ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მასწავლებლის ლოცვა-ვედრება

გაბრიელა მისტრალი

უფალო შენ, რომელიც გვმოძღვრავ და გვასწავლი, მომიტევე, მეც რომ ვასწავლი, მეც რომ მოძღვრად და მასწავლებლად ვიწოდები, როგორც შენ მოგმართავდნენ ხოლმე დედამიწაზე.

გევედრები, დიდი სიყვარულით შემაყვარე ჩემი სკოლა. სილამაზე რომც დაჭკნეს და ჩაიფერფლოს, მაშინაც ნუ წამერთმევა სინაზე და სითათუთე.

უფალო, მიბოძე სულგრძელობა და მაშორე სულმოკლეობა. აღმოფხვერი ბილწი სული შურისგებისა, ჯერ კიდევ რომ ბუდობს ჩემს გულში. ჭრილობას რომ მომაყენებენ, სამაგიეროს მიზღვის სურვილი თუ შემომეპარება, მისგან დამიფარე. შემეწიე, რომ არ გავწყრე, როცა ვერ გამიგებენ და არ დავღონდე, ჩემი მოწაფეები თუ დამივიწყებენ.

მომმადლე ნიჭი სიყვარულისა, შემაძლებინე, რომ დედაზე უფრო დედად გავუხდე, დედასავით შევითვისო და დავიცვა ისინი, ვინც არ არის ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი ჩემი. მიბოძე ძალა, რომ ჩემი ლექსივით დავხვეწო და სრულვყო რომელიმე გოგონა ჩემს მოწაფეთაგან. და როცა ჩემი ბაგეები ვეღარ შეძლებენ გალობას, იმ დროისათვის მის სულში ჩამატოვებინე ჩემი ყველაზე უფრო სულისშემძვრელი ჰანგი.

უფალო, დამანახვე, რომ ჩემს დროშიც ცოცხლობს შენი სახარება, რათა ყოველდღე, შეუსვენებლივ ვიბრძოლო მის დასამკვიდრებლად.

შენ გაუმარჯვე ჩემს სახალხო სკოლას, რათა მისმა ბრწყინვალებამ გზა გაუნათოს შენი ღატაკი, ფეხშიშველა ბავშვების გუნდს.

მე, სუსტ და ღარიბ ქალს, შემაძლებინე, რომ განვერიდო ყოველგვარ ძალმოსილებას, უწმინდური გზით მონიჭებულს; მიბოძე ძალა, რომ არ გავიკარო ძალაუფლება, რომელიც შენი ცხოველმყოფელი ნებით არ გადმოვა ჩემზე.

უფალო, იყავ ჩემი მეგზური და საყრდენი.

ვიცი ბევრჯერ დავრჩები მხოლოდ და მხოლოდ შენს ანაბარად. როცა უფრო დავხვეწ, რასაც ვასწავლი, როცა ჩემი სიმართლე უფრო მწველი გახდება, ვიცი, ყველანი შემომეცლებიან. მაშინ შენ ჩამიკრავ გულში: შენმა გულმა იცის მარტოობისა და მიუსაფრობის სიმწარე. მხოლოდ შენს მზერაში ვიპოვი სითბოსა და მხარდაჭერას.

მიბოძე უბრალოება და მიბოძე სიღრმე. დამეხმარე, რომ ჩემი ყოველდღიური გაკვეთილები არც რთული იყოს, არც ერთფეროვანი. ყოველ დილით, როცა ჩემი სკოლის კარს შევაღებ, შემაძლებინე, დავივიწყო ჭრილობები, მკერდზე რომ მატყვია; შემაძლებინე, რომ სამუშაო მაგიდასთან არ მიმყვეს ჩემი სადღეხვალიო საზრუნავი, გაუთავებელი წვრილმანი სატკივარი.

უფალო, სიმსუბუქე მიანიჭე ჩემს ხელს, როცა ბავშვს ვსჯი და სინაზე შეჰმატე, როცა ვეფერები. შემრისხე კიდეც, ტკივილი მომგვარე, უსიყვარულოს თუ დავტუქსავ.

შენ შემეწიე, უფალო, რომ ქვით ნაშენები ეს ჩემი სკოლა სულიერად აშენდეს და აღორძინდეს; ჩემმა თავდაუზოგავმა შემართებამ მოიცვას მისი უბრალო დერეფნები და სადა საკლასო ოთხები; შემეწიე, რომ ჩემი გული დედაბოძად შეუდგეს სკოლის შენობას და ჩემი თავდადება მდიდრული სკოლების მოოქროვილ სვეტზე უფრო ძლიერი და ჭეშმარიტი განძი გახდეს ჩემი სკოლისთვის.

ბოლოს კი, ველასკესის ფერგაცრეცილი ტილოს საშუალებით შემახსენე, რომ ამქვეყნად დიდი სიყვარულით ასწავლიდი, – ეს იგივეა, ჯვარცმული მაცხოვრისთვის ლონგინოზ ასისთავის მიერ ნაძგერები შუბით დაჭრილი და სიყვარულით ანთებული გულით მიატანო განკითხვის დღემდე.

ესპანურიდან თარგმნა: მანანა გიგინეიშვილმა

გაბრიელა მისტრალს დიდ ჩილელ პოეტს ლათინური ამერიკიდან პირველს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში. მის ლირიკასა და პროზაულ პოემებში ადამიანის სულის უფაქიზესი განცდებია გამოხატული. მას მიაჩნდა, რომ რაციონალიზმის ეპოქამ, სასიკეთო ძვრებთან ერთად, სამყაროს უნივერსალური ჰარმონიისგან გაუცხოება გამოიწვია. ამ ჰარმონიის აღდგენას, მასთან ადამიანის სულის დაახლოებას ისახავდა მიზნად მისი შემოქმედება.

ის 17 წლის იყო, როცა სოფლის მასწავლებელი გახდა და მას შემდეგ წლების განმავლობაში სოფლებისა და ქალაქების საშუალო სკოლებში ასწავლიდა.

გაბრიელა მისტრალის „მასწავლებლის ლოცვა-ვედრება“ მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ახლობელი გახდა მრავალი მასწავლებლისთვის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი