პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

451° ფარენჰაიტით და ლუარსაბ თათქარიძე

როდესაც მეგობრობაზე ვსაუბრობ, განსაკუთრებით მითბება გული და ვრწმუნდები, რომ ამაზე წრფელი და ნამდვილი გრძნობა არ არსებობს. იგია ყველაფრის სათავე და მამოძრავებელი ძალა, საერთო ინტერესები და ღირებულებები კი ამ ურთიერთობას უფრო მეტად აღრმავებს. მეგობარი რომ არა, შესაძლოა ეს წერილიც არ დამეწერა, რადგან მან მირჩია, წამეკითხა წიგნი, რომელმაც მომავალში გადამისროლა და დამარწმუნა, რომ ადამიანები ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, რათა უსულო მანქანებს არ დავემსგავსოთ.

როგორი იქნება ჩვენი მომავალი? რა გველის? იქნება თუ არა ყველაფერი იმაზე უკეთ, ვიდრე ახლაა? სადამდე მიიყვანს კაცობრიობას ტექნიკური მიღწევები? ეს ის კითხვებია, ასე რომ აწუხებს თითოეულ ჩვენგანს. ვინ იცის, რამდენი მხატვრული ფილმი გვინახავს მომავალში მოგზაურობასა და რკინის კაცუნებზე, დროის მანქანებზე, რომელთა მეშვეობით უსასრულოდ შეიძლება წარსულში ან მომავალში გადანაცვლება, მაგრამ რეალურად ძალზე ძნელია წარმოიდგინო, რა იქნება ხვალ, გასცდე ჰორიზონტს და უსასრულობაში გადაიხედო.
წიგნი, ზემოთ რომ ვახსენე, რეი დაგლას ბრედბერის კალამს ეკუთვნის. ამერიკელი მწერალი საზოგადოებამ ფანტასტიკური ლიტერატურით გაიცნო, ყველაზე დიდი პოპულარობა კი მას 1953 წელს გამოცემულმა წიგნმა “451° ფარენჰაიტით” მოუტანა, რომელიც მომავლის წინასწარმეტყველებაა. სწორედ ამ ნაწარმოებმა შთამაგონა წერილის იდეა, რადგან მასში აღწერილი მოვლენები იმ რეალობად წარმოვიდგინე, კარს რომ მოგვდგომია და სულ მალე დაგვატყდება თავს. ეს არის ფანტასტიკა სინამდვილის ელემენტებით.

თანამედროვე მსოფლიოს შესაძლოა სულ მალე პრობლემად ექცეს ტექნიკური წინსვლა და გადაჭარბებული კომპიუტერიზაცია, რაც ასე ძალიან აღელვებს დღევანდელ საზოგადოებას. რას ვგულისხმობთ? თუნდაც იმას, რომ ადამიანები ვეღარ ვახერხებთ ერთმანეთთან პირისპირ კონტაქტს, უშუალო კომუნიკაციას. დღეები, თვეები გადის, ჩვენ კი მხოლოდ სოციალური ქსელის მეშვეობით ვუმზერთ ერთმანეთის ფოტოებს, შორიდან ვესიყვარულებით მონატრებულ ადამიანებს. გარდა ამისა, ინტერნეტმა ინფორმაციის მიღება ისე გაამარტივა, იმდენად ხელმისაწვდომი გახადა იგი, რომ წიგნს ამისთვის თითქმის აღარავინ იყენებს… დღევანდელი დღის წარმოდგენა ინფორმაციული ტექნოლოგიების, ინტერნეტის, ტელეფონის გარეშე შეუძლებელია. სიმარტივესთან ერთად, დროც ნაკლები იხარჯება და ცხოვრებაც უფრო იოლი გვეჩვენება, აღარ გვჭირდება ბიბლიოთეკაში საათობით ჯდომა, თაროებზე სასურველი წიგნის ძებნა – ახლა ყველაფერი ინტერნეტში შეგვიძლია ვნახოთ. სწორედ წიგნიერი განათლების გაქრობა და მოლაპარაკე კედლებით სულიერების ჩანაცვლება გახლავთ რეი ბრედბერის ნაწარმოების მთავარი თემა. ხშირად ვამბობთ, რომ თანამედროვე ადამიანი ზედმეტად პრაგმატულია, აღარ ახსოვს ბუნება, აღარ მიისწრაფის მასთან სულიერ ჰარმონიაში თანაარსებობისკენ, ამ პრობლემამ კი ბრედბერის წიგნში ფართოდ გაშალა ფრთები და დაგვანახვა, რა შეიძლება მოხდეს, თუ ადამიანი დროულად არ მოეგება გონს. შესაძლოა, ყველაზე საოცარი ფანტასტიკაც კი სულ მალე რეალობად გვექცეს.

ნაწარმოების სიუჟეტი თავზარდამცემია. ახალ ეპოქაში ადამიანებს აღარაფერი აინტერესებთ, დაკარგულა ნდობა, ურთიერთგაგება, სიყვარული, ყოველი გრძნობა გულს მიღმა დარჩენილა. აღარავის ახსოვს ლიტერატურა – კაცობრიობის ეს უდიდესი მონაპოვარი ადამიანთა მტრად გამოუცხადებიათ. წიგნი დამღუპველია, მასში აღწერილი გრძნობები, მოვლენები კი არაფრის მომცემი. საზოგადოება ისე გადაგვარებულა, რომ შეუქმნია მეხანძრეთა საგანგებო ჯგუფი, რომელსაც წიგნების დაწვა ევალება, რათა ისინი აღარავინ წაიკითხოს. ვისაც სახლში წიგნს აღმოუჩენენ, სასტიკად სჯიან. ადამიანები აღარ ენდობიან ერთმანეთს, რადგან დასმენა ჩვეულებრივი რამ არის. თუ გაიგო, რომ წიგნი გაქვს, მეზობელი აუცილებლად გიჩივლებს. მეხანძრეებს დავიწყებიათ თავიანთი მოვალეობა და იმის მაგიერ, რომ ხანძარი ჩააქრონ, თავად ქცეულან ამ სტიქიის გამომწვევ ძალად. ისინი უმოწყალოდ წვავენ წიგნებს, სახლებს, სადაც მათ იპოვიან და ზოგჯერ ადამიანებსაც, რომელთაც მსოფლიოს ყველაზე დიდი საგანძური შემოუნახავთ. ფერფლად ქცეულა ბიბლია, შექსპირი, ჰომეროსი, ესქილე, სოფოკლე, პლატონი, შოპენჰაუერი…

ნაწარმოების მთავარი გმირი, მეხანძრე მონტეგი, ამ სასტიკი რეალობის მსხვერპლია. ისიც წვავს, ანადგურებს. საბედნიეროდ, ერთხელ იგი შეხვდება პატარა კლარისას, რომელიც შეძრავს მის სულს, დაანახვებს სამყაროს მშვენიერ ფერებს და აღუძრავს ნამდვილი სიცოცხლის წყურვილს. კლარისა იღუპება, მაგრამ მისი სიკვდილი სამყაროს გადარჩენის დასაწყისია. ის ერთადერთი ამჩნევს წვიმას, ყვავილებს, ცაზე მოფარფატე ღრუბლებს და მონტეგის სულში მიძინებულ ადამიანს აღვიძებს.

მონტეგი იწყებს თავგანწირულ ბრძოლას წიგნების გადასარჩენად, მიწაში ფლავს მათ და ცდილობს, რაც უკვე წაიკითხა, ღრმად ჩაიბეჭდოს გონებაში, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება მათი დაცვა და შენახვა. მეხანძრეთა უფროსი, ბიტი, საინტერესო პერსონაჟია, რომელიც მკაფიოდ აყალიბებს თავის მოსაზრებას იმის თაობაზე, რატომ არის წიგნი მავნე. იგი დამაჯერებელი არგუმენტებით ცდილობს, მონტეგი კვლავ მეხანძრეთა გუნდს დაუბრუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი დაპატიმრება ან მოკვლა მოუწევს.

მკითხველი იკითხავს: რა შუაშია ლუარსაბიო? მართლაც, სად თანამედროვე ამერიკელი ფანტასტი და სად ილიას პერსონაჟი… ბიტის სიტყვებმა გამახსენა ჩვენი თავადი. მეხანძრეთა უფროსი ამბობს: “რა საჭიროა რაიმეს სწავლა, ცხოვრება ხანმოკლეა… უამრავი გასართობია…” ლუარსაბიც ხომ წიგნიერების, განათლების, გონებრივი განვითარების მტერია. მისთვის სკოლა ეშმაკის მანქანაა, რომელიც ახალმა დროებამ შემოგვაპარა, რათა დაღუპოს და გადააგვაროს ადამიანთა მოდგმა, ქართველებს ფერი დაუკარგოს. არადა, სმა-ჭამასა და უქმად ყოფნას რა სჯობია, ან რა ვაჟკაცის საქმეა წიგნი – დედაკაცებს უფრო შეეფერებათ; სწავლა კი ჭირია, სენი, რომლისგანაც ქვეყანა დროულად უნდა იხსნან.

ლუარსაბი განზოგადებული სახეა – უამრავი ადამიანის ერთობლიობა, რომელსაც სინამდვილეში არც სახე აქვს, არც სახელი და არც სქესი. ლუარსაბიც “მეხანძრეა”, ოღონდ ზარმაცი და არც ისე ბოროტი; რომ შეეძლოს, სკოლებსაც დაანგრევდა და წიგნებსაც მოსპობდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ეზარება.

ლუარსაბისთვის პატიოსნება წიგნიერებას ვერ შეთვისებია, არადა, სულ მგონია, რომ კეთილშობილება და ჰუმანიზმი წიგნის სიყვარულთან ერთად უღვივდება ადამიანს. რასაკვირველია, კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა, თორემ წიგნიერი ბოროტებაც არსებობს და ის უფრო საშიშია. მახსენდება რობაქიძისეული “ჯუღა” და მე-20 საუკუნის სისხლიანი ქრონიკა, როდესაც განათლებულ ადამიანებს ხალხის მტრებად აცხადებდნენ. ჩვენთან ეს უკვე იყო… რეი ბრედბერისთვის კი ეს მომავალია. მეხანძრეთა უფროსი ამბობს: “დიახ, წიგნი გატენილი თოფია, რომელიც კარის მეზობელს დაუმიზნებია შენთვის. დაწვით იგი და თოფი უტყვიოდ დარჩება. ადამიანის გონება უნდა აილაგმოს… ჩვენ ვიცავთ კაცობრიობას ამ პატარა ჯგუფისგან”. ასე დაცული და გაპატიოსნებული კაცობრიობა ერთიანად ეფლობა ჭაობში და იქიდან ამოსვლა ძალიან უჭირს. თუმცა ნაწარმოების ფინალი და მკითხველს იმედის ნაპერწკალს უღვივებს. გეშინია და იმავდროულად ფიქრობ, რომ გადარჩენა შესაძლებელია. მონტეგი პოულობს ადამიანებს, რომელთაც წიგნების გადარჩენა მოახერხეს, ღრმად ჩაიბეჭდეს გონებაში თითოეული სიტყვა, რათა მომავალ თაობებს გადასცენ. ტყეში “იმალებიან” არისტოფანე, მაკიაველი, ბაირონი, მაჰათმა განდი… და მონტეგსაც აგონდება ფრაზები წაკითხული წიგნიდან. აგონდება მეუღლესთან პირველი შეხვედრა, თითქმის დავიწყებული რომ ჰქონდა; გრძნობს მიწის სუნს… მასში ხელახლა იბადება ადამიანი და მან უკვე იცის, რას შემოუნახავს შთამომავლობას.
…როცა კითხვა დავასრულე, აღმოვაჩინე, რომ სახლში ნივთებიდან რაც ყველაზე მეტად მიყვარს, ჩემი წიგნებია და არ ვიცი, რა დამემართებოდა, ვინმეს მათი დაწვა რომ მოესურვებინა…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი