პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ფიზიკა-ლირიკის დილემა

(რეზო ჭეიშვილის „გია“)

ლიტერატურაში არის ხოლმე ასახული მარადიული მეტაფორა, შემოქმედებითი თუ დემონური ძალა, ზედროული რეალობა, თუმცა რომელიღაცა დროის მონაკვეთში გადმოცემული და ტიპური გმირებიც, რომლებიც კი არიან რომელიმე კონკრეტული წოდებისა ან სოციალური ფენის თვისებების მატარებელნი, მაგრამ ზოგადსაკაცობრიონი უფრო, ანუ ამოზრდილნი ეროვნულიდან (გარგანტუა, ლუარსაბი) და ზოგადადამიანური ხასიათისანი. ასე რომ, ზოგიერთი ლიტერატურული სახე, გმირი, რეალობა, სიმბოლო ყველა დროში აქტუალურია, ყველა ეპოქას ერგება, გვისვამს კითხვას, ან რიტორიკულს, ან მარადიულს, ანაც პასუხისთვის გზებს გვაძებნინებს ცნობიერების ლაბირინთებში.

გაგვახსენდება რეზო ჭეიშვილის ცისფერი მთები. ამბავი, რომელიც, დღესაც გრძელდება, დაუსრულებელია. ბიუროკრატიული კონკრეტიკა და აბსურდული ზედაპირულობის მარწუხები ყველას განუცდია. ამიტომ ხშირად გვახსენდება გენიალური ფრაზები თუ ფრაზეოლოგიზმები ამ წიგნიდან. უცნაური სიმსუბუქე, რომელიც ეგზისტენციალური წიაღსვლებისკენ გიბიძგებს, რეზო ჭეიშვილის გამოხატვის ფორმა, სტილია, რომელიც მის სხვა ნაწარმოებებშიც თვალშისაცემია, თუნდაც მის ცნობილ მოთხრობაში „გია“.

ამ მოთხრობაში კომიკურ-აბსურდულად წარმოჩენილი ცხოვრების წესი ტრაგიკულობას, წუხილის განწყობას ატარებს. თითქოს, შავ-თეთრად „შერკინებულ“ ტონებში გამოსახულია მამების კონფორმიზმი, მატერიალიზმის ტყვეობაში შეუმჩნევლად მომწიფებული შვილების საყრდენგამოცლილი, წონასწორობადაკარგული ნიჰილიზმი. აქაც, როგორც „ცისფერ მთებში“, ირონიზებულ-პაროდიზებული სინამდვილეა, მეტი გროტესკითა და მტკივნეული სარკაზმით: „გთხოვთ, გამოუყოთ ერთი გერმანული უნიტაზი ცნობილ პოეტს ამხ. ბენდუქაშვილს“ (არადა, ბენდუქიძეა პერსონაჟი). მთავარი გმირის, გია გომარელის, პორტრეტსაც ანარეკლის სახით აწვდის მწერალი მკითხველს, როგორც ნიშანს ჩვენი ყოფის ეფემერულობისა ან გამოძახილს პლატონისეული იდეისა და ანარეკლის ფილოსოფიისა: „მომწვანო მინამ მზერაგაყინული, გაუპარსავი სახე და თმააწეწილი თავი აირეკლა ერთ ალაგას“ (419). ნიკას დახასიათებით, გია ნიჭიერი ბიჭია, კაცი დაჭრა და დაჭერილიც იყო, თუმცა „მაგარი ვიღაცაა“. რატომ გამოარჩია ის მწერალმა ადამიანთა უზარმაზარი სიმრავლიდან, მოდი, ერთად ვიფიქროთ…

საიდან გამოყო რეზო ჭეიშვილმა გია? დროის მდინარებიდან, მატერიალისტური ეპოქის ჭაობიდან ამოქაჩა, ყოფითიდან ამოატივტივა და ზეცის სიღრმეებისკენ მოსახვედრად მიანიშნა, მას თუ არა, ჩვენ ხომ მაინც?! „დროის ცისფერი სხივი მიაქროლებდა სიცოცხლეს და არავის და არაფერს არ შეეძლო სიცისფრის გაწყვეტა, აჩქარება ან შენელება. ამ სხივს მიუყვებოდნენ ყველანი და ემსახურებოდნენ ერთადერთ – სხივის არ გაწყვეტის იდეას. ეს მარადიული სრბოლა ჩაუქრობელი სხვისა, ჰარმონია გაუნელებელი ფეთქვისა და პულსაციისა იყო სიცოცხლის პრინციპი; მოძრაობისა, შობისა და გარდაცვალებისა. დროისა და სიცოცხლის სხივს, მარად მბრუნავ ცისფერ ბორბალს მიყვებოდნენ, მაგრამ უბრუნდებოდნენ თუ არა კვლავ საწყის მდგომარეობას, არავინ უწყოდა. იქნებ ბრუნდებოდნენ სხვა სახით, სხვა ფორმით და იქნებ არაფერი არ იყო არაფერს იქით“ (434) – ეს „მარადისობის კანონი“ სრულიად ჩვეულებრივი სკეფსისია მწერლისა თუ პერსონაჟისა, ჭვრეტა, ჩხრეკა არსებობისა, ყოფიერებისა, სრულიად ადამიანური, ხან „მშიშარა“ და სუსტი, ხანაც იმედიანი და ღვთაებრივი. გაურკვევლობა ბადებს ეგზისტენციალურ მდგომარეობას მთავარი გმირისა: „რა გასაჩენი იყო გონიერი არსება, საერთოდ სიკვდილის შიშით გათანგულ ადამიანს სამყაროსხელა ტვინი რაში სჭირდებოდა?“ (447). მან არ იცის, რისთვის აქვს გონება: სატანჯველად, თავის დასაცავად თუ ჭეშმარიტების შესაცნობად, დაბნეულია. „მე მგონი, მაგ გიჟია“ – ამბობს კიღურაძე გიაზე. თუმცა მწერალი გვაწვდის ამ გმირის შეფასებას უკვე მეორე პერსონაჟის თვალთახედვით, რომ ხედვის კუთხე თუ რაკურსი შეცვალოს, რაც ცხოვრებაშიც ასე აუცილებელია სააზროვნო შტამპებისა და ჩარჩოების დასაძლევად: „ეს არის, როგორ გითხრათ, უსისტემოდ განათლებული, ცუდად გაზრდილი, კარგი, იყოს ნიჭიერი, ბავშვი. საქმე იმაშიც არის, უფრო ჭკვიანია, ვიდრე ნიჭიერი“ (448). უსაშველოა მისი მდგომარეობა რეალობაში, რომელშიც ჰამლეტისეული დილემა ყოფნა-არყოფნისა დეგრადირებულ-პაროდიზებულია:

„– ესე იგი, დარწმუნებული ხარ, რომ ჩვენ აღარაფერი აღარ გვინდა, კარგი ცხოვრების გარდა?…

– ეს კაი ცხოვრებაც რომ არ გამოდის თავის შეუწუხებლად?… მესამედ ვიყავი ბაზარში უნიტაზზე. თქვენ, რასაკვირველია, ლექსი გირჩევნიათ უნიტაზს, კარგი ლექსი კარგ – უნიტაზს, ჩვენ ლუდს ვამჯობინებთ…“(451).

ფიზიკა, ვითარცა ლირიკა თუ პირიქით?!

აბსურდის რეალობაში კი დროის კონკრეტიკის შიში აქვს ადამიანს („ოცზე მეტის ვარ და ოცდაათზე ნაკლების“ – გია გომარელი). შიში ამ კონკრეტიკის სამივე გამოვლინებისა: წარსულისაც, აწმყოსიც და მომავლისაც: „რატომ უნდა გავაჩინო ჩემნაირი?!… რისთვის უნდა მოვავლინო ამ ქვეყანას?“ (453). მას ჰგონია, რომ ამით მისი გაჩენის დანაშაულს მეორე დანაშაული მიემატება. ამიტომ საჭირო ხდება რეალობიდან გაქცევა, რომელიც ხშირად ფსიქიკური აშლილობის ფორმით ვლინდება, როგორც ადამიანის ღრმა მენტალური პროტესტი. გიაც ფიქრობს, რომ მისი მისამართია არა სახლი ან ქუჩა (როგორც ცნობილ საბჭოურ სიმღერაშია), არამედ იგი ცხოვრობს რეკლამის „დალიე ქართული ჩაი“ ასო „ჩ-ში“. მისი ლექსები, პოეზია, სულიერი ენერგეტიკა, როგორც ასევე ცდა რეალობაზე ამაღლებისა, ნიველირებულია, უგულებელყოფილი ყოფით დაბრმავებულთა მიერ („რა წამაკითხებს იმ სისულელეს“ – პომადიანი, ბეჭებგანიერი ქალი). „ეს ბიჭი გიჟი ხომ არ არის?“ – იმეორებს უკვე დასმულ კითხვას ეკონომიკის ლექტორი, რომელსაც ვენეროლოგთან ვიზიტზე აგვიანდება და პასუხს არ ელოდება. ისევ „ცისფერი მთები“ გვახსენდება და უპასუხობისთვის განწირული კითხვები, რადგან პასუხის გაცემის აღარც სურვილია უკვე და აღარც ნება.

ქვეყანა, დიდ ფსიქიატრიულად ქცევის პერსპექტივით, ნაცნობი სიტუაციაა, არა? „ვაშენებთ ახალს, დიდს და ნათელს და ყველა დაეტევით შიგ“, – ეს ექიმი ფსიქიატრი ეუბნება ბენდუქიძეს. გია კი, როგორც წყალწაღებული, ჩასაჭიდებლად „ხავსს“ ეძებს: „ეს რვეული შეინახე, გურამ ბიძია, იქნებ მეშველოს რამე!” („გვეშველება რამე?!“).

„ძილ-ღვიძილის“ მეტაფორა თუ პარადიგმა დამახასიათებელია წუთისოფლისთვის, რომელიც ღვიძილია თუ, პირიქით, ძილი, ვერ გაურკვევიათ ადამიანებს. აბსურდის რეალობა ამ შეგრძნებებს ამძაფრებს. ამის საჩვენებლადაა ძილ-ღვიძილიც ბენდუქიძისა: „ვიღაც ვიღაცას შველას სთხოვდა; ქარ-წვიმაში დარჩენილი მგზავრი გამკითხავს უხმობდა. რკინის უზარმაზარ ჭიშკარზე ხათქახუთქით ეხებოდა ჯაჭვი ჯაჭვს, რკინა-რკინას. მწუხარე ქალი მოხეტიალე დენს ეძებდა. თენდებოდა. იდარებდა. აღარა წვიმდა. ანათებდა მზე. ხმაურით იღვიძებდა ქალაქი და მისი ხმა ამოდიოდა არსენალის მთაზე“ (470). – თითქოს სიმბოლურია ჯაჭვიც, რომლითაც „გვაბამს“ ნებისმიერი იდეოლოგია; ხეტიალიც, წუთისოფლისეული დროში მოგზაურობის პარადიგმა, დენისა თუ ადამიანისა; საბოლოო გამოდარებაც და ისიც, რომ „ქალაქის“ ხმაური ყოველთვის ისმის „მთაზე“ თუ ცაში…

სიმბოლურია ეს წერილიც, რადგან 24 აპრილი რეზო ჭეიშვილის დაბადების დღეა.

 

 

ციტატები წიგნიდან „მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგია“, 2007 წელი

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი