ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

უცხო ენის სწავლებისთვის

უცხო ენის კარგად შესწავლა კომპლექსური პროცესია და ბევრი კომპონენტისგან შედგება. მოზრდილებთან რამდენიმეწლიანმა მუშაობამ, საუკეთესო შედეგებმა გერმანული ენის ტესტებში და ინტერესმა ანდროგოგიკისა და პიროვნული განვითარებისადმი გამიჩინა სურვილი, ამ სტატიაში თავი  მომეყარა ჩემი მიგნებებისთვის.

კარგი სწავლისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები შეიძლება იყოს:

1) სხვადასხვა სახის დარღვევები, რომელთა სპექტრი საკმაოდ ვრცელია, თუმცა, ძირითადად, ნეირომეცნიერების დარგს მიეკუთვნება. არ უნდა დაგვავიწყდეს ენდოკრინული სისტემის დაავადებებიც.

2) არასრულფასოვანი კვება. ბოლო გამოკვლევებით ტვინისთვის სასარგებლო პროდუქტებია: ავოკადო, კვერცხი, ორაგული, კაკალი, კენკროვანი ხილი, იოგურტი, ბოსტნეული, კურკუმა და ა. შ ამ საკითხზე საუბრისას ხაზი უნდა გავუსვათ, რომ რაციონში ენდემური პროდუქტების ჩართვა განსაკუთრებულად სასარგებლოა.

3) დეჰიდრატაცია – ადამიანის ორგანიზმის 75%-მდე წყალია და მისი ნაკლოვანება  შეიძლება ნეგატიურად აისახოს ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობაზე.

4) არასრულფასოვანი ძილი, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მეხსიერების გაუარესების პროცესში და  მკვეთრად აქვეითებს დამახსოვრების უნარს.

5) სტრესი – ხელს უშლის არა მარტო ფაქტების დამახსოვრებას, არამედ ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარს.

6) არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა – აუარესებს მენტალურ ჯანმრთელობას. ყოველდღიურად 11 წუთი მაინც ბუნებაში სეირნობა პოზიტიურად აისახება დასწავლის უნარზე და ბედნიერების ჰორმონების გამოყოფის პროვოცირებასაც იწვევს.

 

როგორ უნდა ვისწავლოთ უცხო ენა?

ბრაიან ტრეისი ამბობს – „რაღაც ახალი უნარი რომ აითვისო, აუცილებელია, ის  პრიორიტეტებში მეხუთე ადგილზე მაინც იყოს“. საათებიც კი აქვთ  მეცნიერებს გამოთვლილი. მალკოლმ გლედველი წიგნში „Outliers“ წერს, რომ  საშუალო დონეზე ახლის  სწავლას დაახლოებით 10 000 საათი სჭირდება. რაღაცაში დასაოსტატებლად გვჭირდება როგორც თანდაყოლილი ნიჭი, ასევე ვარჯიში.

ბოლო გამოკვლევებით  ცხადი გახდა, რომ ჩვენს განწყობებს და ფიქრებს გენების გამოვლინების სასიკეთოდ შეცვლაც კი შეუძლიათ. სწორი სტრატეგიები და სისტემური მუშაობა გადამწყვეტი ფაქტორებია უცხო ენის ათვისების საქმეში. „დიად ადამიანებად არ იბადებიან – დიადნი ხდებიან“. „პრაქტიკით, მონდომებითა და კარგი მასწავლებლის წყალობით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განავითაროს ტალანტი  იმ დონემდე, რომ გახდეს ნამდვილი გენიოსი“ – წერს დანიელ კოილი თავის წიგნში „ნიჭიერების კოდი“.

როგორ ვისწავლოთ?

უცხო ენაში მთავარ სირთულეს ქმნის უცხო სიტყვების ათვისება. ლინგვისტებისა და პოლიგლოტების თანახმად, სიტყვა უნდა წავიკითხოთ 9-12-ჯერ და პირველ პირში, შევადგინოთ მარტივი წინადადებები. ოღონდ სიტყვებთან შეხება არ უნდა მოხდეს ერთბაშად. ყოველდღე რეკომენდებულია მონაცვლეობით – ხმამაღლა და თვალით სიტყვების 3-4-ჯერ წაკითხვა. ოპტიმალურია დილისა და საღამოს საათები, რადგან ამ დროს დამახსოვრება უკეთ ხდება. ნასწავლი სიტყვა შემდეგ 6-ჯერ მაინც უნდა შეგხვდეს კონტექსტურად. ეფექტურია ასევე, დამახსოვრების პროცესში ვიზუალიზაციისა და ასოციაციური ტექნიკების გამოყენება. ერთ ჯერზე მოკლევადიანი მეხსიერება 5-9 ელემენტს იმახსოვრებს. გრძელვადიან მეხსიერებაში ლექსიკის გადასვლისთვის ძალიან კარგია ებინგჰაუსის დავიწყების მრუდის გამოყენება, რომლის თანახმად, ნასწავლის გამეორება უნდა მოხდეს წაკითხვის დამთავრებისთანავე და პირველი დასწავლიდან 20-30 წუთის შემდეგ, მომდევნო ეტაპია – მეორე დღე. შემდეგი გამეორებისთვის 2-3 კვირაა ოპტიმალური და ბოლო – მეხუთე გადამეორება რეკომენდებულია 2-3 თვეში.

გაკვეთილზე უცხო ენის სწავლა ხდება რაციონალურად და ეს ასპექტი მაქსიმალურად უნდა იყოს პერსონალიზებული, რადგან ემოციურ დონეზე ენის სწავლა ხელს უწყობს ე.წ Sprachgefühl-ის (ენის შეგრძნება) განვითარებას. უცხო ენაზე ყოველდღიური დიალოგებისა და სხვადასხვა გადაცემებისა თუ  ფილმების ნახვა-მოსმენა ენის ინტუიციურ დონეზე   გათავისების (Verinnerlichung) საწინდარია.

როგორ დავგეგმოთ თითოეული დღე?

ყოველდღე აუცილებელია მკაცრი, მოწესრიგებული სწავლის  რუტინა – გეგმა, სადაც გაწერილი იქნება, რის შემდეგ რას იმეცადინებთ. ხშირად ამ გეგმის შედგენაში და თანმიმდევრობის პრინციპის დაცვაში მოსწავლეებს თავად ვეხმარები. ამის შემდეგ მათ ვურჩევ, გამოიყენონ ფრანჩესკო ცირილოს მიერ შექმნილი პროდუქტიულობის გამაძლიერებელი „პომიდვრის მეთოდი“, რომელიც გულისხმობს 25 წუთიან აქტიურ მუშაობასა და 5 წუთიან  შესვენებას. გერმანულის შემთხვევაში ვურჩევ – ერთ დღეს  გრამატიკა იმეცადინონ 25 წუთი, შემდეგ შეისვენონ და 25 წუთი ტექსტზე მუშაობით გააგრძელონ და ა.შ.

შუალედებში დააჯილდოვეთ საკუთარი თავი: მიირთვით ხილი, საყვარელი ტკბილეული ან სხვა რამ. კარგად სწავლისთვის და კარგი მეხსიერებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს პაუზებს მეცადინეობებს შორის. ბუნებაში სეირნობას, ფონურ მუსიკას (პროდუქტიულობასა  და კონცენტრაციის უნარს განსაკუთრებით ზრდის ბაროკოს მუსიკა), კარგი სოციალური ურთიერთობები ააქტიურებს დამახსოვრების უნარს და, ზოგადადაც, პოზიტიურად აისახება ჩვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

ძალიან გაგიმართლათ, თუ ოჯახის წევრი ან ახლობელი მოგიმზადებთ საყვარელ კერძს (განსაკუთრებით გამოცდების პერიოდში). სულ მახსენდება პიკასოს ავტობიოგრაფიიდან ერთი ფრაგმენტი, სადაც ის განსაკუთრებული მადლიერებითაა გამსჭვალული მისი მოსამსახურის – ინეს სასიეს მიმართ – „მას ყველაფერს ვუმადლი“ – წერს გენიალური მხატვარი. თანადგომით გვიმაღლდება მოტივაცია და ვორიენტირდებით უფრო მაღალ მიზნებზე.

ინფორმაციის ათვისებისას არ უნდა გამოგრჩეთ საკუთარ თავზე დაკვირვება. როგორც წესი, ადამიანები იყოფიან სამ კატეგორიად: აუდიალისტები, ვიზუალისტები და კინესთეტები. თქვენ უნდა შეიმეცნოთ თქვენი ტიპი. ზოგი უკეთ სწავლობს, თუ სწავლების პროცესში ახდენს მასალის ვიზუალიზაციას ცხრილებით, მარკერებით და ა.შ. ზოგი ხმამაღლა იმეორებს დასასწავლ მასალას ან იწერს ელექტრონულ მოწყობილობაზე და შემდეგ უსმენს საკუთარ ხმას. ზოგისთვის კი კარგად სწავლა სიტყვების, ტექსტების, გრამატიკის საკუთარი ხელით ამოწერა – გადაწერასთან ასოცირდება.

საბოლოო ჯამში, თქვენი ყოველდღიური ჩვევები განსაზღვრავს თქვენს პიროვნულობას, თქვენს ცხოვრებას და ენის ათვისების დონესაც. ამ მხრივ, ტრანსფორმაციაში დაგეხმარებათ  შესანიშნავი წიგნი ჯეიმს ქლიერის „ატომური ჩვევები“.

უამრავი კომპონენტის თანხვედრას მივყავართ კარგ შედეგებამდე. მთავარი კი ალბათ მაინც სურვილი და ინტერესია. სტატიას დავასრულებ  ერთ-ერთი მოსაზრებით, რომელიც სტივ ჯობსის წარმატების მიზეზს  ხსნიდა: „ის არ იყო დაინტერესებული იმით, თუ რა მოუტანდა წარმატებას. ის იყო წარმატებული, იმიტომ, რომ იყო დაინტერესებული“.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერვერი რ. (2018) იაზროვნე მარტივად – „ლურჯი ოკეანე“

გრანტი ა. (2022) კიდევ დაფიქრდი – „ლურჯი ოკეანე“

თრეისი ბ. (2017) მიზნები! – „ლურჯი ოკეანე“

თრეისი ბ. (2019) მოტივაცია – „ლურჯი ოკეანე“

კვიკი ჯ. (2023) უსაზღვროება – „ წიგნი+ერი“

ქლიერი ჯ. (2022) ატომური ჩვევები – „ლურჯი ოკეანე“

Gladwell M. (2008) Outliers – “Little, Brown and Company”

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი