პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ყვავი, რომელსაც ქიმია უყვარდა

ზოგჯერ
ვხუმრობ ხოლმე, სტუდენტობიდან ქიმიაში ვიზრდები-მეთქი. თუ დავფიქრდები, ასეც არის
– სკოლის მერხიდან პირდაპირ ქიმიის სპეციალობის სტუდენტი გავხდი. კათედრის გამგე გვყვავდა
ისეთი, აბა, არ გესწავლა, აბა, ლაბორატორიაში ყველაფერი თვითონ არ გაგეკეთებინა…
მოკლედ, საქმე იქამდე მივიდა, რომ რეაქტივების სურნელი
მშობლიურად მეჩვენებოდა და ახლაც ასეა.

დღესაც,
როგორც ყოველთვის, ქიმიაზე ვწერ, თუმცა წერილი ერთმა ძველმა ამბავმა შთამაგონა, რომელიც
მოულოდნელად ამომიტივტივდა მეხსიერებაში და კეთილი მოგონებები ამიშალა.

ყვავებს
როგორი თვალით უყურებთ? ბახალა, ალბათ, საყვარელია, ისევე როგორც ყველა პატარა, მაგრამ,
აი, დიდ ყვავს მე პირადად შიშით ჩავუვლი ხოლმე – არ მოინდომოს, თორემ… გვარიანად
დაგკორტნის.

ერთი
ყვავი შემოგვეჩვია… მთელი სართული ქიმიის ლაბორატორიებს ეკავა. რეაქტივების შესანახი
ოთახიც იქვე გვქონდა. ჰოდა, ყვავიც სწორედ იმ ოთახს შემოეჩვია. ეტყობა, რეაქტივების
სუნი იზიდავდა. იმ ოთახის ფანჯრიდან მინა სანახევროდ ამოღებული იყო, რომ ჰაერს განუწყვეტლივ
ემოძრავა. არაერთხელ დავიჭირეთ და გავუშვით, ის კი  ბრუნდებოდა… უკვე “ჩვენად” მოვიხსენიებდით
და თუ შეაგვიანდებოდა, ვდარდობდით, ხომ არაფერი დაემართაო. იმ ოთახში ამიაკი დაგვეღვარა
და, თუმცაღა გავანიავეთ, სუნი მაინც იდგა – რა ვიცი, იქნებ სწორედ ეს იზიდავდა…

ამიაკი
რა არის? ახლავე, ახლავე მოგითხრობთ.

სახელი
“ამიაკი” თურმე ძველბერძნული „ამონიანისგან” მოდის. ასე უწოდებდნენ ღვთაება
ამონუს თაყვანისმცემლებს. თავიანთი რიტუალების შესრულებისას ისინი თურმე გამუდმებით
იმეორებდნენ: “Sal Volatile”, – რაც ლათინურად “აქროლად მარილს”
ნიშნავს. სწორედ “აქროლად მარილად” მოიხსენიებდნენ წინათ ამონიუმის ქლორიდს,
რომლითაც გულწასულებს ასულიერებდნენ. ეს მარილი ბუნებაში ვულკანების სიახლოვეს შეინიშნება
და ამიაკის მსგავსი სუნი აქვს. არც არის გასაკვირი – ტემპერატურის მცირედი მომატებაც
კი საკმარისია, რომ ამიაკის წარმოქმნით დაიშალოს.

სუფთა
სახით კი ამიაკი პირველად ინგლისელმა ქიმიკოსმა ჯოსეფ პრისტლიმ მიიღო 1774 წელს და
“ტუტე გაზი” უწოდა.

მას
შემდეგ, რაც რობერტ ბოილმა მე და ჩემნაირებს ქიმიკოსები გვიწოდა, ჩვენს პროფესიას კი
ქიმია, ჯოზეფ ბლექმა ნახშირორჟანგი აღმოაჩინა და ისიც დაადგინა, რომ ეს აირი ჰაერის
შემადგენლობაში შედიოდა. მანვე სთხოვა თავის მოსწავლეს, რეზერფორდს, იმის გარკვევა,
სხვა აირსაც შეიცავდა თუ არა ჰაერი. რეზერფორდიც ცდების ჩატარებას შეუდგა. იღებდა ჭურჭელს
და შიგნით სვამდა თაგვს, რომელიც კვდებოდა; იმავე ჭურჭელში ათავსებდა ანთებულ სანთელს,
რომელიც მცირე ხნის შემდეგ ქრებოდა; მერე იმავე ჭურჭელში ფოსფორის დაწვას ცდილობდა,
თუმცა უშედეგოდ. ყოველივე ამის შედეგად რეზერფორდმა დაადგინა, რომ ჰაერში იყო გაზი,
რომელიც წვას ხელს არ უწყობდა, თუმცა შეიცავდა ე.წ. “ფლოგისტონს” (იმხანად
“ფლოგისტონის თეორია” იყო გავრცელებული) და რომელშიც სიცოცხლე შეუძლებელი
იყო. მან იგი “ფლოგისტირებულ ჰაერად” მოიხსენია, მოგვიანებით კი ლავუაზიემ
ამ აირს აზოტი უწოდა, რაც “უსიცოცხლოს” ნიშნავს.

სწორედ
ამ “უსიცოცხლო” აზოტის წყალბადნაერთია ამიაკი – NH3 – უფერო,
მკვეთრსუნიანი გაზი.

რეაქციით
N2+3H2=2NH3, რომელსაც გებერის მეთოდი ეწოდება, ამიაკს
მრეწველობაში იღებენ. იგი 7000C-ზე კატალიზატორის თანაობისას მიმდინარეობს.
ამიაკის მიღების ეს მეთოდი გერმანელმა ქიმიკოსმა ფრიც გებერმა შეიმუშავა, პირველი მსოფლიო
ომის დროს კი, როდესაც გერმანია ბრიტანეთის ფლოტმა იზოლაციაში მოაქცია და სასუქ სელიტრის
(იმავე ნატრიუმის ნიტრატის) დეფიციტი აუტანელი გახდა ქვეყნისთვის, ქიმიკოსმა კარლ ბოშმა
ეს მეთოდი გამოიყენა, რათა მიეღო ამიაკი, ამიაკისგან კი – ნატრიუმის ნიტრატი.

https://videochannel.iliauni.edu.ge/?p=21169

ლაბორატორიაში
კი ამიაკს ამონიუმის ქლორიდზე კალციუმის ჰიდროქსიდის (1:1) დამატებით იღებენ (ნარევი
ერთგვაროვანი უნდა იყოს). ამიაკის გამოყოფაზე მხოლოდ მკვეთრი სუნი მიგვანიშნებს, რადგან
იგი უხილავი გაზია.

კოლბის
ყელთან მარილმჟავაში დასველებულ ფილტრის ქაღალდს თუ მივიტანთ, ჭურჭელში თეთრი ღრუბელი
წარმოიქმნება, რაც ამიაკის გამოყოფას ადასტურებს.

ამიაკის
წყალში გახსნით მიიღება ამონიუმის ჰიდროქსიდი ან, როგორც მას ყოფაში იცნობენ, ნიშადურის
სპირტი.

თუ
გადმობრუნებულ კოლბას მინის ფირფიტას დავახურავთ, წყალსა და ლაკმუსს დავამატებთ, ხსნარი
გალურჯდება. ინდიკატორის გალურჯება წარმოქმნილი ნაერთის ტუტე თვისებებეზე მიუთითებს.

ამიაკი
ადვილად იჟანგება კატალიზატორის (პლატინა, ქრომის (III) ოქსიდი) თანაობისას. სცადეთ
და კოლბაში, სადაც ამიაკის კონცენტრირებული ხსნარია, შეიტანეთ ამონიუმის ბიქრომატი
(NH4)2Cr2O7, Cr2O3-ის
ნაწილაკები კოლბაში მიმოიფანტება. ამ დროს წარმოიქმნება აზოტის დიოქსიდი – NO2.
რეაქციის შედეგად აზოტის დაჟანგვა ხდება:


ჩვეულებრივ
პირობებში ამიაკი უფერო გაზია. წყალში კარგად რომ იხსნება, ეს უკვე ვთქვი, მაგრამ მიზეზი
არ ამიხსნია. მიზეზი მარტივია: წყალბადური ბმების წარმოქმნა შეუძლია წყლის მოლეკულებთან.
სწორედ კარგი ხსნადობაა მისი მკვეთრი სუნის მიზეზი. ის კარგად იხსნება ყნოსვის ორგანოს
ლორწოვან გარსში შემავალ წყალში. განთქმული ფრანგული ყველი კამამბერი, თუ გადამწიფებულია,
სწორედ ამიაკის სურნელს აფრქვევს. რატომ? ყველში შემავალი ცილის მოლეკულები იშლება
და ამიაკს წარმოქმნის.

-330C-ზე
ამიაკი უფერო სითხედ გარდაიქმნება, რომელიც ხსნადობით წყალს მოგვაგონებს. თხევად ამიაკს
ზოგიერთი მეტალის გახსნაც კი შეუძლია – ნატრიუმისა, კალიუმისა, კალციუმისა და უფრო
მცირე ინტენსიურობით მაგნიუმისა. თხევად ამიაკში მეტალების გახსნის შედეგად წარმოქმნილ
ხსნარებს მკვეთრი ლურჯი შეფერილობა ახასიათებს.

თურმე,
ნუ იტყვით და ამიაკი ორგანიზმებშიც წარმოიქმნება. ჩემი ინტერესის საგანი კი, უპირველეს
ყოვლისა, ადამიანის ორგანიზმია. საქმე ასეა: ცილოვანი საკვების მიღების შემდეგ ცილა
ჩვენს ორგანიზმში თავის ჩვეულებრივ ქიმიურ გზას გადის; დაშლას ის კუჭში იწყებს კუჭის
წვენის ფერმენტების გავლენით, თორმეტგოჯა ნაწლავში აგრძელებს და წვრილ ნაწლავში ასრულებს.
რა წარმოიქმნება ცილის დაშლის შედეგად? ამინმჟავები, რომლებიც წვრილი ნაწლავის მეშვეობით
სისხლში შეიწოვება და უჯრედებში გადანაწილდება. ყველაზე საინტერესო ამის შემდეგ ხდება:
ამინმჟავები სამი ტიპის გარდაქმნას განიცდიან: 1. ტრანსამინირებას; 2. დეზამინირებას;
3. დეკარბოქსილირებას (ამ უკანასკნელზე ადრეც ვწერდი. გახსოვთ ჩემი წერილი ეგზოტიკური
ციხისა და საღებავის შესახებ?).

ამინმჟავების
დეზამინირების შედეგად ორგანიზმში სწორედ ამიაკი წარმოიქმნება, რომელიც სასწრაფოდ უნდა
განადგურდეს. მისი დაგროვების შემთხვევაში უჯრედს და, აქედან გამომდინარე, ორგანიზმსაც
დიდი უსიამოვნებები ემუქრება. თუმცა ჰანს კრებსი ტყუილად კი არ მოიხსენიებდა ადამიანის
ორგანიზმს უნივერსალურ ქიმიურ ქარხანად… ამიაკის უვნებელყოფის რამდენიმე გზა არსებობს,
მაგრამ უნივერსალურია შარდოვანას ბიოსინთეზი, იგივე კრებსის ორნითინული ციკლი.

ამიაკს
ზოგჯერ ამინებსაც ადარებენ. ზოგიერთ ამინს ისეთივე მკვეთრი სუნი აქვს, როგორიც ამიაკს,
თუმცა უფრო სპეციფიკური და არასასიამოვნო.

ერთმა
პატარა მოგონებამ ინფორმაციის მთელი კასკადი გამოიწვია. და ეს ყველაფერი – იმიტომ,
რომ ჩემს ფანჯარაში მომზირალ ნაძვზე საქმიანად სცემს ბოლთას ყვავი. ისეთი სერიოზული
იერით გადი-გამოდის, ჩემდა უნებურად შევაცქერდი და “ჩვენი” ყვავი გამახსენდა.


 

“ჩვენმა”
ყვავმა მთელი ეს ქიმია, ცხადია, არ იცოდა; უბრალოდ, მოსწონდა ამიაკი, ისევე როგორც
კატას – ვალერიანი, და, დარწმუნებული ვარ, ქიმიის აუცილებლობასაც “ხვდებოდა”.

და
აი, ერთ დღესაც აღარ გამოჩნდა. ალბათ სხვაგან თუ გადასახლდა, თორემ ისე ცოცხალი იქნება
– ჯერ სამასი წელი ხომ არ გასულა…

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი