ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სწავლაში ჩამორჩენის მიზეზები და მათი დაძლევის გზები

მოსწავლის სწავლაში ჩამორჩენა, დაბალი აკადემიური მოსწრება სკოლების ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემა იყო ყოველთვის და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ის დღესაც განათლების სისტემის ქვაკუთხედი და ყველაზე „მტკივნეული“ თემაა. ყველაზე სამწუხაროა, თუ აღნიშნული პრობლემა დროულად არ იქნება მოგვარებული, ის შეიძლება უამრავი სხვა, თანამდევი პრობლემის აღმოცენების მიზეზად იქცეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა დაწყებით კლასებში, იმისთვის, რომ მან ქრონიკული სახე არ მიიღოს, დაუძლეველ სირთულედ არ იქცეს მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში და დამანგრეველი ეფექტი არ ჰქონდეს ბავშვის პიროვნების ფორმირების პროცესში. ასეთ შემთხვევაში სკოლის მისია შეიძლება დაუძლეველ ოცნებად დარჩეს, რადგანაც სკოლის მიზანი დღეს მოქმედი განათლების კანონის მიხედვით ბავშვისთვის მხოლოდ გარკვეული ცოდნის გადაცემა კი არ არის, არამედ მისი პიროვნების ფორმირების სწორი მიმართულებით წარმართვა, მასში გარკვეული უნარ-ჩვევების და განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაცაა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ ნებისმიერ პრობლემაზე, მათ შორის ბავშვის სწავლაში ჩამორჩენის პრობლემაზე მუშაობას და მის დაძლევაზე ზრუნვას ჯერ კიდევ სასკოლო ცხოვრების დასაწყისში დავიწყებთ. ერთი მხრივ, დაწყებით კლასებში სწავლაში ჩამორჩენის პრობლემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების საწყის ეტაპზეა და მისი დაძლევა ბევრად უფრო იოლი იქნება; მეორე მხრივ, უმცროსკლასელებში უფროსების, განსაკუთრებით კი პედაგოგის ავტორიტეტი იმდენად დიდია, რომ მისი ნებისმიერი ქმედება ბავშვისთვის არანაირ კრიტიკას არ ექვემდებარება, რაც ასევე აიოლებს პრობლემის მოგვარებას.

ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რომ პრობლემა, რასაც არ უნდა ეხებოდეს ის, ვერ მოგვარდება, თუ მისი გამომწვევი მიზეზები არ იქნება დაძლეული. გამონაკლისს ამ მხრივ არც სწავლაში ჩამორჩენის პრობლემა წარმოადგენს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დაბალი აკადემიური მოსწრების გამომწვევი ფაქტორები სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე, მთელი რიგი მიმართულებებით, შეიძლება საკმაოდ განსხვავებული და სპეციფიკური იყოს. ამდენად, თუ გვინდა დავძლიოთ სწავლაში ჩამორჩენის პრობლემა, გამოვკვეთოთ ის მიზეზები, რომლებიც განვითარების კონკრეტულ ეტაპზე აღნიშნული პრობლემის განმაპირობებელი ხდება.

უმცროსკლასელთა სწავლაში ჩამორჩენის გამომწვევი ძირითადი მიზეზები:

  • დაწყებით კლასებში ბავშვის სწავლაში ჩამორჩენის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, მნიშვნელოვანი და საყურადღებო მიზეზი სკოლაში შემოსვლის მომენტისთვის ბავშვის სკოლისათვის მზაობის, კონკრეტულად კი მისი ინტელექტუალური მზაობის არარსებობა წარმოადგენს. სასკოლო სწავლება საკმაოდ სერიოზული დატვირთვაა ექვსი წლის ბავშვისთვის და, თუ მას ის ფსიქიკური პროცესები (აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება), რამაც მისი სასწავლო წარმატება უნდა უზრუნველყოს, არ ექნება სათანადო დონეზე განვითარებული, უახლოეს მომავალში სერიოზული სასწავლო პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ. ხშირად სიტუაციას ართულებს მშობლების დამოკიდებულება სასკოლო სწავლების დაწყების ასაკთან დაკავშირებით. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ერთი-ორი თვის გამო არ ღირს მთელი წლის დაკარგვა და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისმა ხუთი წლის შვილმა სასკოლო სწავლება დაიწყოს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 5-დან 6 წლამდე პერიოდში ბავშვის განვითარებაში ცვლილებები ყოველდღიურად და ყოველკვირეულად ისეთი ტემპით მიმდინარეობს, რომ სხვა ასაკობრივ საფეხურზე შეიძლება მას თვეები და წლებიც კი დასჭირდეს. ამდენად, ბავშვის სკოლაში ნაადრევად შეყვანა შეიძლება მოგვიანებით სერიოზული ზიანის მომტანი აღმოჩნდეს მისთვის. უფროსები კი ისეთი პრობლემების წინაშე დაგვაყენოს, რასაც მარტივად ნამდვილად ვერ გავუმკლავდებით.
  • დაწყებით კლასებში სწავლაში ჩამორჩენილ, წარუმატებელ მოსწავლეებს შორის ხშირად გვხვდებიან მეტყველების სხვადასხვა დარღვევების მქონე ბავშვები. მეტყველება ერთ-ერთი ცენტრალური, უმნიშვნელოვანესი ფსიქიკური ფუნქციაა. ის უდიდეს გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკური პროცესების ჩამოყალიბებაზე და მის საერთო გონებრივ განვითარებაზე. აზროვნების განვითარება დიდწილად დამოკიდებულია მეტყველების განვითარებაზე. მეტყველება დიდ როლს თამაშობს ბავშვის ქცევისა და საქმიანობის რეგულაციაში მისი განვითარების ყველა ეტაპზე. სწორედ მეტყველების, ზეპირი და წერითი მეტყველების დახმარებით მოუწევს ბავშვს ცოდნის მთელი სისტემის ათვისება. ამდენად, მეტყველების არასათანადო განვითარება, დიდი ალბათობით, შეიძლება ბავშვის სწავლაში ჩამორჩენის ერთ-ერთ სერიოზულ მიზეზად იქცეს. სამწუხაროდ დღეს, ერთი მხრივ, მშობლების დაკავებულობამ და შვილებთან მეტყველებითი კომუნიკაციის ნაკლებობამ, მეორე მხრივ კი კომპიუტერულ ტექნიკაზე ბავშვების მიჯაჭვულობამ სერიოზული პრობლემები შექმნა მათი მეტყველების განვითარებაში, რამაც თავისებური ნეგატიური ასახვა უკვე პოვა სასწავლო პროცესში;
  • უმცროს სასკოლო ასაკში ბავშვის სწავლაში ჩამორჩენის ერთ-ერთი სერიოზულ მიზეზად შეიძლება იქცეს პრობლემები მის ფიზიკურ განვითარებაში. სასკოლო სწავლება სერიოზული დატვირთვაა ბავშვის არა მხოლოდ ფსიქიკისთვის, არამედ ორგანიზმისთვისაც. ფსიქოფიზიკური ჯანმრთელობა სწავლაში წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. თუ ბავშვი არასათანადო ფიზიკური განვითარებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის გამო ხშირად ავადმყოფობს, აცდენს გაკვეთილებს, დიდი ალბათობით მას აუცილებლად შეექმნება პრობლემები სასწავლო პროცესში.
  • ბავშვის სწავლაში ჩამორჩენის და დაბალი აკადემიური მოსწრების ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი შეიძლება გახდეს სასწავლო საქმიანობისადმი დადებითი, მდგრადი მოტივაციის ნაკლებობა. მოტივაციური სფეროს ჩამოუყალიბებლობა უარყოფით გავლენას ახდენს ცოდნის ათვისების უნარზე და სასწავლო საქმიანობაში ბავშვის წარმატებაზე. სკოლამდელი პერიოდის ბოლოს და სასკოლო სწავლების დასაწყისისთვის, როგორც წესი, ბავშვს უძლიერდება შემეცნებითი ინტერესები, სწავლის სურვილი და მოუთმენლად ელის სკოლაში სწავლის დაწყებას. თუმცა, არცთუ იშვიათად სკოლაში მოსული ასეთი ბავშვი კარგავს ინტერესს სასწავლო საქმიანობის მიმართ, მისი მოლოდინები არ ემთხვევა რეალობას, ხდება მისი განხიბვლა და შეიძლება გააპროტესტოს კიდეც სკოლაში სიარული. ბავშვის სკოლისადმი ინტერესის დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს ის, რომ მას წინასწარ ასწავლეს წერა-კითხვა, თვლა და ახლა საინტერესო აღარ არის მისთვის იმ გარემოში ყოფნა, სადაც იმას ასწავლიან, რაც მან უკვე იცის. დაწყებით კლასებში ბავშვის სასწავლო მოტივაციას სერიოზული პრობლემები შეიძლება შეუქმნას ასევე მისმა უზომო დატვირთვამ. არცთუ იშვიათია შემთხვევა, როდესაც სასკოლო სწავლების პირველივე დღეებიდან მშობელი ცდილობს სკოლაში სწავლის პარალელურად ჩართოს ბავშვი სხვადასხვა სახის წრეობრივ სამუშაოში და დააკავოს ისეთი საქმით, რომელიც შეიძლება მას საერთოდ არ აინტერესებდეს, რაც მასში სერიოზულ პროტესტს ბადებს და მის, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ სასწავლო მოტივაციაზე ნეგატიურად აისახება.

რეკომენდაციები უმცროსკლასელთა სწავლაში ჩამორჩენის დასაძლევად:

  • სასწავლო საქმიანობაში წარუმატებლობის მიზეზების მრავალფეროვნება ართულებს მასწავლებლის საქმიანობას მათი გამოვლენის და დაძლევის მიმართულებით. როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში ის ირჩევს სწავლაში ჩამორჩენილ მოსწავლეებთან მუშაობის ტრადიციულ გზას – დამატებითი მეცადინეობების ჩატარება, რაც მოიაზრებს ძირითადად განვლილი სასწავლო მასალის განმეორებას. თუმცა, ეს სამუშაო, რომელიც დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, უსარგებლო აღმოჩნდება ხოლმე და სასურველ შედეგს არ იძლევა. ეს ბუნებრივია, რადგანაც თუ ბავშვს მაგ. აზროვნების განვითარებაში აქვს პრობლემა, ჩვენ კი, ნაცვლად იმისა, რომ სააზროვნო უნარების შემდგომ განვითარებასა და სრულყოფაზე ვიმუშაოთ, კვლავ და კვლავ განვლილ სასწავლო მასალას ვამეორებინებთ, ეს მის სასწავლო საქმიანობას წინ ნამდვილად ვერ წაწევს და ვერც ვერაფერს შემატებს;
  • უმცროსკლასელთა სწავლაში ჩამორჩენის პრობლემის დასაძლევად ჩამორჩენის გამომწვევი მიზეზების გამოვლენის შემდეგ საჭიროა საკორექციო მუშაობის ჩატარება კონკრეტული მიმართულებით. სასურველია მშობელთან ერთად შედგეს სამუშაო გეგმა და საკორექციო პროგრამა გამომწვევი მიზეზების სრულად ან ნაწილობრივ დასაძლევად. არ იქნება გამართლებული პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი მხარისთვის, ოჯახისთვის ან სკოლისთვის გადაბარება. საჭიროა სკოლისა და ოჯახის შეთანხმებული და თანმიმდევრული მოქმედება;
  • მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ კონკრეტული ბავშვის განვითარების უახლოესი ზონა, გავარკვიოთ, რის გაგება, სწავლა და ათვისება შეუძლია მას თავად უფროსის მინიმალური დახმარებით იმისათვის, რომ ჩვენ მიერ ორგანიზებულმა სასწავლო პროცესმა და მიწოდებულმა სასწავლო მასალამ მის განვითარებას შეუწყოს ხელი და დაეხმაროს მას სასწავლო წარმატების მიღწევაში;
  • მიუხედავად იმის, რომ კონკრეტულ ასაკობრივ საფეხურზე ძირითადად ერთი ასაკის ბავშვებთან გვიწევს მუშაობა, მოსწავლეთა ჯგუფები ერთგვაროვანი არასოდეს არის. ერთ ჯგუფში მყოფი ბავშვები, როგორც წესი, განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თავიანთი შესაძლებლობებით, უნარებით, ინტერესებით, პიროვნული თავისებურებებით. ყოველივე ამის გამო, სასწავლო პროცესში წარმატების მისაღწევად და თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსავლენად, აუცილებელია სასწავლო პროცესში მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პრინციპებით ხელმძღვანელობა, ინდივიდუალური მიდგომა და დავალებების დიფერენცირება.
  • გავითვალისწინოთ და ნუ დავივიწყებთ, რომ ბავშვების უმეტესობა სასკოლო სწავლებას დიდი ენთუზიაზმითა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულებით იწყებს. თუმცა, ამა თუ იმ მიზეზის გამო შესამჩნევი წარმატებების არარსებობა და მით უმეტეს წარუმატებლობა უკვე დაწყებით კლასებში ბევრ მოსწავლეში ბადებს იმედგაცრუებას და სწავლისადმი ინტერესის დაქვეითებას. თუ ბავშვს დროულად არ აღმოვუჩენთ საჭირო დახმარებას, მასში თანდათან ჩაქრება საკუთარი ძალების რწმენა და წარუმატებლობა, სწავლაში ჩამორჩენა ქრონიკულ ხასიათს მიიღებს, რაც თავის მხრივ, ბევრად გაართულებს პრობლემის დაძლევას.

 

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ სწავლაში ჩამორჩენილ ბავშვთან მუშაობა ხანგრძლივი პროცესია, შრომატევადი სამუშაოა და მისი წარმატებით დასრულება დამოკიდებულია, როგორც მასწავლებლის მოთმინებასა და დაჟინებულობაზე, ასევე მშობლების მხრიდან დახმარებაზეც, მაგრამ მთავარი მაინც თავად მოსწავლის სურვილია. გავუძლიეროთ ბავშვს საკუთარი ძალების რწმენა, შევუქმნათ წარმატების განცდის პირობები მისი განვითარების დონის შესაბამისი სასწავლო დავალებების შეთავაზებით, რაც, თავის მხრივ, მასში სასწავლო პროცესისადმი დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშემწყობი გახდება და სასწავლო მოტივაციასაც აუმაღლებს.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი