პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ისტორიული Fishwrap-ი

ალბათ ცოტას თუ უფიქრია იმაზე, რომ დღევანდელი გაზეთები ხვალინდელი ისტორიაა. სამაგიეროდ, ამის თაობაზე დაფიქრდნენ ამერიკელი ისტორიის მასწავლებლები კენეტ მოლზანი და ბილ დოვნი, რომლებმაც ძველი გაზეთების მთავარი გვერდების რეპროდუქცია მოახდინეს, რათა ისინი სასწავლო პროცესში გამოეყენებინათ და მოსწავლეებს ამ გაზეთებში აღწერილი ისტორიული მოვლენების უკეთ გაგებაში დახმარებოდნენ. მასწავლებლებმა ეს ხერხი რამდენჯერმე მოსინჯეს საკუთარ პრაქტიკაში, მერე კი სწავლების ახალი მეთოდი შექმნეს, რომელსაც historical fishwrap-ი (ტერმინს ქვემოთ განვმარტავთ) უწოდეს. მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს: II მსოფლიო ომს, დიდ დეპრესიას და სხვ., – მოსწავლეები, მათი პაპებივით და პაპისპაპებივით, გაზეთების კითხვით ეცნობოდნენ.

მეთოდს სათავე ბილ დოვნის გატაცებამ დაუდო. მას ძველი გაზეთების შესანიშნავი კოლექცია ჰქონდა – ადრეული 1800-იანი წლების ეგზემპლარებიდან 1950-იან წლებამდე. მის კოლექციაში მოიპოვებოდა მე-18 საუკუნისა და კოლონიური პერიოდის რამდენიმე ეგზემპლარიც.

Fishwrap “თევზის გახვევას” ნიშნავს. ბილის კოლექციაში მოხვედრილი გაზეთების გარკვეული ნაწილი თავის დროზე მაღაზიებში თევზის გასახვევად იქნა გამოყენებული. ეს თევზის ტრანსპორტირების ეკოლოგიურად სუფთა, ეკონომიკურად ხელსაყრელი და ინფორმაციულად სასარგებლო ხერხი იყო – მყიდველები არც ბუნებას ანაგვიანებდნენ და შინ ახალი ინფორმაციაც მიჰქონდათ.

ბილმა გადაწყვიტა, გაზეთები სასწავლო პროცესში გამოეყენებინა და მალე დაინახა, რომ ამ მეთოდმა მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია. ისინი სიამოვნებით კითხულობდნენ სათაურებს, აკვირდებოდნენ სურათებზე გამოსახულ ადამიანების ჩაცმულობას, ეცნობოდნენ სარეკლამო განცხადებებს და ა.შ.

მასწავლებლები ზრუნავდნენ იმაზეც, რომ გაზეთებში აღწერილი დრო შესაბამისობაში ყოფილიყო შესასწავლ პერიოდთან.

გარკვეული გამოცდილება რომ დაუგროვდა, ბილმა მისი სხვებისთვის გაზიარება დაიწყო.

მეთოდის ავტორებმა გაზეთები ორი ნიშნის მიხედვით დაალაგეს: თარიღისა და თემისა. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ისეთ გაზეთებს, რომლებშიც მკვეთრი, მყვირალა სათაურები იყო დაბეჭდილი. მასწავლებლები მიჰყვებოდნენ სახელმძღვანელოსა და საგნის ეროვნულ სტანდარტებს და ეპოქისა და შესასწავლი მასალის შესაბამისად არჩევდნენ სათაურებს, ფოტოებს და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს მეორე მსოფლიო ომს, რაც ამ მოვლენის დიდი ისტორიული მნიშვნელობით ახსნეს. II მსოფლიო ომი უდიდესი სამხედრო კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში, რომელსაც, ამასთანავე, თან ახლდა გლობალური იდეოლოგიური დაპირისპირება. ომმა ყველა კონტინენტი მოიცვა, დაუსახლებელი ანტარქტიკაც კი, და უდიდესი ადამიანური მსხვერპლი და უზარმაზარი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. მეთოდის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამ ომის მონაწილე ამერიკელთა თაობა ყველაზე გამორჩეულია ამერიკის ისტორიაში და მხოლოდ ამერიკის დამფუძნებელ პირველ თაობას თუ შეედრება.

მეთოდის ავტორებს თავდაპირველად ეეჭვებოდათ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით განებივრებული მოზარდების ისტორიული გაზეთებით დაინტერესებას მოახერხებდნენ, მაგრამ მოსწავლეებისთვის ეს რაღაც განსხვავებული, უნიკალური რამ აღმოჩნდა.

კენეტ მოლზანსა და ბილ დოვნის მიაჩნიათ, რომ მათი მეთოდი სახელმძღვანელოს ზოგიერთ სუსტ მხარეს აძლიერებს და, აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, თუ ბავშვები ისტორიულ მოვლენას ან მის მონაწილე ისტორიულ პირებს სახელმძღვანელოსთან ერთად ზოგჯერ იმდროინდელი გაზეთებითაც გაეცნობიან.

მასწავლებლებს ესმით, რომ მათ მეთოდს ნაკლიც აქვს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სათანადო ბაზის უქონლობა, რის გამოც მას ამჟამად მასწავლებელთა მცირე ნაწილი თუ გამოიყენებს. სკოლებს თავიანთ ფონდებში ძველი გაზეთები არ მოეპოვებათ. გამოსავალი თითქოს ისევ “ყოვლისშემძლე” ინტერნეტია, მაგრამ სირთულე აქაც იჩენს თავს: ძველ, ისტორიულ გაზეთებს ინტერნეტში ძნელად თუ წააწყდები და თუნდაც წააწყდე, მას არ ექნება მთავარი ხიბლი – ხელით ვერ შეეხები, როგორც ნამდვილ გაზეთს, რაც ამ მეთოდის მთავარი უპირატესობაა. ავტორები თავიანთ მეთოდში სწორედ ამას აფასებენ და მიაჩნიათ, რომ სიძველესთან ფიზიკური შეხება მოსწავლეებს ისტორიის პატივისცემას უღვივებს. ამასთან, ძველი გაზეთების კითხვისას მოსწავლე ბევრ მოულოდნელ რამეს აღმოაჩენს, რომლებიც ძირითადად ყოფა-ცხოვრების ძველ წესს უკავშირდება – ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, ცხოვრებისეულ შეხედულებებს, ჩაცმის სტილს, ქცევის მანერას და სხვ. 

დასასრულ, გვინდა ვთქვათ, რომ სწავლების ეს მეთოდი უდავოდ საინტერესოა, მაგრამ ძალზე შეზღუდული რესურსები აქვს. მასწავლებლები ძველ გაზეთებს მხოლოდ დიდ ბიბლიოთეკებში თუ მოიძიებენ, ისიც – ბიბლიოთეკის გარეთ სარგებლობის უფლების გარეშე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი