ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

გრამატიკული და მითოლოგიური ოპოზიციები როგორც სისტემის გასაღები

გრამატიკის ნებისმიერი საკითხის, ნებისმიერი თემის, ნებისმიერი კატეგორიის სწავლებისას საქმეს აუცილებლად გაგიადვილებთ ერთი უწყინარი ლინგვისტური ტერმინი – ენობრივი ოპოზიცია.

ნებისმიერი გრამატიკული კატეგორია, გრამატიკული სისტემა არსებობს იმდენად, რამდენადაც იგი აერთიანებს საწინააღმდეგო ცალის არსებობის იდეას. ეს ერთგვარად პოპულარული ფილმებისა თუ სერიალების სცენარივითაა – თუ არსებობს დადებითი გმირი, აუცილებლად უნდა არსებობდეს მისი საპირისპიროც.

რასაკვირველია, გრამატიკაში თვისებრივი თუ ხარისხობრივი მახასიათებლით ვერც ერთი სისტემის ვერც ერთ წევრს ვერ შევამკობთ, მაგრამ, თუ მოსწავლეებს გრამატიკული წესრიგის ცნებას ავუხსნით, მრავალი საკითხის შემეცნებას გავუადვილებთ.

ცნობილი ენათმეცნიერის, რომან იაკობსონის აზრით, ოპოზიციები საფუძვლად უდევს კულტურას. ერთ-ერთ ადრეულ ნაშრომში მან აჩვენა, რომ ტომის ფარგლებში ოჯახები/თემები წყვილ ჯგუფებად არსებობდნენ, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ და, ამავე დროს, ერთმანეთისთვის აუცილებელი იყვნენ. მაგ., ამაზონის აუზში ორი დიდი ოჯახი თავიანთ სახლებს აშენებდა ერთმანეთისკენ პირით მდგომი ნახევარწრის სახით, რომლებიც ერთად ერთ დიდ წრეს ქმნიდა.

ეთნოლოგი და სოციოლოგი კლოდ ლევი-სტროსი, აგრეთვე, კულტურისა და ენის მთავარ წარმომქმნელ ძალად ოპოზიციებს მიიჩნევდა.

მითოლოგია, ისევე როგორც ენა, კულტურისა და აზროვნების პირველსაწყისებთან დგას, შესაბამისად, ენობრივი მოვლენების ასახსნელად მითოლოგიური პარალელების გამოყენებამ, მით უმეტეს, როდესაც მითოლოგიის შესწავლას სკოლაში მნიშვნელოვანი დრო ეთმობა, მრავალფეროვანი და საინტერესო გაკვეთილის პერსპექტივა შეიძლება წარმოაჩინოს.

რა კავშირი აქვს გრამატიკასა და მითოლოგიას?

გავიხსენოთ, რომ ნებისმიერი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი მითოსის კოსმოგონია, სამყაროს შექმნა, ქაოსისგან წესრიგის წარმოშობით იწყება. პირველსაწყისიდან თავისთავად თუ დემიურგი ღმერთის მეშვეობით ქაოსიდან გამოიყოფა ბინარული სისტემის ერთი წევრი – ვთქვათ, ნათელი, და მის საპირისპიროდ ჩნდება ბნელი – ღამე, წყლისა და ხმელეთის, სულიერისა და უსულოს, კაცისა და ქალის ოპოზიციები.

აი, რამდენიმე მითოლოგიური თვალსაჩინოება:

ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, თავდაპირველად არსებობდა მხოლოდ უსაზღვრო და ბნელი ქაოსი, რომელმაც შვა მთელი სამყარო, მათ შორის – უკვდავი ღმერთებიც. პირველად ქალღმერთი-დედამიწა – გეა გაჩნდა. შემდეგ – ურანოსი-ცა, ტარტაროსი-ბნელი, სიბნელე-ერება, ნათელი-ჰემერა, შემდეგ – დღე და ღამე.

შუმერებს სწამდათ, რომ სამყარო ასე შეიქმნა: თავდაპირველად იყო მხოლოდ პირველქმნილი ოკეანე; მასში ჩაისახა ცის თაღი და ბრტყელი დედამიწა. ცის თაღი ანმა, ზეცის ღვთაებამ დაისაკუთრა, ხოლო მიწა – ენლილმა, დედამიწის ღმერთმა. მათ შორის წარმოიშვა ატმოსფერო, რომელშიც ცის მანათობელი სხეულები: მზე, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები – გაჩნდა. ქვესკნელი ერეშქიგალს ერგო.

ინდოელებს სამყაროს შექმნა ასე წარმოედგინათ: პირველქმნილი უმოძრაო უკუნიდან წყალი გაჩნდა, მზე, მთვარე და ვარსკვლავები ჯერ კიდევ არ იყო. წყალმა შვა ცეცხლი, ცეცხლის სიმხურვალემ კი ოქროს კვერცხი გააჩინა. კვერცხი ზღვაში დაცურავდა. შემდეგ იგი ორად გაიყო და ქვედა ნაწილი მიწად იქცა, ზედა – ზეცად.

დუალისტური, ბინარული სისტემის მაგალითი შეიძლება იყოს ძველჩინური კოსმოლოგიური წარმოდგენებიც, რომელთა მიხედვითაც, სამყაროში ნათელი (იანი) და ბნელი (ინი) საწყისების მოქმედება-მონაცვლეობის ფაზები დამოკიდებულია ინის (ქალური) და იანის (მამაკაცური) მორიგეობაზე – რომლის მოქმედების ფაზაში იმყოფება სამყარო. ეს მორიგეობა განსაზღვრავს სიკვდილ-სიცოცხლის, დღე-ღამის, ზამთარ-ზაფხულის მონაცვლეობას.

ტექსტს მითოლოგიური პარალელებით აღარ გავართულებ, ვფიქრობ, ისევე, როგორც ქაოსისგან სამყაროს წარმოშობა ენობრივი ოპოზიციით იწყება, ასევე ენობრივი ოპოზიცია შეიძლება იყოს არსი ნებისმიერი გრამატიკული სისტემისა – ეს თეზა თავისი მითოლოგიური მაგალითებით უფრო საინტერესოს გახდის და გააადვილებს თქვენს გრამატიკის გაკვეთილს. თუ გრამატიკას დავინახავთ როგორც სისტემას, წესრიგს, მასში გარკვევა ძალიან გაგვიადვილდება…

ოპოზიციების სახით სხვადასხვა საკითხის შემეცნება ადამიანის, მით უმეტეს – ბავშვის, გონებისთვის უფრო ადვილია.

ასეთ ორ- თუ სამწევრა ოპოზიციებად შეგვიძლია განვიხილოთ ზმნის მრავალი კატეგორია: დრო, გვარი, ასპექტი, კონტაქტი; არსებითი სახელის ჯგუფები, ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმები და სხვა.

შეიძლება მარტივი გრაფიკული ცხრილებიც შევქმნათ, რათა გრამატიკული წესრიგის ცნება ადვილად დაიმახსოვრონ ბავშვებმა.

გრამატიკა მხოლოდ წესების ერთობლიობა არ არის, იგი ენის როგორც შემოქმედებითი პროცესის სისტემათა კრებულია, კულტურაა, ფილოსოფიაა, გავზარდოთ გრამატიკის როლი ჩვენს გაკვეთილებზე და შედეგი აუცილებლად საუკეთესო იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი