მოზარდები ირჩევენ რაგბის!

როგორც ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, საქართველოში მოზარდებს შორის სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა რაგბია. მეორე ადგილზეა ფეხბურთი, მესამეზე კი კალათბურთი. ეს მაშინ, როდესაც უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ფეხბურთს პოპულარულ სახეობებს შორის უცვლელად ეკავა პირველი ადგილი.

რაგბი განსაკუთრებით სკოლის მოსწავლე ვაჟებს შორის არის პოპულარული. თბილისის 45-ე სკოლის 35 გამოკითხული მოსწავლიდან სპორტის ყველაზე საყვარელ სახეობად ის 20-მა დაასახელა, რაც გამოკითხულთა დაახლოებით 75 პროცენტს შეადგენს. რაგბი განსაკუთრებით დედაქალაქსა და საქართველოს იმ რეგიონებშია პოპულარული, სადაც სარაგბო კლუბები ფუნქციობს (ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი). განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ რაგბი თანდათან გოგონებს შორისაც იძენს პოპულარობას.
ანა კასრაძე, მე-11 კლასის მოსწავლე: “ჩემი თანაკლასელი ბიჭების უმეტესობა რაგბიზე დადის და რამდენჯერმე გოგონებიც გავყევით საგულშემატკივროდ. რაგბი ვაჟკაცური სპორტია და ბიჭებს განსაკუთრებით უხდებათ მისი თამაში. ჩემი ძმა 12 წლისაა და მამაჩემს უკვე დაჰყავს ბავშვთა რაგბის გუნდში ვარჯიშებზე. ვიცი, რომ ქალთა რაგბიც არსებობს, მაგრამ მათი თამაში არასოდეს მინახავს. არ ვარ წინააღმდეგი, რაგბი გოგონებმაც ითამაშონ, თუმცა ეს თამაში ბიჭებს უფრო უხდებათ”.
სკოლის მოსწავლეებს შორის რაგბის პოპულარობის უმთავრესი მიზეზი, რასაკვირველია, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წარმატებებია, თუმცა სპორტის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ, ამასთან ერთად, რაგბი შეესატყვისება “ქართულ ხასიათს” და ერთგვარი გამოცდაა შემდგომი ცხოვრებისთვის.
გიორგი ჭკუასელი, მე-10 კლასის მოსწავლე: “რაგბიზე მთელი სამი წელი ვიარე. მერე მუხლში სითხე ჩამოდგა და ექიმებმა თამაში ამიკრძალეს. ახლა აღარ ვვარჯიშობ, მაგრამ მეგობრებთან ერთად ხშირად დავდივარ სტადიონ “ავჭალას” მოედანზე და გასართობად მაინც ვთამაშობ. ფეხბურთიც ძალიან მიყვარს და კალათბურთიც, მაგრამ რაგბი სულ სხვაა… ვისაც არ უთამაშია, ამას ვერ აუხსნი”.
როგორც რაგბის სპეციალისტები ამბობენ, რაგბის კავშირსა და საქართველოს განათლების სამინისტროს შორის უახლოეს მომავალში შესაძლოა სპეციალური მემორანდუმი გაფორმდეს. ამ ტიპის მემორანდუმი განათლების სამინისტროსთან ჩოგბურთისა და ჭადრაკის ფედერაციებმა უკვე გააფორმეს.
შარშან, გაზაფხულზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა და ლეგენდარულმა რუსმა მოჭადრაკემ, მსოფლიოს თერთმეტგზის ჩემპიონმა ჭადრაკში გარი კასპაროვმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმოწერას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტიც დაესწრო. ეს მემორანდუმი მოზარდთა შორის ჭადრაკის პოპულარიზაციასა და საქართველოს სკოლებში KCFE პროგრამის დანერგვას ითვალისწინებს. პროგრამა კომპიუტერულია და მის შექმნაზე კასპაროვთან ერთად ევროპის საჭადრაკო ლიგაც მუშაობდა. საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც ის დაინერგა. პროგრამა 2012 წლის სექტემბერში ამოქმედდა და ჭადრაკის პოპულარიზაციასთან ერთად სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასაც
შეუწყობს ხელს.

გარი კასპაროვს მიაჩნია, რომ ჭადრაკი არის არა სპორტის სახეობა, არამედ განათლების სისტემის გაუმჯობესების ახალი და იაფი საშუალება – იგი მოზარდებში ინტელექტუალური აზროვნებისა და ლოგიკის განვითარებას ემსახურება. “როცა აღზრდაში ჭადრაკი ერთვება, ბავშვს სამყაროზე უკეთესი წარმოდგენა ექმნება და აზროვნებას იწყებს… გარდა ამისა, ეს თამაში ბავშვს პასუხისმგებლობას, სიფრთხილესა და დადგენილი წესების მკაცრად დაცვას აჩვევს, რაც საბოლოოდ სწავლის ხარისხზე აისახება. ჭადრაკის სწავლების დანერგვა ქვეყანას კიდევ არაერთი ნიჭიერი ადამიანის წარმოჩენაში დაეხმარება”, – ეს სიტყვები დიდმა მოჭადრაკემ მემორანდუმის გაფორმების დროს თქვა.
2011 წელს ასეთივე მემორანდუმი განათლების სამინისტრომ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციასთანაც გააფორმა. თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე თბილისის მასშტაბით შეირჩა 10 საჯარო სკოლა, სადაც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ჩოგბურთის სწავლებას ახორციელებს. გარდა ამისა, ფედერაცია სპორტის მასწავლებლებსაც გადაამზადებს და სკოლებს შორის საჩოგბურთო შეჯიბრებების გამართვასაც უზრუნველყოფს.
რაც შეეხება რაგბის… რაგბის სპეციალისტ ზურაბ ქსოვრელს მიაჩნია, რომ მეგობრობა და გუნდურობა, რასაც ბავშვობიდან სწავლობენ მორაგბეები, მათ ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ.
ზურაბ ქსოვრელი, სპორტის ექსპერტი: “საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისეთ წარმატებებს მიაღწია, რომ სულ უფრო ხშირად შეხვდებით ქუჩებში რაგბისბურთიან ახალგაზრდებს… აუცილებელია, სკოლებში იყოს ბურთები და სხვა სავარჯიშო ინვენტარი, უწინარესად – სპეციალური ქამრები, რომელთა მოხსნა შებოჭვის მანიშნებელი იქნება, ისე როგორც თაჩ-რაგბიშია, თორემ სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილის დროს კონტაქტს ნამდვილად ვერ მოვთხოვთ. აუცილებელია მასწავლებლების გადამზადება, მათთვის იმ წესების სწავლება, რომლებიც რაგბის გაკვეთილების ჩატარებისას დასჭირდებათ. კარგი იქნება, თუ დროდადრო სკოლებში გაკვეთილების ჩასატარებლად მიიწვევენ საქართველოს ნაკრების წევრებს. ეს ბავშვებს უთუოდ მოეწონებათ და, ვფიქრობ, არც მორაგბეები დაიზარებენ მათთვის გაკვეთილების ჩატარებას.

– რომელი ქვეყნის მოდელი მიგაჩნიათ საუკეთესოდ ამ კუთხით?

– რაგბის საუკეთესო სკოლა ახალ ზელანდიას აქვს, ეს არახალია. იქ სპორტის ეს სახეობა იმდენად პოპულარულია, რომ ბავშვისთვის, განურჩევლად სქესისა, რაგბის ბურთი საუკეთესო საჩუქრად ითვლება. სწორედ ასეთი დამოკიდებულების წყალლობით არის, რომ ახალი ზელანდიის ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. სხვათა შორის, ქართულადაც არის თარგმნილი იმ მეთოდების კრებული, რომლებითაც იქ სკოლამდელი თუ სასკოლო ასაკის ბავშვებს ზრდიან და მათი გამოყენება ჩვენც თავისუფლად შეგვიძლია. ამ კრებულში დაწვრილებითაა გაწერილი, რა ასაკში როგორ უნდა დაიტვირთოს ბავშვი, როდიდან უნდა შევიდეს კონტაქტში და ა.შ.

– თქვენი აზრით, რით გამოირჩევა რაგბი და რას შესძენს იგი ბავშვს?

– მორაგბეები ბავშვობიდან სწავლობენ მეგობრობასა და გუნდურობას, რაც ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ. ჰკითხეთ ნებისმიერ ცნობილ მორაგბეს, რატომ შეუყვარდა სპორტის ეს სახეობა და ამაში აუცილებლად დარწმუნდებით. პირველ დღეს ვარჯიშზე მისულ ბიჭს ყველა შინაურულად ხვდება, ერთად ჭამენ, ერთმანეთზე ზრუნავენ, მეტოქეს თანაგუნდელს არ დააჩაგვრინებენ… ეს ჩვევები მერე ცხოვრებაშიც გადაჰყვებათ. მორაგბეები ზოგს მხოლოდ ფიზიკურად განვითარებულ ადამიანებად მიაჩნია. თავისთავად, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ რაგბი, უწინარეს ყოვლისა, სპორტის ინტელექტუალური სახეობაა, უჭკუოები მას ვერ ითამაშებენ. ამას წინათ ერთ ქართველ ახალგაზრდას ვესაუბრე, რომელიც ინგლისში ცხოვრობს და რაგბის ხელოვნებასაც იქ ეუფლება. მან თქვა, რომ იქ უმთავრესი ყურადღება სწორედ გონებრივ განვითარებას ეთმობა, რადგან უამისოდ ფიზიკურ შესაძლებლობებს ვერ გამოიყენებ. ამასთან, რაგბი სტუდენტური სპორტია, მას კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებში თამაშობდნენ, ესე იგი, თამაშობდნენ გონებაგახსნილი ახალგაზრდები და ვინც ამ გზას გადაუხვია, ვერც წარმატებას მიაღწია.

– თქვენი აზრით, რამ განაპირობა რაგბის პოპულარობა ჩვენს ქვეყანაში?

– საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებებმა. გამარჯვებას მოწყურებული ადამიანები რაგბიზე იმ იმედით მიდიოდნენ, რომ გამარჯვებულ საქართველოს იხილავდნენ და უმეტესად ასეც ხდებოდა. მაშინაც კი, როდესაც საქართველოს ნაკრები აგებდა ან აგებს, სტადიონს ამაყად ტოვებს, იმიტომ, რომ მოედანზე გასული ნებისმიერი მორაგბე “სისხლის უკანასკნელ წვეთამდე”, სრული თავდადებით თამაშობს და არასდროს ნებდება. ეს პატივისცემას იმსახურებს. ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირებაა. აქ ქართველი მორაგბეები განურჩევლად ადგილისა და პირობებისა, რუსებს აგერ უკვე 20 წელია ამარცხებენ და ქვეყნების გართულებული ურთიერთობების ფონზე ეს გულშემატკივრებს და თვით რაგბის არამცოდნეებსაც კი მოსწონთ. უნდა აღინიშნოს საქართველოს რაგბის კავშირის ღვაწლიც – ის, გია ნიჟარაძის მეთაურობით, ძალ-ღონეს არ იშურებს და რაგბის კერები არა მარტო დედაქალაქში, არამედ ქვეყნის პრაქტიკულად ყველა რეგიონში გაჩნდა.

– დაბოლოს, საინტერესოა, რამდენად ძვირიანი სახეობაა რაგბი – სკოლებში მისი პოპულარიზაცია დაუჯდება თუ არა სახელმწიფოს უფრო ძვირი, ვიდრე სხვა სახეობებისა?

– რაგბი წლების განმავლობაში რჩებოდა სპორტის სამოყვარულო სახეობად და დაახლოებით 20 წელია, რაც პროფესიულ რელსებზე გადასვლა დაიწყო. არა მგონია, ამის ბრალი იყოს, მაგრამ ის დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ სპორტის სახეობად. საქმე ის არის, რომ ვინც კი ხელში აიღებს რაგბის ოვალურ ბურთს, ის ისე უყვარდება, რომ მზადაა, საკუთარი გამოცდილება და ცოდნა ნებისმიერ ახალბედას სრულიად უსასყიდლოდ გაუზიაროს. სწორედ ამის ბრალია, საქართველოს ეროვნული თუ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები დღესაც უავტომობილოდ რომ დადიან. საქართველოს თუნდაც ერთი საფეხბურთო კლუბის ბიუჯეტი მთელ რაგბის კავშირს თუ არა, ათამდე კლუბს მაინც დააფინანსებდა და ამითაც ჩანს, რომ ის სხვა სახეობებზე იაფი, მაგრამ განსაკუთრებული სპორტის სახეობაა.

კომენტარები

comments