პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ეკოკლუბი და  ფორმალური განათლება

პანდემიის შემდეგ მოსწავლეებს გაუჭირდათ საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა, მათი მხრიდან დაინტერესება და მოტივაცია საკმარისი არ იყო სასურველი შედეგების მიღწევისთვის, თუნდაც მათთვის საინტერესო რესურსების შეთავაზებით.

საჭიროებიდან გამომდინარე, მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისათვის  საუკეთესო გამოსავალი არაფორმალური განათლების მიმართულებით, მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვა  და მოქნილი სასწავლო გარემოს შექმნა იყო.  არაფორმალური განათლება ფორმალური განათლების გაგრძელებაა, რომელიც მოზარდებში კრიტიკულ აზროვნებას ავითარებს და პრაქტიკულ ცოდნაზეა ორიენტირებული. არაფორმალურ განათლებას ხშირად სხვადასხვა ტერმინით მოიხსენიებენ, მაგალითად, თემთან დაკავშირებული განათლება, უწყვეტი განათლება და განათლების მეორე შანსი. არაფორმალური განათლება ხშირად ფორმალური განათლების საუკეთესო ალტერნატიულ  ვარიანტად განიხილება, რადგან მას შეუძლია უზრუნველყოს მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა, სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა, გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაგეგმვა, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა და  ა.შ

არაფორმალური განათლების გზით მოსწავლეების ჩართულობა ეკოკლუბის ჩამოყალიბებით დავიწყე, რომლის საქმიანობა ძალზე  მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების განათლების განხორციელებისთვის,  და როგორც მოზარდებს,  ჩვენც  – მასწავლებლებს – გვაქვს პასუხისმგებლობა, ვაჩვენოთ ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკა მომავალ თაობას. საკლუბო მუშაობა მოსწავლეებს მიღებული ცოდნის ყოფა-ცხოვრებაში ადაპტირებას ეხმარება, ასევე  თავდაჯერებულობას, კვლევის, სინთეზისა და ანალიზის უნარს უვითარებს.

ეკოკლუბში განხორციელებული საქმიანობები მოსწავლეებს  აძლევს საშუალებას, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირონ და მონაწილეობა მიიღონ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით აქტივობებში და საერთაშორისო პროექტებში. მოსწავლეებს შეუძლიათ, ჩართონ თავიანთი მშობლები, ნათესავები, თემი და თანატოლები გარემოსდაცვითი აქტივობების პოპულარიზაციაში.

თავდაპირველი შეხვედრების მიზანი იყო კლუბის წევრების დაინტერესება და გამოწვევა. ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩავატარეთ სემინარები, დებატები და ლექციები მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით.  მოსწავლეების სურვილისებრ ვმასპინძლობდით სტუმრებს, რომლებიც მდგრადი განვითარების 17-ვე მიზნის მნიშვნელობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.  მოწვეულ სტუმრებს  შორის იყვნენ: განათლების ექსპერტები, სახელმძღვანელოების ავტორები, ექიმები, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის წარმომადგენლები, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები, საჯარო მოხელეები, მწერლები. მათ მიერ შემოთავაზებული სემინარები, ვორქშოფები და საინფორმაციო შეხვედრები ზრდიდა მოსწავლეთა ინტერესის სფეროს და ხელს უწყობდა დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევების განვითარებას.

მოსწავლეებთან თანამშრომლობით ვახორციელებდით გარემოსდაცვით აქტივობებს: კლუბის წევრებმა სკოლის ბაღში დარგეს ხეები, დაასუფთავეს როგორც სკოლის, ასევე მიმდებარე ტერიტორიები. მათი ჩართულობით მოხდა თბილისის სხვადასხვა სკოლის გამოწვევა და ამ სკოლებში მწვანე სივრცეების მოწყობა. აღნიშნულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად გაზარდა მოსწავლეთა თანამშრომლობითი უნარები.

განხორციელდა ვიზიტები, როგორც სხვადასხვა ორგანიზაციაში, მათ შორის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში. კლუბის წევრებმა მოინახულეს  ეკოლოგიურად მნიშვნელოვანი ადგილები: დიღმის ჭალები, პარკები, საველე ტერიტორიები, სადაც თემატური სემინარების გარდა ქმედითი  გარემოსდაცვითი აქტივობები განხორცილდა. მოსწავლეები  მეტი ხალისით ერთვებოდნენ „კეთებით სწავლებით“ პროცესში,  გამოუმუშავდათ სხვისი აზრის პატივისცემის, კვლევის და დაკვირვების უნარ-ჩვევები და ერთმნიშვნელოვნად, ბუნების მცველებად იქცნენ.

კლუბის წევრებმა, თანატოლების დახმარებით, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების  მიზნით, მოაწყვეს აქციები და მსვლელობები საზოგადოებრივ ადგილებში, ამ მხრივაც მოსწავლეების დამოკიდებულებები იცვლებოდა, მუდმივად სიახლის ძიებაში იყვნენ, რადგან გარემოსდაცვითი მიმართულებით სიახლეების მიწოდება საზოგადოებისთვის მათი ყოველდღიურობა გახდა. მოსწავლეებს აღნიშნული  აქტივობების განხორციელებით  ჩამოუყალიბდათ  თავდაჯერებულობა, მაღალი მოქალაქეობრივი აზროვნება და პასუხისმგებლობა.

მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე, ,,სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა“, ,,შიმშილის აღმოფხვრა“, ,,მდგრადი მოხმარება და წარმოების“ ფარგლებში, მშობელთა ჩართულობით კლუბის წევრებმა ეკომეგობრული ჩანთების წარმოება დაიწყეს და მისი რეალიზებით დახმარების ხელი გაუწოდეს სოციალურად დაუცველ ოჯახებს. აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეები  განსაკუთრებით აქტიურად ჩაერთნენ, რადგან თვითონ იყვნენ პროექტის ინიციატორები და შესაბამისად,  მეტ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ.

ეკოკლუბის წევრების მიერ დამზადებული ეკოჩანთები

ეკოკლუბის წევრების სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, სკოლა სრულიად აღიჭურვა ნარჩენების დახარისხების შესაბამისი ურნებით, აღნიშნული აქტივობის განხორციელებაში კლუბის წევრებმა  მთელი სასკოლო საზოგადოება ჩართეს, რამაც ერთი-ორად გაზარდა მოსწავლეების პასუხიმგებლობა და მოქალაქეობრივი აზროვნება.

თანატოლებთან თანამშრომლობა სკოლის სივრცეს გასცდა და საკუთარი გამოცდილების გაზიარების თუ ინფორმაციის მიღების მიზნით კლუბის წევრებმა უმასპინძლეს არაქართულენოვან სკოლებს და თავადაც სტუმრად იმყოფებოდნენ მარნეულის, მუღანლოს და სართიჭალის სკოლებში. აქტიური ცხოვრების წესმა მოსწავლეებში გაზარდა სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა.

საკლუბო მუშაობაში ჩართულობამ  გააქტიურა მოსწავლეები და დაეხმარა მათ  ხელახალ სოციალიზაციაში.   პრობლემა, რომლის წინაშეც პანდემიის შემდგომ  აღმოვჩნდით მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი, სწორედ არაფრომალურ განათლებაზე  ფსონის დადებით დაძლევადი აღმოჩნდა. მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა გასულიყვნენ საკლასო სივრციდან და თავისი შესაძლებლობები და უნარები გამოევლინათ სკოლის გარეთ.  სასწავლო პროცესში არაფორმალური განათლების ჩართვამ გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და სწავლისადმი ინტერესი, რისი საშუალებითაც შესაძლებელი გახდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული  შედეგების მიღწევა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი