პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

რა მიაქვთ სახლში ოსკაროსნებს

ყოველწლიურად, თებერვლის თვეში ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალი იმართება. მე ჩემს მკითხველთან ყოველთვის გულწრფელი ვარ და ამჯერადაც სახალხოდ ვაღიარებ, რომ ამგვარი ცერემონიების დიდი გულშემატკივარი არ გახლავართ. არც წარდგენილი ფილმების და მსახიობების სია მაინტერესებს (თუმცა, კარგ ფილმს ყოველთვის სიამოვნებით ვუყურებ) და არც ის თუ ვინ გაიმარჯვებს. თუ შემთხვევით ახალ ამბებში ყური მოვკარი, ხომ კარგი, არადა სპეციალურად ნამდვილად არ მოვძებნი. ისე კი კარგად ვიცი, თავს არ ზოგავენ, ოღონდ კი ეს ოქროსფერი ფიგურა ხელში ჩაიგდონ, ოსკაროსანის სახელი დაირქვან და რაც მეტჯერ, მით უკეთესი.

ამერიკის კინოაკადემიის შექმნის შესახებ იდეა კომპანია მეტრო გოლდენ მაიერის ხელმძღვანელს ლუის მაიერს მოუვიდა აზრად 1926 წელს. ჯილდოს კი „ოსკარი” დაჯილდოების მეექვსე ცერემონიაზე უწოდეს. ვერსიები განსხვავებულია, ზოგი ამბობს, რომ ნათლია მსახიობი ბეტი დევისი იყო. ზოგიერთი კი იხსენებს, ქანდაკების დანახვისას, როგორ შესძახა აკადემიის მდივანმა, ყოფილმა ბიბლიოთეკარმა მარგარეტ ჰერიკმა: გამოცხადებული ბიძაჩემი ოსკარიაო.
ფიგურის დასამზადებლად ტყვიისა და კალის გამლღვალ ნარევს ფორმებში ასხამენ. გახეხვის შემდეგ ფიგურის გალვანური დაფარვა ხდება ფენებად. ჯერ სპილენძი, შემდეგ ნიკელი და ვერცხლი, ბოლოს კი ოქრო.

მსგავსი ნარევის მომზადება სულ იოლად შეიძლება. რკინის ტიგელში ტყვია და კალა მოვათავსოთ (1:2). ნარევს რკინის კოვზით მოვურიოთ. გალღობისას რკინის ფორმებში ჩამოვასხათ. Tლღ. (Pb)=3280C, Tლღ. (Sn) =2320C, Tლღ. (Pb /Sn) =1800C.
როგორც ხედავთ, შენადნობის ლღობის ტემპერატურა მის შემადგენელ მეტალებთან შედარებით უფრო დაბალია.
შენადნობი რა არის? აჰა, ძლივს დამისვით მთავარი შეკითხვა, თორემ მე არც ბეტი დევისი მაინტერესებს და მით უმეტეს არც მარგარეტ ჰერიკის ბიძა-ოსკარი, მე შენადნობებზე ვაპირებ დაწერას.
შენადნობი ეწოდება სისტემას, რომელიც ორი ან მეტი მეტალისგან, ან იშვიათად მეტალისა და არამეტალისგან შედგება. არამეტალური შენადნობებია: გრანიტი, ბაზალტი, სილიკატური მინა. შენადნობებს საწყის კომპონენტებთან შედარებით ახასიათებთ: ლღობის დაბალი ტემპერატურა; მეტი სიმაგრე და სიმტკიცე.
იმის მოყოლით თავს აღარ შეგაწყენთ, თავისდაუნებურად როგორ აღმოაჩინა პირველი შენადნობი თითბერი (Cu/Zn 10-50%-მდე), ქემეიას მიმდევარმა ეგვიპტელმა ბოლოსმა. ეს წინა წერილებში მაქვს აღწერილი. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ შენადნობი თითბერი იყო და ის ოქრო ეგონათ. ძველი დროიდან კი შენადნობი ბრინჯაოა ცნობილი. მისი პირველი ნაკეთობა მიღებული იყო ჩვ.წ. აღ.-მდე 4 ათასი წლის წინ სპილენძისა და კალას მადნის გალღობით ხის ნახშირთან ერთად. უკვე შემდეგ, ბრინჯაოს, სპილენძში კალას ან სხვა მეტალების დამატებით ამზადებდნენ. ბრინჯაო (იტალ)-სპილენძის შენადნობია სხვადასხვა ქიმიურ ელემენტებთან- ტყვია, კალა, ალუმინი, კადმიუმი, ბერილიუმი.
უძველეს დროში ბრინჯაო არქიტექტურაშიც გამოიყენებოდა. ჰომეროსი „ოდისეაში” სასახლის აღწერისას წერდა, რომ ის გარშემორტყმული იყო ბრინჯაოს კედლებით, ტროას ომში კი მებრძოლნი ბრინჯაოს მახვილით იბრძოდნენ.
შუა საუკუნეებიდან დღემდე ბრინჯაოს Cu/Pb დიდი რაოდენობა საეკლესიო ზარების ჩამოსხმაზე იხარჯება. ცნობილი ფაქტია, რომ რომის პაპის ურბან III-ის (XII ს.) ბრძანებით ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძრიდან ბრინჯაოს ნაკეთობები ჩამოხსნეს და სენტ-ანჟელოს ციხესიმაგრის დასაცავად ზარბაზნებისთვის გადაადნეს.
რატომ ბრინჯაო და არა ცალკე აღებული სპილენძი და ტყვია? შენადნობი Cu/Pb უფრო მტკიცე და მაგარია; ბრინჯაოს კარგი მუსიკალური ჟღერადობაც აქვს.
ბრინჯაოს და თითბერის შემადგენლობა ვიცით. მელქიორის და დურალუმინის? მელქიორი-Cu/Ni 20%-მდე; დურალუმინი-Al/Cu (3-5%), Mg (1%), Ni (1%), Mn (1%).
მე-19 საუკუნის უნიკალური შენადნობები-ასე უწოდებენ Ti/Ni (1:1) და Al/Li/Mg შენადნობებს.
კოსმოსური ხომალდის ანტენა Ti/Ni შენადნობისგან მზადდება და მას ნიტინოლი ეწოდება. ხომალდის აწყობისას ამ შენადნობისგან დამზადებულ პატარა გორგალს კორპუსში ათავსებენ. როდესაც მზე კორპუსის ზედაპირს გაახურებს, გორგალი რამდენიმე კილომეტრის სიგრძის ფარგლებში გასწორდება.
ნიტინოლით დამზადებული სპეციალური „კლიფსებით” ხდება ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა ღრმა ქსოვილების ამოკერვა (ენდოსკოპური მეთოდით).
ადამიანის სხეულის სითბოს გავლენით, სისხლძარღვში მოთავსებული ნიტინოლის მავთული დახლართული გორგლის ფორმას იღებს. შენადნობის ასეთი ფორმა ფილტრის ფუნქციას ასრულებს და სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნას აფერხებს.
Ti/Ni შენადნობს განსხვავებული თვისება აქვს: წვრილი მავთული ტემპერატურის გავლენით საწყის ფორმას იღებს (ანტენის შემთხვევაში სწორდება, სისხლძარღვში კი გორგლის ფორმას ღებულობს).
მადნებიდან მეტალებისა და სხვადასხვა თვისებების მქონე მრავალი შენადნობის მიღების ხერხს მეტალურგია სწავლობს. მინერალებსა და მთის ქანებს, რომლებიც მეტალებისა და მათი შენადნობების მისაღებად გამოიყენება მადანი ეწოდება.
რკინის ეპოქიდან დღემდე რკინას მისი მადნებიდან ღებულობენ. მადანში რკინა ოქსიდების სახითაა Fe2O3, Fe3O4, 2Fe2O3·3H2O. მადანი ასევე შეიცავს Cu, Pb, Zn, Mn, P, Si.
ადრე ასე იქცეოდნენ: თიხაში ამოვლებულ მადანს ხის ნახშირთან ერთად ღუმელში დებდნენ. ღუმელს ერთ მხარეს ღრმული ჰქონდა, აქედან ხელით ჰაერს უბერავდნენ. საბოლოოდ, რკინის ოქსიდიდან რკინა მიიღებოდა. ცარიელი ქანი კი ქვევით რჩებოდა. რკინის მარცვლები ფხვიერ მასასთან იყო შერეული. ამ მასას ამოიღებდნენ, ცალკე აცხელებდნენ, შლაკებს მოაცილებდნენ და გაახურებდნენ. ფსკერზე კვერის ფორმის მსგავსი რკინის ნაჭერი რჩებოდა.
ფხვიერი მასა- Fe/C შენადნობი გახლდათ, რომელშიც ნახშირბადის პროცენტული შემადგენლობა მაღალი იყო.
დღეისათვის, მადნიდან რკინის მიღება ბრძმედში, ანუ დომნაში ხდება. დომნა 30 მეტრი სიმაღლის რთული ნაგებობაა, გარედან ფოლადის ფურცლებითაა შეკრული. ბრძმედის ზედა ნაწილიდან ხდება გამოსავალი ნივთიერების და დამხმარე მასალების ჩატვირთვა. ქვემოდან ჰაერი მიეწოდება, რომელიც კოქსის წვისთვისაა საჭირო.
მაღალი ტემპერატურის გამო ბრძმედში აღდგენილი რკინა ლღვება, მასში იხსნება კოქსი (C) და მიიღება არა სუფთა რკინა, არამედ მისი შენადნობი-თუჯი. თუ რკინის შენადნობი 2%-ზე მეტ ნახშირბადს შეიცავს, მას თუჯი ეწოდება.
თუჯი მყიფეა, არ იჭედება. მისგან გათბობის რადიატორებს, მილებს, მანქანის ძრავებს, ხიდის მოაჯირებს ამზადებენ. თუჯი შეიცავს: Fe-93%; C-2-4,5%; Si-2-5%; Mn-1-3%; P-0,02-2%; S-0,005-0,08%. თუჯი ორი სახის არსებობს- თეთრი და რუხი.
თეთრი თუჯი: რკინა, ნახშირბადი (1,7-4,3%), სილიციუმი (ძალიან მცირე რაოდენობით), მანგანუმი (4%).
რუხი თუჯი: რკინა, ნახშირბადი (1,7-4,3%), სილიციუმი (1,25-4%), მანგანუმი (1,5%).
ქიმიურ ჭიქაში მოათავსეთ თუჯის ნატეხები და დაამატეთ კონცენტრირებული მარილმჟავა. რეაქციის დასაჩქარებლად სარეაქციო არე გააცხელეთ. რკინა მჟავასთან წყალბადის გამოყოფით ენერგიულად მოქმედებს. ხსნარში კი ნახშირის შავი ნაწილაკები წარმოიქმნება. მათი რაოდენობა დროთა განმავლობაში მოიმატებს.
თუჯის გადამუშავებით მისი შემადგენლობა იცვლება. გადამუშავების დროს C,P,S,Si,Mn-ის რაოდენობის შემცირება ან მოცილებაა შესაძლებელი. შედეგად, რკინის შენადნობს მივიღებთ, რომელსაც ფოლადი ეწოდება.
ფოლადი ადვილად იჭედება. სწრაფი გაცივებისას მაგარი ხდება, ნელი გაცივებისას-რბილი. მაგარი ფოლადისგან ინსტრუმენტებს ქმნიან. რბილი ფოლადი ადვილად გადამუშავდება. მისგან ლურსმნებს, მავთულებს, მანქანის ნაწილებს ამზადებენ. ასეთ რკინას ჭედადი ეწოდება. ფოლადი რკინას და ნახშირბადს (არაუმეტეს 2%) შეიცავს.
დილის 8 საათი იქნება, როდესაც მსხვილი მეწარმის ბატონი ბარნიეს კერძო სახლში მისსავე საწარმოში მომუშავე ახალგაზრდა ყმაწვილი შეიჭრება. თხოვნა აქვს, ცოლს ირთავს და ხელფასის მომატება სურს. ბატონი ბარნიე ამგვარი თავხედობით გაოცებულია, მაგრამ მაშინვე მოლბება, როდესაც გაიგებს, რომ ყმაწვილი მის ქალიშვილ კოლეტზე აპირებს ქორწინებას. თუმცა, იმ დღეს ბატონი ბარნიე ბევრ სხვა ამბავსაც გაიგებს. იმას, რომ მისმა ყველაზე ყოჩაღმა დამლაგებელმა სამსახური მიატოვა, მისი ქალიშვილი შვილს ელოდება, ოღონდ არა საქმროსგან, არამედ მძღოლ ოსკარისგან, ხოლო მომავალმა სიძემ მაქინაციების გზით რამდენიმე მილიონი ფრანკი მოპარა. ეს 1967 წელს გადაღებული ცნობილი ფრანგული კინოკომედია „ოსკარია”, ბარნიეს როლს ლეგენდარული ლუი დე ფიუნესი ასრულებს. მთელი ფილმის განმავლობაში კი მძღოლ ოსკარს ეძებენ.
ოსკაროსან მსახიობებს 2013 წელს ახალი წევრები შეემატებიან, ზოგიერთი ბედნიერი ფიგურას მეორედ ან მესამედ მიიღებს. იქნება წითელ ხალიჩაზე საზეიმო გასვლა, უძვირფასესი სამოსის და სამკაულების დემონსტრირება, სპეციალურ სტენდთან პოზირება, დიდი ბანკეტი. შემდეგ ყველანი დაიშლებიან და ყველაზე წარმატებულები სახლში შენადნობს წაიღებენ, თუმცა შენადნობი რომ მიაქვთ, ეს არ ეცედინებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი