ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რევაზ ინანიშვილი და ჯანი როდარი

ამბობენ, ცხოვრებას წიგნებიდან ვერ ისწავლიო, მე კი პირიქით მგონია და საკუთარ შეხედულებას სხვადასხვა არგუმენტით ვიცავ, რადგან მიმაჩნია, რომ ადამიანის მორალურ-ზნეობრივი განვითარება მხოლოდ წიგნის საშუალებით არის შესაძლებელი. მწერალი აღწერს ყველა დასაშვებ თუ დაუშვებელ, შეუძლებელ ფაქტსა და მოვლენას, სურვილს, გონიერ მკითხველს კი თავად გამოაქვს დასკვნები. თუმცა ცხოვრებაც დიდი მასწავლებელია.
როგორც ეგზიუპერი ამბობდა, ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ. მოვდივართ და მოგვაქვს ჩვენი შეგრძნებები, დადებითი და უარყოფითი ემოციები, შეხედულებები, რომლებსაც გარშემო მყოფებს ვუზიარებთ ისე, რომ არც კი ვიცით, სად არის მათი სათავე. სინამდვილეში ყველაფერი იწყება წიგნით…

მშობლებსა და პედაგოგებს განსაკუთრებული დაფიქრება მართებთ, როდესაც მოზარდს ლიტერატურას ურჩევენ. აუცილებელია, გაითვალისწინონ ბავშვის ასაკი, მისი მზაობა, რა უფრო აინტერესებს და იზიდავს… ერთნი მხატვრულ, სათავგადასავლო წიგნებს ამჯობინებენ, მეორენი – შემეცნებით-ენციკლოპედიურს, მაგრამ არსებობს ლიტერატურა, რომელიც ყველას ერთნაირად უყვარს. წიგნი უნდა იყოს გზამკვლევი, რომელიც მოზარდს სამყაროს აღქმასა და გაცნობაში დაეხმარება. საბავშვო ლიტერატურის შექმნა განსაკუთრებულ სიფაქიზეს მოითხოვს.

არაერთხელ გვითქვამს, რომ ქართული ლიტერატურა ძალზე მრავალფეროვანია, თუმცა საბავშვო მწერალი არცთუ ბევრი გვყავს. ჩვენი კულტურა მდიდარია ხალხური სიტყვიერების ნიმუშებით, ზღაპრებითა და თქმულებებით, რომლებზეც თაობები აღიზარდა. რაც შეეხება საბავშვო მწერლობას, ვფიქრობ, უცხოელი მწერლები უფრო პოპულარულები არიან, ვიდრე ჩვენი თანამემამულენი. მოზარდი საყვარელ გმირებს შორის აუცილებლად დაასახელებს კარლსონს, პეპის, ემილსა და ალისას, ნილსს ან რომელიმე უცხოური ზღაპრის სხვა გმირს. კარგია უცხო კულტურასთან ზიარება, მაგრამ ჯერ საკუთარი უნდა გავიცნოთ. პედაგოგები ცდილობენ, ქართულ ლიტერატურას გაუწიონ პოპულარიზაცია, მოსწავლეებს ჯერ ეროვნული შეაყვარონ და მერე გააცნონ სხვა მწერლები, რათა მოსწავლემ შეძლოს მსგავსებისა თუ განსხვავების დანახვა ერთმანეთისგან თუნდაც ძალზე დაშორებულ ქვეყნებში მცხოვრებ ავტორებს შორის.

ცოტა შორიდან დავიწყე… მწერალი, რომლის შესახებაც მინდა გესაუბროთ, დიდსა თუ პატარას ერთნაირად უყვარს და თავისად მიაჩნია. ეს არის ადამიანი, რომლის შემოქმედება იტევს ზოგადსაკაცობრიო პრობლემას, ბავშვურ გულისთქმას, სიყვარულს, ჰუმანიზმსა და პატრიოტიზმს. მწერალი, რომელსაც მინიატიურებით, მცირე ზომის ნაწარმოებებით შეუძლია შეძრას ადამიანის გრძნობათა ყველაზე ბნელი კუნჭულები, გააცინოს და მწარედ აატიროს მკითხველი, ანდა, უბრალოდ, დაუტოვოს მას საფიქრალი, რათა თავად განსაჯოს და გადაწყვიტოს, რა არის ადამიანის მთავარი მისია მიწიერ ყოფაში, რომელიც ხშირად ტკივილითა და ცრემლით არის სავსე. ეს ავტორი ერთდროულად არის ძალიან ბავშვური და დიდი, მისი ნაწარმოებები გნკუთვნილია ყველაზე პატარებისთვისაც და ზრდასრული ადამიანებისთვისაც.

ერთხელ მოვისმინე, როგორ უწოდა მავანმა მე-20 საუკუნეს სტაგნაციის პერიოდი და ვითომდა დამაჯერებელი არგუმენტებიც მოიყვანა საკუთარი მოსაზრების საბუთად. შეუძლებელია დავეთანხმოთ იმ ადამიანს, რადგან გასულმა საუკუნემ ქართულ ლიტერატურას უამრავი კორიფე აჩუქა, რომელთა ნაკვალევზე სიარული თითოეული ქართველისთვის საამაყოა.

რევაზ ინანიშვილის შემოქმედება შეუძლებელია ერთ წერილში ჩაატიო, ამოწურო და იპოვო ყველა საჭირო სიტყვა ამ მწერლისადმი უსაზღვრო მადლიერების გამოსახატავად. მისი ყველა მოთხრობა თუ ნოველა ცალკე უნდა განიხილო, რადგან ყველაზე მცირე ზომის თხზულებაშიც კი დიდი სათქმელია ჩატეული. მისასალმებელია, რომ ამ ავტორს ასწავლიან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში და, რაც მთავარია, როგორც დაწყებით საფეხურზე, ისე მაღალ კლასებში, რაც მკაფიო დასტურია იმისა, რომ ინანიშვილის შემოქმედება მოზარდს პიროვნული სიმწიფის ასაკამდე უნათებს გზას და ასწავლის, როგორ დარჩეს ადამიანად ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი, არ დაკარგოს ღმერთი საკუთარ თავში და შეინარჩუნოს ღირსება.

აი, რას წერს რევაზ ინანიშვილის შესახებ თამაზ ჭილაძე: “მას ორი ცხოვრება ჰქონდა. ერთი მისი საყვარელი ოჯახი იყო, მეგობრები და საზოგადოება, სამსახური, მეორე კი მის მიერვე გამოგონილი, თავშესაფარივით საიმედო ქვეყანა. იქ გრძნობდა თავს თავისუფლად, ლაღადაც კი, რამდენადაც იქ ითქვამდა სულს, ყოველდღიური ერთფეროვნებისგან შეწუხებული”. ასეთივე განცდა ეუფლება მკითხველსაც, რომელიც ინანიშვილის შემოქმედებას ღრმად სწვდება. შეეფარება იმ სიკეთის მარცვალს, რომელიც სამუდამოდ ჩაიმარხება გონიერი მკითხველის გულში. რევაზ ინანიშვილის ნაწარმოებები სიხარულისა და სიყვარულის ის თესლია, რომელიც ღრმად გაიდგამს ფესვს.

ამჯერად მისი მოგონებებით დავინტერესდი… ვფიქრობ, მწერალი ყოველდღიურობითა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობითაც იცნობა. საინტერესოა, რომ ინანიშვილის მოგონებებში დიდი სიყვარულითა და პატივისცემით არის აღწერილი შეხვედრა გიორგი ლეონიძესთან, თანაც ეს უბრალო შეხვედრა როდი იყო – ყველაფერი ნამდვილი ქართული სუფრითა და ლხინით დასრულდა. იქვე იგონებს მწერალი იტალიაში მოგზაურობას: 1978 წელს ქართველ ხელოვანთა ჯგუფი ევროპაში გაემგზავრა საბვაშვო წიგნის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად. მწერალი მოკრძალებულად შენიშნავს, რა მრავალრიცხოვანი იყო ევროპული ლიტერატურა და მის გვერდით რა ღარიბულად გამოიყურებოდა ქართული (საბჭოთა კავშირის) მხარე. ამაზე საუბარი იმხანად არ შეიძლებოდა – ვინ გაბედავდა ასეთი სიმართლისთვის თვალის გასწორებას, მაგრამ ეს სხვა საკითხია, რადგან ქართული საბავშვო მწერლობა არც მას შემდეგ გამდიდრებულა დიდად – ძირითადად თარგმნილი წიგნები ჭარბობს.

სწორედ იტალიაში, რომში შეხვდა რევაზ ინანიშვილი მწერალს, რომელმაც სახელი და დიდება საბავშვო ნაწარმოებებით მოიპოვა. კარიერა ჟურნალისტობით დაიწყო, მაგრამ მას ყველა “ჩიპოლინოს თავგადასავლის” ავტორად როგორც. მის კალამს ეკუთვნის აგრეთვე “ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში”, რომლის ნაწყვეტი დამატებით ლიტერატურაში იყო შეტანილი და მახსოვს, პატარა მოწაფეებს როგორ მოსწონდათ. რევაზ ინანიშვილი იგონებს, რომ ეს წიგნი უყვარდა მთელ მის ოჯახს და მადლიერების ნიშნად მწერალმა იტალიელ კოლეგას ლეკური წინდები უსახსოვრა.

ჯანი როდარის ბიოგრაფიაში გარდამტეხი იყო 1970 წელი, როდესაც მას ანდერსენის სახელობის პრემია გადასცეს. იტალიაში ბევრი სკოლა მისი სახელობისაა. თუმცა საზოგადოება დღესაც ვერ მალავს აღშფოთებას, როცა მისი კომუნისტური შეხედულებების შესახებ შეიტყობს.

საინტერესოა, რომ იტალიაში მოგზაურობისას ქართველ მწერლებსა და გამომცემლებს იქაურმა მოღვაწემ ცენზურის შესახებ ჰკითხა, რაზეც ქართულმა მხარემ არეული პასუხი გასცა – აბა, ვინ გაბედავდა ძლევამოსილი მფარველის საწინააღმდეგოდ რამის თქმას…

ამ მოგონებაში უამრავი ისეთი დეტალია, რომელიც მაშინდელი საზოგადოების მანკიერ თვისებებზე მიგვანიშნებს. დღეს არავის უკვირს ლამაზად გაფორმებული და ილუსტრირებული წიგნები, მაშინ კი ეს უცხო რამ იყო, რაც იტალიელთა გაოცებას იწვევდა.

შეხვედრას ესწრებოდა ჯანი როდარი, რომელიც შეუძლოდ იყო, მაგრამ მაინც მოახერხა, რამდენიმე თბილი სიტყვით მიემართა დამსწრეთათვის. რევაზ ინანიშვილი იგონებს, რომ მან ილაპარაკა მშვიდობასა და ბედნიერებაზე, მსოფლიოს ყველა ბავშვსა და მწერალს უსურვა სიკეთე და ღიმილიანი მომავალი. ის როგორც საბავშვო მწერალი იმედს ალბათ მომავალ თაობებზე ამყარებდა… რევაზ ინანიშვილი იგონებს, რომ ეს იყო უბრალოდ ჩაცმული ჩია კაცი, საინტერესო აზრებითა და ბავშვური სილაღით სავსე, რომელიც გარშემო მყოფებს უშუალო და მეგობრული ღიმილით აჯილდოებდა. როგორც აღმოჩნდა, ის იცნობდა ქართველ ხალხს, კავკასიონის მთებიდან, რომელიც განთქმულია სიკეთითა და ჰუმანურობით. ქართველი მწერლის საჩუქარიც სიხარულით მიიღო და რევაზ ინანიშვილის სახელი უბის წიგნაკში ჩაიწერა. მართალია, ცოტა ხანს ისაუბრეს, მაგრამ ცხელმა და თბილმა ხელმა იპოვა მონათესავე სული – ორივე ხომ ბავშვებზე ფიქრობდა და მათთვის წერდა.

რევაზ ინანიშვილი ამბობდა, რომ ბავშვებს სიყვარული და სიბრალული პატარაობიდანვე უნდა გავუღვივოთ, რათა სხვა ღირებულებები თავისთავად ჩამოყალიბდეს მათ სულში. მისი ყველა მოთხრობა ამ მოსაზრების დასტურია. ჯანი როდარის შემოქმედებაც ამ იდეას ემსახურება.

ჯანი როდარის ბიოგრაფია გულდასმით გადავიკითხე. სამწუხაროდ, ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ვერსად წავაწყდი, რომ გამეგო, რას ფიქრობდა თავად იტალიელი ავტორი ქართველ მწერალზე, მაგრამ თბილი ხელი ყველაფერს უსიტყვოდ ამბობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი