პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

პროფესიის არჩევისა და თავისუფლების შესახებ

კენ რობინსონი ნიჭსა და მისი მხარდაჭერის აუცილებლობაზე

 „ნიჭი საკუთარი ბედის პოვნის უნარია“.

თომას მანი (1875-1955)

 

„ადამიანი, რომელსაც თანდაყოლილი ნიჭი აქვს, უდიდეს ბედნიერებას განიცდის ამ ნიჭის გამოყენებისას“.

იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე (1749-1832)

 

სერ კენ რობინსონი (1950-2020) – ბრიტანელი მოაზროვნე, განმანათლებელი და ნოვატორი, რომელიც იკვლევდა ადამიანის შემოქმედებით ძალებსა და ადამიანის ნიჭს, მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფოს მთავრობების კონსულტანტად, მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კულტურულ თავყრილობაში და მსოფლიოს გასაგონად, ხმამაღლა აკრიტიკებდა დღევანდელ საგანმანათლებლო, სკოლამდელი და სასკოლო აღზრდის სისტემებს. 2003 წელს დედოფალმა ელისაბედ II-მ კენ რობინსონს ბრიტანეთის იმპერიის რაინდის წოდება უბოძა ხელოვნებისა და განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში (ლონდონის ქონვეი-ჰოლში – ერთ-ერთ უძველეს დისიდენტურ[1] საზოგადოებაში, ეთიკის საზოგადოების შტაბ-ბინაში) კენ რობინსონი ამტკიცებს, რომ ჩვენი შეცდომების მთავარი მიზეზი არა ჩვენი აღმატებული მოლოდინი, არამედ, პირიქით, ჩვენ მიერ ადამიანთა უნარების არასათანადოდ შეფასებაა. რობინსონი ამას იმით ხსნის, რომ აუცილებელია, ყველამ ის აკეთოს, რაც უყვარს და კარგად გამოსდის.

 

ნაწყვეტები კენ რობინსონის ინტერვიუებიდან:

 

„ჩემი აზრით, დღეს ადამიანური რესურსების კრიზისია. ამ ცნებაში (კრიზისში) სერიოზული პრობლემაა – ადამიანების უმეტესობას წარმოდგენაც კი არ აქვს, რა ხელეწიფება და რა უნარების პატრონია, რა ტალანტების მფლობელი. ამიტომაც ბევრი მიიჩნევს, რომ არაფრის ნიჭი არ გააჩნია. ჩვენი ღრმა რწმენით, ყველანი ვიბადებით ნიჭითა და სხვადასხვა უნარით. თუ ადამიანი ხართ, ეს თქვენი თვისებაა – ეს თქვენს სისხლშია!

დიახ, ეს მართლაც ასეა. ადამიანები თავიანთ შესაძლებლობებსა და ნიჭს ხშირად შემთხვევით გამოავლენენ ხოლმე, უკვე მოხუცებულობისას ან, ვთქვათ, მეგობარ გოგონას თუ გაჰყვებიან თეატრალურ ინსტიტუტში (ან სამხატვრო სტუდიაში) გამოცდის ჩასაბარებლად. დიახ, ეს ხშირად ის ხალხია, ვისაც ჩვენ ვიცნობთ და ვისაც, როგორც ამბობენ, გაუმართლა!“

„მაგრამ იცოდეთ, რომ ამ ომში უამრავი უცნობი მსხვერპლია – ისინი, ვინც „კეთილი ზრახვებით“ რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში „შეტენეს“ ნაცნობობით, ან სამსახურში მოაწყვეს „თბილ ადგილზე“. ადამიანი იღებს გაძღომის, „აიფონის“ ყიდვის, „ფორდ მონდეოს“ კრედიტით შეძენის შესაძლებლობას, მაგრამ სულ ეს არის, რასაც სთავაზობენ: სტაბილურ, არასასურველ სამუშაოს, რომელიც არანაირ სიამოვნებას არ ანიჭებს – ეს სამუშაო მხოლოდ სტაბილურობისა და უზრუნველყოფის განცდას აძლევს. ამ დროს თუ მზრუნველი მშობლები ცოტათი მოთოკავენ თავს (არა სამუდამოდ, არამედ გარკვეული ხნით) და ბავშვს საშუალებას მისცემენ, თავისი გზით წავიდეს და ექსპერიმენტები ჩაატაროს, ანუ თუ მისცემენ შანსს, იპოვოს ის, რასაც სიხარულით გააკეთებს და რაც მას ბედნიერებას მიანიჭებს, მას მართლაც გააბედნიერებენ“.

„ჩვენ ვიზრდებით მანკიერი აზრით, რომ ცხოვრება სწორხაზოვნად მიედინება. ამ წარმოდგენას განსაკუთრებით მწვავედ ვეჯახებით რეზიუმეს წერისას. ამ დროს ჩვენს ცხოვრებას თარიღებითა და მიღწევებით აღვნიშნავთ აღმავალი, მზარდი ვექტორით. თითქოს მთელი ჩვენი არსებობა სტრუქტურირებულ, დაგეგმილ პროგრესს წარმოადგენდეს, რომლის გვირგვინიც ეს ინტერვიუ იქნებოდა (რომლისთვისაც ეს რეზიუმე დაიწერა)! შედეგად, ადამიანს უჩნდება შეგრძნება, რომ სრულად აკონტროლებს იმას, რასაც აკეთებს და ჩვენი ცხოვრება არის არა შემთხვევითობების, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებული ხდომილებების ჯაჭვი, ქაოსი, რომელიც, რა თქმა უნდა, არ გსურთ აჩვენოთ დამქირავებელს, არამედ მწყობრი, დაგეგმილი მოვლენების მოწესრიგებული რიგი (როგორც რეზიუმეშია მოცემული)… ჩემი რეზიუმეს კითხვისას თავს ვეუბნები ხოლმე: მე ეს ნამდვილად არ დამიგეგმავს-მეთქი“.

„რამდენიმე წლის წინ ჩემს მეუღლესთან, ტერისთან ერთად გახლდით შესანიშნავ ღონისძიებაზე, რომელსაც ვანკუვერის მშვიდობის კონფერენცია ერქვა. მას სამი ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა და ორგანიზებული იყო დალაი-ლამას ვანკუვერის ცენტრის მიერ. მე ღონისძიების დასაწყისის მოდერაცია მევალებოდა, რაც საპასუხისმგებლო საქმე გახლდათ, რადგან ბევრი უაღრესად საინტერესო ადამიანი იყო მოწვეული.

მოწვეულთა შორის იყვნენ: მატიე რიკარი – ფრანგი ბიოლოგი, მოლეკულური გენეტიკის დოქტორი, მწერალი და მთარგმნელი, რომელიც ტიბეტელი ბერი გახდა; რიკარის მამა, ჟან-ფრანსუა რეველი, საფრანგეთში ცნობილი ფილოსოფოსი, რომლის სახლსაც ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი ადამიანები: სემუელ ბეკეტი, ალბერ კამიუ, ჟან-პოლ სარტრი, სიმონ დე ბოვუარი… ისინი ყოველთვის ფრანგული ინტელექტუალური ცხოვრების ცენტრში იყვნენ. მატიე მშობლებთან ერთად უჯდა სუფრას, რომელსაც იმ დროის ყველაზე გამოჩენილი მოაზროვნეები უსხდნენ და მათ საუბრებში მონაწილეობდა, მაგრამ, როგორც თავად ჰყვება, მას ამ თავყრილობებში გამუდმებით არ მოსწონდა რაღაც. ერთ დღეს მატიემ ნახა რეპორტაჟი პარიზში სტუმრად მყოფ ტიბეტელ ბერებზე. მან მაშინვე შეამჩნია, რომ ბერები წარმოუდგენლად ბედნიერები ჩანდნენ და მოეჩვენა, რომ ხედავდა [ღვთის] მოციქულებს, მოსულებს ძველი დროებიდან. მათი ტანსაცმელი, ქცევა, მათი გარეგნობის ყოველი შტრიხი სიხარულსა და სიმშვიდეს გამოხატავდა.

მატიე იხსენებდა, რომ ამ დროს მათი ყველა სტუმარი, ზემოთ ჩამოთვლილი მწერალი და ინტელექტუალი, ევროპული აზრისა და ტრადიციების წამყვანი წარმომადგენლები, სრულიად დაცემულნი ეჭვებითა და რწმენის უქონლობით, წარმოუდგენელი რაოდენობის თამბაქოსა და ალკოჰოლს მოიხმარდნენ. ისინი ხმამაღლა საუბრობდნენ კარგი [და სწორი] ცხოვრების სხვადასხვა პრინციპზე, მაგრამ მატიესთვის მათი საუბრები დამაჯერებელი არ იყო. ალბათ ამიტომაც, უკვე დოქტორის ხარისხის მქონე ახალგაზრდა მეცნიერი ტიბეტში გაემგზავრა და ცხოვრება მონასტერს დაუკავშირა. ის უკვე ოცდაათი წელია ტიბეტში ცხოვრობს და დალაი-ლამასთან დაახლოებულთა წრეში შედის. მისი კვლევები მედიტაციასა და ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ძალიან საინტერესოა სამეცნიერო კუთხით. ამავე დროს, ის აღიარებულია დედამიწაზე მცხოვრებთა შორის ერთ-ერთ ყველაზე ბედნიერ ადამიანად, რაც სოციალური კუთხით საკმაოდ მძიმე ტვირთიცაა – ვერსად გამოჩნდები უბედური. ყოველთვის, ქუჩაში გამოსვლისას, ვალდებული ხარ, იღიმებოდე, თითქოს ყველაფერი ძალიან კარგად არის…

ამავე კონფერენციას ეწრებოდა ქალბატონი ფო ტუტუ, სამხრეთაფრიკელი ეპისკოპოსის დესმონდ ტუტუს ქალიშვილი, რომელიც მამის კვალს გაჰყვა და სამხრეთი აფრიკის სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი ლიდერი გახდა, რომელიც ბევრს აკეთებს აფრიკელი ქალებისთვის.

კონფერენციას ასევე ესწრებოდა ერკჰარტ ტოლე, გერმანელი ავტორი, რომელიც 2016 წელს აშშ-ის ყველაზე გავლენიან სულიერ ლიდერად აღიარეს.

კონფერენციის „მთავარი“ სტუმარი კი დალაი-ლამა გახლდათ. როგორც მოგახსენეთ, დასაწყისს მე ვუძღვებოდი და წარმოიშვა კითხვა, როგორ წარმედგინა დალაი-ლამა იქ მყოფი საზოგადოებისთვის. მივხვდი, რომ მის შესახებ რამის თქმის საჭიროება არ არსებობდა. მისი სახელი ხომ, პრაქტიკულად, საზოგადოა… მოკლედ, კონფერენციის პირველ ნაწილს ასე ერქვა: „მშვიდობა მსოფლიოში ჩვენს სულებში არსებული მშვიდობის მეშვეობით“. დაახლოებით ორი ათას ადამიანს ერთ საათში უნდა გადაეწყვიტა ეს ამოცანა… დარჩენილი ოცი წუთის განმავლობაში დრო რით მომეკლა?..

დალაი-ლამამ შესანიშნავად ილაპარაკა. ერთ-ერთმა მონაწილემ ჰკითხა: „თქვენთან მიმართებით იხმარეს სიტყვა „უწმინდესობა“, რას ფიქრობთ ამაზე?“ დალაი-ლამა ჩაფიქრდა და თითქმის ერთი წუთი ფიქრობდა. შემდეგ წინ გადაიხარა და ჩვენც, დარბაზში მყოფი ორი ათასი ადამიანი, გონებით წინ გადავიხარეთ, თან ვფიქრობდით: „ახლა რაღაც დაუჯერებელი მოხდება. ეს ხომ დალაი-ლამაა“. ის კი დიდხანს იჯდა ჩუმად. „ახლა მოვისმენთ სენსაციას“, – ვფიქრობდით ჩვენ. მან კი თქვა: „არ ვიცი“. ჩვენ გაოგნებულნი ვისხედით.

„რას ნიშნავს „არ იცი“? შენ ხომ დალაი-ლამა ხარ, – იტყვის მავანი. – ეს ჩვენ არ ვიცით, შენ კი უნდა იცოდე!“ თუმცა ამ მომენტის სილამაზე იმაში მდგომარეობდა, რომ ეს გახლდათ დაშვების წამი მთელი აუდიტორიისთვის. ნათქვამის არსი კი, რომელიც დალაი-ლამამ მოგვიანებით ახსნა, ასეთი იყო: მან არ იცის, რადგან ამ საკითხზე არასდროს უფიქრია.

გესმით? მას ბევრ რამეზე უფიქრია, მაგრამ არა ამ კითხვაზე. მოგვიანებით გამოვიდა ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი. კონფერენციის დასაწყისში იგი ესაუბრა მატიე რიკარს და ჰკითხა: „რას იტყოდა დალაი-ლამა პასკალზე?“ მატიემ კი უპასუხა, რომ მან არაფერი იცის პასკალზე. შესაძლოა, დალაი-ლამა მსოფლიოში უდიდესი ავტორიტეტი იყოს ბუდიზმის საკითხებში, მაგრამ არა მგონია, ყველაფერი იცოდეს ევროპულ ფილოსოფიურ ტრადიციასა და ლიტერატურაზეო.

მეც მიმაჩნია, რომ ეს პასუხი – „არ ვიცი“ – შესანიშნავია. ჩვენს კულტურაში არცოდნა ნიშნავს, დააშავო საზოგადოების წინაშე. ასე არ არის? ხალხი მუდმივად თვალთმაქცობს და ამბობს, რომ იცის უამრავი რამ, უმეტესად კი წარმოდგენა არ აქვთ.

ეს იმიტომ, რომ ყველაზე ცუდი, რაც კი შეიძლება ჩაიდინო ევროპულ ტრადიციაში, იმის ჩვენებაა, რომ არ იცი, რასაც გეკითხებიან და არ გაქვს საკუთარი აზრი მოცემულ საკითხზე. ახალი ამბების ნაკადიც ამ პოზიციას კვებავს – ის ჩვენ გვაწვდის დამოკიდებულებას რომელიმე საკითხისადმი ისე, როგორც ბანკში გაძლევენ კრედიტს. მგონია, რომ ეს ტენდენცია ძალიან ძლიერია საგანმანათლებლო პროცესში“.

გამოტანები

დღეს ადამიანური რესურსების კრიზისია. ამ ცნებაში (კრიზისში) სერიოზული პრობლემაა – ადამიანების უმეტესობას წარმოდგენაც კი არ აქვს, რა ხელეწიფება და რა უნარების პატრონია, რა ტალანტების მფლობელი.

 

ბევრი მიიჩნევს, რომ არაფრის ნიჭი არ გააჩნია. ჩვენი ღრმა რწმენით, ყველანი ვიბადებით ნიჭითა და სხვადასხვა უნარით. თუ ადამიანი ხართ, ეს თქვენი თვისებაა – ეს თქვენს სისხლშია!

 

[1] დისიდენტობა ინგლისში/დიდ ბრიტანეთში (English dissenters ან English separatists, ინგლისელი სექტანტები ან სეპარატისტები) – XVII-XVIII ს.ს. პროტესტანტ ქრისტიანთა (ძირითადად – ჟან კალვინის მოძღვრების მიმდევართა) შორის გაჩენილი საპროტესტო მოძრაობა ანგლიკანური ეკლესიისა და მისი იერარქიის წინააღმდეგ. ინგლისელი დისიდენტები აქტიურად იბრძოდნენ რელიგიის საკითხებში სახელმწიფოს ჩარევის წინააღმდეგ. მათ დააფუძნეს ათეულობით სეპარატისტული პროტესტანტული ეკლესია და თემი. ბევრი სეპარატისტი სახელმწიფოსთან კონფლიქტის გამო გაიქცა ან ორგანიზებულად გადასახლდა ჩრდილოეთ ამერიკაში, ახალ ბრიტანულ კოლონიებსა და კანადაში უფრო დემოკრატიული და თანასწორობის პრინციპის მიმდევარი ეკლესიების დასაფუძნებლად. ინგლისელმა დისიდენტებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს აშშ-ის დაარსებაში და დიდად შეცვალეს იმპერიის რელიგიური ლანდშაფტი; აქტიურად ქადაგებდნენ ანგლიკანური ეკლესიის რეფორმაციისა და „თავისუფალი“ ეკლესიების არსებობის აუცილებლობას. ინგლისურ-ამერიკული დისიდენტური ჯგუფებიდან წარმოშობილი რელიგიური ორგანიზაციები არიან პრესვიტერიანელები, კონტინენტური რეფორმისტები, რეფორმირებული ანგლიკანელები, კონგრეგაციონალისტები, ანაბაპტისტები, რეფორმისტი ბაპტისტები, ბრაუნისტები, ბაროვისტები, იაკობ ბემეს მიმდევრები, პურიტანელები, ფილადელფიელები, კვაკერები და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი