შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

თანამედროვეობა, მოსწავლე…

(სამი სურათი „ცოდნის გემის“ კიჩოდან)

გერმანელი კოლეგის ტილმან კიზერის ლექცია-სემინარიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი და საფიქრალი წამოვიყოლე. მინდა, გაგიზიაროთ.

ტილმან კიზერი ჰიბერნიის ვალდორფის სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი და დურგალია. ის ბავშვებს სასკოლო საგნებთან ერთად ხეზე მუშაობასაც ასწავლის. ხელობის გაკვეთილებზე ერთ-ერთი დავალება ხის გემის შექმნაა. გვიზიარებდა გერმანელი მასწავლებელი თავის გამოცდილებას და ასეთი რამ ახსენა:

„გემის გაზუმფარების პროცესი მონოტონური, ერთფეროვანია. საჭირო საქმეა, ოღონდ პროცესში შეიძლება დაგავიწყდეს, რას აკეთებ და რატომ. ასეთ დროს ობიექტისგან აბსტრაგირება, შორიდან შეხედვა და დაფიქრებაა საჭირო: რას ვაკეთებ? რისთვის? ხომ არ დამავიწყდა მიზანი? სად ვარ? საით მივდივარ? რა გეზი მაქვს? რას მივიღებ, როდესაც ამას დავასრულებ?“

ამ სურათხატოვანი ჩანართის შემდეგ მომხსენებელმა თანამედროვე სამყაროს გამოწვევებსა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. რა არის დღეს სკოლის მიზანი და ფუნქცია? რა უნარებითა და ცოდნით უნდა აღვჭურვოთ მოსწავლე, რომ ის დამოუკიდებელ, ძლიერ, შემოქმედ, მოქმედ ადამიანად იქცეს?

აი, ის კითხვები, რომლებიც უნდა დაისვას მონოტონური სასწავლო პროცესის დროს. ყოველდღიურ საზრუნავში ჩაფლულ მასწავლებელს, დღის, სემესტრისა და წლიური გეგმების, ათასგვარი ანალიზის, საწერის, ბიუროკრატიული ტვირთის წნეხქვეშ, პერიოდულად სჭირდება აბსტრაგირება, „ცოდნის გემისთვის“ გვერდიდან შეხედვა. კითხვების დასმა. მიზნების გამოკვეთა. ირგვლივ მიმოხედვა. რეალობის შეფასება. მოსწავლეებთან დაახლოება. მათი ხმის გაგონება. არა მარტო გაგონება, გააზრებაც: რას ამბობენ ისინი? რას უმკლავდებიან? რა ემოციურ მდგომარეობაში არიან?

გადავდგათ ერთი ნაბიჯი უკან. შევხედოთ ჩვენი „ცოდნის გემს“. რას ვთავაზობთ მოსწავლეებს?

 

სურათი 1. გაკვეთილების „კალეიდოსკოპი“

დილის ცხრა საათიდან, 5-10-წუთიანი შესვენებებისა და დიდი შესვენების ჩათვლით, მოსწავლეები ესწრებიან რამდენიმე 45-წუთიან გაკვეთილს.

პირობითად, ავიღოთ საშუალო საფეხურის გაკვეთილების ცხრილი.

გაკვეთილების წყება დაიწყო ქართულით.

45 წუთში დასრულდა.

დასვენება.

მერე – 45 წუთი მათემატიკა.

დასრულდა.

+ რომელიმე საბუნებისმეტყველო საგანი (ქიმია/ფიზიკა/ბიოლოგია…).

დასრულდა.

რომელიმე უცხო ენა.

სამოქალაქო.

დასრულდა.

თუ გაუმართლათ – სულ ესაა. თუმცა, უმეტესწად, 6 ან 7 გაკვეთილი ტარდება. თვალსაჩინოებისთვის საძიებო სისტემაში სიტყვების „გაკვეთილების ცხრილი საშუალო საფეხურზე“ შეყვანისას მოძიებულ პირველივე ცხრილს დავურთავ:

საქართველოს ისტორიის შემდეგ – ფიზიკური აღზრდა, ქიმია, მათემატიკა, ინგლისური, მეექვსე გაკვეთილად – ქართული და შემდეგ – ბიოლოგია.

კითხვა: რა რჩება სამუშაო დღის ბოლოს მოსწავლეს სხვადასხვა დარგის შემსწავლელი ამ შვიდი გაკვეთილიდან? ამ თანმიმდევრობით 45 წუთით საკლასო ოთახში შესვლა-გამოსვლის შედეგად რას იძენს ის? გასაგებია, რომ სასწავლო გეგმა, მიზნები და ამოცანები წლიურია, შედეგებსაც წლის (სემესტრების, შემაჯამებელი სამუშაოების) განმავლობაში ვიმკით, მაგრამ ასე დაგეგმილი სასწავლო პროცესი ნამდვილად ეფექტიანია? თანადროულია? შედეგიანია? საკუთარი თავი რომ წარმოიდგინოთ: ფიზიკური აღზრდის გაკვეთილის შემდეგ – ქიმიაზე, მერე კი ქართულზე, რომელსაც ბიოლოგია მოსდევს, – რა განცდა დაგეუფლებოდათ? რამდენად ახერხებს მოსწავლე ასე ფრაგმენტულად მიღებული ცოდნის გამთლიანებას? და თუ ახერხებს, როდის? როგორ? სამყაროს რა სურათს იღებს ხანმოკლე ინტერვალებით გამოყოფილ გაკვეთილებზე დასწრებისას?

ინტეგრირებული სწავლება ერთ-ერთია იმ მეთოდთაგან, რომლებიც ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ რამდენად ხშირად ახერხებენ მასწავლებლები თანამშრომლობას? რა საგნები მიეწოდებათ მოსწავლეებს ისე, რომ მათ ინტერდისციპლინური კავშირების დახმარებით შეძლონ ცოდნის კონსტრუირება?

ვფიქრობ, ეს გაფანტული, ფრაგმენტული სურათი საგულისხმო ფაქტორია განათლების ხარისხზე მსჯელობისას. ეს მიდგომა – გაკვეთილების უთავბოლო წყება – რაღაცით კალეიდოსკოპში შემთხვევით შექმნილ ფორმას მაგონებს.

„დღეს სკოლების უმეტესობა ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ მოსწავლეებმა ინფორმაცია დაიზუთხონ. წინათ ასეთი მეთოდი მართებულად მიიჩნეოდა, რადგან ხელმისაწვდომი ინფორმაცია ცოტა იყო… XXI საუკუნეში კი, პირიქით, უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციამ ლამისაა წაგვლეკოს. ასეთ სამყაროში ერთი რამ, რასაც მასწავლებელმა თავი უნდა აარიდოს, მოსწავლეებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებაა. ბავშვებს ეს ისედაც არ აკლიათ. ამის მაგივრად ადამიანებს ინფორმაციის გააზრება, მნიშვნელოვნისა და უმნიშვნელოს ერთმანეთისგან გარჩევა და, რაც მთავარია, სხვადასხვა ცნობის ურთიერთშერწყმით მსოფლიოს ზოგადი სურათის დანახვა უნდა ასწავლონ“, – წერს იუვალ ნოა ჰარარი წიგნში „21 გაკვეთილი ოცდამეერთე საუკუნისთვის“. ამ წიგნში მკვლევარი თანამედროვეობის მწვავე და მნიშვნელოვან საკითხებს მიმოიხილავს. განათლების, აზროვნების განვითარებისა და ადამიანის წინაშე დღეს არსებული სირთულეების გადასალახავად საჭირო უნარების მიმოხილვას ის საგანგებო „გაკვეთილს“ უთმობს. წიგნი საინტერესო საკითხავი იქნება მასწავლებლებისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც. ეს მნიშვნელოვანი „გაკვეთილები“ გასააზრებელი და დამაფიქრებელია.

 

სურათი 2. მიესაჯოს მერხთან ჯდომა!

მერხებთან დღის უმეტესი ნაწილის გატარება მართლა მოსახდელ სასჯელს ჰგავს. ეს შედარება შემზარავი კია, მაგრამ მოზარდების მთელი დღის განმავლობაში მერხებთან დასმა კიდევ უფრო შემზარავია. ფიზიკური აღზრდის კვირაში რამდენიმე საათი სურათს დიდად ვერ ცვლის.

მერხებთან უძრავად ჯდომა! ერთ კლასში. ერთ სივრცეში (ნიავდება მაინც?)!

სმენა! გაგონება! დაფას მიშტერება!

პარაგრაფიდან პარაგრაფამდე დამუშავება!

დაზუთხვა!

მოკლე შინაარსი!

პარაგრაფის შინაარსი – წერით!

კითხვებზე პასუხი – წერით!

უტრირებულია?

მაინც რამდენად უტრირებულია სასკოლო პროცესის ეს აღწერილობა?

მოსწავლეები სხედან და სხედან.

„აბა, რა უნდა ქნან?“ – ისმის შემხვედრი კითხვა.

მოზარდმა უნდა იმოძრაოს.

მოზარდმა უნდა ისწავლოს საკუთარი სხეულის მართვა. გაუმჯობესება. უნდა შეიმეცნოს საკუთარი თავი. გამოსცადოს ის სხვადასხვა სიტუაციაში. შემოქმედებით, ჩარჩოებს მიღმა აზროვნებას უნდა დაეუფლოს. ფიზიკური ვარჯიში სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. 45-წუთიანი გაკვეთილების წყება (შვიდჯერ ორმოცდახუთი!) მტანჯველია სხეულისთვის. რა თქმა უნდა, ამ სხეულში დაგროვდება ენერგია, რომელიც გამოთავისუფლებას მოითხოვს.

რატომ სხედან ჩვენი მოსწავლეები უძრავად 45 წუთის განმავლობაში?

„აბა, რა უნდა ქნან?“

უნდა იმოძრაონ.

შექმნან გაკვეთილზე ჯგუფები – გადაადგილდნენ ერთმანეთისკენ, დაჯგუფდნენ.

წყვილებს მიეცეთ დავალება: მოძებნეთ სკოლის შენობაში ან გარეთ (თუ უსაფრთხოა) სივრცე, აიღეთ 10 წუთი, იფიქრეთ მოცემულ დავალებაზე. დაბრუნდით და ნაფიქრი გაგვიზიარეთ.

ყოველი ნახევარი საათის შემდეგ ავდგეთ, ხელები ზევით. გაჭიმვა. კუნთების დაძაბვა. მოშვება. ადგილზე ხტუნვა. ხელ-ფეხის ქნევა.

სახალისოა.

დავსხედით – გავაგრძელეთ.

„გაკვეთილი არ არის გასართობი! გაკვეთილზე სმენა და გაგონებაა საჭირო!“

შესაბამისად, თითოეულს მიესაჯოს მერხთან ჯდომა.

აღსრულდეს დაუყოვნებლივ. ამიერიდან 12 წლის განმავლობაში.

როდის იკვლიონ გარემო? რამდენი სკოლა უზრუნველყოფს სკოლის შემოგარენში გასვლა-გასეირნებას? გასვლითი ღონისძიებები უმეტესად ექსკურსიებია ეკლესიებში, ტაძრებში, ისტორიულ-კულტურული ძეგლების მონახულება. მერე – სუფრა.

და ირგვლივ რა ხდება? რა ლანდშაფტია? რა არქიტექტურული სურათი? ფეხით სავალ ადგილზე საინტერესოს რას ვნახავთ? ერთი მასწავლებელი, ჩვენი ინტერნეტგაზეთის ავტორი, „ამბების შეგროვებას“ უწოდებს ამ აქტივობას. დადის მოსწავლეებთან ერთად. აკვირდებიან მოსწავლეები. შეიმეცნებენ. ემოციების ამოცნობას სწავლობენ. მოძრაობენ.

მეც…

საუკეთესო ხარისხის დავალებები მივიღე, არაჩვეულებრივი ნაწერები, როდესაც ვთხოვე:

ადექით, ჩადით ეზოში. იპოვეთ კენჭი. ამობრუნდით კენჭიანად.

როგორ გაცვივდნენ.

რა სწრაფად ამოვიდნენ, გაფაციცებულები: რა იქნება ახლა? რას მოიფიქრებს?

დაიდეთ კენჭი წინ და დაწერეთ მისი პირით:

რა მოხდა? როგორ აღმოვჩნდი ეზოდან მერხზე?

აღწერეთ საინტერესოდ. პირველ პირში.

ნაწერები ისეთია, კრებულად გამოცემა შეიძლება. კენჭების ამბები. ზოგი კენჭი შეშინებულია. ზოგი – აღტაცებული. ზოგი ჯერაც ჩანთაში ცხოვრობს. სხვებს ეზოში დარჩენილი მეგობრები ენატრებათ. ზოგი წარსულს იხსენებს სადღაც ზღვისპირას.

ფერადი, განსხვავებული ამბები.

მოიფიქრეს, ნაფიქრი მოაწესრიგეს, სტრუქტურასა და ფორმაზე იფიქრეს, აბზაცებად დაალაგეს სათქმელი. გადმოსცეს. მეც ეს მინდოდა.

კიდევ ერთი სურათი, რაც „ცოდნის გემის“ შეთვალიერებისას ჩნდება, სწორედ ესაა – მერხთან უძრავად მჯდომი მოზარდი სხეული. მიწოლილი, გაწოლილი, თავჩარგული, მოგრეხილი, წელში გამართული (თუ მასწავლებელი მკაცრია, ხელები მერხზე!).

არადა… „მოძრაობა და მარტო მოძრაობაა… სიცოცხლის მიმცემი“…

 

 

სურათი 3. მოსწავლის ხმა და ხმაური – ვის დაკრულზე ვმღერი და ვცეკვავ?

 

ხმაურში გამოთავისუფლებული ენერგია არ იგულისხმება.

დღევანდელ ჩვენს სკოლაში რას გეგმავს მოსწავლე სათავისოდ? სად ისმის მისი ხმა? რას ირჩევს? როგორ ვეცნობით მის საჭიროებებს?

მოსწავლე უფროსების დაგეგმილი პროცესის უტყვი და უმოქმედო „მიმღებია“. მოსწავლეთა თვითმმართველობა შესაძლოა არსებობს, მაგრამ რეალურად რა პროცესებში მონაწილეობენ ბავშვები? რას გეგმავენ? რას ახორციელებენ?

სულ მრჩება განცდა, რომ ბევრს „ვაძალებთ“.

უნდა ისწავლო, იმიტომ რომ საჭიროა!

დიახ, ასე და არა სხვაგვარად, იმიტომ რომ ოდითგანვე ასე იყო!

მოისმინე! დაისწავლე! მოყევი! ზეპირად! თხრობით! მოკლე შინაარსი! ახლა მათემატიკა გაქვს! ახლა იმღერე – მუსიკაა. იმღერე, რასაც გამღერებენ!

იმღერე, რასაც გამღერებენ და იცეკვე დაკრულზე.

ასე შეიძლება ადაპტაციის კარგი უნარი გამოვუმუშაოთ მოზარდს. „გადასარჩენად“ უმნიშვნელოვანესი უნარია. ისმის გონივრული შეგონებები:

„მათ ხომ კონკურენტულ გარემოში მოუწევთ გასვლა. უნდა იცოდნენ ბევრი რამ. მათ შორის – შეგუება“.

ძნელია, შეეკამათო. ნამდვილად, გარკვეულ გარემოსა და კულტურაში „გადასარჩენად“ შეგუება, ადაპტაცია მნიშვნელოვანია. მაგრამ იქვე კიაფობს კითხვები. ეს შემაწუხებელი კითხვები: კი, მაგრამ ვინ იცის, როგორია მომავალი, ვინ იცის, რა უნარები და ცოდნა იქნება საჭირო ათი წლის შემდეგ…

ჰარარის ამაზეც უფიქრია:

„მაშ, რას უნდა ვასწავლიდეთ ბავშვებს? პედაგოგიკის ბევრი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ სკოლები ე.წ. ოთხი კ-ს სწავლებაზე უნდა გადავიდნენ:

კრიტიკული აზროვნება

კომუნიკაცია

კოლაბორაცია

კრეატიულობა“.

ცვლილებებთან გამკლავება, ახალი საგნების შესწავლისა და უჩვეულო, მოულოდნელ გარემოებებში ფსიქიკური წონასწორობის შენარჩუნების უნარი მომავალში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება.

იქვე: „ადამიანი დროს რომ არ ჩამორჩეს, მას არა მხოლოდ ახალი იდეების მოფიქრება და პროდუქტების გამოგონება უნდა შეეძლოს, არამედ (რაც მთავარია) არასდროს უნდა შეწყვიტოს საკუთარი თავის განახლება“.

რადგან… „ცვლილება ერთადერთი მუდმივაა“, პრეადაპტაციის უნარიც გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. განსხვავებული, ახლებური ფუნქციის მინიჭება, ახალ გარემოში სწრაფი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეადაპტაცია „კარგ გამგონეს და კარგ შემსრულებელს“ ნაკლებად განუვითარდება.

შემოქმედებითი მიდგომა, ახლებური გააზრება, ჩარჩოებს მიღმა ფიქრი და ქმედება – რამდენ დროს ვუთმობთ ამ ყველაფერს სკოლებში?

კარლ სეიგანი თავის „კოსმოსში“ წერს:

„ევოლუციამ განაპირობა, რომ ჩვენ ახალი მოვლენის შეცნობა გვსიამოვნებს, რადგან მას, ვისაც ამგვარი გააზრების უნარი გააჩნია, გადარჩენის მეტი შესაძლებლობა ეძლევა“.

ახალი მოვლენების შეცნობას, აღქმა-გაგებას, გააზრებას ადაპტაციურთან ერთად პრეადაპტაციური უნარების გამომუშავებაც სჭირდება.

მთავარი კითხვა, რომელიც მთელ ამ „თავისუფალ ბლოგს“ იტევს, ესაა:

შინაარსების გადამუშავებითა და დამახსოვრებით, მერხთან უძრავად, „წესიერად“ ჯდომით, უინიციატივოდ პროცესის მიყოლით რამდენად შეიძლება, თანამედროვე სამყაროში მცხოვრები მოზარდი სათანადო უნარებით აღიჭურვოს?

სკოლებში შეცნობის, შემეცნების სიამოვნებასა და სიხარულს, ქმედებას, შემოქმედებას რამდენი დრო ეთმობა?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი