუ
ის ამას იზამს, ამიერიდან მოისპობა ჩვენი უთანხმოება რომაელებთან. თუ კი ის უარყოფს
ჩვენს თხოვნას, მაშინ უნდა მოვითათბიროთ, მიზანშეწონილი იქნება თუ არა, მეორე გზას
დავადგეთ”.

კითხვები: 1. ვინ არის პირველი ორატორი? 2. ვინ იგულისხმება
“რომაელებში”? 3. ვინ იგულისხმება “სახელოვან ჩვენს მეფეში”? 4.
რა ბოროტმოქმედებაზე მიუთითებს წყაროს ავტორი? 5. მოიყვანეთ წყაროდან ფრაზები, რომლებითაც
პირველი ორატორი სპარსელებს ახასიათებს. 6. მოიყვანეთ წყაროდან ფრაზები, რომლებიც განამტკიცებს
პირველი ორატორის მოსაზრებას სპარსელების მისი ქვეყნით დაინტერესების თაობაზე. 7. ვინ
იგულისხმება “სპარსთა მეფეში”? 8. ვინ არის მეორე ორატორი? 9. მოიყვანეთ
წყაროდან ფრაგმენტი, რომელშიც ჩანს სახალხო კრების მიმდინარეობის წესი. 10. ვინ იგულისხმება
“რომაელთა მეფეში”? 11. რა არგუმენტები მოჰყავს  მეორე ორატორს სპარსელთა წინააღმდეგ? 12. რა არგუმენტები
მოჰყავს მეორე ორატორს “რომაელთა” სასარგებლოდ?  

პასუხები: 1. აიეტი; 2. ბიზანტიელები; 3. ეგრისის მეფე გუბაზ
II; 4. ბიზანტიელი სარდლების მიერ გუბაზის მკვლელობა; 5. სპარსელები კი ასეთი ხასიათისანი
არ არიან; ისინი შორს არიან ამისგან. თუ ვინმე გაიხადეს თავში მეგობრად, ისინი ცდილობენ
უთუოდ დაიცვან სიყვარული… ვფიქრობ, უმჯობესია, იმათ ხელში ვიყოთ, ვინც უფრო კეთილისმსურველია,
ვინც ურყევად იცავს კეთილგანწყობილებას თავისიანებისა და მოკავშირეების მიმართ. ჩვენი
ნებაყოფლობითი მიმხრობით სპარსთა მეფე მოკავშირედ შეიძენს უაღრესად გამოსადეგ ქვეყანას
და მნიშვნელოვან ჯარს, რაც ფულსა და ქონებას ურჩევნია; 6. ჩვენი ნებაყოფლობითი მიმხრობით
სპარსთა მეფე მოკავშირედ შეიძენს უაღრესად გამოსადეგ ქვეყანას და მნიშვნელოვან ჯარს,
რაც ფულსა და ქონებას ურჩევნია; 7. ხოსრო I ანუშირვანი; 8. ფარტაძი; 9. მოუფიქრებლად
გვიდგენს გეგმებს, არღვევს და ანგრევს კრების წესრიგს და ამ კრებას მიზანს უკარგავს.
კრება ხომ, ჩვეულებრივ, წინასწარ იხილავს მუდამ და მსჯელობს, რომ კარგად გასინჯოს ის,
რაც არ არის ნათელი. რაღა აზრი აქვს კრებას, თუ ჯერ დადგენილება იქნება და მერე კრება?
10. ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე I; 11. სპარსელები აგვიკრძალავენ ჩვენი საღმრთო
წესების შესრულებას და თავიანთ წესებზე გადაგვიყვანენ; 12. უმართებულო იქნებოდა, ჩემი
აზრით, ერთი ან ორი კაცის დანაშაულის გამო შევსწყრომოდით საზოგადოებრივ კანონებს, რომელთა
დაცვა აგვიღია ჩვენს თავზე, და ისე იოლად შეგვეცვალა მთელი სახელმწიფო წყობილება და
ცხოვრება, რომელსაც მშვენივრად შვეგუეთ, იმათ მიმართ კი, რომელიც ამ ქვეყანას დარაჯობენ
და მრავალნაირ ხიფათში ვარდებიან იმის გულისთვის, რომ უდარდელი ცხოვრება მოგვანიჭონ,
გამცემლები გამოვსულიყავით; ყველაზე უფრო უწმინდური საქმე ის იქნება, რომ ასეთი საქციელით
ჩვენ შევბღალავთ მართლმორწმუნეობას და წმინდა საიდუმლოთა უმწიკვლოებას. აბა, სხვას
რას დაემსგავსება ჩვენი საქციელი, თუ მივემხრობით უზენაესი არსების სასტიკ მტრებს?


 

მოსწავლეების უნარ-ჩვევების შესაფასებლად ძალიან სასარგებლოა დავალების ტიპი – პრობლემის ანალიზი. მოსწავლეებმა
უნდა წაიკითხონ ტექსტი, სადაც დასმულია პრობლემა, რომელიც შეიძლება ორგვარად გადაწყდეს.
მათ უნდა მოიყვანონ თითო არგუმენტი ორივე თვალსაზრისის სასარგებლოდ. არგუმენტები უნდა
იყოს კონკრეტული, ნათლად ჩამოყალიბებული და დასრულებული აზრის მატარებელი.

მოგვყავს ამ ტიპის დავალების მაგალითი: XX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ავღანეთში მოხდა გადატრიალება და საბჭოთა
რეჟიმი დაამხეს. ამავე დროს საბჭოთა ლიდერებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ავღანეთის ახალი
მთავრობა პროამერიკულ პოლიტიკას გაატარებდა. საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელები ლ. ბრეჟნევის
მეთაურობით შეიკრიბნენ და ავღანეთში ჯარების შეყვანის საკითხი განიხილეს. ერთი ნაწილი
ამ ოპერაციის წინააღმდეგი იყო, ხოლო მეორე, დიდი ნაწილი – მომხრე.  დავალება:მოიყვანეთ  თითო კონკრეტული არგუმენტი ორივე
თვალსაზრისის სასარგებლოდ.

პასუხები: სამხედრო ოპერაციის ჩატარების მომხრეთა არგუმენტი: ამ ოპერაციის ჩატარება აუცილებელია, რადგან ავღანეთის დაკარგვის შემთხვევაში
საბჭოთა კავშირის საზღვრებთან შეიქმნება პროამერიკულად განწყობილი სახელმწიფო, რაც
“ცივი ომის” პირობებში ნატოს დიდ უპიატესობას მისცემს; სამხედრო
ოპერაციის ჩატარების მოწინააღმდეგეთა არგუმენტი
: ამ ომში ჩართვის შედეგად, აშშ-ვიეტნამის ომის მსგავსად, საბჭოთა კავშირი
დიდი ხნით ჩათრეული იქნება სამხედრო ოპერაციაში, რაც არცთუ ისე მდიდარ ქვეყანას გააღარიბებს
და იგი უფრო მეტად ჩამორჩება მოწინავე კაპიტალისტურ ქვეყნებს, უპირველესად – აშშ-ს. 
     


 

სტატიაში წარმოგიდგინეთ შემაჯამებელი დავალების რამდენიმე ტიპი, რომლებსაც
ყველაზე ხშირად იყენებენ სხვადასხვა ტიპის გამოცდასა თუ ტესტირებაზე. რა თქმა უნდა,
არსებობს სხვა სახის დავალებებიც (მაგ., ესე, თხზულება, წაკითხულის გააზრება), თუმცა
ამჯერად არჩევანი დავალების ზემოთ წარმოდგენილ ტიპებზე შევაჩერეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი